მთავარი,სიახლეები

წიგნები 11 სოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას – „აჭარის  რეგიონული ჰაბის“ საჩუქარი

28.11.2021 • 1737
წიგნები 11 სოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას – „აჭარის  რეგიონული ჰაბის“ საჩუქარი

„აჭარის  რეგიონული ჰაბი“ და „მოგზაური ბიბლიოთეკა“ დამეგობრდნენ.

„აჭარის რეგიონულმა ჰაბმა“, “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში, 11 სოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. 

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ მენეჯერის, მარი ზაქარაძის თქმით, როცა „მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში წიგნზე წვდომის პრობლემის საპასუხოდ დონაციის კამპანია დაიწყო, გადაწყვიტეს თავადაც შეერთებოდნენ ამ წამოწყებას:

„ჰაბის სურვილია  ხელი შეუწყოს სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკების განახლებას, რათა მოსწავლეებსა და  პედაგოგებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო, ახალი და მრავალფეროვანი როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურის წაკითხვა“. 

მარი ზაქარაძე

ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, წიგნები მიიღეს როგორც მცირეკონტინგენტიანმა, ასევე, შედარებით დიდმა სკოლებმა.

„ამჟამად მხოლოდ 13 მოსწავლე გვყავს. სამწუხაროდ, წელს მე-8 და მე-7 კლასების გაუქმება მოგვიხდა. მაგრამ ჩვენი მოსწავლეები აქტიური მკითხველები არიან და დიდი სიხარულით შეხვდნენ ახალ წიგნებს. 

გარდა ამისა, ჩვენი ბიბლიოთეკით სარგებლობს სოფლის მოსახლეობაც, მათ შორის, უკვე გვაქვს ლიტერატურა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაც, რაც განსაკუთრებით გვახარებს,” – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერ ქათამაძემ. 

სოფელი ინწკირვეთი ზღვის დონიდან 1385 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ის საზოგადოებას თავი მოსწავლეებისა და მასწავლებლის თოვლში ცეკვის ვიდეოთი დაამახსოვრა. 

ჰაბისგან წიგნები მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლამაც. როგორც დირექტორმა, დარეჯან მახარაძემ გვითხრა, სკოლაში 75 მოსწავლე და 24 თანამშრომელია. 

„ხშირად ბავშვებს რომ წიგნი აქვთ გამოწერილი გარკვეული ვადით, გვთხოვენ რამდენიმე დღით გადავუვადოთ, რადგან ახლა უკვე ამ წიგნის წაკითხვა მშობელს ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრს სურს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მდიდარი წიგნადი ფონდის ქონა სოფლისთვის. აქ ყველა სიახლე სკოლიდან იწყება”,- აღნიშნა დარეჯან მახარაძემ. 

ჭახათის ბიბლიოთეკა

თითოეულმა სკოლამ „აჭარის რეგიონული ჰაბისგან“ დაახლოებით 100 წიგნი მიიღო საჩუქრად, რასაც დაემატა „მოგზაური ბიბლიოთეკის“ სხვა მხარდამჭერების მიერ მობილიზებული 150-მდე წიგნი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურიდან. 

„გარდა მხატვრული ლიტერატურისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ილიაუნის გამომცემლობის სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მასწავლებლებს დიდ დახმარებას გაუწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩართულები ვართ „ახალი სკოლის მოდელში“. ვფიქრობ, ეს წიგნები გამოგვადგება კვლევების ნაწილშიც”, – გვითხრა ჭახათის სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მერაბ ტაკიძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი წიგნებით ისარგებლა. 

ჭახათის ბიბლიოთეკა

შედარებით დიდკონტინგენტიანია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა, რომელმაც ასევე მიიღო ახალი წიგნები „აჭარის რეგიონული ჰაბისგან“.

აქ 155 მოსწავლეა რეგისტრირებული. სკოლის დირექტორის, ზეინაბ ბერიძის თქმით, ბიბლიოთეკას აკითხავენ ხოლმე კურსდამთავრებულებიც:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს მოსული მკითხველი ხელცარიელი არ გავუშვათ, რადგან თუ რამდენჯერმე მოვიდა და ვერ იპოვა რასაც ეძებდა, მან შეიძლება სულაც დაკარგოს კითხვის ინტერესი. 

სამწუხაროდ, წაკითხულის გააზრებასა და კრიტიკულ კითხვაში ბევრს აქვს პრობლემა, რაც მხოლოდ კითხვით შეიძლება დაიძლიოს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კითხვის პოპულარიზებას“, – გვითხრა დირექტორმა და  ასევე აღნიშნა, რომ მალე კითხვის სასკოლო კლუბის შექმნა, მოგვიანებით კი ბიბლიოთეკის გაფართოება და ინფრასტრუქტურის მოწყობა აქვს გეგმაში:

„ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლიც. ჩვენ მზად ვართ, ყველა საინტერესო აქტივობაში ჩავერთოთ. ახლა ჩემი ძალებით ვცდილობ მოსწავლეების ქართველ მწერალთან შეხვედრის ორგანიზებას, ისეთი მწერალი შევარჩიე, რომელსაც ვიცნობ და შედარებით მარტივია ამის მოხერხება. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეების მოტივაციაზეც კარგად იმოქმედებს“. 

წონიარისის სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა

წონიარისის სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა

ქვედა მახუნცეთის ბიბლიოთეკა

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ მენეჯერის თქმით, ჰაბი აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან და აღნიშნულ 11 სკოლაშიც გაიმართება შეხვედრები, სადაც წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გარდა  განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა  და  მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა.

 ამ და სხვა ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ უზრუნველყოფს. 

„აჭარის რეგიონული ჰაბი“ შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა – მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ჰაბი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: