მთავარი,სიახლეები

„ხალიჩაში გაახვია და ჭოროხის პირას დააგდო“ – ბათუმში მომხდარი მკვლელობის განაჩენი

16.04.2021 • 14336
„ხალიჩაში გაახვია და ჭოროხის პირას დააგდო“ – ბათუმში მომხდარი მკვლელობის განაჩენი

„…ჭარნალიდან გირეკავთ, ჭოროხისპირას ვარ და აქ მოკლული კაცის გვამია… მე მონადირე ვარ… ის ნოხშია გახვეული, ფეხები ზეწრით შეკრული, დანაც აქვე გდია, სამანქანე გზიდან 200 მეტრი იქნება, მეტი არა,“ – ეს შეტყობინება 112-ზე გასული წლის 12 მაისს შევიდა. ამ დროისთვის პოლიციელები უკვე 13 დღე ეძებდნენ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ნეჯეთ ე. – ს. გამოძიება 30 აპრილს იყო დაწყებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

მოკლული კაცი – ნეჯეთი თურქეთის მოქალაქე იყო. თურქეთიდან იყო მურადიც, რომელსაც ნეჯეთთან ერთად ბიზნესი ჰქონდა ბათუმში და ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა. განაჩენის მიხედვით, კონფლიქტი ფინანსური უთანხმოების მოტივით 2020 წლის 29 აპრილს მოხდა.

სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულმა მურად შ.-მ ბრალი არ აღიარა, ექსპერტებმა კი, ნეჯეთის გვამის შესწავლის შემდეგ დაწერეს, რომ „შორს წასული ლპობის გამო სიკვდილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა“.

პოლიციელებისთვის ნეჯეთის გაუჩინარების შესახებ 30 აპრილს გახდა ცნობილი. ამ დღეს ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში ბენო პ.-მ განაცხადა, რომ მისი მდგმური – ნეჯეთი საერთოდ აღარ ჩანს. გამოძიება მეორე დღეს დაიწყო.

12 მაისამდე, ვიდრე მონადირე ნეჯეთის გვამს შემთხვევით აღმოაჩენდა ჭოროხისპირას, გამოძიებამ ორჯერ გამოკითხა მურადი, თუმცა იგი არ დაუკავებია. ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, როცა ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში გამოჩნდა ავტომანქანა, რომლის საჭესთან მურადი იჯდა, ხოლო უკანა სავარძელზე – ვარდისფერ ნოხში გახვეული საგანი. როცა სათვალთვალო კამერამ ეს დააფიქსირა, 30 აპრილი თენდებოდა, დილის შვიდს ათი წუთი აკლდა.

„…ჩილიმს ვეწეოდით ერთად იმ საღამოს,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაკითხულმა უ.ი.-მ. ის მოკლული კაცის მეგობარი იყო, – „მოწევის დროს ნეჯეთს ტელეფონზე დაურეკეს და ეკრანზე მურადის ფოტო ამოვარდა, არ ვიცი რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ტელეფონი როცა გამორთო, მითხრა, რომ მურადთან წავიდოდა და რძეს აიღებდა. მანამდეც ვიცოდი, რომ ნეჯეთი მურადის მეზობლებისგან ყიდულობდა რძეს, ამიტომაც არ გამკვირვებია… დამიბარა, ერთად ვივახშმოთ, დამელოდეო, თუმცა აღარ გამოჩენილა. „კომენდანტის საათი“ მოქმედებდა და აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ არსად ჩანდა, ტელეფონს აღარ პასუხობდა…“

მოწმეებმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს უთხრეს, რომ თურქეთის ამ მოქალაქეების ბიზნესი ძირითადად ქათამს და კვერცხს უკავშირდებოდა. მოწმეების თქმით, ნეჯეთი მურადთან მეგობრობდა, თუმცა ფულის გამო ხშირად ჩხუბობდნენ.

„მათ შორის გულწრფელი მეგობრობა აღარ იყო მას შემდეგ, როცა ნეჯეთმა გაიგო, რომ მურადს თურქეთში ეძებდნენ პატარა გოგოს გაუპატიურების გამო,“ – უთხრა მოსამართლეს ს.უ.-მ და მანაც გაიხსენა, როგორ ნერვიულობდა ნეჯეთი, როცა მურადი მას ტელეფონზე ურეკავდა.

„…ისინი არაბულად საუბრობდნენ და ეს მე არ მესმის. ვხედავდი, რომ ნეჯეთს კანკალი დაეწყო და ტელეფონის გათიშვის შედეგ ნერვიულობისგან ლაპარაკი უჭირდა. ვკითხე, რატომ ნერვიულობდა ასე. მითხრა, რომ მურადი ბინის ფულის გადახდას სთხოვდა – 300 დოლარს. მე კი ვუხსნი, რომ აღარ მაქვს ფული და ვერ მივცემო… ნეჯეთი ძალიან მშვიდი და სანდო ადამიანი იყო,“ – დაასრულა მოწმემ.

„რამდენიმე ხალიჩა იყო პოლიციის განყოფილებაში გვერდი-გვერდ დაწყობილი, თითოეულს ნომერი ჰქონდა თავისი, შევხედე თუ არა, მაშინვე ამოვიცანი ჩემი სახლის ვარდისფერი ხალიჩა წითელი ტიტებით და გვერდზე კანტებით“, – უთხრა მოსამართლეს რომან ბ.-მ. ის იმ სახლის მესაკუთრეა, სადაც მურადს ჰქონდა ბინა ნაქირავები. მკვლელობაც, განაჩენის მიხედვით, ამ ბინაში მოხდა.

რომანის თქმით, მას კერძო სახლი აქვს, ხოლო სახლის ეზოში ძველი გარაჟი მოაწყო საცხოვრებელ ადგილად.

„ეს ბინა იქირავა მურადმა, 2019 წლის ზაფხული იქნებოდა… მარტო ცხოვრობდა, მანქანაც ჰყავდა… ზოგჯერ მისი ცოლ-შვილიც ჩამოდიოდა თურქეთიდან,“ – განაგრძო რომან ბ.-მ ჩვენების მიცემა.

სახლის მესაკუთრის თქმით, მას ნეჯეთი ხშირად უნახავს მისი სახლის ეზოში, სადაც მურადი ცხოვრობდა.

„ერთხელ ბინის ქირაც ნეჯეთმა გადამიხადა. მთხოვა, თუ მურადს ქირასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ექნება, მე მომმართეო… 29 აპრილს გვიან ღამით დავიძინეთ, დედა მყავდა ახალი გარდაცვლილი და მეორე დღეს მოხსენიების დღისთვის ვემზადებოდით… ღამის ოთხ საათზე დავინახე მურადი ეზოში იდგა, ნერვიულობა ეტყობოდა, ხელის მოძრაობით რაღაცას ესაუბრებოდა საკუთარ თავს… 3 მაისს ჩემთან პოლიციელები მოვიდნენ, მურადი სახლში არ იყო და ბინის გაღება მთხოვეს, მე სათადარიგო გასაღები გამოვიყენე და გაქირავებული ბინის კარი გავაღე…“, – ჰყვებოდა მოწმე.

ვიდრე პოლიციელები ბინაში დანაშაულის კვალს ეძებდნენ, რომანმა შენიშნა, რომ იატაკზე აღარ იყო მისი ვარდისფერი ხალიჩა, დივნის გადასაფარებელი და ფარდაც გამქრალიყო, თუმცა არ მიიჩნია საჭიროდ ეს პოლიციელებისთვის ეთქვა.

„ვიფიქრე, ალბათ, გასარეცხად წაიღო-მეთქი, ან იქნებ აღარ მოეწონა საერთოდ ჩემი ნოხი, აკეცა და სადმე, სხვაგან შეინახა-მეთქი,“ – განაგრძო რომან ბ.-მ იმ შთაბეჭდილებების მოსამართლისთვის გაზიარება, როცა მდგმურის ბინაში შევიდა. -„შესასვლელში, კარადაში ფარდის ნახევიც ეგდო და თოკიც, მაგრამ რას ვიფიქრებდი… ამ დროს პოლიციელები მუშაობდნენ, რაღაც სითხეს ასხურებდნენ ყველაფერს და აკვირდებოდნენ, ფარდები ჩავხუროთ, სიბნელეა საჭიროო, სითხე აბაზანასა და ხელსაბანში შეასხურეს და ციცინათელებივით მანათობელი ადგილები ჩნდებოდა…“

3 მაისს მურადი მახოში ყოფილა თავის მეგობართან – ვიტალი კ.-სთან. ვიტალიმ მოსამართლეს უთხრა, რომ ბათუმში თევზაობის დროს გაიცნო მურადი და დამეგობრდნენ. 3 მაისს მურადი მასთან აპირებდა დარჩენას, თუმცა მოულოდნელად სახლთან პოლიციელები გამოჩნდნენ.

„სტუმრად ვიყავით ჩემს დასთან, იქვე ცხოვრობს, მიწის დახვნაში ვეხმარებოდი, მურადიც დამეხმარა, საღამოს ვივახშმეთ ჩემს დასთან და ისევ ჩემს სახლში ვბრუნდებოდით, დის სახლიდან როცა გამოვდიოდით, პოლიციის ფორმიანი ორი კაცი დავინახეთ, დავინახეთ თუ არა, მურადი ტყისკენ გაიქცა, ბევრი ვეძახე, გაჩერდი, დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ ხმას არ მცემდა…“ – თქვა მოწმემ.

იმ საღამოს ვიტალის პოლიციელებთან ერთად დაუთვალიერებია მისი სახლის ეზოში გაჩერებული მურადის ავტომანქანა, სადაც შავი ფერის იზოლენტით შეუცვლიათ სახელმწიფო ნომრის და სერიის აღმნიშვნელი სიმბოლოები.

„ნეჯეთმა საქართველოში ქათმის ბიზნესის დაწყება შემომთავაზა, 20-30 ათასი დოლარი იქნება საჭიროო, მაგრამ ამდენი არ მქონდა და 10 ათასი მივეცი,“ – მიმართა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა მურადმა, – „თურქეთში ჩემი მეუღლის მიწა გავყიდეთ, ფული ვისესხეთ და ნეჯეთს მივეცი… მისი ტყუილების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვალებს ვეღარ ვისტუმრებდი, დადებით პიროვნებად რომ ახასიათებენ, სულაც არაა ასე, პროფესიონალი თაღლითი იყო, ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით, მაგრამ მე ის არ მომიკლავს, 29 აპრილს მხოლოდ რამდენიმე წუთით ვნახე… ტელეფონზე დაურეკეს და მალე უკან წავიდა. ჩვენ იმ დღეს არ გვიკამათია,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

ბრალდებულს პროკურორმა ჰკითხა ავტომანქანის შეცვლილ ნომრებზე, რაზეც მურადმა თქვა, რომ „არ სურს აზრის გამოხატვა“. შემდეგ მას სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც აჩვენეს, სადაც ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერებულ ავტომანქანაში ჩანს საჭესთან, უკანა სავარძელზე კი დახვეული ვარდისფერი ხალიჩაა.

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ასევე თქვა, რომ ბათუმში, ნაქირავებ სახლში ცხოვრების დროს ხელი არ გაუჭრია და რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

მურადის თქმით, მას დაკითხვის დროს პოლიციელებმა სცემეს, „წიხლებით შედგნენ და იქამდე ურტყეს, სანამ გული არ აერია და გონება არ დაკარგა“.

ბრალდებულის თქმით, ის სკამის ფეხით გააუპატიურეს კიდეც.

მოსამართლემ ამ ნაწილში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მურადი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, ხოლო სამედიცინო დახმარებაზე მას არავისთვის მიუმართავს.

საბოლოოდ, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მურადს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დაუდგინა და 11 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: