მთავარი,სიახლეები

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

22.04.2026
ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს.

საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის, თუ რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.

სამართალდარღვევის ჩადენის მიუხედავად, იყო თუ არა საჭირო, პოლიციელებს დაეკავებინათ ქალი, რომელმაც შენობის ღობეზე სტიკერი გააკრა?

  • მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელი და 3 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი უთქვამს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს 2025 წლის დეკემბერში. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალდებულა. ამ საქმის განხილვა დაიწყება ხვალ, 23 აპრილს.

თუ დადგინდება, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი არგუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უკვე განიხილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე გაყალბებული ოქმებით, ასევე, სისხლის სამართლის საქმე პოლიციის ცრუ მოწმეებით.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დაკავებას ეყრდნობოდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას აცხადებდა და სასამართლომაც გაიზიარა პოზიცია, რომ „დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების“ რისკი არსებობს, ვინაიდან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და გათავისუფლების შემდეგ გააწნა სილა პოლიციელს.

„დაკავების კანონიერებაზე ადმინისტრაციული ორგანოს [შსს] უარის მიღების შემდეგ, სასამართლოს მივმართეთ,“ – მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე შედგენილი საჩივრის ქრონოლოგიას გვაცნობს ნინო ხუციშვილი, საიას იურისტი და მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი.

„ბათუმის სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულობაში, როდესაც სამართალდამრღვევად იყო პირი ცნობილი, დაკავების კანონიერებაზე ვეღარ იმსჯელებდა, რადგან თავისი შინაარსით ეს ნიშნავდა, რომ დაკავებაც კანონიერი იყო. ეს განმარტება ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობას, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.

ჩვენ ეს კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. არსებობს ამ კუთხით ძალიან კარგი პრაქტიკა უზენაესი სასამართლოსი და სააპელაციო სასამართლომ ამას გვერდი ვერ აუარა. სააპელაციო სასამართლო იძულებული იყო, დაებრუნებინა დავა ისევ პირველ ინსტანციაში, რადგან პირველმა ინსტანციამ საერთოდ არ იმსჯელა ამ საქმეზე…“, – განმარტავს იურისტი ნინო ხუციშვილი.

კანონმდებლობით სამართალდარღვევის საქმის განხილვის მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, იმავდროულად იმსჯელოს ამ სამართალდარღვევის ფარგლებში დაკავების კანონიერებაზე. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია. ევროსასამართლომ რამდენიმე საქმეში საქართველოს წინააღმდეგ განაცხადა, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და არ არის ეფექტური.

„ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, დღესაც იგივე რეალობა გვაქვს. სამართალდარღვევის საქმეს ერთი წელი დასჭირდა – 2025 წლის 11 იანვარს მომხდარი დაკავების კანონიერებაზე ჯერ კიდევ არავის უმსჯელია…

1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაყინული იყო ეს საქმე ზემდგომში [შსს], ველოდებით სამართალდარღვევის საქმის დასრულებასო. სამართალდარღვევის საქმე დასრულდა და მერე ისევ ჩვენი ძალისხმევით მოვითხოვეთ გადაწყვეტილების მიღება – გვიპასუხეს, რომ არ დააკმაყოფილეს ჩვენი საჩივარი და მზია ამაღლობელის დაკავება კანონიერად ცნეს.

ეს იყო 2025 წლის დეკემბერში, ამის შემდეგ წავიღეთ საქმე სასამართლოში, მაგრამ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არათუ არ დაგვიკმაყოფილა საჩივარი, საერთოდ წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა, მსჯელობაზე უარი თქვა. შემდეგ მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო ეს განჩინება და უკან დააბრუნა საქმე, დაავალა მოსამართლე გოგუაძეს, რომ განხორციელებულიყო მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, ეროვნული კანონმდებლობაც ისე არეგულირებს, რომ დაკავების კანონიერებაზე დავა სამართალდარღვევიდან დამოუკიდებლად არის შესაძლებელი.

მოსამართლის [ალექსანდრე გოგუაძის] განმარტება არის წინააღმდეგობრივი: თუ სამართალდარღვევა არსებობს, ცალკე საკითხია ამ სამართალდარღვევის ფარგლებში რამდენად არსებობდა ის წინაპირობები, რომ აუცილებელი იყო პირისთვის დაკავების ღონისძიების, როგორც უზრუნველყოფის ფორმის გამოყენება, ხოლო თუ არ არსებობდა სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში ცალსახად თავიდანვე უკანონოა დაკავებაც. შესაბამისად, არასწორად განმარტა სასამართლომ ეს ნაწილი,“ – გვითხრა ნინო ხუციშვილმა.

რადგან ეს საქმე ისევ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უნდა განიხილოს, შეუძლია მას იგივე გადაწყვეტილება მიიღოს? – ვკითხეთ იურისტს. 

„წარმოებაში მიღებაზე უარი არ შეუძლია, რადგან ამაზე უკვე იმსჯელა ზემდგომმა ინსტანციამ, თუმცა შეუძლია, რომ საჩივარი არ დააკმაყოფილოს. მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყო კანონიერება დაკავება,“ – აღნიშნა მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნინო ხუციშვილმა.

  • რა შეიცვლება, თუ მოსამართლე იტყვის, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკანონოდ დააკავეს? 

„ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ერთდროულად არ განიხილება სამართალდარღვევის საქმე და დაკავების კანონიერება, დღევანდელი მდგომარეობით, მზია ამაღლობელისთვის ეს გარემო პრაქტიკულად არაფერს არ შეცვლის. დღეს უკვე სამართალდარღვევის საქმე დასრულებულია, კანონიერ ძალაშია შესული და კანონიერად იყო თუ არა დაკავებული, ეგ ნიშნავს წარმატებას იმ კუთხით, რომ დადგინდება ფორმალურად, რომ დაკავება იყო არაკანონიერი.

სტრასბურგის სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს – ეს იქნება კარგი მაგალითი სტრასბურგის სასამართლოსთვის,“ – მიიჩნევს საიას ადვოკატი ნინო ხუციშვილი.

  • როგორ გაასამართლეს მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ? 

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს მათ შეურაცხყოფდა და აგინებდა.

კიდევ ერთი დადასტურებული სიყალბე ამ საქმეში ისაა, რომ აქციაზე გადაღებული უწყვეტი ვიდეოკადრების მიხედვით, მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი [გრიგოლ ბესელია 2026 წლის მარტიდან შსს-ში აღარ მუშაობს]. დაკავების ოქმში კი, პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ კი არა, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ დააკავა.

გაყალბებული საქმის მიუხედავად, 2025 წლის 18 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

2025 წლის 28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრისთვის]. სინამდვილეში, ჩვენების მიცემის დროს, 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს, პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

2025 წლის 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა გაასამართლეს. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით დააჯარიმა.

მარიანა ფომაევას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციომ დაცვის მხარის არგუმენტები არ მოისმინა, არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2025 წლის სექტემბერში ძალაში დატოვა.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: