დღეს, 29 დეკემბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია.
ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია.
ავარიის შედეგად ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებს ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი დახვდათ.
3 დაშავებული ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაშია, ერთ-ერთი მათგანი 1 წლის და 5 თვისაა. მათ აღენიშნებათ ჭრილობა სკალპზე და თავის ტვინის შერყევა. ერთი მოზარდი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
ქობულეთელი მანანა ბოლქვაძე 2018 წელს წავიდა ემიგრაციაში. უკვე ოთხი წელია იტალიაში ცხოვრობს. მანანა ამბობს, რომ ემიგრაციაში მისთვის ყველაზე ძნელი მონატრებაა – ოჯახის წევრების, ქალაქის და მთელი ქვეყნის.
„ისეთ საქართველოში მინდა დავბრუნდე, სადაც მშიერი ადამიანები არ იქნებიანო“ – გვითხრა მან და ემიგრაციაში ყოფნის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა.
მოუსმინეთ მანანას, ემიგრანტს იტალიიდან:
„კვირა დღეს ვხვდებით ერთმანეთს ემიგრანტები“
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი დავამთავრე, საბაჟო-საგადასახადო, ბიზნესის მართვის მიმართულება. ვმუშაობდი ბათუმის მერიაში, ვეტერანთა დეპარტამენტში.
გაუქმდა ჩემი სამსახური, შემცირებაში მოვყევი და წამოვედი იტალიაში, ემიგრაციაში.
2018 წლის ივნისში წამოვედი, მალე 4 წელი გახდება, რაც ემიგრაციაში ვარ.
ვარ ძალიან კარგ ოჯახში, ერთად ვცხოვრობთ მე და ერთი ბებო, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც ოჯახის წევრს, ისე მაფასებენ. ერთი შვილი ჰყავს ამ ქალს, ექიმი, ძალიან კარგი ადამიანია.
კვირაში ორ დღეს ვისვენებ, ხუთშაბათს – ორ საათს და მთელი კვირა დღე.
კვირა დღეს ფლორენციაში მყოფი ქართველები ერთმანეთს ძირითადად ერთ ადგილას ვხვდებით. ვიკრიბებით, ყავას ვსვამთ, ამბებს ვუზიარებთ ერთმანეთს, წარსულზე ვსაუბრობთ, აწმყოსა და მომავალზე – ვინ რის გაკეთებას ვგეგმავთ.
„იტალიის ულამაზეს ქალაქში ვარ, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნა მაინც ძნელია“
ვარ იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ფლორენციაში. საუკეთესო გარემოა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი არ არის. ემიგრაციაში ყოფნა მაინც რთულია.
რაც არ უნდა კარგად ვიყოთ ემიგრანტები, რა ბედნიერადაც არ უნდა გრძნობდე თავს, არის მონატრება.
ჩემი ოჯახის წევრები როცა დავტოვე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განცდა იყო, მაგრამ როცა დედის საფლავზე მივედი და დავემშვიდობე… გადის წლები და ვერ მივდივარ დედაჩემის საფლავზე. ოჯახის ყველა წევრის დატოვება ჩემთვის ტკივილი იყო, მაგრამ მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია.
საკუთარი ოჯახი არა მყავს. ოჯახში დავტოვე ჩემი და, დისშვილები და ნათესავები.
ჩემს ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ, არც არასდროს უთხოვიათ, ჩემი სურვილია, თუ მათ გავახარებ.
მანანა ბოლქვაძე
„ყველაზე ძნელი მონატრებაა“
ჩემთვის ემიგრაციაში ყველაზე ძნელი ის არის, რომ მენატრება ჩემი კუთხე, ჩემი ახლობლები, ყველა კეთილისმსურველი. დიდი ტკივილია, როცა ყველა გენატრება.
ყველაზე ძნელი ის იყო, როცა ემიგრაციაში წამოვედი, რომ ენა არ ვიცოდი. გესაუბრებიან და არ გესმის, მაგრამ ისე თუ ასე, ეს დავძლიე.
ემიგრაციაში პირველ რიგში უკეთ გავიცანი ადამიანები, ვისწავლე ვისთან როგორ უნდა ვიყო, რა გავაკეთო…
საქართველოდან იტალიას სხვაგვარად ვხედავდი, მეგონა უფრო თბილი ადამიანები იქნებოდნენ, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ საკმაოდ ცივი ხალხია, ჩემი აზრით.
„არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები ემიგრაციაში“
ჯერ არ ვიცი რამდენ წელს დავრჩები ემიგრაციაში, ეს არ მაქვს განსაზღვრული.
მაქვს ჩემი გეგმები, მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი ბინა და როცა საქართველოში დავბრუნდები, რაღაც გავაკეთო, რომ ჩემი საარსებო წყარო მქონდეს. მიზანი, რა თქმა უნდა, მაქვს და მის შესასრულებლად დრო მჭირდება.
დრო რომ დავაბრუნო?! ალბათ არ წავიდოდი ემიგრაციაში.
მინდა ისეთ საქართველოში დავბრუნდე, სადაც ყველას ექნება იმის საშუალება, არ იყოს მშიერი.
მოსამართლეებს სასამართლო პროცესზე მოწმეებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
საუბარია სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე, როცა მოსამართლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა კითხვის დასმის უფლება, თუკი მხარეების შეთანხმება არსებობდა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა თვითმიზნურად და მართლმსაჯულების ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით თეთრიწყაროს სასამართლომ მიმართა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რადგან იგი ეხებოდა ბრალდებულის ვალდებულებასაც – „ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, თუ სასამართლოში ჩვენების მიცემას გადაწყვეტს.“
სარჩელის ავტორი სარჩელში აღნიშნავდა შემდეგს:
„ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი ბრალდებულს აიძულებს, არჩევანი გააკეთოს დუმილის უფლებით სარგებლობასა და საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სიმართლის თქმას შორის, მაშინაც კი, თუ სიმართლის თქმა დანაშაულის აღიარებას გულისხმობს.
ამავე დროს, სისხლის სამართლის საქმის მოსამართლისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობის შეზღუდვა აფერხებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“ – წერდა მოსარჩელე.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსათვის ფაქტების არასწორად მიწოდების ინტერესი.
„შესაბამისად, ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ბრალდებულის ჩვენების სანდოობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. პასუხისმგებლობის საფრთხის გარეშე ჩვენების მიცემის შესაძლებლობა შეამცირებს მის სანდოობას, რაც არც მართლმსაჯულების განხორციელებას დაეხმარება და, ამავე დროს, მნიშვნელოვნად დააზარალებს უდანაშაულო ბრალდებულის მიერ თავის დაცვის შესაძლებლობას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციურ პრივილეგია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მოსამართლეების მხრიდან კითხვის დასმის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სახელმწიფოს აკისრებს სამართალწარმოების სისტემის იმგვარად ფორმირების ვალდებულებას, რომელშიც მოსამართლე აღჭურვილი იქნება საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურული მექანიზმებით. საჭიროა, მოსამართლეს გააჩნდეს შესაძლებლობა, სხდომაზე ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რომელიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და საქმეზე ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს კითხვების შესაძლებლობა, როდესაც ბუნდოვანია დანაშაულად მიჩნეული ქმედების შემადგენლობა, მოწმის, ექსპერტის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიერ მიცემული ჩვენება გაურკვეველი, დამაბნეველი ან/და ურთიერთსაპირისპიროა ან როდესაც შეკითხვის დასმის საჭიროება მოსამართლის მიერ შესაძლებელია მოვლენათა თანმიმდევრობის დადგენისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირების აუცილებლობით არის განპირობებული.
საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსამართლემ არ უნდა ხელყოს შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი პროცესი და არ უნდა შეითავსოს მხარის ფუნქცია.
„შეკითხვის დასმა არ უნდა განხორციელდეს იმგვარი ენითა და ტერმინოლოგიით, ტონით, ჟესტიკულაციით, ქცევით ან ფორმითა და ინტენსივობით, რომ წარმოშვას მოსამართლის მიკერძოებულობის გონივრული ეჭვი. მოსამართლემ ხელი არ უნდა შეუშალოს მხარეების მიერ მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევასა და მეორე მხარის მტკიცებულებათა გაბათილებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
პანდემია, კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში, 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, პოლიტიკური კრიზისები, არჩევნები, ჟურნალისტებზე თავდასხმა, „სუსის ფაილები“ და საპატრიარქოს პანსიონში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გახმაურება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ 2021 წელს მოხდა საქართველოში.
წლის მიწურულს თვალი გადაავლეთ 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.
11 179 კოვიდით გარდაცვლილი ადამიანი
2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის პანდემიას 11 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2021 წელს საქართველოს პანდემიის რამდენიმე ტალღამ გადაუარა, იყო 24 საათში 80-ზე ადამიანის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაც. ათასობით ოჯახმა დაკარგა საყვარელი ადამიანი.
კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ბათუმში 29 საათს გაგრძელდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალი, კლინიკაში დაიღუპა.
8 ოქტომბრის ტრაგედიას ბათუმში 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი.
სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. 9 ოქტომბერი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები.
5 ივლისის მოვლენები – ჰომოფობების აქცია და ლექსო ლაშქარავას სიკვდილი
5 ივლისს, თბილისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კარვების, ასევე, მოძრაობა „სირცხვილიას“ და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ და აპარატურას უმტვრევდნენ.
აქციაზე სასტიკად სცემეს ტვ „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ექსპერტიზის დასრულებამდე, შსს-მ გაავრცელა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრები ფონიჭალაში და განაცხადა, რომ შესაძლოა, მისი დაღუპვის მიზეზი ზედოზირება ყოფილიყო.
„რეპუტაციული მკვლელობა“ – ასე უწოდეს იურისტებმა შსს-ს ამ განცხადებას.
ლექსო ლაშქარავას ცემის ბრალდებით ამ დრომდე 2 პირია დაკავებული. გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ალექსანდრე ლაშქარავა
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სა და პროკურატურასთან.
ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლა პოლიტიკიდან
2021 წლის იანვარში საქართველოს ექსპრემიერმა და „ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებდა პოლიტიკას, მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და უბრუნდებოდა „კერძო ცხოვრების წესს“.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აღარ იქნებოდა „ოცნების“ მხარდამჭერი და აღარ გაუწევდა გუნდს მხარდაჭერას.
ეს ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლაა პოლიტიკიდან. ივანიშვილმა 2013 წელსაც განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა იგი 2018 წელს ოფიციალურად დაბრუნდა და „ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.
გახარიას წასვლა და ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა
2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გახარიამ. მან პოსტის დატოვების მიზეზად „ოცნებასთან“ უთანხმოება დაასახელა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.
გახარიას წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის „საყვარელმა ბიჭმა“ [ასე მოიხსენია ივანიშვილმა ღარიბაშვილი 2013 წელს].
რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დააარსა და განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადავიდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გახარიას პარტიამ საქართველოს მასშტაბით პროპორციულად ხმების 7.79% მიიღო, ხოლო თავად გიორგი გახარიამ, რომელიც თბილისის მერად იყრიდა კენჭს – 9.415 პროცენტი.
მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში
2021 წლის პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე თბილისში დააკავეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
სააკაშვილი, რომელმაც 2013 წელს დატოვა საქართველო, „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, არაერთგზის აცხადებდა, რომ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილას, მან ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფდა, რომ რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, თუმცა იგი იმავე დღეს დააკავეს.
ამჟამად სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც იგი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში 50 დღე შიმშილობდა.
შარლ მიშელის დოკუმენტი
2021 წლის აპრილში საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა 5-პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერა.
შარლ მიშელი
შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რაც ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებდა პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერა „ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა.
დოკუმენტის ხელმოწერიდან სამ თვეში, 2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულად 46.747 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 30.674 პროცენტი. მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრემიერის, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 7.808 პროცენტი მიიღო, მეოთხეზე კი პარტია „ლელო“ – 2.713 %.
არჩევნების შედეგად საქართველოს ქალაქების საკრებულოების უმრავლესობა „ოცნებამ“ დააკომპლექტა. არჩევნების შედეგად თავდაპირველად 7 საკრებულო იყო ოპოზიციური, თუმცა, ამჟამად, საქართველოში უკვე 6 ოპოზიციური საკრებულოა.
მხოლოდ ერთ ქალაქში – წალენჯიხაში, მერად აირჩიეს ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.
არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 69 პირი, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროვეს; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე; დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი;
გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს.
ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.
„სუსის ფაილების“ სკანდალი
2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.
ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.
ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.
ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.
პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო.
ერთ წელში პარლამენტის 3 თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის ისტორიაში 2021 წელი გამორჩეულია იმით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა 1 წლის განმავლობაში პარლამენტს 3 თავმჯდომარე ჰყავდა.
თალაკვაძე, კუჭავა, პაპუაშვილი
2021 წლის 24 აპრილამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იყო. 27 აპრილს ეს პოსტი კახა კუჭავამ დაიკავა, 2021 წლის 24 დეკემბერს მან დატოვა პოსტი და პარლამენტიც.
29 დეკემბერს კი პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
ბავშვებზე ძალადობა საპატრიარქოს პანსიონში – ნინოწმინდის სკანდალი
2021 წლის მაისში ცნობილი გახდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების შესახებ.
ფიზიკური ძალადობა, იძულებითი შიმშილი, დამცირება — ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მეთოდებისა, რომლებსაც სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასასჯელად იყენებდნენ.
ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ ამბებზე 4 გამოძიებაა დაწყებული, მათგან 3 ძალადობის მუხლით, ერთი კი, გაუპატიურების.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში თავდაპირველად 150-მდე ბავშვი ცხოვრობდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
„რიონის ხეობის მცველების“ აქციები ნამახვან ჰესის წინააღმდეგ
2021 წელს საქართველოში გაიმართა ყველაზე ხანგრძლივი აქციების სერია ჰესის აშენების წინააღმდეგ. აქციები ერთი რეგიონის ფარგლებს გასცდა.
რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ გამოდიოდა. მათ აქციები და შეხვედრები გამართეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და შეძლეს საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის მოპოვება. პარალელურად, მოძრაობა აქციებს მართავდა „გუმათჰესთან“, სადაც პოლიციას ბარიკადები ჰქონდა აღმართული.
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ მნიშვნელოვნად შესუსტდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის წევრებმა, რომლებიც აქამდე ტოლერანტობაზე და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ, მხარი დაუჭირეს თბილისში გამართულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციას.
აქცია „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ
2021 წლის 22 სექტემბერს კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები დაასახელა.
ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.
8 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე
2021 წლის ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან შედგებოდა, ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
მას შემდეგ, რაც საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ასპარეზობს, ამდენი მედალი საქართველოს ოლიმპიურ გუნდს არასდროს მოუპოვებია.
საქართველო ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის, ოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა.
ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 21 წლის ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა, ტალახაძე კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.
„მოდის ხალხი და ფასს რომ იგებს, უკან ბრუნდება, მიდის ცარიელი,“ – ამბობს თამაზ დარჩიძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. წინასაახალწლო დღეებში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა, თუმცა ყველი განსაკუთრებით. ამას ყველით მოვაჭრეებიც არ უარყოფენ.
გაძვირდა ყველაფერი: ზეთი, პურის ფქვილი, ქათმის ფილე, ამიტომაც გაძვირდა ყველი და მთლიანად აგრარული ბაზარი,“ – გვითხრა თამაზ დარჩიძემ.
გოჭის ფასი 80 ლარიდან იწყება, ქათმის კი, საშუალოდ, 30 ლარიდან. ინდაურის შესაძენად სულ მცირე 70 ლარი დაგჭირდებათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები ამ პროდუქტებზე დიდად არ გაზრდილა, რადგან ადამიანებს ყიდვა უჭირთ.
იგივე გვითხრეს საქონლის ხორცის სექციაშიც. ხორცის ფასი ხარისხის მიხედვით 18 ლარიდან იწყება. ხორცით მოვაჭრეების თქმით, წინასაახალწლო დღეებში საქონლის ხორცი საშუალოდ მხოლოდ 1 – 2 ლარით გაძვირდა.
მყიდველები ბაზარში ბევრი დაგვხვდა, თუმცა მოვაჭრეების თქმით, ეს მესამედია წინა წლების წინასაახალწლო დღეებთან შედარებითმოქალაქეებს უჭირთ იმ პროდუქტის გამოყოფა, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირებულია
გაძვირდა ნიგოზიც. ქართული ნიგოზი, ერთი კილოგრამი, საშუალოდ, 30 – 32 ლარი ღირს.
გაძვირდა ბოსტნეულიც. მაგალითად, გაორმაგდა ბულგარულის, ასევე კიტრის და პომიდვრის ფასი. „ერთი ცალი ბულგარული უკვე 2 ლარი გამოდის,“ – გვითხრა ბულგარულით მოვაჭრემ.
კომბოსტოს ფასი ბათუმის აგრარულ ბაზარში 2 ლარია. ბოსტნეულიდან არ გაძვირებულა მხოლოდ კარტოფილი და ლობიო.
წინასაახალწლო დღეებში გაძვირდა მწვანილიც. კილოგრამი მწვანილის ფასი 6 ლარია, რამდენიმე დღის წინ 4 ლარი იყო.
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.
“აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური ვალუტის გაცვლის ტრანზაქციებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესებს, ოპერაციების მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი ესაჭიროებათ, რომელიც ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს თავიდან. თიბისი და კერძოდ ჩვენი ხაზინის გუნდი, სწორედ ასეთი პარტნიორია“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური მომარაგების ჯაჭვის შეფერხება, სავალუტო კონვერტაციების პროცესში სანდო პარტნიორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ის ბანკები დავაჯილდოვეთ, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რომელთაც წარმატებით შეძლეს საკუთრი მომხმარებლების ცვალებად და გამოწვევებით სავსე პერიოდში მხარდაჭერა“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი
გარემოსდაცვითი საკითხები კომპანიისთვის „აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის მიზანია გარემოსდაცვითი ვალდებულებები განახორციელოს პროექტის მფლობელი საერთაშორისო კომპანიების, დამფინანსებელი ბანკებისა და ქართულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
კომპანია ახორციელებს აჭარისწყლის აუზის ნაკადულის კალმახით დათევზიანებას, რაშიც ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები არიან ჩართული.
ნაკადულის კალმახი საქართველოს ,,წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. კომპანია შემდგომ წლებშიც გააგრძელებს აჭარისწყლის აუზის დათევზიანებასა და პოპულაციის მონიტორინგს.
როგორც ამ პროცესში ჩართული იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს მდინარე აჭარისწყალზე იქთიოფაუნის ყოველწლიური მონიტორინგი 2014 წლიდან წარმოებს:
„ოთხივე სეზონზე ტარდება მონიტორინგი, კერძოდ 15 სადგურზე. ეს სადგურები განთავსებულია როგორც ჰესის გავლენის ზონაში ასევე იმ წერტილებში, რომელიც არ არის ჰესის გავლენის ქვეშ.
ნაკადულის კალმახის ლიფსიტები 2021 წლის მარტში გავუშვით აჭარისწყლის აუზში: მდინარე ჩირუხში, აჭარისწყალსა და სხალთაში. გაშვებისც მერეც მიმდინარეობს მონიტორინგი და ვაკვირდებით პოპულაციას, რომ ვნახოთ რა მდგომარეობაშია. ამ მონაცემების შესაბამისად განვსაზღვრავთ რას ვიზამთ. თუ პოპულაცია კარგად გამრავლდა შესაძლოა დროებით შევაყოვნოთ დათევზიანება, თუ ვერ გამრავლდა სათანადოდ ცხადია გავზრდით ყოველწლიურად მდინარეებში გაშვებული ლიფსიტების რიცხვს“ – ამბობს იქთიოლოგი.
გარემოსდაცვითი მიმართულებით გარდა მდინარეების დათევზიანებისა, კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ 15 ათასზე მეტი ადგილობრივი სახეობის ნერგი დარგო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
მათგან 900 ნერგის სახეობა „წითელი ნუსხიდანაა“: კაკალი, წაბლი, თელა და უხრავი.
ხეები დაირგო 9,5 ჰექტარ ფართობზე „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ. ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაფინანსებით, მოეწყო ასევე ადგილობრივი ხე-მცენარეების სანერგე.
ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი ზურაბ მანველიძე უშუალოდაა ჩაბმული ტყის განაშენიანების პროცესში და საკუთარ დაკვირვებებზე საუბრობს:
„ერთია ნერგების დარგვა და მეორეა გახარების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად მიდგომა ასეთია ტყის გაშენებისას: თუ ნარგავების 75 % გაიხარებს დამაკმაყოფილებელია, 50 %-იც კარგ გახარებად მიიჩნევა.
50%-ზე დაბალი მაჩვენებელი უარყოფითად ფასდება, უშედეგოდ და ამ შემთხვევაში ვერ აღადგენ ტყეს, ჰაბიტატებს.
ჩვენს შემთხვევაში 85, 86 %-ით გაიხარა ყველა სახეობამ. კარგი შედეგია მიღებული.
აჭარაში ასეთი ტენდენციაა, ოღონდ რამის აღდგენა სცადე, ბუნება არ დაგაღალატებს და კარგად იხარებს ხეები. ასე არაა ყველგან. საქართველოში ტყიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 38% ია, აჭარაში კი ტყიანობის მაჩვენებელი 68 % – ია.’’ – ამბობს სპეციალისტი ზურაბ მანველიძე.
სოფელ სხალთის, ახალდაბისა და დიდაჭარის ტყეებში განთავსდა ღამურებისა და ფრინველებისთვის ხელოვნური ბუდეები ხე-მცენარეებზე, დაახლოებით 100-მდე ხელოვნური თავშესაფარი.
დამოტაჟებიდან დღემდე მიმდინარეობს ხელოვნური ბუდეების მონიტორინგი, რათა ეფექტიანობა დადგინდეს. ამ ეტაპზე ფრინველებმა თავშესაფრების 75% აითვისეს და გამოიყენეს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაქირავებული ექსპერთა ჯგუფი 2013 წლიდან ინტერნსიურად აკვირდება შუახევი ჰესის პროექტის არეალის ბიომრავალფეროვნებას. მსხვილ ძუძუმწოვრებზე მონიტორინგის წარმოების მიზნით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიამ განათავსა 30 ფოტოხაფანგი.
შვლები აჭარისწყალი ჯორჯიას ფოტოხაფანგიდან
მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგის პროცესში აქტიურად გამოიყენება ფოტოხაფანგები. შედეგებს კი აფასებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები.
ფოტოხაფანგებით მეცნიერებს აჭარის რეგიონში მსხვილი ძუძუმწოვრების, კერძოდ, შვლის, დათვის,მელას, ტურის, ფოცხვერის და სხვათა შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
აღნიშნული გარემოსდაცვითი ღონისძიებები მხოლოდ ნაწილია იმ საქმიანობის, რასაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველდრიურად ახორციელებს. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
„სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.“ – აცხადებს სამსახური.
ამასთან, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას.
„ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა იქვე განსაზღვრულია, თუ ვისზე არ გავრცელდება ეს დადგენილება საჯარო დაწესებულებებში:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში 540 400 აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანეს.
სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული მიმდინარე თვის, დეკემბრის მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გასულ, 2020 წელს საქართველოში 3 012 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანეს, 2019 წელს – 5 144 900 აშშ დოლარის, 2018 წელს – 3 673 500 აშშ დოლარის, 2017 წელს კი – 2 862 400 აშშ დოლარის.
რაც შეეხება ისეთ საახალწლო პიროტექნიკას, როგორიცაა ასაფეთქებლები, შუშხუნები და ა.შ., ასეთი ნაწარმი სხვადასხვა საქონლის ჯგუფში ნაწილდება და უცნობია, ზუსტად რა თანხის საახალწლო პიროტექნიკა შემოდის საქართველოში.
საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად ათობით ბავშვი და ზრდასრული ზიანდება საქართველოში. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩის ცხოველებისთვის.
არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, თუმცა ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.
პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია-გამოყენებაზე ეფექტური შეზღუდვების დაწესებისა და ზედამხედველობის გამკაცრების მოთხოვნით მოქალაქეები მთავრობას პეტიციითმიმართავენ.
2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს.
შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება.
ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შედეგად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, არის აღნიშნული პირის საკუთრება და უბრუნდება მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“.
ახალი კანონი განსაზღვრავს აკრძალულ პირს, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში [გარდა წამახალისებელი გათამაშებისა] მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში.
კანონით აკრძალული პირი არის:
[crosslist]
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი;
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი;
[/crosslist]
ახალი კანონი ასევე განსაზღვრავს თამაშზე დამოკიდებულ პირს და ასეთი პირების სიასაც:
[checklist]
„თამაშზე დამოკიდებული პირი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში;
დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.“
[/checklist]
ახალი კანონით:
დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:
ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
ბ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები აღნიშნულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.
დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით. აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი კი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2022 წლის 1-ლი მარტისა უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
2022 წლის პირველი მარტიდან:
[crosslist]
„აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა.
თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება.
აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება“.
დღეს, 29 დეკემბერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა – 179 807 ახალი შემთხვევა 24 საათში – წერს„როიტერსი“.
ეს არის კოვიდის დღიური შემთხვევების გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2021 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, როცა საფრანგეთში კოვიდის 104 611 დაფიქსირდა.
გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 242 ადამიანი.
ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ ახალ შემზღუდველ ზომებს მიმართა – შეიზღუდა დიდი თავყრილობები, გარე სივრცეში სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება.
საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 77% სრულად არის აცრილი, რამაც მკვეთრად შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რიცხვი, თუმცა კვლავ დიდია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე.
აჭარაში დადასტურდა კორონოვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 4 შემთხვევა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ომიკრონით ინფიცირებული 3 ადამიანი მკურნალობს სახლში და დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია. ინფიცირებულები კოვიდზე ორჯერადად აცრილები არიან.
ომიკრონით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი აჭარაში კოვიდსასტუმროშია, მას კორონავირუსის უფრო გამოხატული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი არ არის ვაქცინირებული, იგი მეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით.
სილქნეტში ახალი წლის ათვლას 29 დეკემბრიდან იწყებენ. მობილურ და სახლის ყველა სერვისზე 7 იანვრის ჩათვლით სადღესასწაულო აქციები გავრცელდება.
ჯადოსნურ დღეებში SilkTV სერვისზე მომხმარებელს ყველა არხი საჩუქრად გაუაქტიურდება (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა)
ჯადოსნურ დღეებში SilkTV სერვისზე მომხმარებელს ყველა არხი საჩუქრად გაუაქტიურდება და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახდება, როგორც ქართული, ისე უცხოური ტელეარხები. სადღესასწაულო ეთერი, საყვარელი საახალწლო ფილმები, სპორტული გადაცემები, საკონცერტო პროგრამა, მაყურებელს გრძელი უქმეების საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებას ჰპირდება.
ოპტიკური ქსელის მომხმარებელი, ამავე დღეებში, სახლის ინტერნეტ სიჩქარის 20მბ/წმ-ით საჩუქრად გაზრდას შეძლებს. “ბუსტის” ამ შეთავაზებას მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, ჩაირთავს:
SMS-ით ნომერზე 90056;
my.silknet.com პორტალიდან;
24 საათიანი ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით.
გაზრდილი სიჩქარით აბონენტი 21 იანვრის ჩათვლით ისარგებლებს.
29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მობილური ქსელის მომხმარებლებს განსაკუთრებული აქციები ელით:
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ხელახლა უნდა დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, 7 წლის განმავლობაში ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაწყებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულდა. 7 წლის შემდეგ ამ საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა.
ამ შემთხვევაში საქმის განხილვა ხელახლა იწყება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის ინფორმაციით, საქმე მოსამართლე კოტე ჭილაიას დაეწერა, თუმცა სასამართლო სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.
ახალმა მოსამართლემ ხელახლა უნდა მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები. მოსამართლესთან ყოფილმა პატიმრებმა ისევ უნდა გაიხსენონ 10 ან 15 წლის წინ როგორ იქცეოდნენ ციხეში.
ამ საქმეში სულ 116 მოწმეა და დაახლოებით 50 მოწმე იყო დარჩენილი გამოსაკითხი. 116-ივე მოწმეს თავიდან უნდა მოუსმინონ სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ამ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე რომ ჰყოლოდა დანიშნული, ამ შემთხვევაში გამოკითხული მოწმეების ხელახლა გამოკითხვა საჭირო აღარ გახდებოდა, თუმცა სათადარიგო მოსამართლე ამ საქმეზე არ დაუნიშნიათ.
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომლებსაც პროკურატურა პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოთი გაათავისუფლა. ის სასამართლო სხდომებს იშვიათად ატარებდა.
ამ საქმის განხილვა მაქსიმუმ 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსამართლის პასუხისმგებლობაზე იუსტიციის საბჭოს არ უმსჯელია. პირიქით, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაწინაურდა და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
მთავარი ფოტო: ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
29 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2514 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 46 059 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 61 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარაში – 232, იმერეთში – 304, ქვემო ქართლში – 119, შიდა ქართლში – 108, გურიაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 148, კახეთში -134, მცხეთა-მთიანეთში -62, სამცხე-ჯავახეთში – 46, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -21.
28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.09%.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან სისტემატურად ახდენდნენ გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებულ და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი.
საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
სკოლის მიღმა დარჩენილი 15 წლის მოზარდის, შოთა ბოლქვაძის სკოლაში დაბრუნების შესახებ, „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრს ესაუბრა და ჰკითხა, რა გზები არსებობს სისტემაში იმისთვის, რომ მოზარდმა სწავლის განახლება შეძლოს და საბაზო საფეხურის ატესტატი აიღოს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ შოთას საბაზო განათლების ატესტატის მიღების ორი გზა აქვს. პირველი ის, რომ აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი და სწავლა გააგრძელოს იმ საფეხურიდან, რომელზეც შეწყვიტა, ამ შემთხვევაში მას ორი საფეხურით დაბალ კლასში მოუწევს სწავლის გაგრძელება, ან მეორე გზა – ჩააბაროს გამოცდები ექსტერნად და მიიღოს ატესტატი.
გოჩა დავითაძის თქმით, ექსტერნის გამოცდები 2022 წლის თებერვალში გამოცხადდება.
„როგორც წესი, ამ პერიოდში ცხადდება ხოლმე, განათლების მინისტრი ნიშნავს როგორც რეგისტრაციის, ასევე გამოცდების თარიღსაც. მე, პირადად, ჩავინიშნავ შოთა ბოლქვაძის მშობლის ტელეფონს და დავეხმარები როგორც რეგისტრაციაში, ასევე მომზადებაშიც. ავარჩევინებთ სკოლასაც, სადაც უნდა გამოცდის ჩაბარება და იქ ჩააბარებს. ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას და დავეხმარებით,“- გვითხრა გოჩა დავითაძემ.
რაც შეეხება პირველ ვარიანტს – სტატუსის აღდგენას და სწავლის გაგრძელებას სკოლაში, როგორც გოჩა დავითაძე ამბობს, ამაზე მშობელი თანახმა არ არის. „არ ივლის ბავშვიო, ასე გვითხრა. მესმის, რომ ასეთ შემთხვევაში მას ორი საფეხურით დაბალ კლასში მოუწევს დაჯდომა და აქვს უხერხულობა ამის გამო, ამიტომ შეუძლია ჩააბაროს გამოცდები ექსტერნად“.
რა უნდა გაეკეთებინა სკოლას შოთასთან მიმართებაში და რატომ არ არის მოსწავლე ამ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ინფორმირებული? – რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა მოსწავლესთან დაკავშირება, რომ მშობელმა ტელეფონი გამოცვალა.
„როგორც მითხრეს, ტელეფონი გამოუცვლია მშობელს და ვერ ვუკავშირდებოდითო. როცა მოსწავლე 20 დღის განმავლობაში ზედიზედ აცდენს გაკვეთილებს, სკოლა ვალდებულია შეუჩეროს მოსწავლეს სტატუსი,“ – გვითხრა მან.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ავადაა და ამის გამო ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს?
გოჩა დავითაძის თქმით, ამ შემთხვევაში მშობელმა სკოლას უნდა წარუდგინოს ექიმის ცნობა, რომ ბავშვს ხანგრძლივად სჭირდება მკურნალობა და შეუძლია მოითხოვოს შინ სწავლება. „შოთას შემთხვევაში ეს არ ყოფილა, მშობელს არ მოუმართავს შინ სწავლების მოთხოვნით სკოლისთვის,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.
როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, თუ მშობელს არ ჰყოფნის კომპეტენცია ამ საკითხში ან ხელს არ უწყობს შვილს განათლების მიღებაში? – ვკითხეთ მას.
„თუ მშობელმა ხელი არ შეგიწყო, ბავშვი დილით არ გააღვიძა, არ გამოუშვა სკოლაში, ძალიან რთულია, მაგრამ წელს უკვე შევიდა კანონში ცვლილება, სკოლაში შემოვიდნე სოცმუშაკები და ასეთ შემთხვევებში ისინი ჩაერთვებიან.
ახლა უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, იმ პერიოდში კი ეს ვალდებულება სკოლას არ ჰქონდა. სოცმუშაკების სკოლაში შემოსვლით კი ეს პროცესი უფრო გამარტივდა,“ – გვითხრა გოჩა დავითაძემ.
ბუნებრივია, 15 წლის შოთას აკადემიური ჩამორჩენა აქვს, რადგან ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ჩართული სასწავლო პროცესებში. რა შეუძლია გააკეთოს სკოლამ, რესურსცენტრმა ამ ჩამორჩენის დასაძლევად? – ვკითხეთ რესურსცენტრის ხელმძღვანელს.
დავითაძე ამბობს, რომ რესურსცენტრი ექსტერნის გამოცდამდე შოთა ბოლქვაძეს კონსულტაციებს დაუნიშნავს და დაეხმარებიან მომზადებაშიც.
„მთავარია, გამოცხადდეს, როცა ჩვენ გრაფიკს დავუნიშნავთ. მეცადინეობაშიც დავეხმარებით, დარეგისტრირებაშიც. მთავარია, მშობელი და ბავშვი წამოგვყვეს და მშობელმა ტელეფონი არ გამოცვალოს“.
რაც შეეხება სკოლას, „ბათუმელები“ დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ შოთა ბოლქვაძეს სკოლა არ მიეტოვებინა.
მე-11 სკოლის დირექტორი მანანა მიქელაძე ამბობს, რომ შოთა მის სკოლაში ბოლო ორი წელი სწავლობდა. სკოლაში კი მეშვიდე კლასის შემდეგ აღარ უვლია.
„ჩარჩენილია კლასში, რადგან ორი წელი არ უვლია სკოლაში, ოჯახის მხრიდანაც ნაკლები მზრუნველობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ მშობელს, რომ გამოეგზავნა სკოლაში, მაგრამ არ დადიოდა. თვითონ, ბავშვმა და მშობელმაც ხომ უნდა მოინდომონ,“ – ამბობს დირექტორი.
ჩვენ დირექტორს ასევე ვკითხეთ, თუ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი მოსწავლე კლინიკაში მკურნალობდა და შესთავაზეს თუ არა შინ სწავლება?
დირექტორის თქმით, მოზარდის ავადმყოფობაზე ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, არც შინ სწავლა შეუთავაზებიათ.
„მე ბევრჯერ ვთხოვე დედამისს, რომ დაამთავრებინეთ მე-9 კლასი, რადგან საბაზო საფეხურია, სავალდებულოა-მეთქი, მაგრამ ხან მეუბნებოდა ბავშვი მუშაობს და ვერ მოდისო, ხან ვერ დგებაო და ასე გავიდა წლები.
შინ სწავლას რაც შეეხება, მაშინ ონლაინსწავლება არ იყო და ავად თუ იყო, სამედიცინო ცნობა უნდა წარმოედგინა, ასეთი რამ არ მოუტანია. მშობელი ცდილობს, რომ მისი უყურადღებობა სხვას გადააბრალოს,“ – გვითხრა დირექტორმა.
მისი თქმით, თუ მშობელი არღვევს ბავშვის უფლებას, მის დასაცავად სკოლას არანაირი ბერკეტი არ აქვს. „ჩვენ მხოლოდ შეთავაზება შეგვიძლია, რომ მოიყვანოს ბავშვი.
ამ შემთხვევაშიც, შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მოიყვანოს ბავშვი, დავეხმარებით მომზადებაში, რომ ჩავაბარებინოთ გამოცდები ექსტერნად.“
დირექტორის თქმით, შოთას მსგავსი პრობლემის წინაშე სკოლაში ბევრი მოზარდია, რომლებიც სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ და შესაძლოა ისინიც განათლების გარეშე დარჩნენ.
„ძალიან ბევრი მყავს ისეთი ბავშვი, რომელთა მშობლები ზოგი უცხოეთშია, ზოგი სად. ბავშვები დარჩენილი არიან ნათესავების ამარად და არ აქვთ სათანადო მზრუნველობა.
რა გააკეთოს ასეთ დროს სკოლამ, მივიდეს სახლში, გააღვიძოს ბავშვი და ისე მოიყვანოს სკოლაში? სახლში მასწავლებელი ვერ მივა,“ – გვითხრა მანანა მიქელაძემ.
შოთა ბოლქვაძე 15 წლის მოზარდია, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერ კიდევ 10 წლის ასაკიდან მუშაობს და სკოლაში სათანადოდ სიარულს ვერ ახერხებდა. შემდეგ კი შრომას ავადმყოფობა დაერთო და ის სასწავლო პროცესის მიღმა აღმოჩნდა.
შოთას სურს საბაზო საფეხური დაასრულოს და ატესტატი აიღოს, რომ პროფესიულ კოლეჯში შეძლოს სწავლის გაგრძელება. ატესტატის გარეშე ეს შეუძლებელია.
„ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შოთას დედასაც – ქალი ამბობს, მოზარდს მეცადინეობაში ხელს შეუწყობს.
შოთას შესახებ უფრო ვრცელი ამბავი შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელებზე“ და ვიდეოში.
რა ნიშნით შეარჩია ბათუმის მერიამ უკანონოდ აშენებულ შენობებს შორის ერთი კაფე, რომელიც დაანგრიეს? – ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში, სადაც დღეს, 28 დეკემბერს, გაავრცელეს ინფორმაცია გონიოში, სახელმწიფო მიწაზე აშენებული ერთი კაფეს დემონტაჟის შესახებ.
„მუნიციპალური ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე ყოველთვის ახდენს რეაგირებას მსგავს სიტუაციებზე,“ – ამბობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში არჩილ კონცელიძე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. უწყებამ ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემას ამჯობინა, თავად ჩაეწერა ვიდეო და გაევრცელებინა.
ვიდეოში არჩილ კონცელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კაფე, რომელიც დაანგრიეს აღსრულების პოლიციის ჩართულობით, სახელმწიფო მიწაზე იყო აშენებული.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის ინფორმაციით, გონიოში, სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით საქმისწარმოება 2019 წლიდან მიმდინარეობს და არაერთხელ დააჯარიმეს. უნებართვოდ აგებული შენობა შაბათს ანუ 25 დეკემბერს დაანგრიეს.
რატომ არის სამართლიანი ერთი კაფეს დანგრევა, როცა ბათუმში, შუა ქალაქში, მაგალითად, 9 კორპუსი ამ დრომდე უკანონოდ შენდება, ან როცა წინა მერის – ლაშა კომახიძის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასევე სახელმწიფო მიწაზე ეკლესია უკანონოდ აშენდა? რატომ რეაგირებს მერია შერჩევით, როცა რამდენიმე მისამართზე უკანონოდ დაწყებული მშენებლობა დასრულდა და არა თუ ამ შენობების დემონტაჟი არ მომხდარა, არამედ წარმატებითაც გაიყიდა? – მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, არჩილ კონცელიძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ხულოში მდებარე ხიმშიაშვილების საგვარეულო შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
შენობაში ამჟამად ხულოს რესურსცენტრია განთავსებული. ნაგებობის შესახებ იციან მერიაშიც, თუმცა შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე აქამდე არავის უზრუნია.
„ყველა ხულოელმა იცის, მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა ხიმშიაშვილების საგვარეულო სახლია.
ბევრჯერ ყოფილა ეს საკითხი განხილვაში. მე არ მიმიმართავს ამ თემაზე [ძეგლთა დაცვის ორგანოებისთვის], იმიტომ, რომ აქ არის ძალიან ბევრი უწყება განლაგებული,“ – ამბობს ხულოს მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ბადრი მელაძე.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი არ უშლის ხელს შენობაში სხვადასხვა უწყების მუშაობას. მაგალითად, ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული, ასევე – ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია და ა.შ.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობაში, ცხადია, შესაძლებელია ნებისმიერი საქმიანობის წარმოება, თუ არ ხდება რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება“, – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი რესურსცენტრის შენობა მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ააშენა ახმედ ბეგმა. იგი ცნობილი ისტორიული პირის, სელიმ ხიმშიაშვილის ვაჟი იყო.
აჭარის რეგიონული ჰაბი, ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლის პლატფორმაა. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.
ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ფანდრაიზერის სერვისის შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, ღია კარის საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, იდეების საპროექტო წინადადებად ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა.
სამიზნე ჯგუფები არიან: ახალგაზრდები, დამწყები ორგანიზაციები, სათემო და საინიციატივო ჯგუფები.
საჭიროების იდენტიფიცირების შედეგად, სერვისით სარგებლობას ყოველთვიურად შეძლებს ყველა დაინტერესებული პირი, მოთხოვნის საფუძველზე.
აჭარის რეგიონული ჰაბის მონაწილეთა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფანდრაიზერთან.
ზოგადად, ფანდრაიზინგი გულისხმობს ფინანსური რესურსების მოძიებას სხვადასხვა სახის ორგანიზაციისთვის. ფართო გაგებით ფანდრაიზინგი ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელიც კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდით ფინანსური რესურსების მოძიების მიზანმიმართულ აქტივობებს მოიცავს.
მაია ბოლქვაძე აჭარის რეგიონული ჰაბის ფანდრაიზერია. როგორც ის ამბობს, თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნეს-კომპანიების მატების კვალდაკვალ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფინანსური რესურსების მოძიება-მოზიდვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ფინანსების მოძიებაზე ორიენტირებული მთელი სისტემის შემუშავება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფანდრაიზერის როლი ახალბედა კომპანიებისთვის.
მაია ბოლქვაძე, ფანდრაიზერი:
„ფანდრაიზინგი არ გულისხმობს მხოლოდ ვიწრო კომუნიკაციას ფინანსების მოზიდვის კუთხით, ეს არის ფინანსური რესურსის მიღების ყველა თანმდევ პროცესში ჩართულობა – დონორებთან და დამფინანსებლებთან კომუნიკაცია.
ჩვენი ორგანიზაცია მხარს დაუჭერს დამწყებ ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლონ იდეების საპროექტო წინადადებებად ჩამოყალიბება გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე. ამ მიზნით მოეწყობა შეხვედრები ორგანიზაციებთან, რომლებსაც უკვე აქვთ გენერირებული იდეები და ვიმუშავებთ მოვარგოთ ეს იდეები სხვადასხვა ფონდის მიერ გამოცხადებული პროექტების მოთხოვნებს”, – ამბობს აჭარის რეგიონული ჰაბის ფანდრაიზერი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „გადასხვაფერდი” სულ რაღაც ერთი წლის წინ დაარსდა.
მისი მიზანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს არაფორმალური განათლება, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და 14-დან 29 წლის ახალგაზრდების ხელშეწყობა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. ახალდაარსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბექა დიასამიძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გართულდა დაფინანსების მოძიება მათთვის.
„მცირედი გრანტების მოპოვებაც კი ძალიან გართულდა, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ელემენტარული არსებობის და ფუნქციონირებისთვის. Ჩვენც გვქონდა ეს კრიზისი და ფანდრაიზინგი ძალიან დაგვეხმარა მეტი ინფორმაცია მიგვეღო საგრანტო კონკურსებისა და დონორების შესახებ”, – ამბობს ბექა დიასამიძე.
„ახალგაზრდების განვითარების ქსელი” ასევე ახალდაარსებული ორგანიზაციაა, რომელსაც მარიკა ფუტკარაძე ხელმძღვანელობს. მარიკა ამბობს, რომ მათთვის აჭარის რეგიონული ჰაბის ფანდრაიზინგის საშუალებით სამომავლოდ ბევრად გამარტივდება დონორებთან მუშაობა და გრანტების მოძიება.
ორგანიზაცია „ნაომარიც“ ახლახან შეიქმნა. მათ სურთ იმუშაონ სოფლის განვითარების პროექტებზე, რისი საშუალებითაც ახალგაზრდები ადგილზე თვითრეალიზაციას შეძლებენ.
აჭარის რეგიონული ჰაბის მონაწილეთა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფანდრაიზერთან.
ორგანიზაციის დამფუძნებელი როინ ირემაძე ამბობს, რომ საერთაშორისო დონორების სხვადასხვა საგრანტო კონკურსის პირობის გასაცნობად ინგლისური ენის კარგად ფლობაა საჭირო, მისთვის კი დიდ საშუალებად იქცა ჰაბის ფარგლებში ქართულად თარგმნილი და მოწოდებული ინფორმაცია კონკურსების შესახებ.
აჭარის რეგიონული ჰაბი ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.
ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.
ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.
„აჭარის რეგიონული ჰაბი“ შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა – მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
„აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა… იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას“, – აღნიშნულია 14 მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში. ისინი პარლამენტს სთხოვენ არ მიიღოს ცვლილებები კანონში, რომლის მიზანიც მოსამართლეების დასჯაა.
ცვლილებები შესაძლოა შევიდეს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და ის მოსამართლეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხს ეხება.
„წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება,“ – მიიჩნევენ მოსამართლეები, რომლებმაც ღია წერილით საქართველოს პარლამენტს მიმართეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს ცვლილებები არის „იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე.“
„27 დეკემბერს მოსამართლეებმა მედიასაშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.
აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და ა. შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“, ან პოლიტიკურად „არანეიტრალურად“ მოეჩვენა. აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში.
დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას. მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მარტოოდენ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე ზემოქმედების დაუშვებლობას არ გულისხმობს. სამოსამართლო თვითმმართველობა, სამოსამართლო აქტივიზმი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაც სამოსამართლო საქმის ნაწილია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე.
საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად,“ – ნათქვამია მოსამართლეთა ღია წერილში.
როგორია სხვა მოსამართლეების პოზიცია საკანონდებლო ცვლილებაზე – „ბათუმელები“ ღია წერილის ხელმომწერ ერთ-ერთ მოსამართლეს, ლევან დარბაიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ზემოთ ჩამოთვლილი მოსამართლეები აწერენ ხელს წერილს, თუმცა არაა გამორიცხული, სხვა მოსამართლეებმაც მოაწერონ ხელი.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ დამატებით კომენტარზე უარი გვითხრა.
„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურების ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს როგორც თბილისში, ისე რეგიონში და ახალ წელს უკვე 10 Self-service ავტოგასამართი სადგურით შეხვდება.
კომპანიის თვითმომსახურების სადგურები უკვე მთელი საქარველოს მასშტაბით შეძლებს ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც მსოფლიოში, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების ყოველდღიური სტილია, „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებიდან ხუთი სადგური უკვე თბილისში მდებარეობს, ორი ბათუმშია, ხოლო დანარჩენი დღეიდან ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდშია ხელმისაწვდომი. „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურების უმრავლესობა „სმარტის“ სუპერმარკეტებთან ერთადაა წარმოდგენილი.
„ვისოლმა“ პირველი თვითმომსახურების სადგური თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან გასულ წელს გახსნა და ცნობილი თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მოხატული სადგური ახლა უკვე „სმარტთან“, Drive-Thru ფორმატის „ვენდისთან“ და „დანკინთან“ ერთად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სივრცეა თბილისში, რადგან ყველაზე ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტები, „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის არჩევანი თუ ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული იტალიურ „ტრუჩილოს“ ყავასთან ერთად და ამერიკული რესტორნების გემრიელი შეთავაზებები, ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
„ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების ფორმატის სადგურების განვითარების შესაძლებლობა ქვეყანაში პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ზემოაღნიშნული ფორმატის განვითარება ემსახურება თანდათანობით ახალი სამომხმარებლო ქცევის დანერგვას საქართველოში. თვითმომსახურების სადგურებზე ქსელთან შედარებით 15 თეთრით იაფია საწვავი. „უნიქარდის“ გამოყენებისას კი შესაძლებელია დამატებით 10 თეთრი ფასდაკლების მიღება ყოველდღიურად, ხოლო 15 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობა უქმე დღეებზე, რაც მომხმარებელს ჯამურად 25-30 თეთრიან შეღავათს აძლევს თითოეულ ლიტრ საწვავზე. დამატებითი მომსახურებების შეთავაზებით კი ვცდილობთ „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებზე სტუმრობა კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გავხადოთ“,- აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. „ვისოლს“ ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურის ქსელი ბათუმში :
აეროპორტის გზატკეცილი 92
აბუსერიძის 22ა ლუდის ქარხნის მიმდებარედ, ახალ სტადიონთან
დღეს, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით ომიკრონით ინფიცირების 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
მისივე თქმით, 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, მიმდინარეობს თითქმის ყველას კონტაქტების მოკვლევა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ადამიანების უმრავლესობა აცრილია, ექვს მათგანს ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი – ანუ რეინფექციაა, მათგან ხუთი იყო 18 წლამდე ასაკის მოზარდი და ბავშვი.
ომიკრონით ინფიცირებულთაგან სტაციონარში იმყოფება სამი ადამიანი, “არა იმისთვის, რომ მათ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, არის სხვა ფაქტორები, გამოკვლევები, რადგან სხვა თანმხლები დაავადებები აქვთ,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
„ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში ომიკრონი გარკვეულად ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა გახდეს დომინანტი დელტასთან მიმართებაში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში შეინიშნება კოვიდის ახალი შემთხვევების ნელი ტემპით კლების პოზიტიური დინამიკა.
„ასევე, უმჯობესდება ყველა ის ინდიკატორი, რაც დაკავშირებულია ეპიდსიტუაციასთან, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, კუმულაციური ინციდენტობა, ბოლო 7 და ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა უკვე 6-ს და არის დაახლოებით 5%-ის ფარგლებში.
ერთადერთი, რაც სამწუხაროდ ისევ ზემოთ წავიდა, არის ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც 17 გვაქვს მილიონ მოსახლეზე, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„მგზავრობის ტარიფის გაზრდა ახალი წლიდან გარდაუვალია, სხვანაირად არ გამოვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ჯორჯია ტრანსის“ ხელმძღვანელი ნუგზარ ფარტენაძე. ამ კომპანიაში 500-მდე მიკროავტობუსის მძღოლი მუშაობს. 500-ვეს გამოკრული აქვს განცხადება იმის შესახებ, რომ „პირველი იანვრიდან მგზავრობის ტარიფი 70 თეთრი იქნება“.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ტარიფს საკრებულო განსაზღვრავს, მაგრამ ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულო ვერ იკრიბება. ამ ვითარების მიუხედავად, მძღოლებს იმედი აქვთ, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდას თვითნებურად, საკრებულოს გვერდის ავლით და მერიის ირიბი ხელშეწყობით შეძლებენ.
„თვეების წინ მივიღეთ მერიისგან დაპირება, რომ მგზავრობის ტარიფი გადაიხედებოდა არჩევნების შემდეგ, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა. ახლა მძღოლებმა თვითნებურად გამოაკრეს ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვეუბნებით, ვითარება რთულია,“ – ამბობს ნუგზარ ფარტენაძე.
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა და საპროტესტო აქცია ბოლო წლებში არაერთხელ გამართეს, თუმცა ბათუმის მუნიციპალიტეტს მგზავრობის ტარიფის – 50 თეთრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
„მძღოლები ცუდ დღეში არიან, აქციებით იმუქრებიან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიკროავტობუსების კიდევ ერთი მსხვილი კომპანიის, „აჭარტრანსრეგულირების“ ხელმძღვანელი მალხაზ თურმანიძე. მისი კომპანია 215 მძღოლს აერთიანებს. კომპანიის დირექტორს ვკითხეთ, რამდენი მძღოლი დაჯარიმდა მუნიციპალური ინსპექციისგან იმის გამო, რომ მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გაზარდა.
„როგორც ვიცი, სამი თუ ოთხი მძღოლი დააჯარიმეს 100-100 ლარით. კომპანიას ვერ დაგვაჯარიმებენ, რადგან იმ განცხადებაზე ჩვენი ბეჭედი არ არის, ეს არ არის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება,“ – გვიპასუხა მალხაზ თურმანიძემ.
„როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუჯარიმებიათ ჩვენთან“ – იმავე კითხვას ასე უპასუხა ნუგზარ ფარტენაძემ, ვის კომპანიაშიც 500-მდე მძღოლი მუშაობს.
რამდენი მძღოლი და რამდენი კომპანია დაჯარიმდა ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის? – კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის სამართლებრივი რეაგირებაც ამ მოცემულობაში ერთადერთი ბერკეტია იმისთვის, რომ მგზავრობის ტარიფი ბათუმში თვითნებურად არ გაიზარდოს.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ზოგადად, აჯარიმებენ მძღოლებს და კომპანიებსაც.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს მუნიციპალური ინსპექცია მგზავრობის თვითნებურად გაზრდის გამო ინტენსიურად დააჯარიმებს?
„თუ დააჯარიმებენ, გაჩერდებიან და აღარ გამოვლენ საერთოდ სამუშაოდ, სხვა რა იქნება? ისედაც, მძღოლების დაახლოებით 40 %-მა მუშაობა შეაჩერა. დღეში 20 – 25 ლარი გამოსდიოდათ და ეს ტრანსპორტის მომსახურებას არ ჰყოფნიდა, საბურავს და აკუმულატორს ვერ ყიდულობენ.
აქციების დროს ჩვენი მოთხოვნა იყო, მგზავრობა გაზრდილიყო 80 თეთრამდე და დაეთვალათ, კალკულაცია გაეკეთებინათ შესაბამის სამსახურებს, რეალურად რა მოგება რჩებათ მძღოლებს. რადგან ეს არავინ გააკეთა, მძღოლებმა მგზავრობის 70 თეთრამდე გაძვირების გადაწყვეტილება მიიღეს,“ – გვითხრა ნუგზარ ფარტენაძემ, კომპანია „ჯორჯია ტრანსის“ ხელმძღვანელმა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – „MODGOVGE INFO“.
იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა.
ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს – გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა“ – წერს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 28 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აცრებთან დაკავშირებული ე.წ. წახალისების პროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას გულისხმობს, იანვარშიც გაგრძელდება და დაიწევს ასაკობრივი ზღვარი.
„იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200-ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაშ, 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ წახალისებას,“ – განმარტა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე განმარტებით, პროგრამის ხანგრძლივობა ჯერჯერობით გათვლილია მხოლოდ იანვრის თვეზე.
ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის ინფორმაციით, შეთანხმება ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის გუშინ ღამით შედგა.
„მედიატორს დაუკავშირდნენ და ის დაგვეხმარა. შეთანხმება შედგა ნაწილობრივ, დეტალები დასაზუსტებელია, მაგრამ გაფიცულები უკვე დაუბრუნდნენ სამსახურს… ძირითადად ეს ეხება ღამის ცვლის მოწესრიგებას, რაც პრობლემების 80 %-ს მოაგვარებს. ასევე გაიზრდება დასაქმებულთა ხელფასი 15%-ით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი, ამირან მიქელაძე.
ის არ გამორიცხავს, რომ შრომითი პირობების მოთხოვნის ნაწილზე, როგორიცაა შვებულებით ან ბიულეტენით სრულად სარგებლობა, ტერინალის თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართონ.
ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის 80 თანამშრომელი გუშინ, 27 დეკემბერს, გაიფიცა. ისინი ითხოვდნენ შრომითი უფლებების დაცვას: ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას. გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე იყო ხელფასების გაზრდა.
28 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 63 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარაში – 213, იმერეთში – 439, ქვემო ქართლში – 110, შიდა ქართლში – 171, გურიაში – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 227, კახეთში -148, მცხეთა-მთიანეთში -75, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -43.
27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.74% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.02%.
აღადგენენ თუ არა ახალ ბულვართან პირსს, რომელიც ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია, დარჩენილი ნაწილი კი დაზიანებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ფარგლებში იქნება მიღებული.
„შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
პირსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ის შტორმის შედეგად, 2021 წლის 22 დეკემბერს ნაწილობრივ დაინგრა.
ბულვარის ტერიტორიაზე დღემდე შენარჩუნებული იყო ოთხი პირსი, საიდანაც ერთი უკვე ზღვამ ნაწილობრივ დაანგრია.
ბულვარის გრგ-ს [რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის] განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ პირსების დანიშნულება სარეკრეაციო ხასიათისაა.
ამასთან, დაგეგმილია კიდევ ორი პირსის მოწყობა – სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარედ და ახალი ბულვარის მონაკვეთში.
პირსი / 25 დეკემბერი, 2021შტორმი ბათუმში / ფოტო გადაღებულია პირსიდან, რომელიც მოგვიანებით შტორმმა ნაწილობრივ დაანგრია / 1 დეკემბერი, 2021 წელი / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმის შედეგი / ბათუმი, ახალი ბულვარი / 25 დეკემბერი, 2021 წელიმეთევზეები პირსზე / 2021 წლის ნოემბერი / დეკემბერში შტორმმა პირსის ნაწილი დაანგრიაპირსი / 25 დეკემბერი, 2021
ბათუმის ბულვარში ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა მხოლოდ ჭოროხის შესართავამდეა შესაძლებელი, იმის მიუხედავად, რომ ბათუმში დაახლოებით 14-კილომეტრიანი პრომინადი და ველობილიკი გვაქვს – ეშმაკის ბორბლიდან კვარიათამდე. ეს ბილიკი მდინარის შესართავთან წყდება, ვინაიდან მდინარეზე ხიდის არარსებობის გამო ველობილიკი მოწყობილი არაა.
ჭოროხის შესართავთან საავტომობილო გზაც წყდება, მანამდე რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სრულდება პრომინადი და ველობილიკიც, თუმცა ველომოყვარულები აქამდეც არ მოდიან. ისინი ძირითადად აეროპორტთან ბრუნდებიან ქალაქისკენ, რადგან ველობილიკის გავლა ჭოროხამდე რთულია – გზაზე წყლის გუბეებია და მძიმე სუნი, რომელიც პერიოდულად აღწევს ბათუმის ნაგავსაყრელიდან.
ველობილიკი ჭოროხის დელტასთან მისვლამდე/ ბათუმის ბულვარში ველობილიკი ეშმაკის ბორბლის მიმდებარედ იწყება. აქედან ჭოროხის შესართავამდე 8 კილომეტრია. გონიო-კვარიათის ბილიკის სიგრძე კი – 3 კილომეტრი. ამ ბილიკებს ერთმანეთისგან ჭოროხის დელტა ჰყოფს.
ბულვარისა და გონიო-კვარიათის პრომინადებს შორის მანძილი მდინარის შესართავთან და ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ, დაახლოებით 2.5 კილომეტრია.
მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია ამ მონაკვეთში რა ფორმით უნდა განვითარდეს ქალაქი – აშენდეს კაზინოები თუ სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. გაურკვეველია აეროპორტის ბედი და ნაგავსაყრელის კონსერვაციის ზუსტი პერიოდიც.
საუბარია იმაზე, რომ ჭოროხის დელტა მდებარეობს გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთ ძირითად მარშრუტზე და ეს ადგილი შედის ბერნის კონვენციის განხორციელების ძირითად მექანიზმად აღიარებულ ზურმუხტის სარტყელში.
კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, სად და რა ფორმით უნდა გაკეთდეს ავტომანქანებისთვის ხიდი ჭოროხზე.
შესაძლებელია თუ არა საავტომობილო ხიდამდე მოწყობილიყო პრომინადი და ველობილიკი, რაც გადამფრენ ფრინველებს და „ზურმუხტოვან სარტყელს“ ხელს არ შეუშლიდა? – „ეს ერთიანი პროექტის ნაწილია,“ – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
სამინისტროში დღეს, 27 დეკემბერს, ვიკითხეთ: რა ეტაპზეა ჭოროხის დელტაზე ხიდის მოწყობის იდეა და რატომ ვერ აწყობენ საავტომობილო ხიდის მოწყობამდე პრომინადს და ველობილიკს?
„აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტის მომზადებაზე და ზოგადად, პროექტის დაფინანსებაზე მზაობა გამოთქვა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბულვარის გაგრძელების ტექნიკური დოკუმენტის მომზადების შემდეგ, უკვე დაიწყება პროცედურები კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაზე,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრიდან.
აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვები: რატომ არ დაიწყო კვლევა ამ დრომდე, თუკი შეთანხმება დაახლოებით ერთი წლის წინ შედგა? რამდენი ლარი ჯდება კვლევა? როდის დაიწყება კვლევითი სამუშაოები და რა დრო დასჭირდება ამას?
ველომოყვარულები ძირითადად აეროპორტთან ბრუნდებიან უკან, ქალაქისკენ
სტუდია „ხელოვნების სახლმა“ 26 დეკემბერს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ექიმ დავით მურვანიძის დასახმარებლად.
„ხელოვნების სახლის“ საქველმოქმედო გამოფენაზე 4-დან 16 წლამდე ბავშვების ნამუშევრები იყო გამოფენილი.
„დავით მურვანიძის შესახებ ფეისბუქზე გავიგეთ, იგი ავად არის და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა გადავწყვიტეთ.
შესაწირი ყუთი გვქონდა, სადაც ადამიანები იმდენ თანხას აგდებდნენ, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. გამოფენილი ნამუშევრებისთვის არ გვქონდა კონკრეტული ღირებულება მინიჭებული.
ბავშვებს გააზრებული ჰქონდათ, რომ მათი ნამუშევრები ქველმოქმედებისთვის იყიდებოდა. გამოფენაზე გამოტანილი იყო ვიტრაჟული ნამუშევრები, ტილოზე შესრულებული ნახატები, დეკუპაჟი და სხვა ნივთები თავისი ჩარჩოებით“, – ამბობს ჯული ნემსაძე, „ხელოვნების სახლის“ თანამესაკუთრე.
გამოფენას უსასყიდლოდ უმასპინძლა ხელოვნების უნივერსიტეტმა.
___________________________
დავით მურვანიძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
TBC
#GE43TB7257745063600009 მიმღები: დავით მურვანიძე
VTB #GE94VT5500000097873601 მიმღები: თამარ მურვანიძე (შვილი)
თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თან ახლავთ ნათესავი კაცი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თალიბანის ეს დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შეიმუშავა. დირექტივა კვირას შევიდა ძალაში და ქალებს, რომლებიც 72 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მიემგზავრებიან, უკრძალავს გადაადგილებას თანმხლები, ოჯახის წევრი კაცის გარეშე.
ასევე, თალიბანი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, უარი თქვან იმ ქალების გადაყვანაზე, რომლებიც არ ატარებენ თავსაბურავს ან სახის დამცავს. აკრძალულია მუსიკის ჩართვა ავტომანქანებში.
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გავიდნენ ავღანეთიდან და ქვეყნის მართვა თალიბებმა გადაიბარეს, საშუალო სკოლები ღიაა მხოლოდ ბიჭებისთვის და მამრობითი სქესის მასწავლებლებისთვის, ქალების უმეტესობას ეკრძალება მუშაობა.
გასულ თვეში თალიბანმა აუკრძალა ქალებს სატელევიზიო დრამებში მონაწილეობა, ჟურნალისტებსა და წამყვანებს კი – კამერასთან თავსაბურავის გარეშე გამოჩენა.
თალიბების თქმით, შეზღუდვები დროებითია და მხოლოდ იმისთვისაა დაწესებული, რომ ყველა სამუშაო ადგილი და სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო ქალებისა და გოგონებისთვის, თუმცა 1990-იან წლებში, მათი მმართველობის დროს, ქალებს ჩამოერთვათ განათლებისა და დასაქმების უფლება.
დონორმა ქვეყნებმა თალიბანს განუცხადეს, რომ მათ პატივი უნდა სცენ ქალთა უფლებებს ფინანსური დახმარების აღდგენამდე.
ქვეყანა ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც გამწვავებულია საერთაშორისო მხარდაჭერის შეწყვეტით თალიბების ჯგუფის მმართველობის გამო.