„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 113 964 ლარად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 395 კვადრატული მეტრი ფართობი და 4 კონდიციონერი გადაეცა.
სანაცვლოდ, ეროვნულმა ბანკმა მის საკუთრებაში არსებული ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [„იუსტიციის სახლში“] მდებარე 209 კვადრატული მეტრი ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა დაუთმოს.
მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც ეროვნულ ბანკს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყო განთავსებული. ამ სამსახურის გაუქმების შემდეგ კი ქონებას პროკურატურა სარგებლობდა.

ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა / შენობა [შუაში], რომელიც ეროვნულ ბანკს გადაეცა
მთავრობის განკარგულებით, ეროვნულმა ბანკმა საპრივატიზებო თანხა – 113 964 ლარი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ეროვნულ ბანკს, სადაც გვითხრეს, რომ შენობას მხოლოდ საოპერაციო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადმოეცა, ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა N54-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს, ქალაქ ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N7-ში VIII სართულზე მდებარე უძრავ ქონებას.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქამდეც გააჩნდა საოფისე ფართობი ქალაქ ბათუმში, რომელსაც იყენებდა საოპერაციო მიზნებისათვის და ახალ ქონებასაც აღნიშნული მიზნებისთვის გამოყენებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართობის სხვა დანიშნულებით, გარდა საოპერაციო მიზნებისა, გამოყენება არ იგეგმება“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ ეროვნული ბანკიდან.
მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით ეროვნულმა ბანკმა საჯარო რეესტრს 6 მაისს მიმართა.


