მთავარი,სიახლეები

„მე დავბრუნდები საქართველოში“ – აფგან სადიგოვი

12.05.2026
„მე დავბრუნდები საქართველოში“ – აფგან სადიგოვი

საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში აპირებს დაბრუნებას.

„მე დავბრუნდები საქართველოში!

მამაცი, ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მოიპოვებს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მეც ამ გზაზე ბოლომდე ჩემი მშობლიური ქართველი ხალხის გვერდით ვარ!

საქართველოს სახელმწიფოსთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენენ არა ისინი, ვინც ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან, არამედ კრიმინალური ბანდა სახელწოდებით – „ქართული ოცნება“ და მკვლელი, ხალხის მტერი ბიძინა ივანიშვილი!

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს შეკვეთილ სასამართლო პროცესზე წერილი გამოაგზავნა, სადაც ნათქვამი იყო: „აფგან სადიგოვის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს“.

იმ ადგილებში, სადაც მე ვიბრძვი, საფრთხეს წარმოადგენენ დიქტატორები და მათი მორჩილები — პოლიტიკურ იარაღად ქცეული პირები, კორუმპირებულები, მკვლელები და ხალხის მტერი ჩინოვნიკები.

ჩვენგან არანაირი ზიანი არ მიადგება არცერთ სახელმწიფოს, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს და ხალხს ემსახურება“ – წერს აფგან სადიგოვი.

ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. პოსტის შინაარსი ასეთი იყო: „იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.

2026 წლის 5 აპრილს კი, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.  სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და საქართველოში  შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით,  ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს.

საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი ბაქოში პოლიციამ დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე: 

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანმა საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი მისცა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: