მთავარი,სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე მოსალოდნელია ახალი წლის დღეებშიც – დაზვერვა

31.12.2022
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე მოსალოდნელია ახალი წლის დღეებშიც – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 დეკემბრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შორი მოქმედების სარაკეტო თავდასხმებია განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამგვარი თავდასხმების ძირითად სამიზნეს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს.

კიდევ ერთი მსგავსი შეტევა უკრაინის მასშტაბით, 29 დეკემბერს განხორციელდა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ოქტომბრიდან მოყოლებული ინარჩუნებს თავდასხმების ინტენსიური ტალღის ერთგვარ შაბლონს ყოველ 7-10 დღეში განმეორებით.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აფასებს, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამ სტრატეგიას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოსაფიტად მიჰყვება. მიუხედავად ამისა, ბრიტანული დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ეს შაბლონი დაარღვიოს და უახლოეს დღეებში კვლავ დაარტყას უკრაინას, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის სულისკვეთება საახალწლო არდადეგების პერიოდში.

29 დეკემბრის დილიდან რუსეთი ინტენსიურად ბომბავდა უკრაინას, მათ შორის, კიევის ოლქს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, 120 რაკეტა ესროლეს.

„120-ზე მეტი რაკეტა გვესროლა ბოროტმა რუსულმა სამყარომ, რათა მას გაენადგურებინა ინფრასტრუქტურა და მასობრივად დაეხოცა მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერდა პოდოლიაკი.

____________

ფოტოზე: ქალაქი ბახმუტი, უკრაინა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: