დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება.
საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო. ბათუმში ტაქსის მძღოლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩის დასაწყისში არიან შეკრებილნი.
ტაქსის მძღოლები უკვე მეხუთედ მართავენ აქციას შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
მძღოლები დამსაქმებელი კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ გაიზარდოს ტაქსის გამოძახების ტარიფი ერთ კილომეტრზე, ასევე მოცდის წუთები გახდეს ფასიანი, დამსაქმებელმა უზრუნველყოს დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევა და გაითვალისწინოს საწვავზე გაზრდილი ფასები.
აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლები ასევე საუბრობენ პატრულის მხრიდან გახშირებულ ჯარიმებზეც.
„ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეპუტაცია და თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, შეექმნებათ რეპუტაციული საფრთხეც. დღეს გავიფიცებით 24 საათით და ვაპირებთ დავგეგმოთ როგორ გაგრძელდება ეს პროტესტი. აქ არის საუბარი ჩვენი უფლებების დაცვაზე,“- ამბობენ ტაქსის მძღოლები.
„2 წუთითაც რომ გაჩერდე, მაშინვე გაჯარიმებენ 100 ლარით. არ გადავიხდი ამ ჯარიმებს, ვაპროტესტებ. მაშინ უნდა იყოს საკმარისი გასაჩერებელი ადგილები“- ამბობს ტაქსის მძღოლი ირაკლი ტიკარაძე.
„ბენზინის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა და 3-ლარიან შეკვეთაზე რომ მიდიხარ 4-ლარიანი ბენზინით, ბუნებრივია, ეს აისახა ჩვენს შემოსავლებზე. ჩვენ უკან ოჯახებია და ამით ვარჩენთ მათ, ამით ვსაზრდოობთ. ხარჯებს ვერ ასწორებს მანქანა, ისეთი ძვირია ყველაფერი.
დღეში 50 ლარი რომ გამოიმუშავო, მაგალითად, „ბოლტზე“, უნდა ჩაასხა 30 ლარის საწვავი, აქედან 12 ლარი მიაქვს კომპანიას და მთლიანობაში არაფერი არ გამოგვდის.
ხალხი უმუშევრობის გამო ევროპაში მიდის, ჩვენ არაფერს ვთხოვთ ხელისუფლებას, თვითდასაქმებულები ვართ და ვშრომობთ, მაგრამ იმხელა ჯარიმებია, რომ 3 თვის განმავლობაში ჯარიმებიდან 139 მილიონი შევიდა ბიუჯეტში.
ხომ უნდა იყოს რაღაც რეგულაცია?
მგზავრი ჩამოდის, 2 წუთში ჯდება ტაქსიში და ამ დროს 100-ლარიანი ჯარიმა მოდის. არც პარკინგის საკითხია მოგვარებული არც არაფერი და ჯარიმები გასამმაგებულია.
ყველა გავიფიცებით, ჩვენი ოჯახის წევრებიც დაგვიდგებიან, რადგან შეუძლებლია ასე ცხოვრება“- ამბობს კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.
ტაქსის მძღოლების თქმით, როცა ავტომანქანა გაჩერებულია და ჩართული აქვს ავარიული, ის არ უნდა დაჯარიმდეს.
ტაქსის მძღოლების თქმით, დამსაქმებელი კომპანიები ჯერჯერობით არ არიან თანახმა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ პროტეტს, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
ტაქსის მძღოლები დღეს, 15:00 საათზე აპირებენ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.






