ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა.
ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, სკრინინგპროგრამის მთავარ გამოწვევად ისევ მოცვის მაჩვენებლის (პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის) გაზრდა რჩება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება და საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული – HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომელიც ადრეულ სტადიებზე (I-III სტადია) მედიკამენტოზური მკურნალობის ერთწლიან კურსს ექვემდებარება.
ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ თუ გასულ წლებში III-IV სტადიაზე მიმართავდა ონკოცენტრებს უფრო მეტი პაციენტი, თანდათანობით ეს სურათი შეიცვალა და ახალ შემთხვევათა 50% უკვე I-II სტადიაში ხდება დაავადების გამოვლენა. ხალვაში ამბობს, რომ ეს ქალების ინფორმირებულობის გაზრდის ხარჯზე მოხდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სამუშაო კვლავ ბევრია.
მზია ხალვაშის თქმით, მიუხედავად არსებული საინფორმაციო კამპანიებისა, ინფორმირებულობა ნაადრევი დიაგნოსტიკისა და პრევენციული ზომების შესახებ საზოგადოებაში კვლავ დაბალია და ოჯახის ექიმები წარმოადგენენ სწორედ იმ მნიშვნელოვან რგოლს, რომელსაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია კიბოს სკრინინგულ პროგრამებში მოქალაქეების ჩართვის გაზრდა: „იქნებ რამენაირად უფრო გაიზარდოს და გახშირდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების (ოჯახისა და სოფლის ექიმების), ასევე გინეკოლოგიური და სხვა მიმართულებით მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენეტების გადამისამართება სკრინინგცენტრებში.
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად აწვდიან მოქალაქეებს ინფორმაციას, საინფორმაციო სმს-ბი მისდით ტელეფონებზე, წერილობითაც, ფოსტასაც იყენებენ პაციენტებამდე ინფორმაციის მისატანად. ყველანაირად ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიკვლიონ პაციენტები”, – ამბობს მზია ხალვაში.
კიბოს კონტროლის ეროვნულ სტრატეგიაში წერია, რომ ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია საქართველოში. ამასთან, დაბალია 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი: პაციენტთა 30%-ზე ნაკლები ცოცხლობს დიაგნოზის დასმიდან 5 წელს ან უფრო დიდხანს: „მაღალი სიკვდილიანობისა და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კიბოს შემთხვევების დაახლოებით 60%-ის დიაგნოსტირება მესამე და მეოთხე სტადიაზე ხდება, რისი მიზეზიც კომპლექსურია და ძირითადად მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობის დონით და ამ პროცესებში ჯანდაცვის პირველადი რგოლის ნაკლები ჩართულობითაა განპირობებული”.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. საქართველოში ამ დაავადებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები ძირითადად სწორედ ამ პერიოდში იმართება.
15 ოქტომბერს ეროვნულმა სკრინინგცენტრმა ოჯახის ექიმებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. შეხვედრების მიზანია მისცეს ექიმებს ის ცოდნა, რითაც ისინი პაციენტებს კვლევის ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნებენ. გამოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით, პაციენტის ინფორმირების გარდა მათ აქვთ პაციენტების ვიზიტზე გადამისამართების უფლებამოსილება.
ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება ჯანდაცვის ის პროგრამები, რომლებიც ონკოპაციენტების ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, მათ თერაპიასა და დიაგნოსტიკურ მომსახურებას, ასევე მედიკამენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. მათ შორის არის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომლის წლევანდელი ბიუჯეტიც 1 001 000 ლარია. კიბოსთან ბრძოლის ცალკე პროგრამა, თავისი სტანდარტებითა და ბიუჯეტით, საქართველოში არ არსებობს.
ჯანმოს რეკომენდაციით, ქვეყნებმა უნდა შეძლონ ადრეული დიაგნოზის მაჩვენებლების გაუმჯობესება და ცხადია, უზრუნველყონ ოპერატიული მკურნალობა. ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადამიანის გამოჯანმრთელებას და შეამცირებს მკურნალობის ხარჯებსაც, რადგან გვიანი გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის ფინანსურ დანახარჯს.