განათლება,მთავარი,სიახლეები

დღეს ხუთმა ბავშვმა მითხრა, მასწავლებლობა მინდაო – ინტერვიუ ხათუნა რაზმაძესთან

06.10.2021 • 2437
დღეს ხუთმა ბავშვმა მითხრა, მასწავლებლობა მინდაო – ინტერვიუ ხათუნა რაზმაძესთან

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის 2021 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. „ძალიან ბედნიერი, გახარებული და გაბრწყინებული ვარ“ – გვითხრა მან. როგორ გახდა მასწავლებელი 18 წლის ასაკში და როგორია მისი პედაგოგიური გზა ეროვნულ ჯილდომდე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ხათუნა რაზმაძეს „ბათუმელები“.

  • ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი.

პირველად სკოლაში რომ მივედი სამუშაოდ, 18 წლის ვიყავი, მეორეკურსელი. სოციოლოგია-ფსიქოლოგიის სპეციალობაზე ვსწავლობდი. სკოლა კარგად მქონდა დამთავრებული, ამიტომ მიღებისას კითხვები არ გასჩენიათ. მეთერთმეტეკლასელებს ვასწავლიდი.

  • რატომ წახვედით სკოლაში?

ადრე არ მიფიქრია მასწავლებლობაზე, თუმცა მძიმე პერიოდი მქონდა. მეორე შვილი დავკარგე, განვიცდიდი. მირჩიეს, რომ სკოლაში მემუშავა და ბავშვებთან ურთიერთობა დამეხმარებოდა. ოჯახიც ძალიან ადრე შევქმენი… ხომ გესმით, 90-იანი წლები იყო. თუმცა ახლა 5 შვილი მყავს და ბედნიერი დედა და ბებია ვარ.

მესამე კურსზე რომ ვიყავი, სკოლაში შემცვლელი მასწავლებლის პოზიცია შემომთავაზეს, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. გაკვეთილი რომ არ გაცდენილიყო, მე უნდა შევსულიყავი სხვა მასწავლებლის ნაცვლად. ასე ვატარებდი სხვის გაცდენილ გაკვეთილებს, თუმცა კლასში შესვლამდე ჯერ მე ვსწავლობდი.

ასე მოვხვდი დაწყებით კლასებში და როცა მეოთხე კლასში შევედი, ეს იყო ჩემი ახალი დაბადება. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი პროფესია.

  • მათემატიკის მასწავლებელი ამის შემდეგ გახდით?

დიახ, შემდეგ მივიღე მეორე პროფესია. ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან დამეხმარა ჩემი წინა გამოცდილება. ბავშვის ფსიქოლოგიის, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნამ, მიდგომებმა ძალიან გამიმარტივა მათთან მუშაობა.

ასე გავხდი მასწავლებელი.

ერთხელ დაჩის გაკვეთილებს დავესწარი და აღმოვაჩინე, რომ მათემატიკა არის კიდევ სხვა ჭრილში დასანახი საგანი და მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითში ინტეგრირებულად მიწევდა ამ საგნის სწავლებაც, ბოლო სამი წელია ჩემი მიმართულება ამ კუთხით შევცვალე და მინდა, რომ საკუთარი თავი სწორედ ამ სფეროში აღმოვაჩინო და განვვითარდე. მათემატიკოსი ნიშნავს სწავლის მოყვარულს და სწავლის სიყვარული ყველა ბავშვში შემიძლია ჩავდო.

ასევე ვარ ქართულის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანაავტორი, „სილქნეტის“ საშინაო სკოლის ქართულის მესამე კლასის გაკვეთილების ავტორი და ჩაწერილი მაქვს 35 გაკვეთილი. მასწავლებლის სახლს ჰქონდა ეფექტური კითხვის და წერის მეთოდებზე პროექტი და იქაც ჩავწერე საინტერესო ვიდეორგოლები.

  • ბავშვებისგან მსმენია, რომ მათემატიკის სიყვარულს მასწავლებელი განაპირობებს. მოსწავლეების თქმით, ხან სწორედ მასწავლებელი უქრობს მათ მოტივაციას შეფასებებით – „მათემატიკის ნიჭი არ გაქვს“, „ბიჭის ტვინი მაინც სხვაა“, „გოგოები ვერ სწავლობენ მათემატიკას“ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ესაუბრებით მათემატიკაზე ბავშვებს?

მინდა თითოეული გაკვეთილი ბავშვებისთვის თავგადასავალი იყოს. ვფიქრობ, ყველა ბავშვს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, მთავარია, აანთო ეს ჩირაღდანი მოსწავლეში, გაუჩინო დადებითი განწყობა, მოტივაცია საგნის მიმართ და შემდეგ უკვე ყველაფერი გამოდის სიყვარულით, განწყობით, ემოციებით.

ისე სწავლობენ ხოლმე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ თავისუფლად ანგარიშობენ ან შედიან მათემატიკური ამოცანებისა და თავგადასავლების სამყაროში.

  • არის კატეგორია მასწავლებლების, რომლებიც ამბობენ, რომ გამოცდილებაა მნიშვნელოვანი სწავლებაში, ზოგიერთი ფიქრობს, რომ მთავარი კვალიფიკაცია. თქვენ რას მიიჩნევთ უმნიშვნელოვანესად სწავლა-სწავლების პროცესში?

მიუხედავად იმისა, რომ 22 წელია ვატარებ გაკვეთილებს, ყოველთვის ვფიქრობ – რა გავაკეთე კარგი და რას გავაკეთებ უკეთესს? გამოცდილება თავის წვლილს დებს, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ბავშვებთან ურთიერთობა მგონია. ბავშვის და საგნის სიყვარული – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებაში.

მასწავლებელი მუდმივად უნდა იყოს ანთებული და სხვას გადასცეს ეს ცოდნა და სიყვარული.

  • რას ნიშნავს ბავშვის სიყვარული, რას გულისხმობთ ამაში?

მესმის, ყველა მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვები უყვარს, მაგრამ მთავარია ეს ქმედებაში აისახებოდეს. თუნდაც იმაში, როცა დავიხრები და ჩავჩურჩულებ, წავახალისებ, ვეტყვი როგორი ყოჩაღი და ძლიერია, რომ ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი მოსწავლეა, ეს თავისთავად ძალიან დიდ ენერგიას და ემოციას აჩენს ბავშვებში. მგონია, რომ ამ სიყვარულით, მეგობრობით გამოგვდის ყველაფერი.

მახსოვს, ერთმა ბავშვმა როცა გააცნო ჩემი თავი მშობელს, უთხრა: – „დე, ეს ჩემი მასწავლებელია, მაგრამ ჩემი მეგობარიც არის“. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მთავარი, რომ იყო მეგობარი, იყო მათი ტოლი, იყო მათნაირი, მათთან ერთად თამაშობ, განიცდი, გვიხარია და ერთად სწავლობ.

  • სიმკაცრე, „კლასის ხელში აყვანა“, სუბორდინაცია – არ არის თქვენს პრაქტიკაში?

ვფიქრობ, არ სჭირდებათ ბავშვებს ხმის აწევა, ზედმეტი საყვედურები. როცა გრძნობენ, რომ ურთიერთსიყვარული და პატივისცემაა, ისედაც აკეთებენ ყველაფერს.

ძალიან მარტივად გვარდება ყველაფერი, როცა მოსწავლეები გრძნობენ პოზიტიურ განწყობას კლასში.

  • ბავშვებს ხშირად საყვედურობენ ხოლმე, რომ „თავი ტელეფონში აქვთ ჩარგული“, რომ არაფერი არ აინტერესებთ, თქვენ როგორ ფიქრობთ?

მედალს ორი მხარე აქვს. ტექნოლოგიები ბავშვებს ეხმარება ონლაინსივრცეში და კლასშიც, რომ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები მოამზადონ. ვუზიარებ ეკრანს, ვაჩვენებ ანიმაციას და შემდეგ ვქმნით ამოცანებს, სიმღერაზე ვაკეთებთ სავარჯიშოებს და ეს გვეხმარება ამ პროცესში.

მეც ბევრი რამ ვისწავლე ბავშვებისგანაც და მგონია, რომ სწავლა და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხელს არ უშლის.

  • რა აკლია ყველაზე მეტად დღეს სკოლას. რატომ ვერ ხერხდება ხარისხის გაუმჯობესება სწავლებაში?

გლობალური კითხვაა და ერთი მიზეზი არ აქვს ამას. ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად დანერგილი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება საგაკვეთილო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრენინგი გავიარეთ. თანამედროვე საინტერესო მიდგომები, აღმოჩენები, სტრატეგიები უფრო მეტად უნდა დაინერგოს, რომ მივიდეთ თითოეულ მოსწავლესთან.

მთავარია არა სახელმძღვანელოს დასრულება, არამედ ის, ბავშვს რა დარჩა და როგორ გამოიყენებს ამ ცოდნას ცხოვრებაში.

  • ბავშვზე ორიენტირებულობა დამოკიდებულია მთლიანად პედაგოგის პროფესიონალიზმზე თუ მას აფერხებს სისტემა, რომელიც სთავაზობს გარკვეულ ჩარჩოებს?

ეროვნული სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს და ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია ამით მასწავლებელს. ერთი წერტილიდან მეორემდე ყველა შეიძლება სხვადასხვა გზით მივიდეს, მაგრამ მთავარია, როგორ მიხვალ.

მასწავლებელს მუხტი და ენერგია სჭირდება, რომ სწორად და თანაბრად მიიტანოს ცოდნა თითოეულ მოსწავლესთან. მოტივაციას კი ნამდვილად ქმნის ეროვნული ჯილდო.

დღეს სკოლაში რომ მივედი, ხუთმა ბავშვმა მითხრა – „მასწავლებლობა გადავწყვიტე“, „მასწავლებელი ვიქნები“. სხვებმაც გვინდა დაინახონ, აღმოაჩინონ, რომ მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესიაა მასწავლებლობა.

თითოეული მოსწავლის ბედი ჩვენს კლასებში წყდება. რაც უკეთესია საგაკვეთილო პროცესი, მით უკეთესია ბავშვების მომავალიც.

  • დაჯილდოების დღეს თქვით, რომ აპირებთ მოგებული თანხით შშმ ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრი დააარსოთ. რადგან ამის საჭიროება დაინახეთ, ალბათ პრობლემებიც არსებობს. რა აკლიათ ამ ბავშვებს დღეს?

ჩემთვის ძალიან სენსიტიურია ეს თემა, რადგან ჩემი მეხუთე შვილი ყრუა. არის ყრუთა სკოლა, სადაც ჩემი შვილი სწავლობს, მაგრამ იმპლანტირებული ბავშვები მაინც ცალკე თემაა, ვიდრე სრულიად ყრუ ბავშვები. მათი განათლება და განვითარებაც უნდა იყოს შესაბამისი. ვაპირებ, რომ გავაკეთო დღის ცენტრი, სადაც სკოლის შემდეგ ჩაერთვებიან  იმპლანტირებული ბავშვები და საკუთარ თავს იპოვიან.

გვინდა, რომ ყველა გაკვეთილზე გვყავდეს ჟესტური ენის თარჯიმანი. დავეხმაროთ ბავშვებს, რომ წიგნიერების უნარები განუვითაროთ, ვაჩვენოთ ფილმები და განვიხილოთ. ასევე, ვასწავლოთ კულინარია და ნივთების დამზადება, რომ მათი რეალიზებაც შეძლონ. მინდა ფოტოგრაფიაც, თუ გამოგვივა.

  • თქვენ გაქვთ ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, მუშაობდით ფსიქოლოგადაც. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რაში სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება და თანადგომა, რა აკლიათ მათ ყველაზე მეტად?

ბავშვები ყველაზე მეტად სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან. ბევრი მშობელი დაკავებულია და ხშირ შემთხვევაში ვეღარ ხერხდება მათთან ემოციური სიახლოვე.

ამიტომ ვცდილობ, რომ უფრო მეტი ემპათია გავუღვივო მათ. სწორი ღირებულებები უნდა ვასწავლოთ, დავეხმაროთ გახდნენ კრიტიკულები, შემოქმედებითი უნარები ჰქონდეთ და რაც მთავარია, იყვნენ ადამიანები.

  • რას ფიქრობთ სქემაზე? ბევრი აკრიტიკებს მას და ამბობს, რომ სქემა ვერ დაეხმარება მასწავლებელს პროფესიულ ზრდაში.

ვფიქრობ, ყველაზე ნამდვილი გზა არის მასწავლებლის სურვილი, რომ წავიდეს წინ. ძალდატანებით კრედიტების დაგროვება ან ტრენინგებზე დასწრება არ მგონია ეფექტური. მე პირადად ის დღე მგონია დაკარგულად, როცა რაღაც ახალს ვერ ვსწავლობ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლობა მუდმივ განვითარებას ნიშნავს და ამის სურვილი, პირველ რიგში, თავად მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.

_________________________________

მთავარი ფოტო: ხათუნა რაზმაძე/ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: