ხულოს საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“, ბესიკ შაინიძემ საკრებულო დატოვა და დროებით ემიგრაციაში წასვლას გეგმავს. „გადავიღალე მენტალურად“- ამბობს ბესიკ შაინიძე „ბათუმელებთან“.
ბესიკ შაინიძეს „ბათუმელები“ ხულოს საკრებულოს მუშაობასა და ემიგრაციაზე ესაუბრა.
- ბატონო ბესიკ, საკრებულო ოფიციალურად დატოვეთ უკვე?
დიახ, საკრებულო დავტოვე მიმდინარე წლის მარტში. მანდატი შემიჩერდა უკვე და ჩემი შემცვლელიც შევიდა საკრებულოში – რომან ქედელიძე.
- ფეისბუქზე წერდით, რომ აღარ გინდათ იყოთ „ბუტაფორიული ორგანოს“ წევრი და ამიტომ დატოვეთ საკრებულო. გახსოვთ ალბათ, როგორი წინააღმდეგობა შეხვდა „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ამის გამო, შესაძლოა, მხარდამჭერების ნაწილიც კი დაკარგა „ლელომ“. დღეს, ამ გადასახედიდან, როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას, ფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა?
ეს იმედგაცრუება ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, მოცემულობა შეიქმნა ისეთი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა საკრებულოში ყოფნას. ბრძოლას ყოველთვის ჰქონდა აზრი და ახლაც აქვს, უბრალოდ, ხულოს საკრებულოში ვეღარ ვხედავ ჩემს თავს, რადგან რაიმე სასიკეთო ცვლილება ვერ მომაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ხულოში ნეპოტიზმის ისეთი დონეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ დაუპირისპირდება, მით უმეტეს, მაშინ, როცა რესურსები არ გაგვაჩნია.
საკრებულოს სხდომებზე ლაივის ჩამრთველი ადამიანი არ მყავდა, რომ ის, რაც ამ სხდომებზე ხდებოდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა.
- რა ხდებოდა?
თუნდაც ბიუჯეტის განხილვის დროს, როცა საუბარი დავიწყე პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ხულოს მერი ტელეეთერებში იჯდა და ჩემი მისამართით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ სოფელ წაბლანაში 4 წელია სკოლას აშენებენ, მაგრამ ჯერ დაწყებულიც არ აქვთ. თუნდაც ის, რომ ერთ-ერთ სოფელში წყალსადინარის ცხაურები გაქრა და დღემდე არ არის ეს საკითხი გამოძიებული, თუ სად წავიდა რკინის ცხაურები.
წაბლანაში წყლის ტენდერი ჩაატარეს სამჯერ, მილიონამდე ლარია დახარჯული და მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება სრულად წყალი.
ასეთი ბევრი საკითხია, რომელზეც ვსაუბრობდი, მაგრამ რეაგირება არ იყო. აქ სხვა პრობლემაცაა, საკრებულოში მყოფ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ რაიმე გამოასწორონ ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მათ, შედეგი არ ექნება. პირიქით მოხდა, მე გადავიღალე მენტალურად მათთან ურთიერთობით.
- ოპოზიცია მხოლოდ თქვენ იყავით ხულოს საკრებულოში?
გახარიას პარტიიდანაც არის ერთი ადამიანი, მაგრამ… კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეღო ჩვენთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა, გაცილებით მეტი რესურსი გვექნებოდა კონტროლის, შეგვეძლო შეგვექმნა ფრაქციებიც, რომლებიც ბიუროს განხილვებში მიიღებდნენ მონაწილეობას.
მე რიგითი წევრი ვიყავი და არ მქონდა ბიუროზე დასწრების უფლება და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრი მცდელობა მქონდა და დისკომფორტიც არაერთხელ შევუქმენი.
თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებს მორალური პედასტალი აღარ გააჩნიათ, მხოლოდ სკამისთვის და თვის ბოლოს რომ დარიცხული ხელფასი აიღონ, იმისთვის არიან საკრებულოში.
- თქვენ თქვით, რომ ხულოს საკრებულო ხელს უწყობს კორუფციას. გაქვთ რაიმე კონკრეტული მაგალითი?
თუნდაც ე.წ. 300-ლარიანი დახმარებები ავიღოთ, გარკვეულ ადამიანებს ერიცხებოდათ ხელფასის ნახევარი და დარჩენილი ნაწილი სხვაზე ნაწილდებოდა. ამის შესახებ არაერთმა ადამიანმა აღნიშნა ჩემთან საუბარში, რომ მე ვშრომობ და მხოლოდ ნაწილი მერიცხება, დანარჩენი თანხა სად მიდისო – მეკითხებოდნენ.
პროკურატურის დონეზე არ მქონია საუბარი, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე გავაჟღერე ეს საკითხი რამდენჯერმე, მაგრამ გაიცინეს, ეს იყო მათი რეაქცია.
თუმცა იმდენ ადამიანს მოჰქონდა მსგავსი ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მათაც არ სცოდნოდათ.
- სხვა მოწვევის საკრებულოშიც გიმუშავიათ?
დიახ, მეორედ გავხდი საკრებულოს წევრი, თუმცა წინა წლებთან შედარებით რადიკალურად გაუარესებულია მდგომარეობა იმ გაგებით, რომ საკრებულოში არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, მსჯელობა, მოდის მერიიდან გარკვეული საკითხები და 26 ადამიანი ერთხმად უჭერს მხარს.
ნოტარიუსის ფუნქცია უფრო აქვს დღეს საკრებულოს, ვიდრე თვითმმართველი ორგანოს. ამიტომ თუ გვინდა, რომ ჩვენ რაიმე შევცვალოთ ამ მიმართულებით, ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს ოპოზიციას.
ახალი არჩევნები არავის იცის როდის დაინიშნება, ამიტომ ოპოზიციამ კაბინეტები უნდა დატოვოს და გამოვიდნენ ხალხში. მეც იმიტომ გამიჭირდა, რადგან საერთო ხედვა ოპოზიციას არ გააჩნია, დღეს კი იდეური ერთობაა საჭირო, რომ რეჟიმი დაამარცხო.
თუ მოსახლეობის დარწმუნება მოხდება ერთიანი ხედვით, მე მჯერა, რომ შესაძლებელია ივანიშვილის ხელისუფლებაც შეცვალო.
- როგორც ვიცით ემიგრაციაში წასვლას გეგმავთ. რომელ ქვეყანაში აპირებთ გადასვლას?
ველოდები ინგლისის ვიზას, თვის ბოლოს, წესით, უნდა ავიღო. როგორც ყველა ემიგრანტმა, მეც ნულიდან უნდა დავიწყო ცხოვრება. ჯერ მუშაობას დავიწყებ და შემდეგ, ალბათ, ვისწავლი კიდეც.
ინგლისში მეგობარი მყავს, რომელმაც ქართული რესტორანი გახსნა და ალბათ იქ ვიმუშავებ.
- თქვენ საუბრობდით ოპოზიციის ერთიან ხედვაზე, ხალხთან დიალოგზე, თუმცა საკრებულო მიატოვეთ და მიდიხართ ემიგრაციაში. ვინ გეიმედებათ აქ, ვინ იმუშავებს ხალხთან თქვენ ნაცვლად, როგორ ფიქრობთ?
მესმის, რომ უხერხული მომენტია, მაგრამ 19 წლიდან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარ ჩართული, გავრილოვის წინააღმდეგ აქციებიდან მოყოლებული სულ ქუჩაში ვარ და ადამიანურად, მენტალურად გადავიღალე.
ცოტა შესვენება მჭირდება ენერგიის აღსადგენად და ისეც არ ვაპირებ წასვლას, რომ საქართველოში ვერ დავბრუნდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი ადამიანური რესურსები იმდენად მიილია, რომ გადატვირთვა მჭირდება.
რუსული კანონი იყო თუ არჩევნების შემდეგ, ევროპასთან შეჩერებული მოლაპარაკებების გამო საპროტესტო აქციები, სულ ქუჩაში ვიდექი. ამ ეტაპზე მჭირდება, რომ საკუთარი თავი გადავარჩინო, რადგან მე თუ არ ვიქნები კარგად, ვერც ბრძოლას შევძლებ.
- არიან ადამიანები, რომლებიც 500-ზე მეტი დღე ასევე დგანან ქუჩაში, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. რა შეიძლება მათ ვუთხრათ?
მე ახალგაზრდობის იმედი მაქვს, რადგან საბჭოურ მენტალობაში გაზრდილი ადამიანები არაფერს შეცვლიან. რაც არ უნდა ელაპარაკო, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ვიღაც ხელისუფლებაშია და ფულს აკეთებს, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყო და მილიონები მოიპარო.
ამიტომ, ამ საპროტესტო აქციებზე ვინც ვნახე, ამ ადამიანების იმედი მაქვს. მესმის, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ნიჰილიზმიც გააჩინა ახალგაზრდებში, თუმცა ბოლომდე იმედგაწყვეტილი არ ვარ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთა ბრძოლაც რეალურ ცვლილებებს მოიტანს.
მეც რამდენიმე თვით მივდივარ და უკან დაბრუნებას ვაპირებ, რადგან ამ ქვეყნის პოლიტიკაში ვხედავ საკუთარ მომავალს.






