მთავარი,სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება

19.05.2025
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან.

სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ. აქ აღნიშნეს, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა.

„საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან.

ეს უწყება სამართალდამცველების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. ეს უწყება ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი რეკომენდაციის შემდეგ შეიქმნა იმისთვის, რომ პროკურატურის ინტერესის და გავლენის მიღმა, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულიყო.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად, ქვეყანამ აიღო ვალდებულება საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე 2019 წლის 1-ელ ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 1-ელ მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომლის მთავარი მისია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი  გამოძიებაა,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: