მთავარი,სიახლეები

შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაინც ველოდები – პანდემია და ტაქსის მძღოლი ქალი ბათუმიდან

12.03.2021 • 9556
შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაინც ველოდები – პანდემია და ტაქსის მძღოლი ქალი ბათუმიდან

ელენე მჟავანაძე ტაქსის მძღოლია ბათუმიდან. ცხრა წელია რაც ამ საქმიანობას ეწევა და პანდემიის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას. ელენე ტაქსის მძღოლობაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როცა საბერძნეთში, ემიგრაციაში იყო. „ვხედავდი ტაქსის მძღოლ ქალებს და მომწონდა. ვფიქრობდი, როცა ბათუმში დავბრუნდებოდი, სხვა თუ ვერაფერს ვიშოვიდი სამუშაოს, აუცილებლად ტაქსის მძღოლი გავხდებოდი“ – გვეუბნება ელენე. გვიყვება, როგორია მარტოხელა  დედის ცხოვრება, როგორ მიატოვებინებს მისი საყვარელი საქმე – ცეკვა და როგორ უწევდა მძიმე შრომა საკუთარი თავის და შვილების გადარჩენისთვის.

  • ელენეს ცხოვრება პანდემიაში

„პანდემიამ თითქოს ცხოვრება გააჩერა. ყველა ჩუმადაა, თითქოს არავინ არაფერზე საუბრობს, მაგრამ პრობლემები აღარ ილევა. იმედს არ ვკარგავ, რომ ძველი ცხოვრება დაბრუნდება,“ – ამბობს ელენე.

პანდემიამდე ელენე ძირითადად ღამის ცვლაში მუშაობდა. ამბობს, რომ ეს მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან დილით სახლის საქმეებს ასწრებდა, შუადღით თავს წაძინების უფლებას აძლევდა, საღამოს კი ისევ სამუშაოდ გადიოდა.

„როცა შეზღუდვები მოიხსნება, აუცილებლად გადავალ ღამის ცვლაზე,“ – ამბობს ის.

სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა, ელენეს შეთავაზება ჰქონდა მუნიციპალური ავტობუსის მძღოლობაზე. თუ შეთავაზება კიდევ მექნება, უარს არ ვიტყვი და ავტობუსის მძღოლადაც ვიმუშავებო, – ამბობს.

  • 9 წელი ტაქსიში

ღამით მუშაობა ხშირად უწევს, თუმცა როგორც გვეუბნება, სექსუალური შევიწროების ან გენდერული ნიშნით ჩაგვრის შემთხვევები არ ჰქონია.  მხოლოდ იმას იხსენებს – „ერთი-ორჯერ ფული არ გადამიხადეს, „გადამაგდესო“. „სხვა მძიმე შემთხვევები არ მქონია. უფრო მეტად მაქებენ ხოლმე – ყოჩაღ ქალო, რა კარგ საქმეს აკეთებთო, უთქვამთ ახალგაზრდებს და ხანდაზმულებსაც“, – გვეუბნება ელენე.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლს მარტო მგზავრების გადაყვანა არ უწევს, ხშირად ტვირთიც გადააქვს, ამიტომ ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო, რომ ტვირთი ჩადო მანქანაში ან ჩამოიღო. „მანქანა ტექნიკურად გამართული უნდა გქონდეს, ძრავა, ელექტროობა, ყველაფერს მე ვაკეთებ. მანქანასაც მე ვრეცხავ,“ – გვეუბნება ელენე.

საკუთარი მანქანა ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ შეიძინა. ჯერ დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი კერძო კომპანიაშიც დასაქმდა.

„ქალის შრომა ყოველთვის რთული იყო და ასე იქნება მომავალშიც, რადგან გარეთ შრომაც გიწევს და სახლშიც. ისეთი დღეებიც მაქვს, სადილობასაც ვერ ვასწრებ. საჭმელს დავდგამ, დამირეკავს მგზავრი, გავდივარ, მოვალ გავაგრძელებ, ისევ დამირეკავენ, ისევ გავდივარ და შეიძლება ისე დაღამდეს, ვერც კი დავასრულო კერძის მომზადება“.

ელენე: „ისეთი დღეებიც მაქვს, როცა სადილობასაც კი ვერ ვასწრებ“.

  • პროფესია, რომელიც ძალიან უყვარდა, მიატოვებინეს

ელენე მჟავანაძე

სკოლის დასრულების შემდეგ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა და მოცეკვავე გახდა. მუშაობდა კიდეც 6 წელი ცეკვის მასწავლებლად, თუმცა დაქორწინების შემდეგ, როგორც ელენე გვიყვება, ქმარმა მუშაობის უფლება აღარ მისცა. „ფიქრობდა, რომ ქალის ადგილი სახლშია. თუ ქალი სახლში დაჯდება, მაშინ ქმარმა უნდა უზრუნველყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ორი პატარა შვილი გყავს. არც მუშაობის უფლებას მაძლევდა, არც გვარჩენდა, ამიტომ დავშორდით,“ – ამბობს ელენე.

მძიმე წლები გამოიარა. 90-იან წლებში, როცა პური, შაქარი და სხვა სურსათი ტალონებით იყიდებოდა, ოჯახს საკმარისი პურიც კი არ ხვდებოდა. „ჩემი შვილები როცა თვალს გაახელდნენ, მაშინვე იტყოდნენ – „მშია“. ხშირად მშიერიც კი ვყოფილვარ: მე როგორ შევჭამდი, როცა შვილებს არ ჰყოფნიდა,“ – გვეუბნება ელენე.

გვეუბნება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ დამოუკიდებლობა და რეალიზება ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ცხოვრებაში არასდროს უნდა იყო სხვაზე დამოკიდებული, შენს საქმეს სხვა არასდროს გააკეთებს. ამიტომაც დავიწყე ბრძოლა, ჯერ ჭურჭლის მრეცხავად ვიმუშავე ორი წელი, შემდეგ ინგლისური ვისწავლე და პორტში დავიწყე მუშაობა“.

საყვარელ საქმეზე მეორედ მოუწია უარის თქმა, რადგან ამბობს, რომ ორ შვილს ცეკვის მასწავლებლის მაშინდელი ხელფასით ვეღარ გაზრდიდა. „მიზერული ანაზღაურება გვქონდა მაშინ მასწავლებლებს, თანაც კუპონებში“.

  • 13 წელი ემიგრაციაში – შვილებისგან შორს

„ნაქირავებში ვცხოვრობდი, სახლიდან სახლში გადასვლა მიწევდა პატარა ბავშვებით, ეს უნდა დამესრულებინა, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. რთული იყო შვილების მიტოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ბავშვები ჩემს დასთან დავტოვე და საბერძნეთში წავედი. ახლა ბევრად მარტივია, რადგან ინტერნეტია და ეს მეტ-ნაკლებად გიმსუბუქებს სიშორეს, შეგიძლია დაურეკო ბავშვებს, მაშინ კი არც ინტერნეტი იყო, არც ტელეფონი, თვეში ერთხელ ძლივს ვახერხებდი დარეკვას.

ყველგან ვმუშაობდი, – მომვლელად, მრეცხავად, კიბეებსაც ვასუფთავებდი… ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ჩემს შვილებს ბინა ჰქონოდათ. შემდეგ ბათუმში დავბრუნდი, საკუთარი სახლი ვიყიდე, შვილებიც წამოიზარდნენ ,“ – ამბობს ელენე.

  • შვილის ცარიელი საფლავი – მაინც ველოდები

„მე ისევ ველოდები“ – ელენეს ჯარისკაცი შვილი წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგა.

მძიმე, დუხჭირი წლების გადალახვის შემდეგ ელენეს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. სამხედრო წვრთნების დროს დაიკარგა მისი  შვილი იაგო შარაძე, მასთან ერთად კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიკარგა ზღვაში. რამდენიმედღიანი ძებნის მიუხედავად, მაშველებმა ზღვაში დაკარგული  სპეცრაზმელები ვერ იპოვეს.

„შემძულდა ზღვა“ – ამბობს ელენე, თუმცა როცა მგზავრი არ ჰყავს, მაინც სულ ზღვის ნაპირისკენ მიიჩქარის. „იქ სადაც ჩემი შვილი გაუჩინარდა, არ შემიძლია მშვიდად ავუარო გვერდი.  შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, რადგან იქ არ არის, ასე მგონია, რომ დაბრუნდება… მე მაინც ველოდები,“ – ამბობს ელენე.

იაგოსგან ორი შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც ბებიას ხშირი სტუმრები არიან. „ჩემი რძალი ცხინვალიდანაა, დევნილია. წეროვანში ცხოვრობდა და როცა იაგო დაიღუპა, ისევ წეროვანში დაბრუნდა მშობლებთან. ზოგჯერ მე ჩავდივარ მათთან, ზოგჯერ ბავშვები ჩამოდიან. მინდა, რომ იაგოს ოჯახი მყარად მყავდეს და ვცდილობ, მათზე ვიზრუნო.“ – ამბობს ელენე.

მისი თქმით, ქალს ორმაგად უწევს ბრძოლა, რადგან ცხოვრება აიძულებს ორმაგად ძლიერი იყოს. „ჩემს თავს უფლებას არ მივცემ უკან დავიხიო და დავეცე,“ – გვეუბნება ელენე.

___________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: