მთავარი,სიახლეები

ვინ არის ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი

11.05.2026
ვინ არის ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი

11 მაისს  სინოდმა 22 ხმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩია.

აქამდე იგი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე იყო.

ახალი პატრიარქი 57 წლისაა.

შიო მუჯირი (ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა, ბერად აღიკვეცა 1993 წლის 5 იანვარს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მღვდლად – 1996 წლის 6 მაისს.

შიო მუჯირი ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს 2009 წლის 20 სექტემბერს. მიტროპოლიტობა მას ებოძა 2010 წლის 2 აგვისტოს.

2017 წლის 23 ნოემბერს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა.

შიო (ელიზბარ) მუჯირმა დაწყებითი საშუალო განათლება თბილისში, 53-ე საშუალო სკოლაში მიიღო. პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში.

1988 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 2001 წლიდან სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ელიზბარ მუჯირი 1991 წელს  მორჩილად მივიდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და  სახელად შიო უწოდეს. ბერი შიო ჯერ მონასტრის ტრაპეზარი იყო, შემდეგ კი ეკონომოსი.

1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელ-მონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელ-მონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბერში გახდა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე. 18 მარტს შეკრებილმა სინოდმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: