მთავარი,სიახლეები

რისი ეშინოდათ 2 საუკუნის წინ ყვავილზე აცრისას

16.08.2021 • 46405
რისი ეშინოდათ 2 საუკუნის წინ ყვავილზე აცრისას

იზოლაციას, ნიღბის ტარებასა და სხვა მსგავს პროფილაქტიკურ რეგულაციებს, რაც ყვავილის ეპიდემიის პირობებში წესდებოდა XIX და XX საუკუნეებში, ხშირად უგულებელყოფდა მოსახლეობა და მეტიც, დასცინოდნენ კიდეც.

პირველი ვაქცინა, რომელიც გამოიყენებოდა მე-19 საუკუნეში ყვავილის წინააღმდეგ, სავალდებულო არ გამხდარა ყველასთვის საფრანგეთში 1902 წლამდე. იმდროინდელი ფრანგული პრესის ინფორმაციით, ხელისუფლებას უწევდა ძალიან ბევრი ადამიანის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ვაქცინაციისა და რევაქცინაციისა, განსაკუთრებით 1907 წელს, როცა „შავ ყვავილად“ წოდებული ჰემორაგიული ყვავილისგან ბევრი ადამიანი დაიღუპა. თუმცა სანამ ადამიანების დიდი უმრავლესობა საკუთარი სურვილით აიცრებოდა, ფრანგულ საზოგადოებას ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა დიდი შეტევის მოგერიება დასჭირდა.

„ამცრელები და აცრილები” -Crafty, « Vaccinateurs et vaccinés », გამოცემა Le Monde illustré, 21 mai 1870. Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

მე-18 საუკუნეში ყვავილით ინფიცირებული ყოველი მეხუთე ადამიანი კვდებოდა, დანარჩენებს კი ეპიდემია მძიმე კვალს უტოვებდა: ნაიარევ სახესა და ოფთალმოლოგიურ პრობლემებს, სიბრმავეს.

„ყვავილის შედეგი“ ვაქცინის პრაქტიკულ სახელმძღვანელოში გამოყენებული ლითოგრაფია/Paris, 1821. Collection BIU Santé Médecine / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ამ დროისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყვავილით 10% იყო. მიიჩნევა, რომ ევროპაში ყვავილი აღმოსავლეთიდან გავრცელდა. მიუხედავად ეპიდემიის მძიმე შედეგებისა, საფრანგეთში დიდი კამათი იყო გაჩაღებული ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

ფრანგული საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ყვავილის აცრა იყო მნიშვნელოვანი წვლილი, რაც თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების საქმეში, თუმცა კათოლიკური ეკლესია აცრის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1774 წელს ყვავილით გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV, მისი შვილი, ლუდოვიკო XVI კი დაინფიცირდა და ყვავილმა ტრავმები დაუტოვა. გადარჩენილი ლუდოვიკო აიცრა და 1786 წელს ბრძანა ვაქცინაცია სავალდებულო გამხდარიყო ყველასთვის, ვინც სამხედრო სასწავლებელში აპირებდა შესვლას.

ყვავილთან საბრძოლველად ვირუსის ინოკულირების მეთოდი გამოიყენებოდა მანამ, სანამ ინგლისელმა მეცნიერმა ედუარდ ჯენერმა არ აღმოაჩინა, რომ ძროხის ყვავილს შეეძლო ადამიანები ამ ინფექციური დაავადების ეპიდემიებისგან დაეცვა. ცხოველის ამ ვირუსის შესუსტებული ვარიანტის ადამიანის სხეულში შეყვანით იმუნიტეტი უფრო ძლიერი ხდებოდა, ვიდრე ადამიანის ვირუსით ინოკულირების შემთხვევაში.

1800 წელს, ჯენერის კვლევების საფუძველზე, ინგლისში ყვავილის ვაქცინა შეიქმნა, თუმცა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს მივიდნენ მეცნიერები დასკვნამდე, რომ ერთი დოზით გაძლიერებული იმუნიტეტი არ იყო საკმარისი და ადამიანებს ხელახლა ვაქცინაცია სჭირდებოდათ.

ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ საფრანგეთის ქალაქებში მცხოვრები განათლებული მოსახლეობა ემხრობოდა ძირითადად. ამას მოწმობს იმ დროს გავრცელებული გრავიურები, რითაც აცრისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას პრესაში. ამ გრავიურებზე ასახულია 1801 წელს საფრანგეთში დაფუძნებული „ვაქცინაციის კომიტეტის“ მუშაობაც.

„ვაქცინის კომიტეტი”Collection De Vinck (histoire de France, 1770-1871). Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

 

„ვაქცინა მოგზაურობს”/ Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

 

„ვაქცინა” Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

 

„ვაქცინის წარმომავლობა” / Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონმა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა არმიაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოყმანობდა და აცრას არ იკეთებდა. ვაქცინაციასთან დაკავშირებული უამრავი სახუმარო პოსტერიც ვრცელდებოდა საფრანგეთში.

მაგალითად, როგორ უკეთებს ყვავილის საწინააღმდეგო აცრას ცოლი ქმარს, რის შემდეგაც ქმარს რქები ამოსდის. ეს ერთგვარი ალუზია იყო ღალატზე, მაგრამ სხვა მხრივ მსგავსი პოსტერები ვაქცინის ,,ეშმაკისეულ“ წარმოშობაზე მიანიშნებდა.

„ვაქცინის თვალწარმტაცი ეფექტი” / Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

იმდროინდელ პრესაში ბევრგან წააწყდებით ვაქცინაციის შემდეგ რქებამოსულ ადამიანებს, რაც მაშინდელი შიშების გამომხატველი იყო: რახან ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ძროხის ყვავილის დასუსტებულ ვირუსს შეიცავდა, ადამიანები შიშობდნენ, რომ ცხოველების ნიშნები გაუჩნდებოდათ: ამოუვიდოდათ რქები, გამოესხმებოდათ კუდი და ა.შ.

ამ შიშების ამსახველია 1907 წლის სახალისო ფერადი გრავიურა წარწერით „აცრის მშვენიერი ეფექტი!“ სადაც გაშარჟებულია უსაფუძვლო შიში.

„აცრის მშვენიერი ეფექტი!” – Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ან კიდევ 1870 წლის პოსტერი სათაურით „ძროხის ვაქცინის შედეგი!“

„ძროხის ვაქცინის შედეგი!” – Gallica (BnF)./ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სკოლებისა და სკოლა-ინტერნატების მოსწავლეებისთვის საფრანგეთში სავალდებულო გახდა 1809 წელს, შემდეგ წლებში კი თანდათან სხვა დაწესებულებებისა და ინსტანციებისთვისაც ვალდებულებად იქცა.

მოგვიანებით ვაქცინაციის პროპაგანდაში ჩაერთო ეკლესიაც, არამხოლოდ ვაქცინაციის კაბინეტებში მომუშაქვე ექიმები და მედდები, არამედ სხვადასხვა დარგის ექიმებიც. საგანმანათლებლო სამუშაოები გულისხმობდა ჩვეულებრივ საუბრებსაც ხშირად აცრამდე, სტიგმებისა და შიშების დასაძლევად.

გაზეთებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში, ახალგაზრდა დედებისთვის განკუთვნილ წიგნებსა და ლექსიკონებში – ყველგან იყო განხილული ვაქცინაციის სარგებლიანობის თემა ვრცლად და ამომწურავად. 1890 წლის ლარუსი – უნივერსალური ფრანგული ენციკლოპედია დიდ წერილს უძღვნის ანტივაქსერებს, მაგრამ მათი მოსაზრებების პასუხად აქვეყნებს არგუმენტებს ვაქცინაციის უალტერნატივობაზე. მე-19 საუკუნის პრესა ღიად გამოდის ანტივაქსერების წინააღმდეგ.

„ვაქცინაცია პარიზის მედიცინის აკადემიაში” გამოცემა „Le Monde” illustré, 19 mars 1870. Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

პოპულარული პრესა ვაქცინაციის პროპაგანდას ეწევა, აქარწყლებს მყარი არგუმენტებით ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებს, 1880 წელს გამოცემამ „Le Petit Journal” ვრცელი სტატია მიუძღვნა ვაქცინის მნიშვნელობას:

„ნუ მოატყუებთ დედებსა და მამებს. ვაქცინა – ეს არის უსაფრთხო საშუალება ყვავილის წინააღმდეგ, დაუფიქრებლად აცერით შვილები და დაფიქრდით, ვაქცინაცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაა“, – წერს მე-19 საუკუნის პოპულარული ფრანგული გამოცემა.

ტერმინი „ვაქცინაცია“ ოფიციალურად ციმბირული წყლულისა და ცოფის აცრების გამომგონებელს, ლუი პასტერს ეკუთვნის, რომლისკენაც ძალიან დიდი კრიტიკა იყო მიმართული. კრიტიკულად განიხილებოდა მისი ცდები ცხოველებზე, საზოგადოების ერთი ნაწილი ბრალს სდებდა, რომ ვაქცინა მან მატერიალური სარგებლის მიზნით გამოიგონა და ა.შ.

საფრანგეთს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გამხდარიყო 1902 წლის 15 თებერვლიდან.

„საზოგადოებრივი ვალი. სავალდებულო ვაქცინაცია”, გამოცემა Le Matin, jeudi, 22 août, 1907/ წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

კანონი ავალდებულებდა მშობლებს ერთი წლის ასაკში აეცრათ ჩვილი, მეორე დოზით კი 10, 11 წლის როცა გახდებოდა.

სავალდებულო ვაქცინაცია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, თუმცა საზოგადოებრივმა აზრმა მნიშვნელოვნად დაიწყო ცვლილება მას შემდეგ, რაც 1907 წელს მარსელში ყვავილის ეპიდემიის დიდი აფეთქება მოხდა. პრესის გადმოცემით ამ პერიოდში ქალაქში ყვავილით გარდაცვლილი იმდენი ადამიანი იყო, რომ დილაობითაც კი იმართებოდა დაკრძალვის ცერემონია, ერთმანეთისთვის რომ არ შეეშალათ ხელი გარდაცვლილთა ოჯახებს. 1907 წელს მარსელის ყვავილის ეპიდემია ხშირად იყო მაშინდელი პრესის პირველ გვერდებზე.

„ყვავილი მარსელში” / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

თავდაპირველად საზოგადოება იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ყვავილზე აცრილები მაინც ავადდებოდნენ, თუმცა პრესა და სამედიცინო ჟურნალები აქვეყნებდნენ ოპფიციალურ სტატისტიკას, რომ აცრილებსა და მით უფრო ორჯერ აცრილებს დაავადება ბევრად მსუბუქად გადაჰქონდათ და აქვეყნებდნენ ასევე სტატისტიკას, რომ აცრილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იკლებდა ყვავილით გარდაცვლილთა რაოდენობა.

1907 წელი, პარიზი. „ვაქცინაცია მედიცინის აკადემიაში – ხალხის რიგი” L’Écho de Paris, 20 mars 1907. Gallica (BnF). / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ იმატა, სატირული ფრანგული პრესა ხშირად აქვეყნებდა ვაქცინაციის ამსახველ სახალისო ნახატებს იმის საჩვენებლად, რომ ახლა უკვე ყველგან იცრებოდნენ ადამიანები, იქაც კი, სადაც საჭირო არ იყო.

„ვაქცინაცია”, კარლ გრიპის ილუსტრაცია / Carlo Gripp, « La vaccination», Paris-Comique, 2 avril 1870. Musée Carnavalet. Paris Musées. / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ყვავილმა ათასწლეულების მანძილზე ასობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ვაქცინაციის მსოფლიო კამპანიის შედეგად, 1980 წლისთვის, ეს დაავადება სრულად აღმოიფხვრა.
ყვავილი ბოლოს 1977 წელს გავრცელდა სომალიში, მაგრამ ეპიდემია დროულად აღკვეთეს. ყვავილის ვირუსის უკანასკნელი ნიმუშები ამჯერად რუსეთსა და აშშ-ში ინახება.


წყარო: (BNF)Bibliothèque Nationale De France / საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: