ბათუმში კვადროციკლების მფლობელები, რომლებიც ამ დრომდე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მუშაობდნენ და ტექნიკას აქირავებდნენ, დღეს, 11 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.
მათი თქმით, უკვე 2 თვეა, რაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
„ვუერთდებით ბათუმის პროევროპულ აქციას, არამგონია, რომ უსამართლობა ვინმესთვის მისაღები იყოს“ – განაცხადა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მეორე მოქალაქემ კი თქვა, რომ მას მხოლოდ კვადროციკლებით ბულვარში მუშაობის შეფერხება აწუხებს და მიმდინარე აქციის შესახებ არაფერი იცის.
„მე ამ აქციას არ ვუერთდები, ამ აქციის შესახებ არაფერი ვიცი, აპოლიტიკური ვარ“ – განაცხადა მან „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.
კვადროციკლების მფლობელების თქმით, ისინი 2 თვეა რაც ბულვარში ვერ მუშაობენ და გაჩერებულები არიან.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე შეხვედრისა და მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა, არჩილ ანთაძემ [ის ცრუმოწმეა მზია ამაღლობელის საქმეში, როგორც ყოფილი პოლიციელი] მათ შესთავაზა, სკუტერები განათავსონ აკვაპარკის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარედ და მხოლოდ ამ არეალში იმუშაონ.
ამ დრომდე კვადროციკლების, სკუტერების და სხვა მგორავი საშუალებების მფლობელებს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ჰქონდათ მუშაობის უფლება, ძველ ბულვარში ამ ტექნიკის მოძრაობა კი ქაოსური მოძრაობის, არაერთი შეჯახებისა და ინციდენტის გამო ბათუმის საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით აკრძალა.
„ამაზე დათანხმებას აზრი არ აქვს, 300 კვადროციკლია და კიდევ ათობით თვითმგორავი“ – ამბობენ მფლობელები.
კვადროციკლების მესაკუთრეები მუშაობის დაშვებას ითხოვენ მთელი ბულვარის ტერიტორიაზე, მათ შორის ძველ ბულვარშიც.
ერთ-ერთი მესაკუთრის თქმით, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან მოვიდნენ და ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რომ მათი საკითხი გადაწყვიტოს. ისინი აცხადებენ, რომ თუ კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, არ დაიშლებიან და აქ გათენებას გეგმავენ.






