მთავარი,სიახლეები

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს

10.05.2026
ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს

ორშაბათს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი.

ამჯერად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს.

სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ  მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე  უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები.

თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერებას შეისწავლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საია ევროპულ სასამართლოში 3 საქმეს აწარმოებს, ხოლო გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს სისხლის სამართლის საქმის თაობაზე.

ხვალ, 11 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ნეტგზეთის” კიდევ ერთი რეპორტიორის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავება  “გზის გადაკეტვას” 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს. სადავო ეპიზოდის დროს ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – აშუქებს მიმდინარე პროტესტს.

რეპორტიორის წინააღმდეგ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარამდე, ან 15 დღემდე პატიმრობას.

ამავე თემაზე:

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: