მთავარი,სიახლეები

დანით 55 ჭრილობა მომაყენა – 14 წლის ასაკში გათხოვილი 4 შვილის დედის ისტორია

26.02.2021 • 13701
დანით 55 ჭრილობა მომაყენა – 14 წლის ასაკში გათხოვილი 4 შვილის დედის ისტორია

მეექვსე კლასში იყო, როცა სწავლა მიატოვებინეს, შემდეგ კი 14 წლის ასაკში 14 წლით უფროს კაცზე გაათხოვეს. უთხრეს, რომ ქმარი უპატრონებდა. სწორედ აქედან დაიწყო ირმას ტრაგიკული ცხოვრება. 29 წლის ირმას ახლა 4 შვილი ჰყავს და ქმართან თანაცხოვრების მძიმე წლებზე გვიყვება.

ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმარი ჯერ მას სცემდა, შემდეგ კი, როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად. ქმარი მუდმივად სთხოვდა ცოლს ფულს, აიძულებდა, რომ ეშოვა – ყველა გზით.

14 წელი „ტყვეობაში“

„ადრე, როცა ჩემზე ძალადობდა, ვითმენდი, თუმცა როცა შვილების ცემაზე გადავიდა, აღარ მოვუთმინე და პოლიციას მივმართე. იცით, რამდენჯერ იყო დაკავებული? დაიჭერდნენ, შემდეგ მოვიდოდნენ ნათესავები და მეუბნებოდნენ – ირმა გამოიყვანე, ბავშვებს მამა სჭირდებათ, ხომ იცი ჩვენი ადათ-წესები, რას იტყვის ხალხი, როგორ გაზრდი ბავშვებს“, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ როგორი მამა იყო, როგორ ძალადობდა მათზეც“.

ირმა ამბობს, რომ მაშინ პატარა გოგო იყო და რასაც უფროსები ეტყოდნენ, ის მიაჩნდა სიმართლედ. „არავინ მეხმარებოდა, არავინ მასწავლიდა გზას“, – გვეუბნება ის. ამიტომ, ისიც ნათესავების დაჟინებული თხოვნის შემდეგ მიდიოდა სასამართლოში და ქმრის წინააღმდეგ ჩვენებას აღარ აძლევდა. 

ირმასა და მისი შვილების ცხოვრებაში ძალადობა არ სრულდებოდა. ორი წელი შვილებთან ერთად თავშესაფარშიც გაატარა, თუმცა შემდეგ ისევ ქმართან დაბრუნდა. „მარწმუნებდა, რომ ყველაფერს  ნანობდა, შემირიგდი და ყველაფერს შევცვლი, საცხოვრებლადაც ცალკე გადავალთო. მეც დავუჯერე. მართლა გადავედით ცალკე საცხოვრებლად, ოღონდ ცუდი ბინა იყო, ნესტიანი სარდაფი. გაუსაძლისი პირობები იყო, არც საკვები გვქონდა, არც სხვა რამ. ცივი ოთახები … ქმარი ისევ აგრძელებდა ჩემ ცემას და ზეწოლას, რომ მისთვის ფული მეშოვა.

დანით მიყენებული ნაიარევი ირმას სახეზე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

დამლაგებლად ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში, ყველაფერს მას ვაძლევდი, მაგრამ მაინც ითხოვდა. სოციალური დახმარება რომ დაუნიშნეს ბავშვებს, უფლებამოსილ პირად მე გავაფორმებინე თავი, რადგან ვიცოდი, რომ თუ მეუღლე აიღებდა, ჩემი შვილები ისევ მშივრები იქნებოდნენ.

როგორც კი სოციალური მუშაკები კარებიდან გავიდნენ, მაშინვე მცემა, დანა ამოიღო და სახეზე დამისვა. იმ სარდაფში 14 დღე ჯაჭვით ვყავდი დაბმული, ოთახის კარებთან ეძინა, რომ არ გავქცეულიყავი“, – ჰყვება ირმა და ცრემლები სდის.

ბოლოს ირმა მეზობლებმა გამოიყვანეს ჩაკეტილი სარდაფიდან. საუბარს რამდენჯერმე წყვეტს, უჭირს წარსულის გახსენება. ამბობს, რომ 14 წელი ტყვეობაში იცხოვრა, ფიზიკურ, მორალურ დამცირებასა და წნეხში.

ძალადობა მცირეწლოვან ბავშვებზე

ოჯახის წევრების, ახლობელ-ნათესავების ზეწოლის მიუხედავად, ქალმა საკუთარ თავში იპოვა ძალა და ქმარს დაშორდა. თუმცა ის მაინც არ წყვეტდა ყოფილი ცოლის შევიწროებას. ირმა გვიყვება, რომ ერთ დღეს, როცა ის სამუშაოზე იყო, კაცმა გაიგო, რომ სოციალური დახმარება დაირიცხა და ბავშვებს სახლში მიაკითხა. ბავშვები კარს არ უღებდნენ, თუმცა შემდეგ მაინც დაითანხმა.

გვაჩვენებს 13 წლის გოგონას ხელს, რომელსაც ამჩნევია ძალადობის კვალი. „სცემა. ქამრის რკინის ნაწილი ხორცში ისე ჩაერჭო, ახლაც დაღად აჩნია“, – ამბობს დედა.

ის კიდევ ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს: „სამუშაოზე ვიყავი, უფროსმა გოგონამ გამოასწრო და შემატყობინა, რომ მამამ ბავშვები საშინლად სცემა, დასისხლიანებულები დამხვდნენ. მაშინვე პოლიციას მივმართე. დაიჭირეს და ახლაც ციხეშია. მემუქრებოდა იქიდანაც, ამიტომ ტელეფონის ნომრები გამოვცვალე“.

ყოფილმა ქმარმა 55 ჭრილობა მომაყენა

ის გვაჩვენებს ხელებს, რომლებზეც უამრავი ნაჭრილობევი აქვს, სახეზე, ტუჩის კუთხიდან, დიდი ზომის ნაჭრილობევი ეწყება, რომელიც ნიკაპს ქვემოთ გრძელდება. ჭრილობა ისე შეხორცდა, ექიმის გამოძახების უფლება არ მისცა ქმარმა.

„დამცინოდა კიდეც, წებოს დაგასხამ და შეხორცდებაო. მთელ სხეულზე 55 ჭრილობა მაქვს“, – გვეუბნება ირმა და ხელს გვაჩვენებს, სადაც ასევე ემჩნევა ნაიარევი. ერთ მხარეს რომ დამარტყა დანა, მეორე მხარეს გამოვიდაო – ამბობს.

ფეხზე მიყენებული ჭრილობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ირმას ოპერაცია დასჭირდა. ირმა  ძალადობის ისეთ დეტალებზე გვიყვება, რომლის გააზრება და მასზე საჯაროდ საუბარი წარმოუდგენლად მძიმეა.

„ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, რადგან ფეხსაცმელი არ აქვთ, არც ჩანთა და რვეულები,“- ამბობს დედა.

„ვდუმდი, რადგან პატარა, დაუცველი ვიყავი. დუმდნენ ჩემი მშობლებიც. ყველა ხედავდა როგორ ვიტანჯებოდი, თუმცა მხარას არავინ მიჭერდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩვენს კულტურაში არ შეიძლება ქალი ქმრის გარეშე ცხოვრობდეს… ახლა აღარ გავჩუმდები, ბოლომდე ვიბრძოლებ და არ გავჩუმდები“, – გვეუბნება ირმა.

ირმა ამბობს, რომ არ დაუშვებს იგივე გზა გაიარონ მისმა შვილებმა, რაც მან გაიარა 14 წლის განმავლობაში. „როცა ჩემი უფროსი გოგონა წამოიზარდა, ქმრის ნათესავი მოვიდა და მის გათხოვებაზე ჩამომიგდო ლაპარაკი. უარით გავისტუმრე, არ დავუშვებ, რომ ჩემი გოგონებიც მოძველებული ადათ-წესების გამო 14 წლისები გაათხოვონ, ბიჭსაც და გოგონებსაც მივცემ უკეთეს ცხოვრებას, განათლებას“, – ამბობს დედა.

4 ბავშვი განათლების და სკოლის გარეშე

ყოფილი ქმრის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლა რომ აერიდებინა, ირმა 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. ნაქირავებ ბინაში არიან, თუმცა ამბობენ, რომ მშვიდად და იმედიანად გრძნობენ თავს, რადგან აღარ მოუწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ. პანდემიის განმავლობაში ბავშვები მთლიანად მოწყდნენ სკოლას, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტანჯვის გარდა, ბავშვებს სოციალური ყოფაც მძიმე ჰქონდათ.

დედა: „არ მინდა ჩემი გოგონებიც 14 წლის გაათხოვონ, მე მათ განათლებას მივცემ, აღარ გავჩუმდები, დავიცავ!“.

დედას მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს და იმასაც ეკრანი აქვს გატეხილი. „ამ ტელეფონით 4 ბავშვს როგორ ვასწავლიდი ონლაინ, იცოდნენ სკოლაში, რომ არ გვქონდა საშუალება, მაგრამ არაფერი“, – გვეუბნება ირმა.

სასწავლო პროცესი მთელ ქვეყანაში თითქმის ერთი თვეა რაც განახლდა, თუმცა ირმას 4 ბავშვი ისევ სკოლის გარეშეა. „ვერ დამყავს, რადგან ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩანთა, კალამი, რვეული, არაფერი არ აქვთ“, – გვეუბნება დედა.

როგორც დედა გვეუბნება, წლების განავლობაში ძალადობაგამოვლილ ბავშვებთან ფსიქოლოგს არ უმუშავია. ირმა ამბობს, რომ იყო შემოთავაზება, თუმცა ვერ მოახერხა. „სადღაც გლდანში უნდა ევლოთ ბავშვებს, გზის ფული არ გვქონდა, მერე პანდემია დაიწყო და აღარ გამოვიდა“- ამბობს ირმა.

ძალადობაგამოვლილი დედა და ბავშვები ბათუმში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ბათუმია ის ქალაქი, სადაც მას და მის შვილებს მხარდაჭერის ხელს გაუწვდიან. „წავალ, სამუშაოს მოვძებნი, ყველაფერს ვიზამ, ოღონდ ჩემი შვილების გვერდით ვიყო და ისინი დავიცვა. კარგი განათლება მივცე, რომ არ იყვნენ სხვებზე დამოკიდებული და აღარ მოუწიოთ ძალადობის და შიშის ქვეშ ცხოვრება“, – გვეუბნება 29 წლის ირმა შამოიანი.

________________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: