საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის ფასადის რეკონსტრუქციას და რემონტს გეგმავს, რისთვისაც 963 ათას 600 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სამსართულიანი შენობა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 25 ნომერში მდებარეობს და მასში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, ერთ-ერთ ფლიგელში ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურიცაა განთავსებული.

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობა ბათუმში / 10.05.2026
შენობაზე სამუშაოები იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც თან ახლავს ტენდერს.

ვიზუალიზაცია: შენობა რემონტის შემდეგ / რენდერი პროექტიდან
პროექტის მიხედვით:
„გათვალისწინებულია შენობის ფასადების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი ადაპტირება არსებულ კლიმატურ პირობებთან. ამასთან, შენობის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მიშენებული კიბის უჯრედისთვის გათვალისწინებულია გადახურვის მოწყობა.
ფასადი – პროექტის მიხედვით ნაგულისხმევია არსებული კერამიკული ფილების დემონტაჟი, მთავარი შესასვლელის გადახურვის დემონტაჟი და კედლების გასუფთავება არსებული ნალესისგან. შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ფასადის მოპირკეთება ფილებით, შესაბამისი განაწილებისა და ფერის მიხედვით, მათ შორის ალუმინის კომპოზიტური პანელებით [ACP].
ასევე გათვალისწინებულია დაზიანებული ფანჯრების დემონტაჟი და ახალი ფანჯრების მოწყობა. გარე პერიმეტრზე დაგეგმილია ბეტონის სარინელის მოწყობა.
შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები – პირველ და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია მცირე კოსმეტიკური სამუშაოები. მეორე სართულზე დაგეგმილია ე.წ.
„გრილიატოს“ ჭერის დემონტაჟი, იატაკზე არსებული ე.წ. „რბილი იატაკის“ და დერეფნებში არსებული ალუმინის ვიტრაჟების დემონტაჟი.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა ახალი თაბაშირმუყაოს ჭერი, ორმაგი თაბაშირმუყაოს ტიხრები და ლამინატის იატაკი.“

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობაში არსებული სიტუაცია და უკანა ფასადი / ფოტოები პროექტიდან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, შემდეგნაირადაა განსაზღვრული: გადახურვის და ფასადის სამუშაოებზე – არანაკლებ 10 წელი; სანათებსა და ნათურებზე – არანაკლებ 1 წელი; სხვა დანარჩენ სამუშაოებზე – არანაკლებ 5 წელი.
ამავე თემაზე:
2,7 მილიონ ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისს იშენებს






