მთავარი,სიახლეები

შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს

09.05.2026
შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს

2024 წლის ნოემბრის აქციების დროს ძალადობაში მონაწილე ხუთი სამართალდამცავი მხოლოდ ახლა, 2026 წლის 7-9 მაისს დააკავეს.

„ოცნების“ ხელისუფლება აქამდე ამბობდა, რომ მოძალადე ძალოვანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამჯერად კი, კობახიძე აცხადებს: „უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა.“

ამ თემაზე: „ჩვენთვის ტვირთი იყო, რომ სამართალდამცავებიდან არავინ იყო დაკავებული – კობახიძე

ბოლო წლებში საპროტესტო აქციების დროს გამოყვანილი შენიღბული პოლიციელების/სპეცრაზმელების იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები კი წლებია მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სპეცრაზმელთა აღჟჭურვილობას დაამაგრონ ისეთი მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც მოქალაქისთვის ხილვადი იქნება.

ამ ყველაფრის ფონზე „ოცნება“ საპოლიციო ძალების აღჭურვილობაში ნიღბების გამოყენებას კვლავ აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამჯერად საზაფხულო ნიღბების შესაძენად 40 339 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში უწყება „სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის“ 3 900 ერთეულ ნიღაბსა და 65 ჰალსტუხს შეიძენს.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ნიღაბი უნდა იყოს შავი ფერის, გრძელყელიანი, ერთ თარგიანი, რომელსაც აქვს ჰორიზონტალური ჭრილი თვალების ადგილზე და ჩაცმის დროს უნდა იყოს კომფორტული. ამასთან უნდა გამოირჩეოდეს შეუზღუდავი ხილვადობით.

შსს 3900 ცალ საზაფხულო ნიღაბს იყიდის / ფოტო ტენდერიდან

ჰალსტუხები კი უნდა იყოს ორი სახის, მუქი ლურჯი ფერის, შესაკრავი ნაწილობრივ რეზინით და მეტალის დუგმით.

შსს-ს ტენდერის ტექნიკური დავალებიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 16 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება. ნიღბები და ჰალსტუხები კი ტენდერში გამარჯვებულმა შსს-ს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მიაწოდოს.

მთავარი ფოტო: ნიღბიანები საპროტესტო აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთის“ არქივიდან

ამავე თემაზე:

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: