მთავარი,სიახლეები

ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია – რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

30.12.2021 • 2177
ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია – რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები გაიხსნა. თოვლის მოყვარულებს საახალწლო არდადეგების ზამთრის კურორტებზე გატარება უკვე  შეუძლიათ. 

„25 დეკემბერს გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის სათხილამურო კურორტები. ყველა საბაგირო ჩართულია და მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში.

მესტიის კურორტი, არასტაბილური დენის გამო, 28 დეკემბერს გაიხსნა, ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები ახლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს,“ – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში. 

აქვე გვითხრეს, რომ ჯერ არ გახსნილა კურორტი ბაკურიანში, რადგან საკმარისი თოვლი არ არის.

„ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა სრულყოფილად ფუნქციონირებს, მაგრამ ხელოვნურ თოვლს შესაბამისი ტემპერატურა და ყინვა სჭირდება. 

პრაქტიკულად ყოველ ღამეა ჩართული ბაკურიანში გათოვლიანების სისტემა, სამწუხაროდ, დღის განმავლობაში პლუს ტემპერატურა და მზე არ იძლევა თოვლის შენარჩუნების საშუალებას, ღამით დაგროვილი თოვლი დღის განმავლობაში დნება”,  – გვითხრეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. 

ამინდის პროგნოზის თანახმად, ბაკურიანში თოვლს პირველი იანვრის ღამეს ელიან. meteo.gov.ge-ს ცნობით, ინტენსიური თოვა აქ მოსალოდნელია 3 იანვარს. 

რაც შეეხება ფასებს, ბაკურიანში, რომელიც საქართველოს ყველაზე განვითარებული ზამთრის კურორტია, არჩევანი დიდია. 

მაგალითად, ბაკურიანში, booking.com-ზე 4 ვარსკვლავით შეფასებულ სასტუმროებში, ორადგილიან ნომერში, ერთი დღე-ღამის ყველაზე მაღალი ფასი ორ სტუმარზე 670 ლარია. 

300-400 ლარი ღირს სამვარსკვლავიან სასტუმროში ორადგილიანი ნომერი ერთი დღე-ღამით. თუმცა არის უფრო იაფი სასტუმროებიც, სადაც ორ ადამიანს ერთი დღე-ღამის გატარება 250-140 ლარი დაუჯდება. 

ბევრად უფრო იაფია საოჯახო სასტუმროები ბაკურიანში. აქ ოთახის ერთი ღამით ქირაობის ფასი, ერთი ადამიანისთვის, კვების გარეშე, 20 ლარიდან  იწყება, ხოლო ოთახის  ქირაობა კვებასთან ერთად დღეში დაახლოებით 50-55 ლარი ღირს. 

ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონე ბაკურიანიდან „ბათუმელებთან “ამბობს, რომ ახალი წლის დღეებში კოტეჯებს შედარებით ძვირად აქირავებენ. ფასები იკლებს იანვრის ბოლოს და თებერვლის თვეში. კოტეჯების ფასი საშუალოდ 200-900 ლარია, კოტეჯის ზომისა და დამსვენებელთა რაოდენობის მიხედვით.  

თოვლს ელიან პირველი იანვრიდან მესტიაშიც. არჩევანი აქაც არის – სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები.  

ერთი დღე-ღამის ფასი ორი ადამიანებისთვის მესტიის სასტუმროებში საშუალოდ 120-200 ლარია. 

ერთი დღე-ღამით 15-20 ადამიანზე გათვლილი კოტეჯების ფასი კი მესტიაში 250 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ერთი სტუმრისთვის ღამისთევის ფასი მესტიაში 25 ლარიდან იწყება კვების გარეშე.

გუდაურში, საქართველოს ერთ-ერთ პოპულარულ სამთო კურორტზე, booking.com-ის მონაცემების თანახმად, სასტუმროების ნაწილი ახალი წლის შემდგომ დღეებში უკვე დაჯავშნილია. სასტუმროების საშუალო ფასი ორი ადამიანისთვის დღე-ღამეში 100-დან 800-მდე ლარია, სასტუმროს ვარსკვლავებისა და სერვისების შესაბამისად. 

აქ კოტეჯების ფასი 200-დან 1000-მდე ლარია. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროების ფასს, მსგავსად სხვა კურორტებისა, აქ ერთ ადამიანზე საოჯახო სასტუმროს ფასები 20-25 ლარიდან იწყება და 60-მდე ლარს აღწევს. 

უკვე უხვი თოვლია აჭარაში, კურორტ გოდერძიზე. აქ სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ფასი სასტუმროში დღე-ღამეში 230 ლარიდან იწყება და 280 ლარამდე მერყეობს. 

კურორტ გოდერძიზე დასვენების მსურველებს ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ ღამე კურორტიდან სამ კილომეტრში მდებარე სოფლის საოჯახო სასტუმროში გაატარონ, სოფელ დანისპარაულში. 

„დანისპარაულის საოჯახო სასტუმროებში დარჩენა საშუალოდ 25  ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა. 

საოჯახო სასტუმროებში ერთი ღამით დარჩენა 30 ლარი  ღირს კვების გარეშე, ხოლო ორჯერადი კვებით – 50 ლარი. 

ტურისტთა რაოდენობამ იკლო, წელს ძალიან ცუდი გზებია, გზის სარემონტო სამუშაოების გამო. ახლა არ მყავს დამსვენებლები. რეკავენ, მაგრამ არ ჯავშნიან“, – გვითხრა ვახტანგ გელაძემ, დანისპარაულში საოჯახო სასტუმრო „ნიკის“ მეპატრონემ. 

ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე 109 კილომეტრი უნდა გაიარო. კურორტი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და მისი მაქსიმალური სიმაღლე 2366 მეტრია. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: