ბათუმში გირაოთი გაათავისუფლეს მამა, რომელიც 14 წლის შვილის ცემის გამო დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 3-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა კაცი, რომელიც გასული წლის ნოემბერში შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის თქმით, მამის გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს თავად შვილმა მიმართა. „რადგან ბავშვი განრიდებულია სოციალურების მიერ, რადგან ყველა მოწმე გამოკითხულია, სასამართლომ გაითვალისწინა შვილის სურვილი“, – განმარტა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მამამ მას შემდეგ იძალადა 14 წლის შვილზე, როდესაც გაიგო არასრულწლოვანი შვილის სქესობრივი კავშირის შესახებ.

შსს-ში მაშინ განაცხადეს, რომ „გამოძიება ასევე დაწყებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზეც“, თუმცა ამ მუხლით ბრალდებული კაცი ჯერ ისევ არ არის დაკავებული – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის მიმალვაშია.

9 იანვარს რუსეთმა საზღვრები ჩაკეტა პოტენციური ჯარისკაცებისთვის – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 9 იანვრიდან რუსეთმა შეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის მზადყოფნის სამ („ა“, „ბ“, „გ“) კატეგორიაში შედიან.

კიევის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა („ფსბ“) შესაბამისი ბრძანება უკვე გადააგზავნა სასაზღვრო პუნქტებში.

რუსეთში „ა“ კატეგორიაში შედიან პირები, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ბოლომდეა მზად სამხედრო სამსახურისთვის. „ბ“ კატეგორიაში შემავალნი მზად არიან სამსახურისთვის მცირედი შეზღუდვებით, ხოლო „გ“ კატეგორიაში – შეზღუდულად. ჩვეულებრივ, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებენ.

უკრაინული მხარე აქამდეც აცხადებდა, რომ კრემლი მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებს. წინა წლის 30 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ იანვრის დასაწყისში მოსკოვი საზღვრებს დაკეტავს და მობილიზაციას გამოაცხადებს.

იანვარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ კრემლი დამატებით 500 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს და „აქცენტს გააკეთებს რაოდენობაზე და არა ხარისხზე“.


მობილიზაციის წინა ტალღის დროს რუსეთი ათი ათასობით მოქალაქემ დატოვა. 9 თვის მონაცემებით მათგანი 1 274 006 მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა. რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა უცნობია – საქართველოს შესაბამის სამსახურებს ეს ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

როდემდე შენარჩუნდება ბათუმში მზიანი დღეები – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი 
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო 

შიგამთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში კი:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების პროგნოზით 13-14 იანვარს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

 

„ვაგნერელების“ მიერ სოლედარის დაკავება ბახმუტის ალყას არ ნიშნავს – ISW

რუსული ძალების მიერ ქალაქ სოლედარის დაკავება არ გამოიწვევს ბახმუტის ალყაში მოქცევას, მიიჩნევენ „ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსები.

ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა, მიუხედავად რიგი განცხადებებისა, ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს სოლედარის მთლიანად დაკავება, რასაც „ვაგნერის დაჯგუფების“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც ადასტურებს.

10 იანვრის მდგომარეობით, სოლედარში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მათი დინამიკურობის გამო გაუგებარია, ვინ რა ტერიტორიას აკონტროლებს.

„რომც დავიჯეროთ რუსული განცხადებები, სოლედარის დაკავება არ ნიშნავს ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას. სოლედარის კონტროლი, როგორც ასეთი, არ აძლევს რუსულ ძალებს ბახმუტისკენ მიმავალი უკრაინული სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების დაკავების შესაძლებლობას“, – ამბობენ ექსპერტები.

რაც შეეხება ISW სხვა ახალ მიგნებებს, რუსეთის სახმელეთო ჯარების ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი გახდა. 2022 წლის სექტემბერში იგი ხელმძღვანელობდა რუსულ ჯარებს და დიდი დანაკარგები განიცადა. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ლიმანის დაცემაზე პასუხისმგებლობას სწორედ ამ გენერალს აკისრებდა და მის ჯარისკაცად ჩამოქვეითებას ითხოვდა.

იგორ სტრელკოვმა (ნამდვილი გვარი – გირკინი) მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს პუტინის ჩამოშორებას და ივარაუდა, რომ ზოგ რუს ბლოგერს შორის იზრდება თვითცენზურის შემცირების მზადყოფნა და პუტინის პირდაპირი კრიტიკის შესაძლებლობა.

რუსეთის მიერ ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან ახალი იერიშის წამოწყებას კიევის მიმართულებით ინსტიტუტის ანალიტიკოსები კვლავ ნაკლებ მოსალოდნელად მიიჩნევენ.

კრემლი კვლავაც უარყოფს ახალი მობილიზაციის გამოცხადებას, ხოლო უკრაინის არმია ჯერ კიდევ ახერხებს სვატოვო-კრემანნაიას  მიმართულებით პოზიციების შენარჩუნებას.

რუსეთის საფრენი აპარატები ბელარუსში უფრო წვრთნებისთვისაა, ვიდრე თავდასხმისთვის – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 იანვრის ანგარიში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ საფრენოსნო ტაქტიკურ წვრთნებს მიმოიხილავს. ერთობლივი წვრთნები ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 8 იანვარს დააანონსა. სამინისტროს ცნობით, ბელარუსი წვრთნებს 16 იანვრიდან პირველ თებერვლამდე უმასპინძლებს.

ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 8 იანვრის შემდეგ საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების მოყვარულმა დამკვირვებლებმა ბელარუსში სულ 12 შვეულმფრენი [Mi-8] და მოიერიშე სამხედრო [Mi-24 და Ka-52] ვერტმფრენის შესვლა დააფიქსირეს. ზოგიერთ მათგანზე ჩანდა წარწერა „Z“ და ისინი მინსკთან ახლოს მაჩულიშის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების ბელარუსში გადაყვანა სავარაუდოდ უფრო საწვრთნელ მიზნებს ემსახურება, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი თავდასხმითი ოპერაციების მზადებას.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს თავისი სამხედრო ძალების კვლავაც დიდი რაოდენობა ჰყავს განთავსებული ბელარუსში, ისინი ძირითადად წვრთნებში არიან ჩართული და ნაკლებ სავარაუდოა, რომ წარმოადგენენ დასაყრდენ შემტევ ძალებს.

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „ძალიან ცუდია“

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 11 იანვრისთვის გაუარესებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „ძალიან ცუდია“.

ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.

11 იანვრის დილის 11 საათის მონაცემებით, ბათუმში PM10-ის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 – ძალიან ცუდი:

რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე:

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას. ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 112 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 3 094 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 6 159 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 2 078 ერთეული [+5]
  • MLRS – 437 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 275 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 862 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 826 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 184 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 371 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 868 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 473 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 976 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 809 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 006 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]„მე-3 მსოფლიო ომი არ იქნება“ — ზელენსკის მიმართვა „ოქროს გლობუსის“ მონაწილეებს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„ვაგნერელების“ მიერ სოლედარის დაკავება ბახმუტის ალყას არ ნიშნავს – ISW

გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი

გონიოში ზღვისპირა ბილიკის გარეგანათების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 443 ათას 972 ლარით გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გონიოს ბულვარში მდებარე გარეგანათების ბოძებზე 153 დაზიანებული სანათი უნდა შეიცვალოს.

ჩასატარებელია ასევე სხვადასხვა სახის, მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

გონიოს პლაჟი და გარეგანათების ბოძები / 2022 წლის დეკემბერი / ცაგო კახაბერიძის ფოტო

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება.

გონიოს პლაჟზე გარეგანათება გასულ წელს, ზღვის სეზონზეც არ მუშაობდა. მაშინ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში ვერ უთხრეს როდის აღადგენდნენ გარეგანათებას.

ამ თემაზე:

როდის აღდგება გარე განათება გონიოს ბულვარში

ბინებში წყალი ჩამოდის, წვიმაში ლიფტს ვაჩერებთ – „ვოქსის“ კოპუსში მცხოვრები

ბათუმში, „ვოქსის“ კორპუსში წყალი ჩადის – ამ სახლის ერთ-ერთი ბლოკის ბოლო ორ სართულზე განთავსებული რესტორანი „ვოქსი“ გასული წლის 18 დეკემბერს დაიწვა. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, წვიმის დროს 23-სართულიან კორპუსში ლიფტს უსაფრთხოების მიზნით თიშავენ, რადგან სადარბაზოში წვიმის წყალი აღწევს. რამდენიმე მესაკუთრეს კი წვიმის ჩასვლის გამო ბინის ინტერიერი სერიოზულად დაუზიანდა.

„მერიიდან რომ იყვნენ მოსულები, გვითხრეს 24 საათი ვიმუშავებთ და გადავხურავთო. რესტორნის ტერიტორია გაწმინდეს, მაგრამ გადახურვის სამუშაოები არ დაუწყიათ. წყალი ჩამოდის როგორც ბინებში, ასევე სადარბაზოში, იქ არის მრიცხველები, ელექტროენერგიის გაყვანილობა. ეშინიათ, რაიმე არ მოხდეს და დენს თიშავენ.

ვერც გავარკვიეთ საბოლოოდ ვის ევალება გადახურვა. დამწვარი ფართობის მესაკუთრე არ ჩანს. რესტორნის მეპატრონეს ევალება გადახურვაო, მაგრამ ის არ ჩანს. დაზუსტებით არც ის ვიცით, მესაკუთრე გადახურავს თუ არა“, – გვიყვება სალომე კოიძე, ამ კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმში სტიქიით დაზიანებული სახურავების აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი 26 იანვარს დასრულდება. რატომღაც მერიამ ამ შემთხვევაში პროცესის დასაჩქარებლად გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის მეთოდი არ გამოიყენა, როგორც ეს მაგალითად ნაძვის ხის შესყიდვის შემთხვევაში მოხდა.

 

სამსახურში განგვიმარტეს, რომ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ „ვოქსის“ კორპუსში სტიქიის შედეგად დაზიანებული ბინების აღდგენა. რაც შეეხება სახურავს, მას მესაკუთრე აღადგენს.

რესტორანი „ვოქსი“ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ბიზნესმენ ხვიჩა შარაშიძის საკუთრებაა. მას, თავის მხრივ, რესტორანი იჯარით ჰქონდა გაცემული.

ხვიჩა შარაშიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სახურავის აღდგენას თავად, საკუთარი ხარჯებით გეგმავს. მისივე ინფორმაციით, სახურავის გადახურვის სამუშაო უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულება.

„მზიანი ამინდებია და დავასრულებთ, ნახევარი სამუშაო უკვე შესრულებული გვაქვს“, – აცხადებს ქონების მესაკუთრე.

ხანძარი „ვოქსის“ კორპუსში გასული წლის 18 დეკემბერს, 23-ე სართულზე, რესტორანში გაჩნდა. ხანძრის შედეგად რესტორანი მთლიანად დაიწვა, რამდენიმე ბინა ხანძრის, რამდენიმე ბინა კი ხანძრის ქრობის დროს დატბორვის შედეგად დაზიანდა.

 

სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან ბათუმში ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას, ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.

ამ ქუჩებზე აბონენტებს გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ხელვაჩაურში [მათ შორის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე] ხვალ, 11 იანვრის დილის 8 საათიდან, ხოლო გაზმომარაგება ეტაპობრივად აღუდგებათ 12 იანვრის დილის 10 საათიდან.

„აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია“, – აცხადებენ კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები „დაგეგმილი“ იყო, ვერ დაგვიკონკრეტეს, რომელი ქუჩის რომელ მონაკვეთზეა შეწყვეტილი გაზის მიწოდება ამ ეტაპზე, ან რომელ მონაკვეთებში შეწყდება გაზმომარაგება 11 იანვარს.

„გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნებათ აბონენტებს. ვინც ასეთ შეტყობინებას არ მიიღებს, მას გაზი არ გაეთიშება. დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ცხელ ხაზზე: 16 114“, – გვითხრეს კომპანიაში.

„სოკარმა“ დეტალების გასარკვევად თავიანთ ვებგვერდზეც მიგვითითა.

ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული „გათიშვების რუკით“ თუ ვიხელმძღვანელებთ, ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება შეწყვეტილია ან ხვალ [11 იანვრის დილის 8 საათიდან] შეწყდება შემდეგ არეალებში [მონიშნულია წითელი ფერით]:

წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია სადაც გაზმომარაგება შეწყდა 10 იანვრის დილის 8 საათიდან და აღდგება 11 იანვრის დილის 10 საათიდან; ასევე ამ არეალში, სადაც 10 იანვარს არ შეწყვეტილა გაზის მიწოდება, გაზმომარაგება აბონენტებს შეუწყდებათ 11 იანვრის დილის 8 საათიდან და აღუდგებათ მიწოდება 12 იანვრის დილის 10 საათიდან. / წყარო: „სოკარ ჯორჯია გაზი“
წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია სადაც გაზმომარაგება შეწყდა 10 იანვრის დილის 8 საათიდან და აღდგება 11 იანვრის დილის 10 საათიდან; ასევე ამ არეალში, სადაც 10 იანვარს არ შეწყვეტილა გაზის მიწოდება, გაზმომარაგება აბონენტებს შეუწყდებათ 11 იანვრის დილის 8 საათიდან და აღუდგებათ მიწოდება 12 იანვრის დილის 10 საათიდან. / წყარო: „სოკარ ჯორჯია გაზი“

„რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება 11 იანვარს დილით, კონკრეტული ჩამონათვალი მოგვიანებით გვექნება და მოგაწვდით“, – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზში“. განახლებულ ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ბახმუტსა და სოლედარში „შეთითხნილ წარმატებას“ ვაგნერის პოპულარიზაციისთვის იყენებენ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] აფასებს უკრაინის ომში ვითარებას და აღწერს ომის შედეგების გავლენას თავად რუსეთზე. ბოლო ანგარიშში განხილულია, რას აკეთებს ევგენი პრიგოჟინი იმისათვის, რომ „ვაგნერი“ წარმოაჩინოს როგორც უალტერნატივო ძალა რუსეთისთვის და ამისთვის „შეთითხნილ წარმატებას“ იყენებს.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბოლო დღების განმავლობაში რამდენჯერმე გამოაცხადეს სოლედარის აღების შესახებ. ISW აღნიშნავს, რომ ამ წარმატებას ბევრი რუსული წყარო განიხილავს, როგორც მტკიცებულებას, რომ „ვაგნერი“ მალე შეძლებს ბახმუტის ალყაში მოქცევას.

„9 იანვარს სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ „ვაგნერელები“ სოლედარის ცენტრში, ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ, სასტიკ ბრძოლებში არიან ჩართული. ზოგიერთი რუსი ბლოგერი აღნიშნავს, რომ „ვაგნერი“ სოლედარში იღებს კვარტლებს, ასევე წინ მიიწევს ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებში და თავად ბახმუტში. 9 იანვარს პრიგოჟინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ქვედანაყოფები „ექსკლუზიურად“ იკავებენ პოზიციებს სოლედარში და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის „ვაგნერელები“ სასტიკი ბრძოლებს ეწევიან ქალაქის ადმინისტრაციის შენობისთვის“, – წერს ინსტიტუტი.

ISW თვლის, რომ პრიგოჟინი გააგრძელებს „ვაგნერის“ წარმოჩენას ერთადერთ რუსულ ძალად, რომელსაც შეუძლია ხელშესახებ წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში. ინსტიტუტის განმარტებით, პრიგოჟინი ამისათვის სოლედარისა და ბახმუტის შეთითხნილ წარმატებებს გამოიყენებს, როგორც მტკიცებულებას.

ISW ძირითადი მიგნებები 9 იანვრისთვის ასევე შეეხება იმას, რომ უკრაინელმა პარტიზანებმა შესაძლოა მიზანში ამოიღონ ლუგანსკის რეგიონის სიღრმეში არსებული რუსეთის მნიშვნელოვან სახმელეთო ხაზები.

გარდა ამისა, ISW წერს, რომ უკრაინული არმიის კონტრშეტევის მოლოდინში, საოკუპაციო ძალები პოზიციებს ისევ ამაგრებენ ხერსონის მარცხენა სანაპიროზე და თავდაცვით სიმაგრეებს აშენებენ ზაპოროჟიეს რეგიონში.

რუსული და უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა შესაძლოა გარდაუვალი იყოს ან უკვე მიმდინარეობს.

„ავარიული სახლების“ პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს – ბათუმის საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ავარიული სახლების პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის სათათბირო საბჭოს სხდომები კი დახურულია. საკრებულოს წევრი მერიაში შესულ განაცხადებს და პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით ითხოვს – ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც საკრებულოს წევრს მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ, რომელი ავარიული სახლის პროექტი მოიწონეს, რომელ კომპანიას მისცეს ნებართვა. არაფერი ვიცით მათი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი კომპანია მოლოდინის რეჟიმშია. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ სათათბირო საბჭომ და მერმა განიხილეს პროექტები. ჩვენ გვინდა გამჭვირვალედ ვნახოთ, რა პროექტებია ეს. ამ ინფორმაციის მოთხოვნით დღეს წერილობით მივმართე მერიას. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოთხოვნაა სათათბირო საბჭოს სხდომები იყოს ღია და დაინტერესებულ პირს მიეცეს დასწრების საშუალება.“

ავარიული სახლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭოს შექმნას მერს კანონი ავალდებულებს. სამშენებლო კოდექსში სპეციალურად ბათუმისთვის შესული ცვლილების მიხედვით, მერი დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციას გასცემს. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, მერის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო შემადგენლობას განსაზღვრავს მერი.

ასეთი საბჭო მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შექმნა, ხოლო საკრებულომ დაამტკიცა, თუმცა დღემდე ამ საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ არც საზოგადოებამ და, როგორც რეზო ხარაზი აცხადებს, არც საკრებულოს ოპოზიციამ არაფერი იცის.

მერმა სათათბირო საბჭოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიყვანა.

საბჭოში არ არის ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 10-ზე მეტი წელია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული მიმართულებით მუშაობს. საბჭოში არ მიიწვიეს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ხანია თვითმმართველობის საკითხებზე, მათ შორის, ურბანულ პრობლემებზე მუშაობს და ასე შემდეგ.

საბჭოს ფაქტობრივად საჯარო მოხელეები და საჯარო უწყებაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი წარმოადგენენ.

ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის საკრებულოს წევრი ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს. გასული წლის სხდომებზე საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებდა, რომ საკრებულოს ინფორმაცია არ აქვს ბათუმში კუნძულის მშენებლობის პროექტზე.

 

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

 

მარილის მაღაროებით მტრის ზურგში შეღწევაზე ორივე მხარე ღელავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 10 იანვრის ანგარიშის ფოკუსში ბახმუტთან მდებარე უკრაინის ქალაქ სოლედართან დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებები მოხდა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან ერთად, დონბასის ქალაქ სოლედარში ტაქტიკურ უპირატესობას მიაღწიეს და, სავარაუდოდ, დასახლების უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.

სოლედარი ბახმუტის ჩრდილოეთით, მისგან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბახმუტის აღება რუსეთისთვის კვლავაც მთავარ ოპერატიული მიზანია. რაც შეეხება სოლედარს, სავარაუდოდ ეს მიმართულება არის ჩრდილოეთიდან შემოვლისა და ბახმუტის ალყაში მოქცევის შესაძლებლობა. ასევე უკრაინელთა საკომუნიკაციო ხაზების შეფერხებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობით, ბრძოლების ნაწილი ფოკუსირებულია გამოუყენებელი მარილის მაღაროს გვირაბების შესასვლელებზე, რომლის სიგრძეც 200 კილომეტრია და გადის დასახლების ქვეშ. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, ორივე მხარე ღელავს, რომ ეს გვირაბები შეიძლება მტერმა მათ ხაზებზე უკანა მხრიდან შეღწევისთვის გამოიყენოს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მიუხედავად ბახმუტზე გაზრდილი ზეწოლისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს მომავალში მოახერხოს ქალაქის აღება, რადგან უკრაინული ძალები ინარჩუნებენ სტაბილურ თავდაცვით ხაზებს სიღრმეში და აკონტროლებენ მიწოდების მარშრუტებს.

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ძველ“ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას ააშენებენ. არსებული შენობის დემონტაჟისა და ახლის აშენებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტში 6,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტერიტორია, სადაც დასანგრევი შენობები დგას, დაახლოებით 7 000 კვადრატული მეტრია.

პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ახალი შენობა სამსართულიანი იქნება – თავისი სასწრაფოს მანქანების ავტოსადგომებით, პარკინგით და ყველა საჭირო დამხმარე ნაგებობებით.

„საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის კი, გათვალისწინებულია გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ“ – აღნიშნულია პროექტში.

[რესპუბლიკურის ეზოში, რომელიც დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრია – სკვერის რეაბილიტაცია ცალკე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს].

„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟის და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 6 676 011 ლარია. წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 30 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.

სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, სასწარაფოს ახალი შენობაც მართვაში, დიდი ალბათობით, აღნიშნულ ცენტრს გადაეცემა.

წარწერა სასწრაფოს ახალ შენობაზე / რენდერი პროექტიდან

[toggle title=”პროექტის დეტალების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

განმარტებითი ბარათი პროექტიდან:

„არსებული საპროექტო დოკუმენტაცია მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #2-ში მდებარე შენობის დემონტაჟს და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობას, ასევე მასზედ დაქვემდებარებული დამხმარე შენობა-ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობ სამუშაოებს.

საპროექტო მიწის ნაკვეთი არ ხასიათდება უსწორმასწორო რელიეფის ფორმებით. წარმოდგენილი ტერიტორია განაშენიანებულია საავადმყოფოს შენობებით, მასზედ დაქვემდებარებული დამხმარე შენობა-ნაგებობებით, საფეხმავლო თუ საავტომობილო გზებით, პარკირების თუ გამწვანებული სივრცეებით, ასევე ტერიტორიაზე მრავლადაა სხვადასხვა სახის ხე-ნარგავები.

წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია მიზნად ისახავს ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში არსებული ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის სადემონტაჟო სამუშაოებს, რის შემდგომაც საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის [დეტალურად ნაჩვენებია საპროექტო დოკუმენტაციაში] გათვალისწინებულია გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ.

ძირითადი შენობის მოწყობა შედგება ორი ბლოკისგან, მათ შორის პირველი სართულის ნაწილში გავალისწინებულია გვირაბი ავტომობილების სამოძრაოდ, ხოლო მეორე და მესამე სართულები დაკავშირებულია ერთმანეთთან.

I ბლოკს აქვს ტრაპეციის ფორმა, რომლის ორ პარალელურ გვერდს აქვს რადიანის ფორმა. საორიენტაციო წერტილიდან მათი რადიუსები ტოლია 24.9 და 10.4 გრძივი მეტრისა.

I ბლოკის დასავლეთ ნაწილში არსებული ფასადის უმეტესი ნაწილი შედგება ლითონის კარკასზე მოწყობილი შემინვისგან. შემინულია ასევე ბლოკებს შორის, II და III სართულების დამაკავშირებელი ნაწილიც.

II ბლოკს გააჩნია მართკუთხა ფორმები. ორივე ბლოკის უმეტესი ნაწილი მოპიკეთებულია ალუკანონდის ფილებით, რომლებიც მოწყობილია ლითონის კარკასზე. ორივე ბლოკს გააჩნია დამოუკიდებელი კიბის უჯრედი და სანიტარული კვანძები, ლიფტი განთავსებულია I ბლოკში.

ასევე ორივე ბლოკი მოიცავს: დერეფნებს, გასახდელებს როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის ინდივიდუალურად, თავისი საშხაპეებით და ტუალეტებით, ბრიგადების მოსასვენებელ ოთახებს, დამოუკიდებლად განთავსებულ ტუალეტებს (მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და შშმ პირთათვის), სასადილო ოთახებს, სასტერილიზაციო ოთახს, რეცხვა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახს, ტექნიკური პერსონალის მოსასვენებელს, აფთიაქს, წამლების შესანახ ოთახს, სადისპეჩეროს მოსასვენებელს, დეპარტამენტის უფროსის და მენეჯერის კაბინეტებს, დაცვის და კამერების ოთახებს, არქივს, ანგარიშების სპეციალისტების და სარეზერვო, მივლინებული თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახებს, სასტუმროს ტიპის ოთახებს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ინდივიდუალური საშხაპეებით აღჭურვილ სავარჯიშო ოთახს, ტრეინინგების ოთახს, საკონფერენციო დარბაზს და მასზედ დაქვემდებარებულ სასადილო და მისაღებ ოთახებს, ასევე ტერასას, ავარიულ გასასვლელებს და აივნებს.

დამხმარე შენობა ნაგებობები თავისი დანიშნულებისა და საჭიროების მიხედვით არის სხვადასხვა ზომის, თუმცა ფასადის ზედაპირებისთვის გამოიყენება ერთი და იგივე ფერის დ ფორმის ალუკაბონდის ფილები და ასევე კარებები. დამხმარე შენობა-ნაგებობები განკუთვნილია სასაწყობედ, სამრეცხაო ნარჩენებისა და სადეზინფექციოდ, საწყობი ჟანგბადის დანადგარებისა და ბალონებისთვის, შენობა ვენტილაცია კონდიცირებისთვის და საქვაბესთვის.

ყველა მათგანი განლაგებულია ტერიტორიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

მინი-სპორტული მოედანი წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში. ის შედგება ლენტურ-წერტილოვან საძირკველზე მოწყობილი სექციური ღობისგან და დასხმის ფილისგან. სექციური ღობე თავის მხრივ შედგება ლითონის მილკვადრატებისგან და მასზედ დამაგრებულ კუთხოვანებისგან შედგენილი ჩარჩოებისგან. ჩარჩოებში მოწყობილია ლითონის ბადე. მონოლითურ ფილაზე უნდა მოხდეს ხელოვნური მინდვრის საფარის მოწყობა.

მინი-სპორტული მოედანი კომბინირებულია და განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ.

ტერიტორიის დანარჩენ პერიმეტრზე ასევე მოწყობილია: დახურული პარკირების სივრცე სასწრაფოს მანქანებისთვის, ღია პარკირების სივრცე მომსახურე პერსონალისთვის, ველო-პარკირების სივრცე, მოსასვენებელი სივრცე, გამწვანებული ტერიტორია, დეკორატიული ფილებით დაფარული ტერიტორია, ბეტონის საფარიანი სივრცე ავტომობილების გადასაადგილებლად.

საპროექტო ტერიტორია უნდა შემოისაზრვროს რკინა-ბეტონის მონოლითური ღობით, რომელსაც გააჩნია სამი შესასვლელი, ორი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან და ერთი ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან. მათგან ორში შესასვლელებად გამოყენებულია ჭიშკარი და კუტიკარი ხოლო ერთში შლაგბაუმი.

წარმოდგენილი პროექტი არ არღვევს სამეზობლო თუ საზოგადოებრივი მიჯნის ზონის პრინციპებს და არ აზიანებს გარემოს.“

სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი შენობის მოსაწყობი სამუშაოების გენგეგმა პროექტიდან / ახალი შენობა ბათუმში, ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე უნდა აშენდეს

[/toggle]

 

სხვა მოთხოვნებთან ერთად, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 35 000 000 ლარის ოდენობით;

ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 ლარის ოდენობით“.

ტერიტორია, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი და ახალი შენობები, სკვერი და სხვა ნაგებობები დგას, ჯამში 22 109 კვადრატული მეტრია [ამ ნაკვეთიდან ცალკე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ბათუმის N1 პოლიკლინიკაა განთავსებული. პოლიკლინიკის შენობა კი, რომლის ფასადი აბუსერიძის ქუჩაზე გამოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].

ბათუმის რესპუბლიკურის მთელი ეს ტერიტორია და შენობაც, რომელიც უნდა დაანგრიონ, რეესტრის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ამასთან, ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“.

ამ კომპანიების მესაკუთრეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა წილები მართვაში სამედიცინო ჰოლდინგზეა გადაცემული. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა:

დაწყებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ხელშეკრულება შპს „ალსოფ“-თან 259 441 ლარზე აქვს გაფორმებული.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სკვერის რეაბილიტაცია დაწყებულია / 10.01.2023

ტენდერი სკვერის რეაბილიტაციაზე რესპუბლიკურს 302 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა / 10.01.2023

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 112 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 3 084 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 154 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 073 ერთეული [+4]
  • MLRS – 434 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 275 ერთეული [+3]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 860 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 817 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 183 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 370 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 866 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 465 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 975 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 802 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 992 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მარილის მაღაროებით მტრის ზურგში შეღწევაზე ორივე მხარე ღელავს – ბრიტანეთის დაზვერვა

რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, ანუ უფასო რეგისტრაცია, 2023 წელს 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებში დაიწყება.

მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. უფასო რეგისტრაცია არ ეხება თვითმმართველ ქალაქებს, მათ შორის ბათუმს.

საჯარო რეესტრმა ადრინდელი გეგმა-გრაფიკი შეცვალა, შესაბამისად, აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასო რეგისტრაცია 2023 წელს უნდა დაიწყოს:

  • ხულოს მუნიციპალიტეტში:

სხალთა – თებერვალში;
ღორჯომი, ფუშრუკაული – მაისში;
დიოკნისი, დეკანაშვილები, ვაშლოვანი, ხულო, დიდაჭარა – ივნისში;
რიყეთი, აგარა, თხილვანა, საციხური – ივლისში.

  • შუახევის მუნიციპალიტეტში:

უჩამბა – აგვისტოში.

  • ქედის მუნიციპალიტეტში:

წონიარისი –  მაისში;
დაბა ქედა, მახუნცეთი, დოლოგანი, ცხმორისი, პირველი მაისი, ოქტომბერი, მერისი, ზვარე – სექტემბერში.

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში:

თხილნარი – მაისში.

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში:

დაგვა – თებერვალში;
ციხისძირი – მაისში;
საჩინო – აგვისტოში;
დაბა ჩაქვი – ნოემბერში;
ჩაისუბანი, ხალა, კვირიკე, ხუცუბანი, ალამბარი, გვარა, აჭყვისთავი, ზენითი, სოფელი ქობულეთი, ქაქუთი, ლეღვა, მუხაესტატე, წყავროკა, დაბა ოჩხამური, ჭახათი, ქობულეთი – დეკემბერში

საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს.

მოქალაქეებს, რომლებიც ნაკვეთებს ფლობენ იმ სოფლებში, სადაც მიწის აზომვა დაწყებულია ან აწი დაიწყება, შეუძლიათ საჯარო რეესტრს დაუკავშირდნენ და მიაწოდონ ინფორმაცია ამ ბმულის საშუალებით.

აღნიშნული ბმულის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათი საკონტაქტო მონაცემები და მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საჯარო რეესტრს.

როგორც აღვნიშნეთ, მიწის რეგისტრაციის დაწყების თავდაპირველად დამტკიცებული გრაფიკი შეცვლილია. ამ დროისთვის არსებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით კი, აჭარაში 2024 წელს მიწის უფასო რეგისტრაცია დაიწყება:

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – ჭარნალი, შარაბიძეები, მახინჯაური, ორთაბათუმი, სარფი, აჭარისწყალი, კირნათი, მაჭახელა, ფერია [ყველგან იანვარში];
  • შუახევის მუნიციპალიტეტში – შუბანი, ოლადაური, შუახევი [ივნისში]; ჭვანა, ზამლეთი, ბარათაული, წყალსაყარი [ივლისში].

 

საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის განახლებული გეგმა-გრაფიკი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

 


თვითნებურად დაკავებული მიწის დასარეგისტრირებლად გლეხმა 600 ლარი უნდა გადაიხადოს. გასულ, 2022 წელს, პირადობისა და პასპორტების დამზადების მომსახურების გაძვირებასთან ერთად, იუსტიციის სახლში მიწის სპორადული რეგისტრაციის საფასურიც 600 ლარი გახდა.

თუმცა, ამ საფასურის გადახდა მაშინაა საჭირო, თუ გლეხს არ სურს დაელოდოს სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას, მიწის დაკანონება ეჩქარება და თავად მიმართავს რეესტრს [სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში].

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

 

შრომის ინსპექცია ექიმებისა და ექთნების ხელფასებს შეისწავლის

შრომის ინსპექციას ახალი მიმართულება დაემატა, 2023 წლიდან ინსპექცია ექთნებისა და ექიმების ანაზღაურების დადგენილ ზღვართან შესაბამისობას და მათი შრომის პირობებს გააკონტროლებს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას დააჯარიმებენ.

ექიმების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საათში – 7, ექთნების კი, საათში – 4.4 ლარით განისაზღვრა.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

შრომის ინსპექციის სამსახური სრულ ინსპექტირებას განახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ, ასევე შრომის უფლებების აღსრულების მიმართულებით.

ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობებს კანონი მკაფიოდ განმარტავს, შესაბამისად, თუ ინსპექტირებისას დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, ეს ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის ან ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

ექთნების შრომის ანაზღაურებას და მათი შრომის პირობებს  ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ წლებია აპროტესტებს: „აღნიშნული ზრდა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რადგან ის არ აკმაყოფილებს ექთნებისთვის აუცილებელი საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტს.“

ამავე თემაზე:

„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

„დრიმლენდ ოაზისმა“ ბათუმში ზღვისპირას 5 ჰექტარი მიწა იყიდა

ბათუმში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორია გაიყიდა. 5 ჰექტარამდე ფართობი შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ საკუთრებაში 2023 წლის 7 იანვარს დაირეგისტრირა.

ყოფილი ტურბაზა, მისი მიმდებარე ტერიტორიით, ჯამში 49 420 კვ.მეტრი, კომპანიამ აუქციონზე, 16 მილიონ 320 ათას ლარად, ერთი ბიჯით, იყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ელექტრონული ვაჭრობის დროს კონკურენტი არ ჰყოლია.

დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში ფლობს ასევე მოქმედ სასტუმრო კომპლექსსა და პლაჟს [12 ჰექტარს] მრავალწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით. გარდა ამისა, კომპანია ჩაქვში კიდევ ერთ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

ქონების საწყისი ფასი 16 020 000 ლარი იყო, ბიჯი: 300 000 ლარი [საწყისი ფასის მიხედვით, ერთი კვ.მეტრის ფასი 324 ლარი. აუქციონზე –  სამი საკადასტრო ერთეული, ჯამში – 49 972კვ. მეტრი იყო  გატანილი]. კომპანიამ საპრივატიზებო საფასური 3 ეტაპად, 2024 წლის პირველ ივნისამდე უნდა გადაიხადოს.
ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია კომპანია „Colliers International“-მა აჭარის მთავრობის დაკვეთით შეიმუშავა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთ-ერთი პირობაც საინვესტიციო პროექტის ამ კონცეფციის შესაბამისად მომზადება და მთავრობისთვის წარდგენაა.

აუქციონის პირობები „დრიმლენდ ოაზისმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით უნდა შეასრულოს.

„Colliers International“- ის კონცეფცია ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე ნავმისადგომისა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს.

გასაყიდ ნაკვეთებზე ათასობით მრავაწლიანი ხეა გაშენებული, მათ შორის არის წიწვოვნებიც.

აუქციონის პირობის შესაბამისად, გასაყიდად მომზადებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრემ უნდა ააშენოს ვილები [შესაძლებელია ე.წ. „Beach House“]  ან საცხოვრებელი სახლები [შესაძლებელია ე.წ. „SEMI-DETACHED HOUSE“], ასევე, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები.

ქონების მყიდველმა, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, შესყიდული ტერიტორიის გასწვრივ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს გზა, ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკი [ე.წ. პრომენადი], ასევე შიდა მოხმარების გზები შეუფერხებელი საზოგადოებრივი წვდომის პირობით.

ჯამში, შესყიდულ ფართობზე, „დრიმლენდ ოაზისმა“ 100 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

გასაყიდი ტერიტორიის ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული

„დრიმლენდ ოაზისის“ 82 პროცენტს ავსტრიაში დაფუძნებული კომპანია „ალბერეტა“ ფლობს, 18 პროცენტი კი, ბიზნესმენ ნიკოლოზ გეგუჩაძის საკუთრებაა.

მთავარი ფოტო: „დრიმლენდ ოაზისის“ მიერ შეძენილი ნაკვეთები „Colliers International“ – ის კონცეფციიდან.

„ბატონებთან“ დაკავშირებულ  რიტუალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:

  • „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
  • „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
  • „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
  • „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
  • „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
  • „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული  რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.

ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება დღეს, 2023 წლის 9 იანვარს ამოქმედდა.

ამავე ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა;

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას კი – ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

სილქფესტი 2023 წელს საუკეთესო შეთავაზებებით დაბრუნდა

ახალი წელი სილქფესტმა აქციებით გახსნა.  9 იანვარს მომხმარებელი შეძლებს კოდით *202#; აპლიკაციიდან  My Silknet ან პირდაპირ საიტიდან გაიაქტიუროს:   

  • 100 ადგილობრივი წუთი + 3000 MB – 7 
  • 600 ადგილობრივი წუთი – 10 ₾
  • 15000 MB – 12 ₾
  • 50 000 MB – 20 ₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო + 10 000 MB – 20 ₾

სილქფესტის აქციებით სარგებლობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა;

ძალაშია სხვა ნომრისთვის სილქფესტის ნებისმიერი პაკეტის გააქტიურების პირობაც.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ Su-57 FELON გამოიყენეს-ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 9 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ ომში საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყენებას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 2022 წლის ივნისის შემდეგ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მისიების განსახორციელებლად გამოიყენეს Su-57 FELON.

„FELON რუსეთის ყველაზე მოწინავე მეხუთე თაობის ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც იყენებს სტელსის ტექნოლოგიასა და მაღალგანვითარებულ ავიონიკას“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ FELON-ის მისიები, სავარაუდოდ, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე გაფრენებითა და შორი დისტანციის ჰაერი-მიწა და ჰაერი-ჰაერი რაკეტების უკრაინის მიმართულებით გაშვებით შემოიფარგლებოდა.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური იუწყება, კომერციულად ხელმისაწვდომი უკანასკნელი ფოტოგამოსახულებები ახტუბინსკის საჰაერო ბაზაზე განთავსებულ ხუთ FELON-ს აჩვენებს. აღნიშნულ ბაზაზეა 929-ე საფრენი ტესტირების ცენტრი. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რამდენადაც ეს არის ერთადერთი ცნობილი FELON-ის ბაზა, სავარაუდოდ, სწორედ ეს თვითმფრინავები მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციებში.

ახტუბინსკის საჰაერო ბაზა რუსეთში, ასტრახანის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ქალაქ ახტუბინსკთან ახლოს მდებარეობს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის შეფასებით რუსეთისთვის, სავარაუდოდ, პრიორიტეტს წარმოადგენს თავიდან აირიდოს უკრაინაში FELON-ის ნებისმიერი დანაკარგით გამოწვეული შესაძლო რეპუტაციის შელახვა, შემცირებული ექსპორტის პერსპექტივები და სენსიტიური ტექნოლოგიის კომპრომეტირება.

2022 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ამ სატელიტურ სურათზე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვის ანალიტიკურმა ჯგუფმა რუსეთში, ახტუბინსკის აეროდრომზე განთავსებული ხუთი Su-57 FELON-ის იდენტიფიცირება მოახდინა.

1 მილიონი ლარი აჭარის პოპულარიზაციისთვის – ტურისტული გამოფენების ჩამონათვალი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2023 წელს ათობით ტურისტულ გამოფენასა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ფინანსების ხარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს.

ამ მიზნით, 1 მილიონ 50 ათასი ლარის მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

„აღნიშნული ღონისძიებები და პიარ-აქტივობები ხელს უწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ცნობადობის ზრდას, ასევე საქმიანი ურთიერთობების დამყარებას სამიზნე ქვეყნების ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.

გარდა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობისა, მნიშვნელოვანია ასევე, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტის მონაწილეობა საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებსა და სხვა სამუშაო შეხვედრებში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობისა თუ ღონისძიების გამართვას.

ღონისძიების მიზანია რეგიონის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია და წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე, პოტენციური მომხმარებლებისათვის კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზება და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვა საერთაშორისო ბაზრებიდან.

ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმის განვითარება, სტიმულირება და საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვის ზრდა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

გამოფენები, რომლებშიც მონაწილეობას 2023 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს:

FITUR – მადრიდი, ესპანეთი – 18-22 იანვარი;
MATKA ჰელსინკი, ფინეთი – 20-22 იანვარი;
BALTOUR რიგა, ლატვია – 3-5 თებერვალი;
BIT მილანი, იტალია – 12-14 თებერვალი;
IMTM – თელავივი, ისრაელი 14-15 თებერვალი;
ITB – ბერლინი, გერმანია (მასპინძელი ქვეყანა საქართველო) 7-9 მარტი;
ATM – დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები 1-4 მაისი;
TOP RESA პარიზი, საფრანგეთი – სექტემბერი;
WTM – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – ნოემბერი;
IBTM -ბარსელონა, ესპანეთი; 28-30 ნოემბერი;
World Travel Show – ვარშავა, პოლონეთი – ნოემბერი;
CTF- თბილისი საქართველო – მაისი
EXPO Batumi – ბათუმი საქართველო – მაისი.
IMEX ფრანკფურტი, გერმანია 23-25 მაისი.
სტამბოლი, თურქეთი – 8-11 თებერვალი
ბაქო აზერბაიჯანი – 25-27 აპრილი
ალმათი, ყაზახეთი – 19-21 აპრილი
ტაშკენტი, უზბეკეთი – ნოემბერი;
ბუდაპეშტი, უნგრეთი – 23-26 თებერვალი
პრაღა, ჩეხეთი – 17-19 მარტი
ჰერნინგი, დანია – 24-26 მარტი
ვილნიუსი, ლიეტუვა – 27-29 იანვარი
ტალინი, ესტონეთი – 9-11 თებერვალი
ერევანი, სომხეთი – 15-17 სექტემბერი
ვროცლავი, პოლონეთი – 3-5 მარტი
კატოვიცე, პოლონეთი – 24-26 მარტი

„გამოფენების ჩამონათვალი არასრულია, ვინაიდან დეპარტამენტი დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა ჩატარების თარიღები, მონაწილეობის პირობები და სტენდის აგების ღირებულება ზუსტდება ორგანიზატორი კომპანიების მიერ და წინასწარ ზუსტი თარიღები და ღირებულებები ცნობილი არ არის.“ – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ამავე თემაზე:

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 111 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 3 080 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 6 147 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 2 069 ერთეული [+4]
  • MLRS – 434 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 275 ერთეული [+3]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 856 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 809 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 183 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 367 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 856 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 460 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 972 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 793 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 978 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, თავდასხმები რუსეთში ისევ იქნება – ბუდანოვი

ხანძარი ოცნების ქალაქში – დაიწვა 2 სახლი

8 იანვარს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ოცნების ქალაქის დასახლებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 2 სახლი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

როგორც „ბათუმელებს“ ოცნების ქალაქიდან აცნობეს, ამ დროისთვის მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ქუჩა ბათუმში უგზოდ და უწყლოდ – „ფეხით კი არა, მანქანასაც უჭირს გავლა“

„ორი დღეა წყალი ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლუიზა ვარშანიძე.

ეს ქუჩა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული, სასმელ წყალსაც ამ ქუჩაზე მცხოვრები 17 ოჯახი ხელვაჩაურიდან იღებს, თუმცა, როცა წყალი წყდება, ან გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მოსახლეობას ბათუმის მერიისკენ მიუთითებენ – თქვენ ბათუმს ეკუთვნითო.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი ბათუმს შეუერთეს. უგზოობის და უწყლობის გარდა, ბათუმის ამ ქუჩაზე არც კანალიზაციის სისტემაა მოწყობილი და არც გარეგანათება შეგხვდებათ სადმე.

„ხელვაჩაური სამადლოდ გვაწვდის წყალს, ვერც მოსთხოვ პასუხს, როცა არ არის. ვერც გავიგეთ ახლა, რა დაზიანდა,“ – გვიყვება ლუიზა ვარშანიძე, – „წლების წინ გამოიყვანა ჩემთან „ბათუმის წყალმა“ მილები, მაგრამ დაერთებული არ არის, არც მრიცხველებია. დაახლოებით სამი წლის წინ დაასრულეს სამუშაოები და ამ დრომდე არ გვაწვდიან წყალს. გვეუბნებიან მალე იქნებაო, მაგრამ როდის იქნება ეს მალე, არავინ იცის.

სამუშაოები ხომ წინასწარ გაწერილია ბიუჯეტში, ჩვენი პრობლემა კი, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ვერ გვპასუხობს „ბათუმის წყალი“, როდის გვექნება სასმელი წყალი. ვერც ბათუმის მერია გვეუბნება, როდის მიხედავენ ქუჩას, კანალიზაციას, ან გარეგანათებას.

აქ უკვე ფეხით კი არა, მანქანით გავლაც შეუძლებელია. ვინმე როცა მოდის სტუმარი, წინასწარ გვირეკავს და მანქანით უნდა გავაკითხოთ,“ – ამბობს ლუიზა ვარშანიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყლის“ პრესცენტრს, სადაც გვიპასუხეს, რომ სამუშაო დღეებში მოახერხებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას.

მოქალაქემ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის ამსახველი ფოტოებიც გამოგვიგზავნა. ამ ქუჩის სიგრძე [ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ჭოროხის ქუჩამდე მონაკვეთში] სულ 450 მეტრია. მოსახლეობის თქმით, ამ ქუჩით ხშირად გადაადგილდება სატვირთო მანქანებიც.

„წლების წინ იყო პასუხი, რომ რუსული ჯარის ტანკები აფუჭებდნენ გზას. 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი, 16 წელი გავიდა და მოასფალტება კი არა, ხრეშსაც არ ყრიან ორმოები რომ ამოავსონ“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ლუიზა ვარშანიძემ.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმში, ლუიზა ვარშანიძის ფოტოები

ბათუმში მდებარე ამ ქუჩაზე გადაადგილება წვიმაში განსაკუთრებით რთულია, მითუმეტეს ღამით, როცა ქუჩაზე გარეგანათებაც არ არის.

განახლება: “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, “მოსახლეობასთან კომუნიკაცია უკვე შედგა და უახლოეს პერიოდში მოხდება ფანასკერტელის ქუჩის ახალ ქსელზე დაერთება.”

ამავე თემაზე:

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 8 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მახინჯაურში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ამოყირავდა სატვირთო ავტომანქანა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და დაგადაუდებელი დახმარების ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ქვედა კიდურის დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

დათოვლილი დიდაჭარა | ფოტორეპორტაჟი

ეს ხულოს სოფელი დიდაჭარაა.

ფოტოები „ბათუმელებისთვის“ ავთო შერვაშიძემ დრონით გადაიღო დღეს, 8 იანვარს. მისი თქმით, დიდაჭარაში თოვლის სიმაღლე 70 სანტიმეტრზე მეტია.

ხულო, სოფელი დიდაჭარა / 8.01.2023
ხულო, სოფელი დიდაჭარა
ხულო, სოფელი დიდაჭარა
ხულო, სოფელი დიდაჭარა / 08.01.2023

ამავე თემაზე:

თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

ორშაბათიდან აჭარაში შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ნალექი, მთაში თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: -2 გრადუსი ყინვა 3 გრადუსი სითბო 

შიგამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში კი:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით ნალექი; დღისით უმეტესად უნალექო. ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე ღამით 13-15დმ [4 ბალი], დღისით 7-12 დმ [2-3 ბალი]; ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით 10-11 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო რიგ სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია, პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. მაღალმთიან აჭარაში ამ წუთებშიც თოვს.

8 იანვრის დღის 12 საათისთვის, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, „ქედაში მხოლოდ 2 სოფელს და შუახევის რამდენიმე სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია შეფერხებით. ხულოში კი, ძირითადად, მაღალი ზონის სოფლებშია შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ“.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ამ წუთებშიც განაგრძობენ მუშაობას.“ – გვითხრეს კომპანიაში.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. მუშაობს 32 ერთეული ტექნიკა. დღის განმავლობაში ეტაპობრივად, ყველა მიმართულებით განხორციელდება სამუშაოები. გზები იწმინდება ხელვაჩაურში – მაჭახლის ხეობაშიც.“

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, დაბა ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, სოფლებში – 70 სანტიმეტრს გადააჭარბა, კურორტ გოდერძიზე კი, გაცილებით მეტია.

„მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელია კურორტ გოდერძიმდე, ასევე თემის ცენტრებამდე, სადაც გზები გაწმენდილია. მუნიციპალიტეტში 83 სოფელია და ყველა სოფელთან მისასვლელი გზები, ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, თუმცა, აჭარის გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს და ეტაპობრივად სასოფლო გზებიც გაიწმინდება“ – გვითხრეს ხულოს მერიაში.

შუახევის მერიის ინფორმაციით კი, „თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს, დაბალ ზონაში  – 40-50 სანტიმეტრს. რაც შეეხება გზებს, გუშინ დაიწყო გაწმენდა და დღესაც გრძელდება, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი, ასევე შიდა სასოფლო გზების. დილის მონაცემებით დენი არ მიეწოდებოდა 20 მდე სოფელს.“
აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში გზების გაწმენდაზე 32 ერთეული ტექნიკა მუშაობს / დეპარტამენტის ფოტო
მთავარი ფოტო: თოვლი მაღალმთიან აჭარაში / აჭარის გზების დეპარტამენტის ფოტო

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 111 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
  • ტანკი – 3 069 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 130 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 2 065 ერთეული [+3]
  • MLRS – 431 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 272 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 849 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 801 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 183 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 8 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 365 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 848 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 449 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 972 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 787 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 965 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა.

ამავე თემაზე:

ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

პედაგოგების სტატუსის დანამატი იანვრიდან 125 ლარით იზრდება – ახალი ბრძანება

2023 წლის იანვრიდან მასწავლებლები სტატუსის გაზრდილ დანამატებს მიიღებენ.

შესაბამისი ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

ახალი ცვლილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:

  • უფროსი მასწავლებლისათვის – 795 ლარი [იყო 670 ლარი];
  • წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარი [იყო 1050 ლარი];
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1475 ლარით [იყო 1350 ლარი]

სტატუსის დანამატები გაიზარდა ასევე სპეციალური მასწავლებლებისთვისაც. შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

  • უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის იქნება 795 ლარი;
  • წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის – 1175 ლარი.

მინისტრის ბძანების მიხედვით, „სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისათვის იანგარიშება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.“

აქედან გამომდინარე, 2023 წლის იანვრიდან:

  • სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 595 ლარს;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 645 ლარს;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 695 ლარს;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 745 ლარს;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 795 ლარს.

  • სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის კი შეადგენს:

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 775 ლარს;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 875 ლარს;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 975 ლარს;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1075 ლარს;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1175 ლარს.“.

მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სკოლებში მასწავლებლები სტატუსის დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ სრულად, თუ მათ 15 და მეტი საგაკვეთილო საათი აქვთ.

ამ გადაწყვეტილებას სკოლის პედაგოგები არასამართლიანად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სტატუსის დანამატი პედაგოგმა სრულად უნდა მიიღოს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა 15 საათი.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე გასული წლის დეკემბერში კითხვებით განათლების სამინისტროსაც მიმართა, თუმცა სამინისტრომ კითხვებს არ უპასუხა.

რაც შეეხება მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ეთნიკური უმცირესობების ენებში: სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაში და მინიჭებული აქვს უფროსის, მენტორის ან წამყვანის სტატუსი, სრული დანამატი მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში აღნიშნული ენისთვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა, ნაკლებია სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე:

ამავე თემაზე:

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

რიკოთზე, სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე, მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 [სურამის კვანძი-საქასრია] მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ 7 იანვრის საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თოვის და ქარბუქის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური [ფოსტა] – კობის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

 

მთავარი ფოტო: რიკოთის უღელტეხილი / საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

 

ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს

საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელებში ჭიშკრების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 132 910 ლარია გამოყოფილი.

შეიცვლება ძველი [სადაც არის] და ახალი ჭიშკრები მოეწყობა შემდეგ მისამართებზე:

ასათიანის N28, ბერიძის N13, ვაჟა-ფშაველას N63, ზუბალაშვილის N22, თავდადებულის N1-3, თავდადებულის N22, თავდადებულის N33, კომახიძის N20, კომახიძის N23, კოსტავას N9 [ორი ჭიშკარი], ლერმონტოვის N20 [ორი ჭიშკარი], ფარნავაზ მეფის N6-8, წერეთლის N12.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

7 იანვრის მდგომარეობით სამმართველოს სატენდერო კომისიამ ორ პრეტენდენტს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, უკვე დისკვალიფიკაცია მისცა: შპს „ინტერიერი“ – შეთავაზებული თანხა – 99 784 ლარი და შპს „მშენებელთა ჯგუფი – 122 221 ლარი.

ამ დროისთვის კომისია მესამე პრეტენდენტის, შპს „იმპექსის“ წინადადებას განიხილავს, რომელიც მომსახურებას სამმართველოს 126 126 ლარად სთავაზობს.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა ჭიშკრები ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დაამონტაჟოს.

მოთხოვნა საგარანტიო ვადებზე ასეთია:

  • ჭიშკრების ლითონის ნაკეთობებზე 10 წელი
    ჭიშკრების აქსესუარებზე 5 წელი
    გამოყენებულ საღებავზე 2 წელი

ფოტოები ტენდერიდან:
წერეთლის ქუჩა N12
კოსტავას N9
ლერმონტოვის N20
ბერიძის N13
ადგილები ბათუმში სადაც მერია ახალ ჭიშკრებს დაამონტაჟებს

 

ვის და რამდენით დაუფარავს დენის გადასახადს სახელმწიფო 2023 წელს

სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტ.სთ-ის ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო, დახმარების სახით, 1 კვტ.სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით გადაიხდის.

მთავრობის ახალი დადგენილებით, 2023 წელს სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი პირობებით:

2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;

2023 წლის 1-ლი აპრილიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“.

მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სუბსიდირება მოხდება „2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებითა და დღგ-ის ჩათვლით.“

  • ამასთან, „2023 წლის იანვრის თვიდან 2023 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით [თითოეული თვისთვის] მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 100 ლარისა.“

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 3 თებერვალს მიღო.

ამ დადგენილებით დენის სუბსიდია ეხება სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებსაც, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000 -ის.

  • ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, დენის სუბსიდიის თანხა შეადგენს: 2020 წლის დეკემბრის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ტარიფს შორის სხვაობას და ასევე, დამატებით 1 კვტ.სთ-ზე 3.5 თეთრს [2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით].
  • ანალოგიურ დახმარებას, ოღონდ 1-ლი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მიიღებენ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი, ზოგან თოვლჭყაპი, მთაში თოვა, ღამით და დილით ზოგან ძლიერი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიგამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში კი:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, ნალექი, ღამით და დილით ზოგან ძლიერი, ხილვადობა 4-10 კმ, ტალღის სიმაღლე 13-18 დმ[4ბალი]; ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9 იანვარს ღამით და დილით მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს [10 და 11 იანვარს კი] მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

Exit mobile version