Batumelebi | „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მოგზაურობა დიდაჭარასა და ღორჯომში „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მოგზაურობა დიდაჭარასა და ღორჯომში – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ მოგზაურობა დიდაჭარასა და ღორჯომში

„მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ რეპორტიორებთან, მოხალისეებთან და ბლოგერებთან ერთად  აჭარის მაღალმთიან სოფლებში ვიზიტები დაიწყო.  

პროექტის მხარდამჭერების დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 28 სოფელმა უკვე მიიღო ახალი წიგნები, განახლდა 17 სასოფლო და 11 სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდი. 

პირველი ვიზიტი 23 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში შედგა. როგორც აღმოჩნდა, აქაურ მკითხველებს უკვე დაუწყიათ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მიერ ჩატანილი ახალი წიგნების კითხვა: 

„ყუთების გახსნისთანავე, თაროებზე დალაგებამდე დაიტაცეს რამდენიმე წიგნი და უარი ვერც მე ვუთხარი… საბავშვო წიგნებმა განსაკუთრებით გაგვახარა, უნდა გენახათ, როგორი გახარებულები იყვნენ ბავშვები“, – გვითხრა ნარგული ბოლქვაძემ, დიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა. 

სოფლის ადმინისტრაციული შენობის წინ გაჩერებულმა „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მულტიფუნქციურმა „ბუქმობილმა“ შეხვედრის დაწყებამდე მიიქცია ბავშვების ყურადღება. ზოგიერთმა მათგანმა „ბუქმობილის“ თაროებზე ის წიგნებიც ამოიცნო, რომლებიც ცოტა ხნის წინ სოფლის ბიბლიოთეკამ საჩუქრად მიიღო. 

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ დიდაჭარაში

მკითხველებთან პირველი სადისკუსიო თემა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა წარადგინა. მან არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვაზე“ შეაჩერა. დისკუსია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და გამოცდილებები გავუზიარეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული უმრავლესობის წინაშე მარტო დარჩენა განსხვავებული აზრის გამო. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებისთვის მცირე ლიტერატურული ვიქტორინა მოეწყო და 6 წიგნი გათამაშდა. გათამაშების პროცესი დაჯილდოებაზე არანაკლებ სახალისო აღმოჩნდა – მონაწილეები კითხვარს მკაცრი წესებისა და ზედამხედველობის გარეშე ავსებდნენ, მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეკითხათ ან/და დაჯგუფებულიყვნენ. ერთადერთი, რაც ზუსტად იყო განსაზღვრული, დრო იყო. 

დისკუსია დიდაჭარაში

დისკუსია დიდაჭარაში

დღის ბოლოს ყველა შევთანხმდით, რომ „მოგზაური ბიბლიოთეკა“ და დიდაჭარელი ახალგაზრდები დამეგობრდნენ და სამომავლოდ ბევრ საინტერესო ამბავს უნდა ელოდოთ ამ მეგობრობისგან. 

ვიქტორინა დიდაჭარაში

ვიქტორინა დიდაჭარაში

დისკუსია დიდჭარაში

24 ნოემბერს ჩვენი მეგობრების წრეს ღორჯომის სასოფლო ბიბლიოთეკის მკითხველებიც შემოუერთდნენ. 

ამჯერად დამსწრეების ორი პარალელური შეხვედრა გვქონდა. დარბაზები  გაიყო ასაკობრივი ნიშნით –  16 წლის და უფროსი ასაკის  მკითხველები ქეთი დევდარიანთან ერთად გაბრიელ გარსია მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ განიხილავდნენ, ხოლო უფრო უმცროსი მკითხველები, მოხალისე ბლოგერთან, ევა ართმელაძესთან ერთად მსჯელობდნენ თავიანთ ინტერესებზე, საყვარელ წიგნებსა და გასართობზე.

„ბიძია თომას ქოხი“, „ტომ სოიერი“  – ყველაზე ხშირად ისმოდა დარბაზიდან. 

შეხვედრის ბოლოს 7 წიგნიც გათამაშდა და შევთანხმდით, რომ კიდევ შევხვდებით, რათა იმ წიგნებზე ვისაუბროთ, რომელთა წაკითხვაც უკვე შეუძლიათ სოფლის ბიბლიოთეკაში. 

„ამ წიგნებისთვის ახალი თარო უნდა დავდგათ“, – გვითხრა ღორჯომის სასოფლო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, რამაზ ირემაძემ და „მოგზაური ბიბლიოთეკისგან“ მიღებული წიგნები გვაჩვენა, რომელთა ნაწილიც იქვე მაგიდაზე, ნაწილი კი ყუთებში ელაგა.  

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ ღორჯომში

ამ დროს მეორე დარბაზში, სადაც ძირითადად სოფლის სკოლის უფროსკლასელები და მასწავლებლები იყვნენ შეკრებილნი, ლინჩის წესსა და საზოგადოებაში არსებულ რწმენა-წარმოდგენებზე საუბრობდნენ. 

„დღეს ცუდი ამინდია, ამიტომ დიასახლისებს მოსვლა გაუჭირდათ, შემდეგ შეხვედრაზე უფრო მრავალფეროვანი აუდიტორიით გიმასპინძლებთ,“ – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

ვიქტორინა ღორჯომში

დისკუსია ღორჯომში

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანიც აჭარის მაღალმთიან სოფლებში კითხვის პოპულარიზება და წიგნიერების ზრდის ხელშეწყობაა. 

ჩვენ გვჯერა, რომ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა მნიშვნელოვანი ფაქტორია და განათლების სფეროში უთანასწორობის დაძლევაში დაგვეხმარება. ამ იდეას იზიარებენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ჩართულები არიან დონაციის კამპანიაში და „ორბელიანი მეტის“ პლატფორმის დახმარებით ახალი წიგნებისთვის ფინანსური სახსრების მობილიზებას ცდილობენ. 

მალე ახალგაზრდა მკითხველები სხვადასხვა სოფლიდან თავად მოგიყვებიან ამბებს თავიანთი სოფლის ცხოვრების, გამოწვევების, მიღწევებისა და მიზნების შესახებ. 

შემოგვიერთდით და გვადევნეთ თვალი, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველის. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.