სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.
თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა.
ფეისბუქშიც ამ თემაზე ძალიან ბევრმა ცხოველთა დამცველმა გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი – რომ სახელმწიფო ასეთი მიდგომით რეალურად მიუსაფარ ცხოველებს ანადგურებს, პრობლემას კი ვერ აგვარებს.
ფეისბუქში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამბობს, რომ გორთან ახლოს, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრიდან მთელი ღამით ამოდიოდა კვამლი და იდგა მძაფრი სუნი.
ვიდეოს ავტორი ეჭვობდა, რომ შესაძლოა ქუჩიდან აყვანილი ცხოველების კრემაცია ხდებოდა, რასაც უარყოფს სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არის „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი“.
„ბათუმელები“ Zero Strays Georgia-ს დამფუძნებელს და ცხოველთადამცველ მარიამ შეყილაძეს ესაუბრა. ის ამ დღეებში ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მიერ აყვანილი და შემდეგ, უკაცრიელ ადგილზე მიტოვებული ცხოველების მდგომარეობა შეისწავლა.

მარიამ შეყილაძე
მისი თქმით, 30 მარტს სააგენტომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ზუგდიდიდან დაახლოებით 65 ძაღლი გადაიყვანა ქუთაისის თავშესაფარში. ამ ფაქტის დაფიქსირება მოახერხა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოხალისემ და ინფორმაცია სოციალურ მედიაში გაავრცელა.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ამბავს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ 65 ძაღლიდან მხოლოდ 28 ძაღლი დააბრუნა დღეს ზუგდიდში და გვითხრა, რომ მხოლოდ იმ ძაღლებს აბრუნებდნენ, რომლებსაც უკვე ჰქონდათ საყურე, ანუ იყვნენ გასტერილებული, კასტრირებული და აცრილები.
როცა ჩვენ ვეკითხებოდით სააგენტოს წარმომადგენლებს, რატომ მიჰყავდათ ასეთი ძაღლები თავშესაფრებში, გვპასუხობდნენ, რომ ცხოველები საჭიროებდნენ რევაქცინაციას. თუმცა დაბრუნებულ ცხოველებს იმავე საყურეებით აბრუნებდნენ, რითაც წაიყვანეს“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

ფოტო: ცაბუნია ვართაგავა.
მას ვკითხეთ, განსხვავდება თუ არა სააგენტოს საყურე მოხალისეების მიერ გაკეთებული საყურისგან, რომ, ვთქვათ, გაარჩიოს დაინტერესებულმა პირმა, ნამდვილად თუ ჩაუტარდა ცხოველს რევაქცინაცია? მარიამი ამბობს, რომ ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.
„ყვითელი და წითელი საყურეები აქვთ მიუსაფარ აცრილ ძაღლებს. წითელი არის ოზურგეთის თავშესაფრის საყურეები და ყვითელი ჩვენი, მოხალისეების მიერ დამაგრებული გასტერილებულ ძაღლებზე. ჩვენ ვცნობთ ჩვენ მიერ გაკეთებულ საყურეებს, რადგან ვამოწმებთ ნომრებს და უკან დაბრუნებულ ძაღლებს ჰქონდათ იმავე ნომრის საყურეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სააგენტომ მოგვატყუა“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.
ის ასევე საუბრობს, სახელმწიფოს მხრიდან ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობაზე.
„მე, პირადად, ვესწრებოდი ამ ძაღლების ზუგდიდში დაბრუნებას. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ მიუსაფარ ცხოველებს აღარ აბრუნებენ პირვანდელი მიკედლების არეალში და ეს ძაღლებიც დატოვეს ხრიოკ ადგილზე, ტრასასთან, რომელსაც ჩვენ „სიკვდილის გზას“ ვეძახით, რადგან ამ გზაზე ყოველ მეორე დღეს მკვდარი ძაღლის ლეში გდია.
მიტოვებული ძაღლების სასაფლაოს ჰგავს ეს გზა, რადგან ძაღლების უმეტესობა მანქანის დაჯახების შედეგად კვდება.
ამ ტერიტორიაზე არის თხილის ქარხანა, მეტი არაფერი. არც ადამიანები არიან, არც კვების წყაროებია, არც დასაწყურებელი ადგილებია. ასეთ ვითარებაში ძაღლს მიკედლება არ შეუძლია. ძაღლი არის სოციალური არსება, რომელიც ეკედლება ხალხმრავალ ადგილებს, იქ, სადაც არის კვების წყაროები და არიან ადამიანები“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.
მისი თქმით, ცხოველთადამცველების მთავარი მოთხოვნაა, საპილოტე პროგრამა ჩატარდეს მაქსიმალურად სწორად, ჰუმანურად და წესების დაცვით. ყველა გადაყვანილი ძაღლი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მიკედლების არეალში და არსად სხვაგან.
„ხრიოკსა და ტყეში ძაღლი თავს ვერ გადაირჩენს“, – ამბობს მარიამი.
მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ აქვს რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია გორის თავშესაფართან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე. მარიამ შეყილაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე არ ფლობს გადამოწმებულ ინფორმაციას.
„ჩვენ რაც გვაეჭვებს, არის ის, რომ უკვე სტერილური, კასტრირებული, აცრილი, საყურიანი ძაღლები გადაჰყავთ ამხელა კილომეტრებზე ქუთაისის თუ სხვა ქალაქების თავშესაფრებში. რისთვის? როცა ადგილზე შეიძლება ჩატარდეს ცოფის ვაქცინაციაც. თუ ახალი საყურის გაკეთება უნდათ, ეს ახალი საყურეც ადგილზე შეუძლიათ გაუკეთონ.
ამით დაიზოგება ჩვენი ბიუჯეტის თანხებიც, რომელსაც რეალურად სააგენტო ფლანგავს.
სახელმწიფომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა 2025 წელს დაიწყო, პირველ წელს თავშესაფარში 9 000 ძაღლი გადაიყვანეს სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაციის მიზნით. ცხოველთადამცველების თქმით, ძაღლების დიდი ნაწილი აღარ დაუბრუნებიათ მიკედლების პირვანდელ არეალში.
2026 წელს კი ახალი, 412-ე განკარგულება გამოიცა, რომლითაც 36 000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება. თუმცა ამას დაემატა მუხლი, რომელიც ახლა უკვე კანონით კრძალავს მიუსაფარი ცხოველის ისეთ არეალში დაბრუნებას, სადაც არის სკოლა, საბავშვო ბაღი, კვების ობიექტები, სამედიცინო პუნქტები და ასე შემდეგ, რასაც უფლებადამცველები მწვავედ აკრიტიკებენ.
„არ უნდოდათ ამ ძაღლების უკან დაბრუნება და როცა ვეკითხებოდით სააგენტოს წარმომადგენლებს, თუ რას უპირებდნენ ამ ცხოველებს, იძახდნენ – „ბუნებაში ვაბრუნებთ“.
ბუნებაში დაბრუნებაში გულისხმობენ ალბათ რაღაც უკაცრიელ, ხრიოკ ადგილებში ცხოველების დატოვებას. ეს სრულიად მიუღებელია. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუ ცხოველს პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისთვის. მაშინ სტერილიზაციის პროგრამაც აზრს კარგავს და ტყუილად იფლანგება ბიუჯეტიც“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

სააგენტოს მიერ გადაყვანილი ძაღლები
სურსათის ეროვნული სააგენტო წერს, რომ ცხოველების ვაქცინირებასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს.
ახალი რეგულაციით, პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც რეგისტრირებულ ცხოველს ქუჩაში მიატოვებს. თუმცა, როგორც მარიამ შეყილაძე გვეუბნება, პატრონიანი ძაღლების რეგისტრაცია სააგენტოს ჯერ არ დაუწყია.
„როგორც ვიცი, ასეთი ძაღლების რეგისტრაცია ერთიან ბაზაში არ მიმდინარეობს და არც მიმკედლებლების ოფიციალური ბაზა არსებობს. მაგალითად, მე, ხუთი საკუთარი ძაღლი მყავს ზუგდიდში, მაგრამ არ ვიცი, სად და როგორ დავარეგისტრირო.
ამბობენ, რომ ამ მექანიზმს ეტაპობრივად შეიმუშავებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონტროლი, პირველ რიგში, სწორედ სახლებიდან უნდა დაეწყოთ: რამდენიც არ უნდა ვსდიოთ ძაღლებს ქუჩაში, მაინც იმავე წრეზე ვივლით, თუ არ მოგვარდება ძაღლების აყვანის, პოპულაციისა და ზრუნვის საკითხი.
თუ ჩვენ გვექნება სწორი პოლიტიკა, აღვრიცხავთ ყველა პატრონიან ძაღლს და კატას, გვეცოდინება რამდენი პატრონიანი შინაური ცხოველი გვყავს ქვეყანაში, ავტომატურად ყველა მიტოვებულ შინაურ ცხოველზე გვექნება ინფორმაცია, თუ ვინ მიატოვა და მისი მეპატრონეები შესაბამის სანქციებს მიიღებენ.
თუ ქუჩაში არსებული მიუსაფარი მდედრი ძაღლების 70% გასტერილდა, მიუსაფრების რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს და რა თქმა უნდა, შედეგი დაიდება. ამათ კი ყველაფერი დაიწყეს უკუღმა და არასწორად“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.
ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის, კანონიდან არაჰუმანური მუხლის ამოღების და ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნების მოთხოვნით, მოქალაქეები თბილისსა და სხვა ქალაქებში აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას.
_________________
მთავარი ფოტო: მიუსაფარი ძაღლები/ფოტო: მარიამ შეყილაძის.






