ვინ მიიღებს იანვრიდან თვეში 100 ლარს – ვეტერანები და სხვები

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, 2022 წლის იანვრიდან იზრდება ზოგიერთი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და ყოველთვიურად, 22 და 44 ლარის ნაცვლად, იქნება 100 ლარი.

მაგალითად, იზრდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე და მასთან გათანაბრებულ პირზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ პირებზე, თავდაცვის ძალების ვეტერანებზე და სხვებზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი სუბსიდია.

კონკრეტულად:

[checklist]

  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 44 ლარისა];
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 44 ლარისა];
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 44 ლარისა];
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა];
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა];
  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა];
  • საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა].

[/checklist]

ომის ვეტერანების პენსიის 22-დან 100 ლარამდე გაიზრდაზე პრემიერმა 2021 წლის 6 დეკემბერს განაცხადა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 31 დეკემბერს მიიღო და ის ძალაში 2022 წლის იანვრიდან შევიდა.

სად შეიძლება მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტების გადაცვლა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ].

ეროვნული ბანკის განცხადებით, „2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით“.

ძველი ბანკნოტები, რომლებიც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება / ფოტო: ეროვნული ბანკი

ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია  [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] შესაძლებელი.

ამ თემაზე:

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა 31 დეკემბერს იწურება

 

29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ. მომსახურების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 349 645 ლარია.

პანელების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობის მიხედვით, „ამ ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით], ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები“.

წინადადებების მიღება იწყება 2022 წლის 25 იანვარს და სამ დღეში, 28 იანვარს დასრულდება.

[toggle title=”სკოლების ჩამონათვალი ნახეთ აქ:“]

ქედის საჯარო სკოლები, სადაც მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ:

ინაშარიძეების
აქუცის
აგარის
კოლოტაურის
მეძიბნას
ოქტომბრის
ძეწმანის
ორცვის
უჩხითის
ახოს
ზედა ბზუბზუს
ქვედა მახუნცეთის
მახუნცეთის
პირველი მაისის
ვაიოს
კვაშტის
ზვარეს
ცხმორისის
კოკოტაურის
დანდალოს #1
დანდალოს
ხარაულას
ჯალაბაშვილების
გეგელიძეების
დოლოგანის
მერისის

[/toggle]

სამინისტროს ინფორმაციით:

  • ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მზის მიკრო ელექტროსადგურების მოწყობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია შპს „ვეგა+“-ის მიერ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტან 2021 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
  • კომპანიამ ჩაატარა სათანადო საკვლევაძიებო ტოპო-გეოდეზიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოები, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

„პროექტის მიზანია მზის ენერგიის გამოყენება საჯარო სკოლებში, ასევე განახლებადი ენერგიების გამოყენების პროპაგანდა და ხელშეწყობა“, – აცხადებს სამინისტრო.

დოკუმენტების მიხედვით: „მზის მიკროელექტროსადგური წარმოდგენილია ცალკე მდგომი, მონოლითური რკინაბეტონის საძირკველზე დაანკერებულ ფოლადის მილზე დამონტაჟებული მზის მოდულით. მოდულის დახრა 34⁰, მიმართულება სამხრეთი. ტერიტორია შემოღობილია, მოწყობილია დამიწების კონტური. გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის უზრუნველყოფის პირობები“.

შესრულებულ სამუშაოებზე გარანტიის მოქმედების ვადად 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

ბსუ-ს პროფესორი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა. ელგუჯა მაკარაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.

ელგუჯა მაკარაძე ბსუ-ში 1991 წლიდან საქმიანობდა. 2005-2012 წლებში კი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

ელგუჯა მაკარაძე გუშინ, 6 იანვარს გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო.

ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში დაამატა

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში დაამატა. საუბარია 2021 წელს მსოფლიოში მოკლული 55 ჟურნალისტის სიაზე.

ამავე სიაში ნათქვამია, რომ ლაშქარავას სიაში შეყვანა ახალი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. აქვე, წერია, რომ ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი საქართველოს მხრიდან.

„მოვუწოდებ [საქართველოს] ხელისუფლებას, რათა მათ უზრუნველყონ, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოძიბეა იყოს სრულფასოვანი და გამჭვირვალე,“ – ამბობდა  2021 წლის 13 ივლისს UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი . 

საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა UNESCO-ს სია

ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.

მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

TV პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერაც უცნობია – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა. დღემდე არ დასრულებულა არც გამოძიება. 

ამ ფონზე სახელმწიფოს მხრიდან მისი სიკვდილის „შესაძლო“ მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირების დასახელება კი, შესაძლოა, მის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად – სახეზე იყოს „რეპუტაციული მკვლელობა“, რაც ცნობილი მეთოდია პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნების მისაღწევად. მეტი:

საქართველოში ომიკრონის 600 შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 6 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 600 შემთხვევა.

7 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 4 234 ახალი შემთხვევა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 536 824 აცრა:

  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 294 533 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 45.1%
  • სრულად ვაქცინირებულია 1 161 155 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 40.4%
  • ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 79 671 ადამიანს

ომიკრონის პირველი შემთხვევა საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა. კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ შემთხვევას არ უტარდება, შესაბამისად, სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად ომიკრონის შემთხვევები ქვეყანაში გაცილებით მეტია.

ამავე თემაზე:

აჭარაში ომიკრონის 15 დადასტურებული შემთხვევაა

კოვიდის 495 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 3 პაციენტი

გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 495 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 7 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 190 ადამიანი მკურნალობს. აქედან 529 საავადმყოფოში, 288 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 1 373 მკურნალობს ბინაზე.

—-

7 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 4 234 ახალი შემთხვევა:

46 გარდაცვლილი და 4 234 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე
5-10დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო ორ დღეს, 9 და 10 იანვარს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

46 გარდაცვლილი და 4 234 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

7 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 4 234 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა – 495, იმერეთი – 457, ქვემო ქართლი – 164, შიდა ქართლი – 199, გურია – 147, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 716 საიდანაც: 1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 – თბილისში, 228 – აჭარაში.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 006 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  953 410-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 ადამიანი.

 

შობის დღესასწაული ბათუმის საკათედრო ტაძარში

7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა მიმდინარეობს.

მიტროპოლიტი დიმიტრი / ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი / 7.01.2022 /ფოტო: ევა ართმელაძე

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი / 7.01.2022 / ფოტო: ევა ართმელაძე
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი / 7.01.2022 / ფოტო: ევა ართმელაძე

ტრადიციისამებრ, 7 იანვარს, ბათუმის ქუჩებში მრევლის მსვლელობა – ალილო იმართება.

„ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილენ ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ,“ – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.


ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, შობას იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.

 

დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ფოტოამბავი

წელს აჭარის მთებში, განსაკუთრებით კი ხულოს სოფლებში დიდი თოვლი მოვიდა. სოფლები უკვე რამდენიმე დღეა პრაქტიკულად მოწყვეტილია გარესამყაროს – ტრანსპორტით გადაადგილება ჭირს.

ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება.

დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ავთო შერვაშიძის ფოტორეპორტაჟი

 

დათოვლილი სოფელი. ზამთარში განსაკუთრებით ლამაზი სანახავია ხის
სარკმლებიდან გამოსული ყვითელი შუქი როგორ ეცემა თოვლს.
ხულო, სოფელი დიდაჭარა. ფოტო: ავთო შერვაშიძე

 

 

ფოტო: ავთო შერვაშიძე

 

ფოტო: ავთო შერვაშიძე

 

ფოტო: ავთო შერვაშიძე

 

ფოტო: ავთო შერვაშიძე

ღამის კლუბები 7-9 იანვარს იმუშავებენ – მთავრობის დადგენილება

2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მიეცა.

მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე არ იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • „აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება, ხოლო სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათის ღონისძიება უნდა ჩატარდეს იმ სტუმართა/ვიზიტორთა დასწრებით, რომელთაც აქვთ „მწვანე“ სტატუსი“.
  • „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.“

ახალი დადგენილებით:

„დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით.“.

აქამდე, ღამის კლუბების მუშაობა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე იყო დაშვებული.

მესტიაში დენის მოხმარება არც ხატზე დაფიცების შემდეგ შემცირდა – რას ამბობენ ენერგოპროში

მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა 30 დეკემბერს ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება, დეკემბრის თვესთან შედარებით, იანვარში არ შემცირებულა.

„450 ათასი კილოვატი იყო მოხმარება საშუალოდ დღე-ღამეში 30 დეკემბრამდე და ანალოგიური მაჩვენებელია მიმდინარე წლის იანვარშიც. ვიდრე მაინერების პრობლემა დადგებოდა, მესტია მოიხმარდა დაახლოებით 200-230 ათას კილოვატს დღე-ღამეში, ესეც კი მაშინ დიდი მოხმარება იყო და პრობლემატური. გაზრდილ მოხმარებას მწყობრიდან გამოჰყავს გადამცემი ქსელი“, – გვითხრეს ენერგოკომპანიაში.

ადგილობრივების თქმით, იძულებულები გახდნენ ამ „უკიდურესი ზომისთვის“ [ხატზე დაფიცებისთვის] მიემართათ, რადგან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდათ. ამის გამო არ ჰქონდათ გათბობა, ტურისტები კი ჯავშნებს აუქმებენ.

ენერგოკომპანიამ მესტიისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 28 დეკემბერს აღადგინა, თუმცა მოხმარება თუ არ შემცირდება, სამომავლოდ მუნიციპალიტეტის სტაბილურ ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, ,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება. შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება“.

კომპანიის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში გაიზარდა. მაგალითად, 2012 წელს, მთლიანი მოხმარება იყო 37,2 მილიონი კვტ.სთ, ხოლო 2021 წელს 101,5 მილიონი კვტსთ-ია:

ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში [მლნ.კვტ.სთ] / წყარო: „ენერგო-პრო ჯორჯია“
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“.

ამ პროცესის გაგრძელებას მხარი დაუჭირა სემეკის თავმჯდომარემაც.

„უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაყადაღდეს კიდეც. ასეთი რამდენიმე ღონისძიება გაკეთდა თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და მგონია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

  • რას ნიშნავს „უკანონო მაინერები“, როდესაც საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება აკრძალული არ არის? 

სემეკში ამას ასე განმარტავენ: „ტერმინი უკანონო მაინინგი ხშირად გამოიყენება და ეს, ძირითადად, გულისხმობს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებას. ამ შემთხვევაში უკანონო მაინინგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მესტიაში ელექტროენერგიას მოიხმარენ აღრიცხვის, მრიცხველის გარეშე, ანუ უკანონოდ. ეს კი, საბოლოოდ აისახება მესტიის ენერგომომარაგებაზე“.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში კომპანია ოპერირებას ვერ ახერხებს, რაც უმთავრესი პრობლემაა: „ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული“.

კომპანიამ მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავალზე – გამრიცხველიანებასა და დენის საფასურის გადახდაზეც მიანიშნა:

„მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ
ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა „ენერგო-პრო“.

45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების, თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა, ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული, თუ გეგმური გათიშვების არსებობის შესახებ; აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე“, – აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.

სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ მიერ „ენერგო-პროსთვის“ დადგენილი დენის ტარიფი თანაბრად მოქმედებს მისი ყველა რაიონისთვის, სადაც ოპერირებს კომპანია და ის, რომ მესტიაში დენი უფასოა, თავად კომპანიის კეთილი ნება იყოო.

„არ ახდევინებდა გადასახადს და ეს არის კომპანიის გადაწყვეტილება, თორემ ჩვენი მხრიდან ტარიფი დადგენილია. აუცილებლად უნდა მოხდეს მრიცხველების დამონტაჟება და არ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება, რაც აზიანებს გადამცემ ხაზებს და კომპანიასაც ინვესტიციის სურვილს უკარგავს. სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ასევე აღნიშნა, რომ უკვე ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად“, – გვითხრეს სემეკში.

როგორ უნდა მოგვარდეს მესტიის დენის პრობლემა, ამის გარკვევას „ნეტგაზეთი“ შეეცადა. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

 

ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში [მლნ.კვტ.სთ] / წყარო: „ენერგო-პრო ჯორჯია“

2021 წელს საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში. ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად კი, აფხაზეთშიც მაინინგს ასახელებენ.

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც რუსეთი მთავარ იმპორტიორად იქცა:

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

ძველ ბათუმში 245 კვ.მ ფართობს მერია 1,2 მილიონ ლარად უპირობო აუქციონზე ყიდის

ძველ ბათუმში, ოთარ ჭილაძის [ყოფილი ელიავას] ქუჩაზე მდებარე სახლში, 245 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს მერია აუქციონზე უპირობოდ ყიდის.

ელექტრონული აუქციონი გასულ წელსაც იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქონების [არასაცხოვრებელი ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის] საწყისი გასაყიდი ფასი უცვლელია – 1 217 176 ლარი, ბიჯი – 35 000 ლარი.

აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის 26 იანვარს დასრულდება.

ადგილი ძველ ბათუმში, ჭილაძის ქუჩაზე, სადაც მერია არასაცხოვრებელ ფართობს უპირობო აუქციონზე ყიდის

პირობის მიხედვით, „აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,  ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში“.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

სახლი ძველ ბათუმში, რომლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის მერია  

რამდენად სწორია 1-კრედიტქულიანებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება – ინტერვიუ პედაგოგთან

როლანდ შავაძე ინგლისურ ენას ასწავლის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში. მას ვთხოვეთ 2021 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დოკუმენტში შეტანილ ცვლილების შეფასება, რომლის თანახმად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, როგორც ერთკრედიტქულიანი, ისე ათკრედიტქულიანი მასწავლებლები. როლანდ შავაძე ასწავლის პროგრამის ფარგლებში – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“.

  • ბატონო როლანდ, აქამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეძლეს ადამიანებმა, რომლებმაც ბევრი იმუშავეს, რათა დაეგროვებინათ 10 კრედიტქულა. ახლა მათ გაუთანაბრდნენ ის პედაგოგები, რომლებსაც მხოლოდ 1 კრედიტქულა აქვთ. ეს ხომ არ გამოიწვევს პედაგოგების უკმაყოფილებას, რომელთაც დიდი შრომა ჩადეს კომპეტენციის ამაღლებაში? 

ეს სქემა ჩანასახშივე იმიტომ იყო პრობლემური, რომ რაღაც სახის დისკრიმინაციას იწვევდა მასწავლებლებში და დღემდე ასე გრძელდება. ერთკრედიტქულიანი მასწავლებლების შენარჩუნება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შორეულ მიზნებზე გათვლილი, რაც გააუმჯობესებდა სასკოლო პროცესის მუშაობის ხარისხს.

თითქოს გაადვილებამ, სინამდვილეში კი სისტემისთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილების მიღებამ, მასწავლებელთა ნაწილის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრ მასწავლებელს რამდენიმე მცდელობა დასჭირდა, რათა მოეპოვებინა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რისთვისაც საკმაოდ ბევრი იწვალეს და მხოლოდ ამის ხარჯზე დააგროვეს საგანსა და პროფესიულ უნარებში 10 კრედიტი.

რეალურად, “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში” არ მოხდა ცვლილება, რომელიც რაიმე სახის ეფექტურ შედეგზეა ორიენტირებული. ამ გადაწყვეტილებამ ნეგატივი გამოიწვია მასწავლებლების მიმართ.

მასწავლებლის სტატუსის ამაღლებასთან ერთად მასწავლებელს უნდა მოეთხოვებოდეს შედეგი, ეკისრებოდეს ვალდებულებები, რათა ამ მასწავლებელმა რეალურად შეიტანოს საჭირო ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში.

  • როგორ გგონიათ, ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეების ნდობის მოპოვებას? 

სტატუსის რეაბილიტაცია შემდეგ ძალიან რთულია, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო მასწავლებლების შეფასების ასეთი მოდელი დანერგილი. ვფიქრობ ამ მოდელმა არა მარტო დაბალ კრედიტიანი მასწავლებლების, არამედ ზოგადად მასწავლებლის სტატუსი შელახა. 

მასწავლებლების სტატუსის ამაღლება არ ახდენს გავლენას საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაზე. თუ გავაკეთებთ შედარებას, როგორი სურათი გვქონდა საჯარო სკოლებში რამდენიმე წლის წინ და რა ხდება დღეს, სწავლების პროცესის გაუმჯობესების გზას ვადგავართ, მაგრამ განვითარების პროცესი იმდენად ნელა მიიწევს წინ, რომ ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნების სასკოლო პროცესის გაუმჯობესების ტემპს. სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას დაახლოების ნაცვლად ვშორდებით.

მასწავლებელი იყო პრაქტიკოსი, თუმცა ახლა აღარ გვაქვს ეს სტატუსი, გახდა უფროსი, გახდა წამყვანი და გახდა მენტორი. შევხედოთ, როგორ აისახა მასწავლებლის სტატუსის ამაღლება სასკოლო პროცესზე. ამის მონიტორინგს თუ ვინმე აწარმოებს და შედეგები ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელიც იყო უფროსი რაღაცას ვერ აკეთებდა, გახდა წამყვანი უფრო კარგად გააკეთა და როცა მენტორი ხდება სასკოლო ცხოვრებაში ახალი იდეები და ინიციატივები შეაქვს, მშვენიერია, მაგრამ წარმოებს ასეთი მონიტორინგი?

ჩემი დაკვირვებით რეალური ცვლილება არ მომხდარა. პრაქტიკაში არ გვაქვს, რომ მასწავლებლის სტატუსის ამაღლება ისახება საგაკვეთილო პროცესსა და შედეგზე.

  • რა არის იმისათვის საჭირო, რომ რეალურად ამაღლდეს მასწავლებლების კვალიფიკაცია და შესაბამისად სწავლების ხარისხი სკოლებში

 მე, პირადად, საერთოდ ამოვაგდებდი ცენტრალური შეფასების სისტემას და მის ბერკეტებს სკოლის ადმინისტრაციას მივანიჭებდი.

სკოლის წარმატებულ მუშაობაში დიდ როლს უნდა თამაშობდეს სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორი უნდა აკვირდებოდეს სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების მუშაობის ეფექტურობას, მათ წარმატებასა და წარუმატებლობას და თავად არეგულირებდეს ახალი კადრების მიღებასა და მოქმედი პედაგოგების დატოვებას. მასწავლებლის საქმიანობა უნდა ისახებოდეს მოსწავლეების გაუმჯობესებულ უნარებსა და სწავლის დონის გაუმჯობესებაში.

სკოლის ადმინისტრაცია აუცილებლად უნდა შედგებოდეს კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც იქნებიან მაქსიმალურად ობიექტურები, რადგან სკოლებში  დირექტორების არჩევის საკითხიც გაუმჭვირვალეა – ძირითად შემთხვევაში სკოლის დირექტორებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თავისუფალი ხედვა და სათანადო კომპეტენცია.

მნიშვნელოვანია რა იცვლება საკლასო სივრცეებში, მოსწავლეებისთვის რას ცვლის მასწავლებლის სტატუსის ცვლილება. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან პირობითად 5, 10 წლის გასვლის შემდეგ რა ცვლილებები გვაქვს, რა იყო და რა მივიღეთ ჩვენ ეს სტატისტიკაც კი არ გვაქვს.

ცხადია, მასწავლებელს უნდა მქონდეს ამბიცია ავიმაღლო პროფესიული სტატუსი, რაც ჩემ ხელფასზეც აისახება. ეს უნდა მაკისრებდეს პასუხისმგებლობას, რომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა გახდეს იმაზე ეფექტური, ვიდრე იყო, რაც, ცხადია, შესამჩნევი იქნება სასკოლო ცხოვრებაში. აი, ეს ნაწილი გვაკლია ჩვენ.

  • ერთკრედიტქულიანი პედაგოგების დატოვება ავტომატურად ხომ არ ნიშნავს, რომ ათასობით ბავშვი, რომლებიც სკოლებში სწავლობენ, ვერ იქნებიან ხარისხიან საგაკვეთილო პროცესში ჩართული?

ვფიქრობ, მასწავლებლების სერტიფიცირების მექანიზმი მახინჯია.

მასწავლებლის შეფასების მოდელი არ არის ზუსტი, თუ არ ვარგა შეფასების საზომი, ვერ განისაზღვრება მასწავლებლისთვის რომელიმე სტატუსის მინიჭების მართებულობა, რაც კითხვებს აჩენს მასწავლებლის სტატუსის ცვლილების სიზუსტესთან მიმართებაში.

თუ შეფასების საზომი ზუსტია და ამბობს, რომ ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები არ არიან შესაბამისი ცოდნის მქონე და შეფასების ინდიკატორებს ვენდობით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სისტემის  პრობლემა: ძალიან ბევრი მასწავლებელი დაიტოვა სისტემამ, ვისაც მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მხოლოდ 1 კრედიტქულა აქვს. ცხადია, ეს ფაქტი, საგაკვეთილო პროცესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

ამასთან, რთული სათქმელია, როგორ მოიპოვებენ ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები მოსწავლეების ნდობას.

  • მოდელის მიხედვით, რომელიც დღეს გვაქვს, რეალურად  ახალგაზრდა მასწავლებლები ვერ შემოვლენ სისტემაში. ეს ხომ არ ნიშნავს სამომავლოდ საქართველოს განათლების დონის კიდევ უფრო დაბლა დაწევას?

მასწავლებლები რომლებიც სისტემის მიღმა დარჩნენ,  სისტემური ხარვეზების მსხვერპლები არიან. ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმება მძიმე სურათს გვაძლევს, ჩემი დაკვირვებით ისინი იძულებული არიან დასაქმდნენ მაღალმთიან რეგიონებში.

მნიშვნელოვანია ვიყოთ თვითკრიტიკულები. მე განსაკუთრებით იმ მასწავლებლების მიმართ ვართ კრიტიკული, რომლებსაც პირობითად 11 წელი ჰქონდათ განვითარების დრო და ნამდვილად ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, როგორმე უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინათ და საჭირო უნარები გამოემუშავებინათ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხეს.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში” შეტანილი ცვლილება ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ერთკრედიტქულიან და 10 კრედიტქულიან მასწავლებლებს შორის, მაგრამ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და უნდათ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები ეუბნება, რომ ამისთვის საჭიროა  საგანს ფლობდნენ 7 კრედიტზე, სხვა შემთხვევაში ვერ გადააბარებენ გამოცდას, ცდილობს რაღაც იერარქიები დაიჭიროს”.

დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადამოწმება ტელეფონითაც შეგიძლიათ – სემეკი

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება უკვე შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებითაც მოითხოვოთ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ეს ახალი ფუნქცია *303#-ის მომსახურებას დაემატა.

სემეკის ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში:

  • მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას.
  • დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია.
  • ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება.

*303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, *303#-ით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება.

მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით დააფიქსიროს:

  • ავარიული წყვეტა – ოპერატიული რეაგირებისთვის;
  • მომარაგების პრობლემა – დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა.

ამასთან, მიიღოს:

  • ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი;
  • დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს არასასურველი.

სემეკმა დღეს, 6 იანვარს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების
ტარიფები.

„2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.“ – აცხადებს სემეკი.

აჭარაში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევაა – 6 იანვარი

6 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში საავადმყოფოში მკურნალობს 510 პაციენტი, აქედან 124 მძიმე პაციენტია, 33 კი, იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში 269 პაციენტი მკურნალობს კოვიდსასტუმროში; ონლაინ კლინიკაში, ანუ ბინაზე კი -1 318.

აჭარის ჯანდაცვის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსისგან სულ 78 394 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აჭარაში სხვადასხვა დოზით სულ აცრილია 296 491 ადამიანი.

6 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 567  ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან 41 ადამიანი გარდაიცვალა:

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 567 ახალი შემთხვევა

 

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 567 ახალი შემთხვევა

6 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 567  ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან 41 ადამიანი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, სულ – 949 176 , ბოლო 24 საათში – 3 567
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 908 813 , ბოლო 24 საათში – 2 105
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 082 , ბოლო 24 საათში – 41

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 41 236, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 593, PCR ტესტით – 16 643

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,65%, ბოლო 14 დღის – 6,18%, ბოლო 7 დღის – 7,43%

სულ აცრილია – 2 536 824, დღიურად აცრილია – 7 867

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 460, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 220, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 255, საიდანაც:

  • 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 034, აჭარაში – 510, იმერეთში – 735.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 124, იმერეთში – 277.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი,  მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30.
  • 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 628 – თბილისში, 269 – აჭარაში.
  • 20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.

5 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.

 

მოსწავლეებისთვის ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი.

საგანმანათლებლო პლატფორმა აერთიანებს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, განმარტებით ვიდეოებს, ჩეთბოტებსა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოს.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსის პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ ადამიანს აქვს. 

ასევე, საგანმანათლებლო რესურსის მომხმარებელს, რომელსაც აქვს მასწავლებლის სტატუსი შეუძლია ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და კლასებად გააერთიანოს.

ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

მართლმადიდებელი ეკლესია ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე 1926 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებში დარეგისტრირებას ითხოვს. თუმცა, საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. რეესტრი ასევე ითხოვს ბათუმის მერიისგან, დაადასტუროს თავისი პოზიცია ეკლესიისთვის აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე.

საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „დაინტერესებული პირის [ანუ ეკლესიის] მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

ეკლესიამ 2021 წლის 10 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით. რეესტრმა კი, დამატებითი ინფორმაცია ბათუმის მერიისგან 17 აგვისტოს გამოითხოვა.

ასევე განემარტა ეკლესიას, რომ „მას თავად შეუძლია, დამატებით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა“.

რეესტრი წერილობით მიმართავს ბათუმის მერიას, რომ ეკლესიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მიწის ნაკვეთის საზღვრები და არც ის, შეესაბამება თუ არა ეს ნაკვეთი კონკორდატით ეკლესიისთვის განსაზღვრულ უძრავ ქონებას.

„გეგზავნებათ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გთხოვთ, დაგვიდასტუროთ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ქონება შეესაბამება თუ არა „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ უძრავ ქონებას და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ასევე ზედდება ფიქსირდება [მერიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან]… იმსჯელეთ კორექტირების საკითხზე აღნიშნული ზედდების ნაწილში.“ – აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ ბათუმის მერიაში 2021 წლის 17 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

რეესტრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან 15 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში სააგენტო განმეორებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს. განმეორებით გაგზავნილი მოთხოვნის ადრესატისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო 4 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით“.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით არ ჩანს, დამატებით მიმართა თუ არა რეესტრმა მერიას. თუმცა, რომც მიემართა, გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული დრო ამ შემთხვევაშიც გასულია. რეესტრს კი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

რეესტრიდან არც ის ირკვევა, წარადგინა თუ არა ბათუმის მერიამ ან ეკლესიამ, აგვისტოდან დღემდე პერიოდში, რაიმე დამატებითი დოკუმენტი. „მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება“, – ასეთი აღნიშვნაა რეესტრში, 2022 წლის 5 იანვრის მდგომარეობით.

ბესიკის ქუჩაზე [ასათიანისა და თავდადებულის ქუჩებს შორის] არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებად დარეგისტრირებასაც ითხოვს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს მოქმედი ეკლესია დგას. ეკლესიის მიმდებარედ კი, ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯერ მინისტადიონი იყო, შემდეგ სკვერი. 

ტერიტორია ეკლესიის მიერ დღეს მთლიანად შემოღობილია და ის ამ დრომდე ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ტერიტორია [მონიშნულია წითელი ხაზით] რომელსაც ეკლესია საკუთრებაში ითხოვს / ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე

 

„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან

„აჭარაში ხურმის ექსპორტირების პერიოდი უკვე დასრულდა, თუმცა მანდარინის მოსავალს მოსახლეობა ახლაც აბარებს”, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა – ირაკლი ონიანმა. მას მოსავლიანობასა და იმპორტიორ ქვეყნებზეც ვკითხეთ.

  • ბატონო ირაკლი, რამდენი ტონა მანდარინი გავიდა წელს აჭარიდან ექსპორტზე და წინა წელთან შედარებით რა ვითარებაა? 

4 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტზე გატანილია 36 535 ტონა მანდარინი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 535 ტონით მეტია.  

შარშან ამ დროს 32 000 ტონა ციტრუსი გვქონდა ექსპორტირებული.

  • ძირითადად რომელ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე ციტრუსი? 

ტრადიციულ ქვეყნებში – სლოვენია, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყირგიზეთი, ესტონეთი, ყაზახეთი.

ყველაზე მეტი რაოდენობის ციტრუსი კი რუსეთში გავიდა.

ყველაზე მოთხოვნადი ჯიში იყო აჭარაში გავრცელებული „უნშიო“ და კიდევ საადრეო ჯიშის მანდარინი, რომელიც სექტემბერში მოდის და ოქტომბერში გადის ექსპორტზე.

ზოგადად, უხვმოსავლიანი წელი იყო, თუმცა ველოდებოდით დაახლოებით 65 000-დან 70 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს.

  • რა რაოდენობის ციტრუსი დარჩა საექსპორტოდ?

 გუშინდლის ჩათვლით წელს უკვე გვაქვს 7 775 ტონა გადამუშავებული ციტრუსი, აქედან 7400 ტონა გადამუშავდა 2021 წლის  31 დეკემბრამდე.

გუშინ  გადამუშავდა 350-300 ტონა ციტრუსი. მონაცემები ახლდება ყოველ 2 საათში.

2021 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფოს სუბსიდია კილოგრამზე 10 თეთრი იყო, 10 თეთრი საწარმოსგან ფინანსდებოდა.

პირველი იანვრიდან ეს ფასი შეიცვალა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გახდა 15 თეთრი, 5 თეთრი ფინანსდება საწარმოს მხრიდან, ანუ თუ ფერმერი ადგილზე მიიტანს პროდუქტს, მას 20 თეთრი უნაზღაურდება. აქამდე სუბსიდირებაზე, დაახლოებით, 150 000 ლარი გამოიყო. 

  • აქვე გკითხავთ ხურმაზეც. რა გზა გაიჭრა ხურმის მოსავლის გასატანად?

ხურმის ექსპორტირების პერიოდი იყო სექტემბრისა და ოქტომბრის თვეები. ტრადიციული ბაზრებიდან, როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და ა.შ. მოთხოვნა ყოველთვის იყო. ყველაზე მეტი რაოდენობის ხურმა მაინც უკრაინამ შეიძინა.

ჩვენ ამ მალფუჭებად პროდუქტს მივიჩნევთ  პრიორიტეტად ექსპორტისთვის და ვეხმარებით, რომ სახმელეთო თუ საზღვაო გზით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიდეს ეს პროდუქტი.

ე.წ “ალიარას” ჯიშის ხურმის მიმართ არსებობს ინტერესი, ეს არის ძირითადი საექსპორტო ჯიში.

ჩვენი მონაცემებით, აჭარიდან ექსპორტზე 2 800 ტონაზე მეტი ხურმა გავიდა. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 200-300 ტონით მეტი.

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #47 კორპუსიდან მერიამ ამ საღამოს ოჯახები გამოასახლა. ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის თქმით, ამ კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. რა გახდა ნაჩქარევად გამოსახლების მიზეზი, რამდენად სახიფათოა ამ კორპუსში დარჩენა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება საცხოვრებელ სახლში და რას გეგმავს ბათუმის მერია – გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან დავითაძესთან.

  • ბატონო ლევან, რამდენი ოჯახი გამოასახლეთ და რამდენად იყო ეს გადაუდებელი აუცილებლობა?

დაახლოებით 60 ოჯახზეა საუბარი – ამ კორპუსში 4 სადარბაზოა და თითოეულში 15 ოჯახი ცხოვრობს.

ამ მისამართიდან შეტყობინება შემოვიდა დეკემბრის თვეში და გადავაგზავნეთ ჩვენ ექსპერტიზაზე, ამის შემდგომ, რამდენიმე დღის წინ, ისევ შევიდა ზარი 112-ზე და დღესაც მივიღეთ შეტყობინება. ზოგადად, კომისია [გამოსახლებაზე] მას შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა იქნება წარმოდგენილი, მაგრამ დღეს ადგილზე სიტუაციას რომ გავეცანით, ბზარების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აღარ დაველოდეთ ექსპერტიზას – მოსახლეობა შეშინებული იყო და გავითვალისწინეთ მათი აზრი.

კონკრეტულად იმ სადარბაზოს მცხოვრებლები, სადაც იყო ბზარები, გავიყვანეთ ქირაში – 60 ოჯახი. რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, იქ რაიმე ტიპს ბზარები და საგანგაშო ვითარება არ არის… მსგავსი ტიპის ობიექტები ქალაქში საკმაოდ მომრავლდა – დაახლოებით 90 ლოკაციაზეა მსჯელობა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად ზარებმაც იმატა. ძალიან ბევრი კორპუსია – ცხრიანები და ხრუშოვკები, ამიტომ კომისიას ახლა დიდი გამოწვევა აქვს იმ ნაწილში, რომ ძალიან ბევრი ლოკაცია გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ ბიუჯეტი, რაც გაგვაჩნია, შესაბამისად უნდა გადანაწილდეს, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლე  და ჯანმრთელობა. ხალხი გავიყვანეთ ბზარებიდან გამომდინარე, დანარჩენ ნაწილში ველოდებით ექსპერტიზას, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან, მათთვის ეს მოლოდინის რეჟიმი მიუღებელი.

კომისიას გვიწევს ამ მიმართულებით მსჯელობა, რადგან საბიუჯეტო სახსრები მიზანმიმართულად უნდა გადანაწილდეს იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

  • წინასწარი შთაბეჭდილებით ბზარები რით არის გამოწვეული – რამდენადაც ვიცით, კორპუსს აქვს მიშენებები. თუ უფრო სიძველის ბრალი შეიძლება იყოს?

ეს არის მიშენება – დაახლოებით ერთი ბინა აქვთ ამ ადამიანებს მიშენებული. რა როგორ არის, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. საყრდენ კოლონაზე არავითარი ზედმეტი ჩარევა არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ დააკვირდებით, იქ „შტეფსელები“ და რაღაც გაყვანილობები აქვთ. სავარაუდოდ, ეს კონკრეტული კოლონა ზემოქმედების ქვეშ იყო – დენის კაბელებია ჩალაგებული. მზიდ კედლებზე მსგავს სამუშაოს არ აკეთებენ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრებაა და დაველოდოთ ექსპერტიზას.

დიდი ალბათობით შესაძლებელია ეს მოქალაქეების დაუდევრობის ბრალი იყოს.

  • დღეს რატომ გამოასახლეთ ეს ხალხი, ბზარები გაიზარდა ამ დღეებში თუ რა მოხდა?

რაც ვნახეთ, იქიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

  • 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ეს უკვე მეოთხე კორპუსია ქალაქში, საიდანაც მოსახლეობა გაგყავთ [მემედ აბაშიძის ქუჩა, რურუას ქუჩა, ტრაგედიის სახლი 26 მაისი ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩა]. ზუსტად რამდენი ოჯახია უკვე გაყვანილი?

ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, არ მინდა შემეშალოს, დღის საათებში შემიძლია დაგიზუსტოთ.

ბათუმში მერია გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლებას გეგმავს

ბათუმში 2022 წელს გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება დაიწყება, რომელიც ეტაპობრივად, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამის მიხედვით, „ქალაქში არსებული გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება [შეცვლა/განახლება] მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2027 წლებში] შეადგენს 30 მილიონ ლარს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, სანათების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხის დადგენის მიზნით, ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სამუშაოების შესყიდვაზე.

ქვეპროგრამის მიხედვით, გარე განათების წერტების რაოდენობა, რომელთა მოვლა-ექსპლუატაცია ხორციელდება ბათუმის ტერიტორიაზე, 2022 წელს 24 275-მდე გაიზრდება [ამჯერად ეს რაოდენობა არის 23 914]. ამავე ქვეპროგრამით 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილია 745 ახალი ენერგოეფექტური სანათების დამატება.

უშუალოდ 2022 წელს ქვეპროგრამა ქალაქის ბიუჯეტიდან 6 079 600 ლარით არის დაფინანსებული.

ეს თანხა შემდეგნაირად დაიხარჯება:

  • გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციისთვის – 2 მილიონი ლარი;
  • გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი – 4 მილიონ 62 ათას 900 ლარი [ქალაქი წელს გარე განათებისთვის 13 106 129 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1 კილოვატში კი ბიუჯეტიდან 31 თეთრი დაიხარჯება];
  • ელექტროენერგიის ქსელზე დაერთების საფასურისთვის – 7 ათასი ლარი;
  • წინა პერიოდის დავალიანების დასაფარად – 9,7 ათასი ლარი [ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხები].

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი [2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე] 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 500 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდება.

„შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, როგორც კი გამოცხადდება ახალი ტენდერი – გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლების მოთხოვნით და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, უკვე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულება შეწყდება“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ამავე თემაზე:

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

მთავარი ფოტო: გარე და საახალწლო განათება ბათუმში, ევროპის მოედანზე

ბათუმში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი ღამით 8-13 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უნალექოდ. ხილვადობა კარგი; ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა + 9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 7 და 8 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევაა – 5 იანვარი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; 204 ადამიანია კოვიდსასტუმროში.

რეგიონში ამ დროისთვის 120 მძიმე პაციენტია, 33 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

5 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან 32 ადამიანი გარდაიცვალა.

4 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა.

ამავე თემაზე:

აჭარაში ომიკრონის 15 დადასტურებული შემთხვევაა

 

3 436 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

5 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან 32 ადამიანი გარდაიცვალა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 945 609 , ბოლო 24 საათში – 3 436
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 906 708 , ბოლო 24 საათში – 1 805
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 041 , ბოლო 24 საათში – 32

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 40 377, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, PCR ტესტით – 16 681

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 5,87%, ბოლო 7 დღის – 6,84%

სულ აცრილია – 2 528 030, დღიურად აცრილია – 7 191

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა – 360, იმერეთი – 407, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 205, გურია – 123, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 834, საიდანაც:
• 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 027, აჭარაში – 510, იმერეთში – 751.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში – 544, აჭარაში – 120, იმერეთში – 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი,  მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
• 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 – თბილისში, 204 – აჭარაში.
• 19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.

4 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა.

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

უფასო რეგისტრაციას მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წესი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის აზომვიდან, ნაკვეთის რეგისტრაციის ჩათვლით საჭირო ყველა სამუშაოს სახელმწიფო აფინანსებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უკვე განისაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები [59 მუნიციპალიტეტი], სადაც სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლებში უნდა განხორციელდეს. ამ ჩამონათვალშია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც.

„ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც 2022 წლის პირველი იანვრიდან უკვე მოქმედებს.

თუმცა, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტში და კონკრეტულად როდის დაიწყება/დასრულდება საველე და საკადასტრო აზომვითი სამუშაოები, ეს, ამავე ბრძანების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ უნდა განსაზღვროს.

სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება საჯარო რეესტრს მიწის რეგისტრაციის მიზნით მიმართოს, თუმცა, ამ შემთხვევაში რეგისტრაცია 2022 წლის იანვრიდან უკვე ფასიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მთავრობამ 2016-18 წლებში დაიწყო 12 სხვადასხვა დასახლებაში, როგორც საპილოტე პროექტი. მათ შორის იყო დაბა შუახევიც.

„ამ პროექტის ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაბის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია“ – გვითხრეს შუახევის მერიაში.

[toggle title=”მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალები სრულად ნახეთ აქ“]
სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:

აბაშის მუნიციპალიტეტი;
ადიგენის მუნიციპალიტეტი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
ასპინძის მუნიციპალიტეტი;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი;
ახმეტის მუნიციპალიტეტი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
გორის მუნიციპალიტეტი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი;
დმანისის მუნიციპალიტეტი;
დუშეთის მუნიციპალიტეტი;
ვანის მუნიციპალიტეტი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;
თელავის მუნიციპალიტეტი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
თიანეთის მუნიციპალიტეტი;
კასპის მუნიციპალიტეტი;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტი;
მარნეულის მუნიციპალიტეტი;
მარტვილის მუნიციპალიტეტი;
მესტიის მუნიციპალიტეტი;
მცხეთის მუნიციპალიტეტი;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
ონის მუნიციპალიტეტი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
სამტრედიის მუნიციპალიტეტი;
საჩხერის მუნიციპალიტეტი;
სენაკის მუნიციპალიტეტი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი;
ქარელის მუნიციპალიტეტი;
ქედის მუნიციპალიტეტი;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
ყვარლის მუნიციპალიტეტი;
შუახევის მუნიციპალიტეტი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;
ცაგერის მუნიციპალიტეტი;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი;
წალკის მუნიციპალიტეტი;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;
ხაშურის მუნიციპალიტეტი;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი;
ხობის მუნიციპალიტეტი;
ხონის მუნიციპალიტეტი;
ხულოს მუნიციპალიტეტი.

წყარო: იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება

[/toggle]

ამავე თემაზე:

საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწა ოჯახის სოციალურ ქულებზე არ აისახება 2023 წლამდე

კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება 

კურორტ გოდერძიზე სეზონი გაიხსნა, თუმცა კურორტამდე მისვლა ძალიან ჭირს. ერთ-ერთი ტუროპერატორის – „Kila Travel“  წარმომადგენლის, გიორგი კიკვაძის თქმით, „ბათუმიდან კურორტზე ასასვლელად 8-9 საათია საჭირო. შესაბამისად, გზა ძალიან დამღლელია“.

გიორგი კიკვაძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც წინა წელს. „რადგან კურორტი ბათუმთან ახლოსა, მოთხოვნა დიდია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ უარი ვთქვით ამ მომსახურებაზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გასულ წლებში ჩვეულებრივი ტაქსების სერვისებით ვსარგებლობდით მგზავრების გადაყვანისას. წელს გზა იმდენად დაზიანდა, რომ არათუ ჩვეულებრივ ტაქსებს, არამედ მაღალ გამავლობის მანქანებსაც უჭირთ ასვლა. ეს გზა არც უსაფრთხო აღარ არის, ამიტომ საერთოდ შევწყვიტეთ ტურები“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი კიკვიძემ.

ამის მიუხედავად თუ მაინც გადაწყვეტთ ზამთრის შვებულება გაატაროთ გოდერძიზე, ამ კურორტამდე მისვლა შესაძლებელია ეკონომიური ბიუჯეტითაც: თუ დაბა ხულომდე ააღწევთ, იქ ბევრი მძღოლია, რომლებსაც კურორტ გოდერძის დამსვენებლები სოფელ დანისპარაულამდე და უშუალოდ კურორტ გოდერძიმდე გადაჰყავთ, მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

“ხულოდან სოფელ დანისპარაულში 6 ადამიანი თავიანთ ბარგთან ერთად 180 ლარად გადაგვყავს, ხოლო გოდერძიმდე მგზავრობა 200 ლარი ღირს. თუ საცობი არ არის გზებზე,  ხულოდან გოდერძიზე ასვლას მაქსიმუმ 3 საათი სჭირდება”, – ამბობს “Mitsubishi Delica” მძღოლი გიორგი ბოლქვაძე.

“ძალიან ცუდი გზებია. გოდერძიმდე მინიმუმ 100 ლარი ღირს დამსვენებლის აყვანა, დანისპარაულამდე 90 ლარი. ამ თანხაში მანქანაში თავისუფლად თავსდება 4 ადამიანი ბარგთან ერთად”, – ამბობს ტაქსის მძღოლი ხულოდან, არჩილ აბულაძე.

ხულოს სოფელი დანისპარაული კურორტ გოდერძიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ვიზიტორები ხშირად ჩერდებიან ამ სოფელში და აქედან დადიან გოდერძიზე.

სოფელში ბევრი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, სადაც დამსვენებელს ღამის გატარება გოდერძიზე მდებარე სასტუმროებთან შედარებით გაცილებით იაფად შეუძლიათ. გოდერძიზე ერთი ღამის გათევა სასტუმროებსა და კოტეჯებში მინიმუმ 100 ლარიდან იწყება, მაშინ როცა დანისპარაულში ღამის გათევა 25 ლარადაც შეიძლება.

დანისპარაულიდან კურორტ გოდერძიზე გადაყვანაში კი დამსვენებლებს ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებიც ეხმარებიან.

“დამსვენებელს დანისპარაულიდან კურორტ გოდერძიმდე ასვლა და უკან, დანისპარაულში ჩამოსვლა 25 ლარი დაუჯდება”, – ამბობს ვახტანგ გელაძე, საოჯახო სასტუმრო “ნიკის” მეპატრონე.

სოფელ დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში დასვენების ფასი საშუალოდ 25 ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა.

“ერთი ღამით დარჩენა დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში 30 ლარი ღირს კვების გარეშე, ხოლო ორჯერადი კვებით –  50 ლარი”, – გვითხრა ვახტანგ გელაძემ.

მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კურორტ გოდერძიზე ყველა საბაგირო და სათხილამურო ტრასა შეუფერხებლად მუშაობს. კურორტ გოდერძიზე სეზონი ოფიციალურად 2021 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარის მაღალმთიანეთში ღრუბლიანობის მომატება, ღამით კი თოვაა მოსალოდნელი.

6 და 7 იანვარს კი აჭარის მთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

___

ბათუმიდან გოდერძიმდე 109 კილომეტრის სავალი გზაა. ბათუმიდან დაბა ხულომდე 80 კილომეტრია და სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა 7 ლარი ღირს.

დაბა ხულოში თოვლის საფარი 70-80 მეტრია, ხოლო კურორტ გოდერძიზე, რომელიც ზღვის დონიდან 2027 მეტრ მდებარეობს, თოვლის საფარი 1,5 მეტრამდე აღწევს.

იუსტიციის სახლი უქმეებზეც მუშაობს, გამონაკლისია 7-9 იანვარი

იუსტიციის სახლი 2022 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულ უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. გამონაკლისი იქნება 7 და 8-9 იანვარი.

„ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. ფილიალები შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.“ – აცხადებს იუსტიციის სახლი.

რაც შეეხება შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, იუსტიციის სახლში მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.


2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა საჯარო დაწესებულება [ადმინისტრაციული ორგანო] თავად განსაზღვრავს იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში იმუშავებენ, მიუხედავად უქმე დღეებისა.

ამავე თემაზე:

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდება

გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტები უქმე დღეებშიც იმუშავებენ

 

ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ მოუთხოვია – სამინისტრო

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი.

ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა.

„ამ ეტაპზე სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე არ მომხდარა ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიაზე, ასევე სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიიდან, ტყეთა ფართობებისა და მიჩენილი ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტროს ინფორმაციით, „დღეის მდგომარეობით საქართველოს ტყე არის სახელმწიფოს საკუთრებაში და
იმართება სახელმწიფო უწყებების მიერ.“

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა.

ამ თემაზე ვრცლად:

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

აჭარაში ომიკრონის 15 დადასტურებული შემთხვევაა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით კი მთლიანად ქვეყანაში, 3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 148 შემთხვევა.

ექიმები და სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად, შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია. საქმე ის არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ შემთხვევას არ უტარდება.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა მატების მიღმა, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ შტამი დგას.

მისი განმარტებით, ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ გავრცელება დადასტურდა, საერთო ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით, 2 კვირაში გაიზარდა:

გაზრდილი სტატისტიკის უკან სავარაუდოდ, უკვე ომიკრონი დგას – ჩხაიძე

საქართველოში კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.

ჯანმოს წინასწარი მონაცემებით, დელტა ვარიანტთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, რადგან იგი უფრო გადამდებია და მეტი ადამიანის ინფიცირებას იწვევს, ეს გამოიწვევს უკვე გადატვირთული ჯანდაცვის სისტემებზე დამატებით ზეწოლას და ადამიანები ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

 

ღამით წვიმა და თოვა, დღისით უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. სანაპირო რაიონებში ღამით დროგამოშვებით წვიმა; მთაში თოვა; დღისით კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ამავე პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი ღამით 15-20 მ/წმ-ში, დღისით 7-12 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ დასავლეთის ქარი, ღამით 15-20, დღისით 6-11 მ/წმ-ში. ღამით დროგამოშვებით წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა 4-10. ტალღის სიმაღლე ღამით 15-20 დმ (4 ბალი); დღისით 7-12 დმ (2-3 ბალი).

ზღვის წყლის ტემპერატურა + 9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 6 და 7 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

მთავარი ფოტო: ხულო, სოფელი ოქრუაშვილები, იანვარი, 2022 წელი. ფოტ: ჰურიე აბაშიძე

 

აჭარაში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

4 იანვრის დილის მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარაში საავადმყოფოში მოთავსებულია 504 პაციენტი. აქედან 119 მძიმე პაციენტია; 33  კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 302, PCR ტესტით – 13 013.

4 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 67 ადამიანი:

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 590 ახალი შემთხვევა

 

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდება

მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2022 წლის 10 იანვრიდან განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით „ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში – 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით – დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.“

ამასთან, პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

„იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს.“ – აცხადებს სააგენტო.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად. სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.


2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები, ასევე 8 და 9 იანვარი, მთავრობის დადგენილებით უქმე დღეებადაა გამოცხადებული, თუმცა საჯარო დაწესებულება [ადმინისტრაციული ორგანო] თავად განსაზღვრავს იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში იმუშავებენ, მიუხედავად უქმე დღეებისა.

ამავე თემაზე:

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 3-6 იანვარს – მთავრობის დადგენილება

 

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 590 ახალი შემთხვევა

4 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 67 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ არის – 942 173 , ბოლო 24 საათში – 3 590
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 904 903 , ბოლო 24 საათში – 1 955
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 009 , ბოლო 24 საათში – 67

ბოლო 24 საათში ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 302, PCR ტესტით – 13 013

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%, ბოლო 7 დღის – 6,26%

3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 148 შემთხვევა.

საქართველოში სულ აცრილია – 2 520 230 ადამიანი, დღიურად აცრილია – 4 520

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 4 394, კოვიდსასტუმროში იმყოფება 892 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა – 366, იმერეთი – 505, ქვემო ქართლი – 149, შიდა ქართლი – 199, გურია – 222, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 235, საიდანაც:

  • 4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 049, აჭარაში – 504, იმერეთში – 745.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 111 პირი, მათ შორის, თბილისში – 541, აჭარაში – 119, იმერეთში – 300.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 33, იმერეთში – 27.
  • 17 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • 4 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 ადამიანი.

 

1-კრედიტქულიან პედაგოგებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. ცვლილებების თანახმად, უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება, როგორც 1-კრედიტქულიან მასწავლებლებს, ისე 10-კრედიტქულიანებს.

30 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

„იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი“, – წერია დადგენილებაში.

ამავე დადგენილების მიხედვით 1-კრდეტქულიან პედაგოგების მსგავსად უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ იმ პედაგოგებსაც, რომლებსაც წინა წელს ჩააბარეს გამოცდა და შედარებით მეტი – 10 კრედიტქულა დააგროვეს.

აი, რა წერია დადგენილებაში ამის შესახებ:

„იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“

___

ამავე თემაზე:

საგნის გამოცდაში ნახევარზე მეტმა – 2 886-მა პედაგოგმა 1 კრედიტიც ვერ აიღო

 

Exit mobile version