ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 2 კვირით ჩაიკეტება

ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 2 კვირით ჩაიკეტება. ჩაიკეტება ასევე ხუცუბნისა და კვირიკეს კვანძები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოებია. ეს ნაკერი რამდენიმე თვე დაზიანებულია.

„2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან 27 მაისის ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა“ – წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით.

ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.

საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად“. – წერს გზების დეპარტამენტი.

სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.

ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები გასული წლის ნოემბერში სქელი ლითონის ნაჭერით დაფარეს. ამ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე კი, 50 კილომეტრ საათამდე შეზღუდეს.

„მაგ ობიექტზე ჩვენ გვაქვს დავალება და მუშაობს ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანია. დროებითი სამუშაოები, რაც საპრევენციო იყო, უკვე ჩატარებულია – დროებითი სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო, რომ შეფერხება არ იყოს.

შესაბამისი სადეფორმაციო ნაკერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეკვეთილია და ჩამოტანას სჭირდება დრო. როგორც კი მოხდება ტრანსპორტირება და ადგილამდე მიტანა, შესაბამის დროში უკვე მოხდება მისი დამონტაჟებაც. ზუსტად თარიღებს სამწუხაროდ ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმის შესაბამისად, როგორც დავალებაა და როგორც ეს ტრანსპორტირების დრო მოგვცემს საშუალებას“, – გვითხრეს კომპანია NEW ROAD-ში 2025 წლის ნოემბერში.

რაც შეეხება გზის გადაკეტვას სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის პერიოდში, „ეს არის სამუშაოს თანმდევი პროცესი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკაში ტექნიკურად როგორც ხერხდება, ნაწილობრივი შეზღუდვა წესდება, რომ გზა სრულად არ ჩაიხერგოს და რაღაცა პრობლემა არ შეიქმნას, მით უმეტეს ასეთ ზონებში“,- გვითხრეს მაშინ „ბათუმელებს“ კომპანია NEW ROAD-ში.

მთავარ ფოტოზე: დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერი ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც რკინითაა დაფარული. 12.05.2026

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

შსს-მ 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი, ბრალი წარედგინა – ზოგიერთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგიერთს – დაუსწრებლად, მათ შორის, 2 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

„ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები….

დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით, პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 13 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3-წლიანი საბაკალავრო მოდელი 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდება – გაბისონია

უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება იგეგმება.

დღეს, 13 მაისს, პარლამენტში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების სამწლიან მოდელზე გადასვლის შესახებ.

მისი თქმით, „ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, სამწლიანი საბაკალავრო მოდელი გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც.

„დღეს წარმოვადგენ დამაზუსტებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდება სამწლიანი საბაკალავრო მოდელი. ეს ეხება მხოლოდ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და არ გავრცელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

არსებული ნორმატიული ცვლილება გულისხმობს 240 კრედიტის შემცირებას 180 კრედიტამდე, გარდამავალ პერიოდში“ – თქვა ზვიად გაბისონიამ.

მისი თქმით, 2025 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე დაფინანსების ძველი, ანუ საგრანტო სისტემა გავრცელდება.

ასევე, ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

თამარ ხვედელიანმა, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტში, ზვიად გაბისონიას საგრანტო კონკურსის დაგვიანების მიზეზებზე ჰკითხა.

„მაისია უკვე და ჯერ კონკურსი არ გამოცხადებულა. დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამართლებრივი ჩარჩო ამ კონკურსის ფაქტობრივად არ არსებობდა, რატომ ვერ გაითვალისწინეთ დეკემბერში, რომ ამის საჭიროება დადგებოდა?“ – ჰკითხა მან გაბისონიას.

ზვიად გაბისონიას თქმით, საგრანტო დაფინანსების საკითხი მოგვიანებით იქნება გამოტანილი განსახილველად. მან დასძინა, რომ მაისის ბოლოდან ეს პროცედურები დაიწყება.

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, უმაღლესი განათლება 4 წლის ნაცვლად 3-წლიანი გახდება საბაკალავრო საფეხურზე და სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურიც 1 წლით შემცირდება.

„ოცნების“ რეფორმას მწვავედ აკრიტიკებენ განათლების ექსპერტები, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი. მათი შეფასებით, დაგეგმილი მოდელი საფრთხეს უქმნის ქართული განათლების სისტემას, რადგან საქართველოს განათლების სისტემას აშორებს ბოლონიის პროცესს და ქართველ ახალგაზრდებს ართმევს ევროპულ პერსპექტივას.

თანამდებობის პირების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აიღებენ – კანონპროექტი

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც.

კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში.

კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის.

სახელფასო დანამატი ან ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

ხოლო ფულადი ჯილდოს შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.

ამავე კანონპროექტით, 5%-ით იზრდება საჯარო უწყებებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშტატო ნუსხა. ცვლილება არ ეხება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს. ამ უწყებებში ისევ 10 %-იანი ზღვარი დარჩა.

„საჯარო დაწესებულებაში   ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს.

ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.

ეგრისის ეროვნული პარკის პროექტზე 3 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

„ოცნების“ პარლამენტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, სამეგრელოში, კერძოდ, სამი მუნიციპალიტეტის – წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

მომხსენებლის თქმით, ახალ პარკს, ეგრისის ეროვნული პარკი ერქმევა და მისი მიზანი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, ასევე მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, განსაკუთრებით კი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენაა.

კვლევა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ამ ადგილას დაცული ტერიტორიის შექმნაა შესაძლებელი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა [BMZ] და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა [KfW] დააფინანსა 64 000 ევროს ოდენობით, პროგრამის – „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. ამის შესახებ განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული პარკის პროექტზე 2 694 720 ლარი დაიხარჯება. აქედან 511 680 ლარი პარკის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე უნდა დაიხარჯოს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელება 2027 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაიწყოს.

პარკისთვის შეიქმნება სპეციალური ადმინისტრაცია 22 საშტატო ერთეულით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და პერსონალით.

ამავე პროექტის მიხედვით, 2028 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტარით გაიზრდება.

______________

ფოტოზე: ინწრას ჩანჩქერი წალენჯიხაში. ფოტო: წალენჯიხა/facebook

„ვიფიცებით 24 საათით“ – ტაქსის მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება.

საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო. ბათუმში ტაქსის მძღოლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩის დასაწყისში არიან შეკრებილნი.

ტაქსის მძღოლები უკვე მეხუთედ მართავენ აქციას შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

მძღოლები დამსაქმებელი კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ გაიზარდოს ტაქსის გამოძახების ტარიფი ერთ კილომეტრზე, ასევე მოცდის წუთები გახდეს ფასიანი, დამსაქმებელმა უზრუნველყოს დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევა და გაითვალისწინოს საწვავზე გაზრდილი ფასები.

აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლები ასევე საუბრობენ პატრულის მხრიდან გახშირებულ ჯარიმებზეც.

„ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეპუტაცია და თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, შეექმნებათ რეპუტაციული საფრთხეც. დღეს გავიფიცებით 24 საათით და ვაპირებთ დავგეგმოთ როგორ გაგრძელდება ეს პროტესტი. აქ არის საუბარი ჩვენი უფლებების დაცვაზე,“- ამბობენ ტაქსის მძღოლები.

„2 წუთითაც რომ გაჩერდე, მაშინვე გაჯარიმებენ 100 ლარით. არ გადავიხდი ამ ჯარიმებს, ვაპროტესტებ. მაშინ უნდა იყოს საკმარისი გასაჩერებელი ადგილები“- ამბობს ტაქსის მძღოლი ირაკლი ტიკარაძე.

„ბენზინის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა და 3-ლარიან შეკვეთაზე რომ მიდიხარ 4-ლარიანი ბენზინით, ბუნებრივია, ეს აისახა ჩვენს შემოსავლებზე. ჩვენ უკან ოჯახებია და ამით ვარჩენთ მათ, ამით ვსაზრდოობთ. ხარჯებს ვერ ასწორებს მანქანა, ისეთი ძვირია ყველაფერი.

დღეში 50 ლარი რომ გამოიმუშავო, მაგალითად, „ბოლტზე“, უნდა ჩაასხა 30 ლარის საწვავი, აქედან 12 ლარი მიაქვს კომპანიას და მთლიანობაში არაფერი არ გამოგვდის.

ხალხი უმუშევრობის გამო ევროპაში მიდის, ჩვენ არაფერს ვთხოვთ ხელისუფლებას, თვითდასაქმებულები ვართ და ვშრომობთ, მაგრამ იმხელა ჯარიმებია, რომ 3 თვის განმავლობაში ჯარიმებიდან 139 მილიონი შევიდა ბიუჯეტში.

ხომ უნდა იყოს რაღაც რეგულაცია?

მგზავრი ჩამოდის, 2 წუთში ჯდება ტაქსიში და ამ დროს 100-ლარიანი ჯარიმა მოდის. არც პარკინგის საკითხია მოგვარებული არც არაფერი და ჯარიმები გასამმაგებულია.

ყველა გავიფიცებით, ჩვენი ოჯახის წევრებიც დაგვიდგებიან, რადგან შეუძლებლია ასე ცხოვრება“- ამბობს კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

ტაქსის მძღოლების თქმით, როცა ავტომანქანა გაჩერებულია და ჩართული აქვს ავარიული, ის არ უნდა დაჯარიმდეს.

ტაქსის მძღოლების თქმით, დამსაქმებელი კომპანიები ჯერჯერობით არ არიან თანახმა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ პროტეტს, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

ტაქსის მძღოლები დღეს, 15:00 საათზე აპირებენ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.

„გამაუპატიურა რუსმა ოფიცერმა, რომელმაც დამკითხა“ – უკრაინელი რეჟისორი და უფლებადამცველი

უკრაინელი რეჟისორი, ალისა კოვალენკო „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, რატომ გადაწყვიტა ომში წასვლა და როგორ აღმოჩნდა რუსულ ტყვეობაში.

მან თავად გამოიარა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა, არის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის  – „SEMA უკრაინისა“ და „ომის დროს სექსუალური ძალადობის დასასრულებლად მსხვერპლთა და გადარჩენილთა გლობალური ქსელის“ აქტიური წევრი.

ნახეთ ვიდეო: 

 

„გამაუპატიურა რუსმა ოფიცერმა, რომელმაც დამკითხა" - უკრაინელი რეჟისორი და უფლებადამცველი

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 344 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 928 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 554 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 41 985 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 786 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 376 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 287 359 ერთეული [+1 853]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 375 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 96 142 ერთეული [+287]
  • სპეცტექნიკა – 4 181 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვის რამდენი ხელფასი აქვს ქობულეთის მერიაში – აქ საშტატო ნუსხა შეამცირეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქობულეთის მერიის განახლებული საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა.

ახალი დადგენილებით, ქობულეთის მერიის საშტატო ნუსხა შემცირდა.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის საშტატო ნუსხა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მაცნეზე გამოქვეყნებულ ნუსხაში 187 შტატი იყო გათვალისწინებული.

2026 წლის აპრილში საშტატო ნუსხა კი 154-მდე შეამცირეს და თავიდან დაამტკიცეს.

განახლებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ქობულეთის მერის ხელფასი 8 ათასი ლარია, მერის პირველი მოადგილის – 5 600, ხოლო მერის მოადგილეების – 5 120.

3 680 ლარითაა განსაზღვრული ქობულეთის მერიაში დასაქმებული სხვადასხვა სამსახურის უფროსის ხელფასი, 2 800 ლარით განისაზღვრა განყოფილების უფროსების ხელფასი, მეორე კატეგორიის სპეციალისტების ხელფასი 2 400 ლარია, ხოლო მესამე კატეგორიის სპეციალისტის – 2 080 ლარი.

2 240 ლარით განისაზღვრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ხელფასი. ყველაზე დაბალ ანაზღაურებას, 1 360 ლარს ქობულეთის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იღებენ.

_______________

ფოტოზე: ქობულეთის საკრებულო

რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო. მიზეზი საიდუმლო სქემაში მონაწილეობაა, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ანტიდოპინგური ტესტირების დროს თაღლითობაში ეხმარებოდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამავე დროს, დისკვალიფიკაცია მისცეს მორაგბეებს: 6-წლიანი გიორგი ჭყოიძეს, 3-3 -წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს, ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს.

9-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს რაგბის გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წინასწარ ატყობინებდა ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, დაგეგმილი ტესტირებების შესახებ, ის კი ამ ინფორმაციას მორაგბეებს საერთო ჩატში უზიარებდა.

„ბიბისის“ ცნობით, მერაბ შარიქაძემ აღიარა, რომ თანაგუნდელებს ტესტირებისთვის საკუთარ „სუფთა“ შარდს აძლევდა.

„მსოფლიო რაგბიმ (World Rugby) ეჭვი აიღო 2023 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ პერიოდში, როდესაც სინჯებში ანომალიები აღმოაჩინეს. ორგანიზაციის განცხადებით, ნიმუშების ჩანაცვლების მიზანი, სავარაუდოდ, რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვა იყო. ხელახალმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ნიმუშების ჩანაცვლების 5 შემთხვევა 2019 წლით თარიღდება.

შარიქაძემ 2023 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტურნირის დასრულების შემდეგ მან კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა და MMA-ში (შერეული ორთაბრძოლები) გადაინაცვლა, სადაც დებიუტი 2025 წლის ნოემბერში გამარჯვებით აღნიშნა“ – წერს „ბიბისი“.

__________________

ფოტოზე: მერაბ შარიქაძე/facebook

ხულოს საკრებულოს წევრი ემიგრაციაში მიდის – „ვიმუშავებ რესტორანში“

ხულოს საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“, ბესიკ შაინიძემ საკრებულო დატოვა და დროებით ემიგრაციაში წასვლას გეგმავს. „გადავიღალე მენტალურად“- ამბობს ბესიკ შაინიძე „ბათუმელებთან“.

ბესიკ შაინიძეს „ბათუმელები“ ხულოს საკრებულოს მუშაობასა და ემიგრაციაზე ესაუბრა.

  • ბატონო ბესიკ, საკრებულო ოფიციალურად დატოვეთ უკვე?

დიახ, საკრებულო დავტოვე მიმდინარე წლის მარტში. მანდატი შემიჩერდა უკვე და ჩემი შემცვლელიც შევიდა საკრებულოში – რომან ქედელიძე.

  • ფეისბუქზე წერდით, რომ აღარ გინდათ იყოთ „ბუტაფორიული ორგანოს“ წევრი და ამიტომ დატოვეთ საკრებულო. გახსოვთ ალბათ, როგორი წინააღმდეგობა შეხვდა „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ამის გამო, შესაძლოა, მხარდამჭერების ნაწილიც კი დაკარგა „ლელომ“. დღეს, ამ გადასახედიდან, როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას, ფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა?

ეს იმედგაცრუება ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, მოცემულობა შეიქმნა ისეთი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა საკრებულოში ყოფნას. ბრძოლას ყოველთვის ჰქონდა აზრი და ახლაც აქვს, უბრალოდ, ხულოს საკრებულოში ვეღარ ვხედავ ჩემს თავს, რადგან რაიმე სასიკეთო ცვლილება ვერ მომაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულოში ნეპოტიზმის ისეთი დონეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ დაუპირისპირდება, მით უმეტეს, მაშინ, როცა რესურსები არ გაგვაჩნია.

საკრებულოს სხდომებზე ლაივის ჩამრთველი ადამიანი არ მყავდა, რომ ის, რაც ამ სხდომებზე ხდებოდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა.

  • რა ხდებოდა?

თუნდაც ბიუჯეტის განხილვის დროს, როცა საუბარი დავიწყე პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ხულოს მერი ტელეეთერებში იჯდა და ჩემი მისამართით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ სოფელ წაბლანაში 4 წელია სკოლას აშენებენ, მაგრამ ჯერ დაწყებულიც არ აქვთ. თუნდაც ის, რომ ერთ-ერთ სოფელში წყალსადინარის ცხაურები გაქრა და დღემდე არ არის ეს საკითხი გამოძიებული, თუ სად წავიდა რკინის ცხაურები.

წაბლანაში წყლის ტენდერი ჩაატარეს სამჯერ, მილიონამდე ლარია დახარჯული და მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება სრულად წყალი.

ასეთი ბევრი საკითხია, რომელზეც ვსაუბრობდი, მაგრამ რეაგირება არ იყო. აქ სხვა პრობლემაცაა, საკრებულოში მყოფ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ რაიმე გამოასწორონ ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მათ, შედეგი არ ექნება. პირიქით მოხდა, მე გადავიღალე მენტალურად მათთან ურთიერთობით.

  • ოპოზიცია მხოლოდ თქვენ იყავით ხულოს საკრებულოში?

გახარიას პარტიიდანაც არის ერთი ადამიანი, მაგრამ… კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეღო ჩვენთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა, გაცილებით მეტი რესურსი გვექნებოდა კონტროლის, შეგვეძლო შეგვექმნა ფრაქციებიც, რომლებიც ბიუროს განხილვებში მიიღებდნენ მონაწილეობას.

მე რიგითი წევრი ვიყავი და არ მქონდა ბიუროზე დასწრების უფლება და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრი მცდელობა მქონდა და დისკომფორტიც არაერთხელ შევუქმენი.

თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებს მორალური პედასტალი აღარ გააჩნიათ, მხოლოდ სკამისთვის და თვის ბოლოს რომ დარიცხული ხელფასი აიღონ, იმისთვის არიან საკრებულოში.

  • თქვენ თქვით, რომ ხულოს საკრებულო ხელს უწყობს კორუფციას. გაქვთ რაიმე კონკრეტული მაგალითი?

თუნდაც ე.წ. 300-ლარიანი დახმარებები ავიღოთ, გარკვეულ ადამიანებს ერიცხებოდათ ხელფასის ნახევარი და დარჩენილი ნაწილი სხვაზე ნაწილდებოდა. ამის შესახებ არაერთმა ადამიანმა აღნიშნა ჩემთან საუბარში, რომ მე ვშრომობ და მხოლოდ ნაწილი მერიცხება, დანარჩენი თანხა სად მიდისო – მეკითხებოდნენ.

პროკურატურის დონეზე არ მქონია საუბარი, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე გავაჟღერე ეს საკითხი რამდენჯერმე, მაგრამ გაიცინეს, ეს იყო მათი რეაქცია.

თუმცა იმდენ ადამიანს მოჰქონდა მსგავსი ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მათაც არ სცოდნოდათ.

  • სხვა მოწვევის საკრებულოშიც გიმუშავიათ?

დიახ, მეორედ გავხდი საკრებულოს წევრი, თუმცა წინა წლებთან შედარებით რადიკალურად გაუარესებულია მდგომარეობა იმ გაგებით, რომ საკრებულოში არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, მსჯელობა, მოდის მერიიდან გარკვეული საკითხები და 26 ადამიანი ერთხმად უჭერს მხარს.

ნოტარიუსის ფუნქცია უფრო აქვს დღეს საკრებულოს, ვიდრე თვითმმართველი ორგანოს. ამიტომ თუ გვინდა, რომ ჩვენ რაიმე შევცვალოთ ამ მიმართულებით, ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს ოპოზიციას.

ახალი არჩევნები არავის იცის როდის დაინიშნება, ამიტომ ოპოზიციამ კაბინეტები უნდა დატოვოს და გამოვიდნენ ხალხში. მეც იმიტომ გამიჭირდა, რადგან საერთო ხედვა ოპოზიციას არ გააჩნია, დღეს კი იდეური ერთობაა საჭირო, რომ რეჟიმი დაამარცხო.

თუ მოსახლეობის დარწმუნება მოხდება ერთიანი ხედვით, მე მჯერა, რომ შესაძლებელია ივანიშვილის ხელისუფლებაც შეცვალო.

  • როგორც ვიცით ემიგრაციაში წასვლას გეგმავთ. რომელ ქვეყანაში აპირებთ გადასვლას?

ველოდები ინგლისის ვიზას, თვის ბოლოს, წესით, უნდა ავიღო. როგორც ყველა ემიგრანტმა, მეც ნულიდან უნდა დავიწყო ცხოვრება. ჯერ მუშაობას დავიწყებ და შემდეგ, ალბათ, ვისწავლი კიდეც.

ინგლისში მეგობარი მყავს, რომელმაც ქართული რესტორანი გახსნა და ალბათ იქ ვიმუშავებ.

  • თქვენ საუბრობდით ოპოზიციის ერთიან ხედვაზე, ხალხთან დიალოგზე, თუმცა საკრებულო მიატოვეთ და მიდიხართ ემიგრაციაში. ვინ გეიმედებათ აქ, ვინ იმუშავებს ხალხთან თქვენ ნაცვლად, როგორ ფიქრობთ?

მესმის, რომ უხერხული მომენტია, მაგრამ 19 წლიდან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარ ჩართული, გავრილოვის წინააღმდეგ აქციებიდან მოყოლებული სულ ქუჩაში ვარ და ადამიანურად, მენტალურად გადავიღალე.

ცოტა შესვენება მჭირდება ენერგიის აღსადგენად და ისეც არ ვაპირებ წასვლას, რომ საქართველოში ვერ დავბრუნდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი ადამიანური რესურსები იმდენად მიილია, რომ გადატვირთვა მჭირდება.

რუსული კანონი იყო თუ არჩევნების შემდეგ, ევროპასთან შეჩერებული მოლაპარაკებების გამო საპროტესტო აქციები, სულ ქუჩაში ვიდექი. ამ ეტაპზე მჭირდება, რომ საკუთარი თავი გადავარჩინო, რადგან მე თუ არ ვიქნები კარგად, ვერც ბრძოლას შევძლებ.

  • არიან ადამიანები, რომლებიც 500-ზე მეტი დღე  ასევე დგანან ქუჩაში, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. რა შეიძლება მათ ვუთხრათ?

მე ახალგაზრდობის იმედი მაქვს, რადგან საბჭოურ მენტალობაში გაზრდილი ადამიანები არაფერს შეცვლიან. რაც არ უნდა ელაპარაკო, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ვიღაც ხელისუფლებაშია და ფულს აკეთებს, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყო და მილიონები მოიპარო.

ამიტომ, ამ საპროტესტო აქციებზე ვინც ვნახე, ამ ადამიანების იმედი მაქვს. მესმის, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ნიჰილიზმიც გააჩინა ახალგაზრდებში, თუმცა ბოლომდე იმედგაწყვეტილი არ ვარ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთა ბრძოლაც რეალურ ცვლილებებს მოიტანს.

მეც რამდენიმე თვით მივდივარ და უკან დაბრუნებას ვაპირებ, რადგან ამ ქვეყნის პოლიტიკაში ვხედავ საკუთარ მომავალს.

აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მაჩვენებლების თანახმად, აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.

რეგიონების მიხედვით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში.

წყარო: საქსტატი

2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.

ამავე დროს, 2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39.0 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი – 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზსაც, საქსტატის ცნობით, არის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

 

1 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით კომპანიის დირექტორი დააკავეს

პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში 43 ავტომანქანას ჩამოიყვანდა და გადასცემდა.

„ბრალდებულმა დაზარალებული მოატყუა, რომ თითქოსდა ავტომანქანების ჩამოსაყვანად საჭირო იყო ავტომანქანების ღირებულების ნაწილის წინასწარ გადახდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბრალდებულს  ხელზე გადასცა და მის მიერ მითითებულ საბანკო და კრიპტო საფულის ანგარიშებზე გადარიცხა 1 004 798 ლარი.

მიუხედავად თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა და დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვინ არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები

ირაკლი კობახიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დანიშნა.

საბჭოს თავმჯდომარეა სერგო ჭელიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სეუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა ვასილ გონაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;

საბჭოს მდივანი – ზურაბ ქავთარია, ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

ასევე, საბჭოს წევრები არიან:

ივანე აბაშიძე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;

ნათია ჯოჯუა – ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

რიმა ბერიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

მარიამ ბოჭორიშვილი – „ტად ვიკის“ დირექტორი, ქუთაისის საერთაშორისოში უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი;

თამარ გამსახურდია – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;

ციური დურული – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი;

ლევან ვეფხვაძე –  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო მინდიაშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი;

ნარგიზ ფალავანდიშვილი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;

ეკატერინე შაკიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი;

ნინო ჩინჩალაძე – ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

ბაქარ ბერეკაშვილი – შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.

კობახიძემ ბრძანებას ხელი 7 მაისს მოაწერა.

ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით.

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

თიბისის მობაილბანკში კრიპტოს პირველი შეძენა დამატებით შესაძლებლობას ქმნის: 31 მაისის ჩათვლით, კრიპტო პლატფორმაზე ყოველი მე-100 მომხმარებელი, რომელიც პირველად იყიდის კრიპტოს, საჩუქრად მიიღებს YE, Kanye West-ის კონცერტის 2 ბილეთს. კამპანიის ფარგლებში კონცერტზე დასასწრები ბილეთებით ჯამში 100 მომხმარებელი დასაჩუქრდება.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, იყო თიბისის მობაილბანკის მომხმარებელი, გქონდეს კრიპტოს აქტიური ანგარიში და შეასრულო კრიპტოაქტივის ყიდვის პირველი ოპერაცია. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სრულწლოვან, 18 წელს ზევით მომხმარებლებზე.

თიბისის მობაილბანკში 30-მდე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და ყველაზე მარტივად შეგიძლია. ციფრული აქტივის შეძენისთვის დამატებითი რეგისტრაცია არ დაგჭირდება, ინვესტირება კი 1$-დან, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.

YE, Kanye West-ის კონცერტი თბილისში 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

საჩუქრის მისაღებად დეტალური პირობები იხილე ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/offers/all-offers/get-rewarded-with-ye-concert-tickets

კრიპტოთი ვაჭრობის დაწყება თიბისის მობაილბანკში მარტივად შეგიძლია – https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbc

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოაქტივის ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.

„მე დავბრუნდები საქართველოში“ – აფგან სადიგოვი

საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში აპირებს დაბრუნებას.

„მე დავბრუნდები საქართველოში!

მამაცი, ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მოიპოვებს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მეც ამ გზაზე ბოლომდე ჩემი მშობლიური ქართველი ხალხის გვერდით ვარ!

საქართველოს სახელმწიფოსთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენენ არა ისინი, ვინც ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან, არამედ კრიმინალური ბანდა სახელწოდებით – „ქართული ოცნება“ და მკვლელი, ხალხის მტერი ბიძინა ივანიშვილი!

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს შეკვეთილ სასამართლო პროცესზე წერილი გამოაგზავნა, სადაც ნათქვამი იყო: „აფგან სადიგოვის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს“.

იმ ადგილებში, სადაც მე ვიბრძვი, საფრთხეს წარმოადგენენ დიქტატორები და მათი მორჩილები — პოლიტიკურ იარაღად ქცეული პირები, კორუმპირებულები, მკვლელები და ხალხის მტერი ჩინოვნიკები.

ჩვენგან არანაირი ზიანი არ მიადგება არცერთ სახელმწიფოს, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს და ხალხს ემსახურება“ – წერს აფგან სადიგოვი.

ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. პოსტის შინაარსი ასეთი იყო: „იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.

2026 წლის 5 აპრილს კი, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.  სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და საქართველოში  შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით,  ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს.

საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი ბაქოში პოლიციამ დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე: 

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანმა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი მისცა

„ბინის რემონტის დაპირებით 120 ათასი ლარი მიისაკუთრა“ – შსს-მ 1 პირი დააკავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ პირს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 მაისს ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 343 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 926 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 553 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 41 935 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 785 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 373 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 285 506 ერთეული [+1 252]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 373 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 95 855 ერთეული [+145]
  • სპეცტექნიკა – 4 179 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე

ბათუმში კვადროციკლების მფლობელები, რომლებიც ამ დრომდე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მუშაობდნენ და ტექნიკას აქირავებდნენ, დღეს, 11 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.

მათი თქმით, უკვე 2 თვეა, რაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

„ვუერთდებით ბათუმის პროევროპულ აქციას, არამგონია, რომ უსამართლობა ვინმესთვის მისაღები იყოს“ – განაცხადა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეორე მოქალაქემ კი თქვა, რომ მას მხოლოდ კვადროციკლებით ბულვარში მუშაობის შეფერხება აწუხებს და მიმდინარე აქციის შესახებ არაფერი იცის.

„მე ამ აქციას არ ვუერთდები, ამ აქციის შესახებ არაფერი ვიცი, აპოლიტიკური ვარ“ – განაცხადა მან „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

კვადროციკლების მფლობელების თქმით, ისინი 2 თვეა რაც ბულვარში ვერ მუშაობენ და გაჩერებულები არიან.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე შეხვედრისა და მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა, არჩილ ანთაძემ [ის ცრუმოწმეა მზია ამაღლობელის საქმეში, როგორც ყოფილი პოლიციელი] მათ შესთავაზა, სკუტერები განათავსონ აკვაპარკის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარედ და მხოლოდ ამ არეალში იმუშაონ.

ამ დრომდე კვადროციკლების, სკუტერების და სხვა მგორავი საშუალებების მფლობელებს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ჰქონდათ მუშაობის უფლება, ძველ ბულვარში ამ ტექნიკის მოძრაობა კი ქაოსური მოძრაობის, არაერთი შეჯახებისა და ინციდენტის გამო ბათუმის საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით აკრძალა.

„ამაზე დათანხმებას აზრი არ აქვს, 300 კვადროციკლია და კიდევ ათობით თვითმგორავი“ – ამბობენ მფლობელები.

კვადროციკლების მესაკუთრეები მუშაობის დაშვებას ითხოვენ მთელი ბულვარის ტერიტორიაზე, მათ შორის ძველ ბულვარშიც.

ერთ-ერთი მესაკუთრის თქმით, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან მოვიდნენ და ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რომ მათი საკითხი გადაწყვიტოს. ისინი აცხადებენ, რომ თუ კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, არ დაიშლებიან და აქ გათენებას გეგმავენ.

12 მაისიდან ყაზბეგის ქუჩაზე ტრანსპორტით მოძრაობა იზღუდება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისიდან 25 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე.

„შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან, რომლის ფარგლებშიც ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დასრულდა 8 ქუჩასა და მონაკვეთზე, ხოლო დაგეგმილია 11-ზე. სამუშაოები, ასევე, სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“ – წერს მერია.

ასევე, 5 მაისიდან 21 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში.

ამავე თემაზე: 

ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

„სასამართლოს ცოცხლად დამარხვის რიტუალი“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

დღეს, 11 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე. ამჯერად საქმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას ეხებოდა.

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის 16 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„თავისუფლება მზიას“- შეძახილებითა და ტაშით დახვდა გულშემატკივრებით და მოქალაქეებით სავსე დარბაზი დღეს მზია ამაღლობელს.

„სიჩუმე დარბაზში“ – ხმადაბლა გაისმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ხმა, რომელსაც უკვე დაეკავებინა მოსამართლის სავარძელი.

ცისფერ პერანგში გამოწყობილი მზია ამაღლობელი ხელის აწევით მიესალმა შეკრებილებს, გაიღიმა და ისევ უარი თქვა დამჯდარიყო ბრალდებულისთვის განკუთვნილ სკამზე.

სხდომის დასაწყისში მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნინო ხუციშვილმა მოსამართლეს მიმართა, ნება მიეცით მზია ამაღლობელს ჩემ გვერდით დაიკავოს ადგილიო. მოპასუხე მხარის პოზიცია არც კი მოუსმენია, ისე თქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

ადვოკატმა პროცესზე ასევე მოითხოვა საქმისთვის იმ ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებების სახით დართვა, რომლებითაც დასტურდება, როგორ დააკავეს მზია ამაღლობელი უკანონოდ და როგორ გააყალბეს მისი დაკავების საქმე.

„როცა თქვენ არ განიხილეთ სარჩელი და შემდეგ სააპელაციომ უკან დაგიბრუნათ, თქვენ აცილება არ მოითხოვეთ… რადგან თქვენ არ მოითხოვეთ აცილება, არც ჩვენ მოვითხოვეთ ეს, იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესები სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვის რიტუალს დაემსგავსა, სამწუხაროდ“ – მოსამართლეს მიმართა მზია ამაღლობელმა და ვიდრე აქციაზე მისვლას და სტიკერის გაკვრის გამო დაკავებას გაიხსენებდა, დარბაზში შეკრებილ ადამიანებს გადაუხადა მადლობა – თქვენი ყოველდღიურობა სავსეა საფრთხეებით და მაინც არ მტოვებთ მარტოო. 

„ვიდრე არსებობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც საიაა, არ უნდა დავკარგოთ რწმენა, რომ გვექნება დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა…“- აღნიშნა მზია ამაღლობელმა და მერე აღწერა, როგორ შექმნეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა მის საქმეში სიყალბე,  „პარალელური რეალობა“.

„ფაქტი იყო ის, რომ არ იყო არანაირი მოწოდება, მე გავაკარი სტიკერი შსს-ს გალავანზე სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად…“- რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება მზია ამაღლობელმა. მან გაიხსენა, რომ იმ საღამოს, როცა თავდაპირველად აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტის საფარზე გაკეთებული წარწერისთვის, თავად ოფისში იყო და თავის საქმეს აკეთებდა.

მზია ამაღლობელი აქციაზე მივიდა მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ იქ მოქალაქე დააკავეს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების სარგებლობისთვის.

„ადგილზე რომ მივედი, გავიგე, რომ კიდევ 7 პირი იყო დამატებით დაკავებული…

მე დამაკავა გრიგოლ ბესელიამ, ეს არ ყოფილა ამოცნობის გამო… ჩემთან კომუნიკაციაში არავინ შემოსულა, ვიდრე არ ამიყვანეს პოლიციის მე-3 სართულზე.

მთელი ეს სიყალბე მოდის იქიდან, რომ პირი, რომელმაც დამაკავა, იყო რეგიონის პოლიციის უფროსი და მან სტიკერის გაკვრის გამო დამაკავა… არც დაკავების დროს და არც შემდეგ არავის განუმარტავს, რატომ დამაკავეს“,- აღნიშნა მზია ამაღლობელმა დღევანდელ პროცესზე.

სიყალბე რამდენიმე გარემოებით დასტურდება:

პირველი: უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, თუმცა ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა. კადრებში ჩანს, რომ გოჩა ვანაძე არც კი მიახლოვებია მზია ამაღლობელს.

მეორე: მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე – ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი განმარტავს, რომ მზია ასკ-ის 150-ე მუხლით დააკავეს (შენობის იერ-სახის დამახინჯება), მაგრამ ეს მუხლი პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.

საბოლოოდ, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ გაასამართლეს, რაც კანონის დარღვევაა. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ცრუ ჩვენებების მიცემით დაკავდნენ შს მაღალჩინოსნები, მათ შორის, გრიგოლ ბესელია, რომელმაც თქვა, რომ 150-ე მუხლის დარღვევაზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ბესელიას ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ოქმი შეადგინეს.

„მე 15 წელია მოსამართლე ვარ, როგორ ფიქრობთ, ცნობადი ვარ?“- საიას ადვოკატს მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

„დიახ“- წამოიძახეს დარბაზში.

„პატრულიც მაჩერებს და საბუთებს მთხოვს“- მაგალითი დაასახელა მოსამართლემ.

ეს შეკითხვა მოსამართლეს შსს-ს ვერსიის გასამყარებლად დასჭირდა: თითქოს მზია ამაღლობელი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით დააკავეს და სამართალდარღვევის აღკვეთისთვის. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება შსს-ს არ წარმოუდგენია.

„ჩემთვის პირადობა არავის მოუთხოვია… იურისტი არ მოუთხოვიაო, არადა აქციაზე იურისტის გარეშე არ მივედი, რომ დაკავებულს შეხვედროდა იურისტი. როგორ ფიქრობთ, მე არ მოვითხოვდი ამ დროს იურისტს?“ –  განხილვაში ჩაერთო ისევ მზია ამაღლობელი.

„დამღალა ამ უსამართლობამ“- წამოიძახა დარბაზში მყოფმა მოქალაქემ, დარეჯან რუხაძემ. მან თქვა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს, პაუზის შემდეგ კი დაამატა, ვიდრე მოსამართლის მითითებით დატოვებდა დარბაზს:

„დამღალა ივანიშვილმა, როგორ ჭამთ პურს? როგორ არ იხრჩობით?“- მოსამართლეს მიმართა ქალმა.

საიას ადვოკატმა, ნინო ხუციშვილმა მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება: მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელმაც გასულ წელს განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მიიჩნია, რომ არ დასტურდება მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების ლანძღვა-გინება – ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელებს შეურაცხყოფდა და სწორედ ამის გამო დააკავეს.

მოსამართლე სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, მზია ამაღლობელი პოლიციელებს ხელს უშლიდა დაკავებაში და ეს იყო სამართალდარღვევა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა „ბათუმელების“ თანამშრომლებს: ეკა ბერიძესა და არჩილ კახაძეს, წესრიგს არღვევთო.

„შავი მაიკით რომ ხართ, აბრძანდით“- მიმართა მოსამართლემ არჩილ კახაძეს.

„მაიკით არა, მაისურით“- მოსამართლეს შეუსწორეს დარბაზიდან.

„მადლობა, რომ არ მასმენინებთ ამ სიყალბეს“- უთხრა მოსამართლეს არჩილ კახაძემ, ვიდრე სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.

„გრიგოლ ბესელიას მოქმედება რა იყო, შეგიძლიათ გვითხრათ?“ – შსს-ს იურისტებს მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა. მან იმ კადრზე მიუთითა, რომელშიც ჩანს, რომ გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს და პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეჰყავს.

„ეს სამართლებრივი შეფასებაა“- შეკითხვას არ უპასუხა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.

დღევანდელ პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა განავითარეს ვერსია, რომ მზია ამაღლობელი თითქოს თავისი ნებით მიყვებოდა გრიგოლ ბესელიას. საპირისპირო რამ ჩანს უწყვეტ კადრებში.

„თავისუფალ მდგომარეობაში გადაადგილდებოდაო, მომწონს თქვენი ეს განმარტება“- შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა.

შსს-ს იურისტებმა დღევანდელ პროცესზე განმარტეს – ჩვენ პოლიციელ გოჩა ვანაძის ჩვენებას ვეყრდნობით და მზია ამაღლობელი დააკავეს იდენტიფიცირების გამო და არა სამართალდარღვევის აღკვეთის გამოო.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მზია ამაღლობელს არ დაუმალავს რომელიმე პოლიციელისთვის საკუთარი ვინაობა, იდენტიფიცირების დადგენის გამო კი პირის დაკავება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა პირი უარს ეუბნება სამართალდამცველებს იდენტიფიცირებაზე.

„მხოლოდ  სახელის და გვარის თქმა არაა საკმარისი იდენტიფიცირებისთვის“- აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ. მას არ დაუზუსტებია, დამატებით რა გააკეთეს პოლიციელებმა, მაგალითად, პოლიციის შენობაში მზია ამაღლობელის ვინაობის დასადგენად.

„მხარის მიერ ხდება კადრების ინტერპრეტირება“- თქვა შსს-ს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ. მისი მტკიცებით, გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებია მზია ამაღლობელი და რასაც ვიდეოკადრებში ვხედავთ, ამას არ უნდა დავუჯეროთ.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი სიყალბე: ამ ადმინისტრაციულ საქმეში შსს-მ წარმოადგინა ის კადრი, რომელიც მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდეა გადაღებული. ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.  კადრების გაყალბება შსს-ს იმიტომ დასჭირდა, ეჩვენებინა, თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს ხელს უშლიდა ვინმეს დაკავებაში.

საბოლოოდ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მზია ამაღლობელის დაკავება კანონიერად მიიჩნია. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამით დასრულდა.

  • რა ხდება?

ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე თვის წინ უარი თქვა იმ  მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე  უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.

თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერების დასადგენად ჩატარდა დღეს, 11 მაისს სასამართლო სხდომა.

მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს და გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს.

ამ თემაზე:

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

 

სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით „ხმა“ ხელმოწერებს აგროვებს

მოძრაობა „ხმა“  სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებს.

დღეს, 11 მაისს, მოძრაობის წევრებმა მეტრო „რუსთაველიდან” დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. სულ 25 000 მოქალაქის ხმა უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ პარლამენტმა საკითხის განხილვა დაიწყოს.

უფასო კვების მოთხოვნით, კანონპროექტი დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიტანა „ხმამ“ პარლამენტში. „ბათუმელები“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ვახტანგ ნაცვლიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მოძრაობა „ხმა“ პირველი იყო, რომელმაც სკოლებში უფასო კვების საკითხი წამოსწია და აქტიური პროცესი დაიწყო.

„ქართული ოცნება“ დაჰპირდა კიდეც საზოგადოებას წინასაარჩევნოდ, რომ სკოლებში კვების პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა მოგვიანებით სახსრების უქონლობა და სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა მოიმიზეზეს.

„საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე მკვეთრი დაკვეთა არსებობს და გვინდა ეს დაკვეთა ოფიციალურად გავაფორმოთ.

განათლების რამდენიმე მინისტრმაც გააჟღერა, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამა აუცილებლად დაიწყებოდა, თუმცა ყოველთვის იყო რაღაც საბაბი, რის გამოც ეს საკითხი გადაიდებოდა ხოლმე.

ხან ამბობდნენ, რომ ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამას, ხან ინფრასტრუქტურა იყო მიზეზი, მაგრამ ჩვენ დავითვალეთ ამ კვების ხარჯი და ეს არგუმენტი  ვეღარ იმუშავებს, რადგან ეს შესაძლებელია ჩვენი ეკონომიკის პირობებშიც კი.

შემდეგ ითქვა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურას იკვლევდნენ და ესეც მიზეზია ჩვენი აზრით, რადგან ყველა სკოლა შესაძლოა არ არის მზად იმისთვის, რომ საკვები ადგილზე დამზადდეს, მაგრამ არავის მოუთხოვია, რომ პირველივე წელს ყველა სკოლაში ერთნაირად დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამა.

სკოლებში, სადაც არსებობს ბუფეტი, იქ შესაძლებელია დამზადდეს ცხელი საკვები, სადაც არ არსებობს ფუნქციური ბუფეტი, იქ შესაძლებლია შევიდეს სადილის ყუთი. მთიან სკოლებში ასევე შესაძლებელია ალტერნატიული გზების მოფიქრება“- ამბობს ვახტანგ ნაცვლიშვილი.

ის, რომ სკოლებში ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი მშიერია, ამაზე საუბრობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც.

მასწავლებლები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, როცა ბავშვებს გული წაუვიდათ გაკვეთილზე მხოლოდ იმიტომ, რომ მშივრები იყვნენ.

სპეციალისტების შეფასებით, სასკოლო კვება უმნიშვნელოვანესია როგორც ბავშვების ფიზიკური, ასევე მენტალური განვითარებისთვის, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებში სასკოლო მასალის ათვისებას და ყურადღების მობილიზებას სასწავლო პროცესში.

ვესაუბრეთ გიორგი ხასაიასაც, რომელიც დღეს ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობდა.

„საგრძნობლად მეტი ხელმოწერა გვინდა შევაგროვოთ, რომ 25 000 ხელმოწერა ხარვეზების გარეშე გამოვიდეს.

დღეს იყო პირველი დღე და მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, მომდევნო დღეებში ადგილების რაოდენობაც გაიზრდება, შესაბამისად, ხელმოწერების რაოდენობაც გაიზრდება დღის განმავლობაში.

რაც შეეხება რეგიონებს, თითქმის ყველგან არიან მოხალისეები, გავუგზავნით ბლანკებს, სადაც იწერება მოქალაქის სახელი-გვარი, პირადი ნომერი და მისამართი და ასე შეგროვდება ხმები.

მოქალაქეები ძალიან აქტიურობენ, დიდი ინტერესი აქვთ ამ საკითხის მიმართ, ერთი ადამიანიც არ ყოფილა, რომელიც იტყოდა, რომ სასკოლო კვება არ გვინდა. ზედმეტი ახსნაც კი არ სჭირდებათ მოხალისეებს, იმდენად მოთხოვნადია ეს საკითხი საზოგადოების მხრიდან“-ამბობს გიორგი ხასაია.

_______

მთავარი ფოტო: ხელმოწერების შეგროვების პროცესი/ფოტო: ეკა დანელია.

_______

ამ თემაზე ბათუმელების აქრივიდან:

ვინ არის ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი

11 მაისს  სინოდმა 22 ხმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩია.

აქამდე იგი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე იყო.

ახალი პატრიარქი 57 წლისაა.

შიო მუჯირი (ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა, ბერად აღიკვეცა 1993 წლის 5 იანვარს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მღვდლად – 1996 წლის 6 მაისს.

შიო მუჯირი ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს 2009 წლის 20 სექტემბერს. მიტროპოლიტობა მას ებოძა 2010 წლის 2 აგვისტოს.

2017 წლის 23 ნოემბერს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა.

შიო (ელიზბარ) მუჯირმა დაწყებითი საშუალო განათლება თბილისში, 53-ე საშუალო სკოლაში მიიღო. პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში.

1988 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 2001 წლიდან სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ელიზბარ მუჯირი 1991 წელს  მორჩილად მივიდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და  სახელად შიო უწოდეს. ბერი შიო ჯერ მონასტრის ტრაპეზარი იყო, შემდეგ კი ეკონომოსი.

1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელ-მონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელ-მონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბერში გახდა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე. 18 მარტს შეკრებილმა სინოდმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

 

სინოდმა 22 ხმით აირჩია ახალი პატრიარქი

დღეს, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია შიო მუჯირი.

შიო მუჯირი 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე, დღეიდან კი თავად მიიღებს ტიტულს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

პატრიარქობის კანდიდატები იყვნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ყველაზე მეტი, 22 ხმა, შიო მუჯირმა მიიღო. 9 ხმა მიიღო ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა და 7 – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

იაპონელ მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს

ქობულეთში იაპონელ მოგზაურს მოჰპარეს ველოსიპედი, რომლითაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

„მოხდა ის, რის ყველაზე მეტად მეშინოდა – ველოსიპედი მომპარეს,“ – ამბობს ფეისბუქგვერდზე 11 მაისს გავრცელებულ ვიდეოში იაპონელი მოგზაური ნაოია ტაბიბიტო, – „დილით რომ გავიღვიძე, ველოსიპედი, რომელიც კარვის გვერდით მეგულებოდა, აღარ დამხვდა.

საბედნიეროდ, ძვირფასი ნივთები [პასპორტი, ფული და ა.შ.] წინა დღეს გაცნობილი ადამიანის სახლში მქონდა დატოვებული, ამიტომაც მხოლოდ ველოსიპედი და გარკვეული ტანსაცმელი დავკარგე.

ეს ველოსიპედი ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სიცოცხლის შემდეგ ყველაზე ძვირფასი ნივთი სწორედ ეს ველოსიპედია,“ – ამბობს ნაოია ტაბიბიტო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 342 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 924 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 551 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 41 863 ერთეული [+76]
  • MLRS – 1 783 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 373 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 284 254 ერთეული [+1 557]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 371 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 95 710 ერთეული [+231]
  • სპეცტექნიკა – 4 178 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

963 ათასი ლარი საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის რემონტისთვის

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის ფასადის რეკონსტრუქციას და რემონტს გეგმავს, რისთვისაც 963 ათას 600 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სამსართულიანი შენობა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 25 ნომერში მდებარეობს და მასში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, ერთ-ერთ ფლიგელში ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურიცაა განთავსებული.

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობა ბათუმში / 10.05.2026

შენობაზე სამუშაოები იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც თან ახლავს ტენდერს.

ვიზუალიზაცია: შენობა რემონტის შემდეგ / რენდერი პროექტიდან

პროექტის მიხედვით:

„გათვალისწინებულია შენობის ფასადების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი ადაპტირება არსებულ კლიმატურ პირობებთან. ამასთან, შენობის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მიშენებული კიბის უჯრედისთვის გათვალისწინებულია გადახურვის მოწყობა.

ფასადი – პროექტის მიხედვით ნაგულისხმევია არსებული კერამიკული ფილების დემონტაჟი, მთავარი შესასვლელის გადახურვის დემონტაჟი და კედლების გასუფთავება არსებული ნალესისგან. შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ფასადის მოპირკეთება ფილებით, შესაბამისი განაწილებისა და ფერის მიხედვით, მათ შორის ალუმინის კომპოზიტური პანელებით [ACP].

ასევე გათვალისწინებულია დაზიანებული ფანჯრების დემონტაჟი და ახალი ფანჯრების მოწყობა. გარე პერიმეტრზე დაგეგმილია ბეტონის სარინელის მოწყობა.

შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები – პირველ და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია მცირე კოსმეტიკური სამუშაოები. მეორე სართულზე დაგეგმილია ე.წ.
„გრილიატოს“ ჭერის დემონტაჟი, იატაკზე არსებული ე.წ. „რბილი იატაკის“ და დერეფნებში არსებული ალუმინის ვიტრაჟების დემონტაჟი.

პროექტის შესაბამისად მოეწყობა ახალი თაბაშირმუყაოს ჭერი, ორმაგი თაბაშირმუყაოს ტიხრები და ლამინატის იატაკი.“

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობაში არსებული სიტუაცია და უკანა ფასადი / ფოტოები პროექტიდან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, შემდეგნაირადაა განსაზღვრული: გადახურვის და ფასადის სამუშაოებზე – არანაკლებ 10 წელი; სანათებსა და ნათურებზე – არანაკლებ 1 წელი; სხვა დანარჩენ სამუშაოებზე – არანაკლებ 5 წელი.

ამავე თემაზე:

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

 

 

 

პირველად თბილისში, იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში თბილისში ჩამოვა ათამდე ესპანურენოვანი მწერალი ესპანეთიდან, მექსიკიდან, პერუდან, ვენესუელადან, კუბიდან და აშშ-დან. ეს მწერლები არიან:

დავიდ ტოსკანა (მექსიკა), ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), ნიკოლას მელინი (ესპანეთი), აურელიო მახორი (მექსიკა), როდოლფო ჰასლერი (კუბა),  ვალერი მაილსი ( აშშ/ესპანეთი), ფერნანდო ვარა დე რეი (ესპანეთი), ხორხე ედუარდო ბენავიდესი (პერუ), მარკოს გრანადოს გომესი (ესპანეთი).

ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, ქართველი მკითხველი სამ მნიშვნელოვან იბეროამერიკულ გამოცემას გაეცნობა:

  • დავიდ ტოსკანა (მექსიკა) — „ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო“: აბსურდითა და ირონიით სავსე რომანი ომისშემდგომ ვარშავაზე.
  • ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა) — „შავი ქვიშა“: ემოციური ამბავი წარსულსა და საკუთარი თავის ძიებაზე.
  • სარა მესა (ესპანეთი) — „სიყვარული“: თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რომანი რთულ და ასიმეტრიულ ურთიერთობებზე.

ფესტივალის პროგრამის შესახებ

ფესტივალის მულტიდისციპლინური პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ პანელებს, პოეზიის კითხვებს, კინოჩვენებებსა და ესპანური კლასიკური თეატრის წარმოდგენებს თბილისსა და წინანდალში.

ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას მემორიალური საღამომით.

პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალის მიზანია ქართული და ესპანურენოვანი ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავება.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს პენ ცენტრი, გამომცემლობა ინტელექტი, საქართველოს ისპანისტების საზოგადოება.

ფესტივალის მხარდამჭერია ესპანეთის საელჩოს ოფისი საქართველოში, ესპანეთის საელჩო თურქეთში, სერვანტესის ინსტიტუტი თურქეთში, მექსიკის საელჩო თურქეთში, პერუს საელჩო თურქეთში, აკვალია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), კომპანია პსპ, კავკასიის უნივერსტეტი,  წინანდლის მამული და სარეკლამო კომპანია დეიზი.

თბილისის იბეროამერიკული ფესტივალის მასპინძელია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რუმსი“ და თეატრალური კომპანია „ჰარაკი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს

ორშაბათს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი.

ამჯერად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს.

სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ  მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე  უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.

თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერებას შეისწავლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს, ხოლო გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს სისხლის სამართლის საქმის თაობაზე.

ხვალ, 11 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ნეტგზეთის” კიდევ ერთი რეპორტიორის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავება  “გზის გადაკეტვას” 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს. სადავო ეპიზოდის დროს ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – აშუქებს მიმდინარე პროტესტს.

რეპორტიორის წინააღმდეგ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარამდე, ან 15 დღემდე პატიმრობას.

ამავე თემაზე:

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 მაისს ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 მაისს კი, უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა და წვიმაა მოსალოდნელი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმში „ოცნების“ მთავრობამ ეროვნულ ბანკს ქონება გაუცვალა

„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 113 964 ლარად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 395 კვადრატული მეტრი ფართობი და 4 კონდიციონერი გადაეცა.

სანაცვლოდ, ეროვნულმა ბანკმა მის საკუთრებაში არსებული ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [„იუსტიციის სახლში“] მდებარე 209 კვადრატული მეტრი ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა დაუთმოს.

მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც ეროვნულ ბანკს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყო განთავსებული. ამ სამსახურის გაუქმების შემდეგ კი ქონებას პროკურატურა სარგებლობდა.

ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა / შენობა [შუაში], რომელიც ეროვნულ ბანკს გადაეცა
მთავარი პროკურატურის სარგებლობაშია არასაცხოვრებელი ფართობები ბათუმში „იუსტიციის სახლის“ მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 სართულებზე. ამავე შენობის მე-8 სართულზე ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფოსთვის გადასაცემი 209.07 კვადრატული მეტრი ფართობი გადაეცემა თუ არა პროკურატურას სარგებლობაში, ჯერ უცნობია. ამ ფართობის გადაცემის შემდეგ „იუსტიციის სახლის“ მესაკუთრე მხოლოდ სახელმწიფო იქნება.

მთავრობის განკარგულებით, ეროვნულმა ბანკმა საპრივატიზებო თანხა – 113 964 ლარი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ეროვნულ ბანკს, სადაც გვითხრეს, რომ შენობას მხოლოდ საოპერაციო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადმოეცა, ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა N54-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს, ქალაქ ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N7-ში VIII სართულზე მდებარე უძრავ ქონებას.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქამდეც გააჩნდა საოფისე ფართობი ქალაქ ბათუმში, რომელსაც იყენებდა საოპერაციო მიზნებისათვის და ახალ ქონებასაც აღნიშნული მიზნებისთვის გამოყენებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართობის სხვა დანიშნულებით, გარდა საოპერაციო მიზნებისა, გამოყენება არ იგეგმება“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ ეროვნული ბანკიდან.

მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით ეროვნულმა ბანკმა საჯარო რეესტრს 6 მაისს მიმართა.

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი ფოტო: შსს

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 341 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 920 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 24 544 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 41 787 ერთეული [+75]
  • MLRS – 1 782 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 373 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 282 697 ერთეული [+1 489]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 362 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 95 479 ერთეული [+227]
  • სპეცტექნიკა – 4 176 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ზელენსკიმ კრემლს 9 მაისს აღლუმის ჩატარების „ნებართვა“ მისცა

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს

2024 წლის ნოემბრის აქციების დროს ძალადობაში მონაწილე ხუთი სამართალდამცავი მხოლოდ ახლა, 2026 წლის 7-9 მაისს დააკავეს.

„ოცნების“ ხელისუფლება აქამდე ამბობდა, რომ მოძალადე ძალოვანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამჯერად კი, კობახიძე აცხადებს: „უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა.“

ამ თემაზე: „ჩვენთვის ტვირთი იყო, რომ სამართალდამცავებიდან არავინ იყო დაკავებული – კობახიძე

ბოლო წლებში საპროტესტო აქციების დროს გამოყვანილი შენიღბული პოლიციელების/სპეცრაზმელების იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები კი წლებია მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სპეცრაზმელთა აღჟჭურვილობას დაამაგრონ ისეთი მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც მოქალაქისთვის ხილვადი იქნება.

ამ ყველაფრის ფონზე „ოცნება“ საპოლიციო ძალების აღჭურვილობაში ნიღბების გამოყენებას კვლავ აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამჯერად საზაფხულო ნიღბების შესაძენად 40 339 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში უწყება „სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის“ 3 900 ერთეულ ნიღაბსა და 65 ჰალსტუხს შეიძენს.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ნიღაბი უნდა იყოს შავი ფერის, გრძელყელიანი, ერთ თარგიანი, რომელსაც აქვს ჰორიზონტალური ჭრილი თვალების ადგილზე და ჩაცმის დროს უნდა იყოს კომფორტული. ამასთან უნდა გამოირჩეოდეს შეუზღუდავი ხილვადობით.

შსს 3900 ცალ საზაფხულო ნიღაბს იყიდის / ფოტო ტენდერიდან

ჰალსტუხები კი უნდა იყოს ორი სახის, მუქი ლურჯი ფერის, შესაკრავი ნაწილობრივ რეზინით და მეტალის დუგმით.

შსს-ს ტენდერის ტექნიკური დავალებიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 16 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება. ნიღბები და ჰალსტუხები კი ტენდერში გამარჯვებულმა შსს-ს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მიაწოდოს.

მთავარი ფოტო: ნიღბიანები საპროტესტო აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთის“ არქივიდან

ამავე თემაზე:

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

 

2,7 მილიონ ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისს იშენებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 2,7 მილიონი ლარით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით შენობა სამსართულიანი იქნება.

სურსათის სააგენტოს ბათუმის ოფისის ვიზუალი / ფოტო პროექტიდან

მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ოფისი უნდა ააშენონ 1 110 კვადრატული მეტრია. ეს ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა, 2021 წელს ის საკუთრებაში სახელმწიფოს, სურსათის სააგენტოს კი – სარგებლობაში გადაეცა.

ნაკვეთის მისამართია ბაგრატიონის ქუჩა 127, თუმცა, ის რეფერალური საავადმყოფოს უკან, დაახლოებით 350 მეტრში მდებარეობს – შარტავასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის.

წითელი ფერით მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა 2026 წლის 14 აპრილს გასცა.

სააგენტოს მიერ 2 790 890 ლარით გამოცხადებულ ტენდერში კი წინადადებების მიღება 2026 წლის 3 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა შენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა ააშენოს.

პირობის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი ხანგრძლივობის გარანტიები: შენობის ფასადებზე და დანარჩენ სამუშაოებზე – 3 წელი, ხოლო შენობის სახურავზე – 5 წელი.

ფოტო პროექტიდან

სურსათის სააგენტოს 76 640 ლარით კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზე, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ამ ტენდერში სააგენტოს მომსახურებას ინდმეწარმე ლერი ჩხარტიშვილი სთავაზობს 75 203 ლარად.

ვრცლად:

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

Exit mobile version