მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე არასდროს ჰქონიათ

31.12.2022 • 8783
ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე არასდროს ჰქონიათ

თოვს.

ფანჯარას ჯვრის ფორმის ვიწრო ხის ნაჭრებში გაჭედილი შუშა ჩამოჰქცევია. ალბათ სიცივეს ვერ გაუძლო. მთელი ღამე ყინავდა. ძალიან ცივა ახლაც.

დედამ, რომელიც 4 შვილს გვზრდის, მისაღებ ოთახში, იატაკზე გაგვიშალა ლოგინი. აქ შეშის ღუმელი დგას, სხვა ოთახებში – არა. სიცივისთვის არ ვემეტებით. თვითონაც გვერდით მოგვიწვა. ღამით რამდენჯერმე ადგა, ღუმელს შეშა შეუკეთა.

მე დამსხვრეულ შუშას ვხვეტ. ჩემი დები აივნიდან დეკემბრის თოვლს ყრიან. სულ რამდენიმე დღეში ახალი წელია. ერთი ძმა გვყავს, ყველაზე პატარა, რომლის გაჩენამდეც დედაჩემზე ამბობდნენ – უხეირო რძალი დაურჩა მაგათ ოჯახსო.

ჩემი ძმა იატაკზე დაყრილ შუშას უშნოდ არტყამს წრეს. ხელში, როგორც ყოველთვის, ხის ნაჭრები უჭირავს. ბაბუაჩვენი ხის ოსტატია და ჩემი ძმაც ხის ოსტატობას იჩემებს.

სულ ჩაქუჩი, ხერხი, ლურსმნები. ჩემს შვიდი წლის ძმაზე გიყვებით. 10 თითიდან 3-ზე მაინც რომ ყოველთვის ფრჩხილი აქვს აცლილი, 2 – გაჭრილი, 1 – გასივებული, დანარჩენი 4 კი – ჯანსაღი, ოღონდ დიდხანს არა.

„ნაძვის ხე რატომ არ გვაქვს?“ – მეკითხება ჩემი ძმა.

ჰო, ნაძვის ხე რატომ არ გვაქვს? – ვიმეორებ მეც.

სახლში ნაძვის ხე არასდროს გვქონია. პატარა და ულამაზო ნაძვის ხე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ ვნახე დედაჩემის ძმის სახლში. მინდოდა, ყველა ტოტს შევხებოდი და 1000 წლის წინანდელი სათამაშოების დაკაწრულ ზედაპირზე ჩემი თვალებისთვის, ცხვირისთვის, შუბლისთვის, რომელიც უამრავ ნაწილად გაყოფილი მოჩანდა, საათობით მეცქირა, მაგრამ ბიცოლაჩემმა არ გამაკარა. ალბათ ფიქრობდა, რომ ნაძვის ხის უნახავი გოგონას იმ პატარა და მახინჯ ნაძვის ხესთან მიშვება, რომელიც სახლის ერთ კუთხეში, თავად ნაძვის ხეზე მაღალ სკამზე ჰქონდათ შემოდგმული, საშიში იყო. დავანგრევდი. დავშლიდი. გავაფუჭებდი.

ჩემს ძმას ნაძვის ხე არასდროს უნახავს, მხოლოდ – ტელევიზორში.

ნაძვის ხე არც სკოლაში გვაქვს. არც ჩვენს მეზობლებს აქვთ. მათაც ჰყავთ ბავშვები. ყველა ბავშვს სურს, ნაძვის ხე ჰქონდეს.

დამსხვრეული შუშა მოვხვეტე. ჩემმა ძმამ კიდევ ბევრი წრე შემომარტყა, მაგრამ ჩემგან პასუხი ჯერ ისევ არ მიუღია – რატომ არ გვაქვს ნაძვის ხე? რატომ არასდროს გვქონია? ამ კითხვებზე ვფიქრობ მეც.

დღეს ყველა სახლში ვართ. დიდი თოვლია. ვერავინ ვერსად ვერ წავა.

შუადღეა. დედაჩემმა შავი ლობიოს წვნიანი გააკეთა. პური გამოაცხო. მაგიდაზე დევს ფხლის მჟავეც. ღრმა თეფშში ჩაყრილი, დაჭრილი, მჟავე ფხლის უსწორმასწორო ფორმა ნაძვის ხეს ჰგავს.

რატომ არ გვაქვს ნაძვის ხე? რატომ არ გვქონია არასდროს?

ბებია ამბობს, რომ მუსლიმები ვართ და ნაძვის ხის ქონა ცოდვაა. ნამდვილად ცოდვაა? ამიტომ არ გვაქვს? თუ იმიტომ არ გვაქვს, რომ ფული არ გვაქვს? ნეტა, ნაძვის ხეები რა ღირს? დიდი ნაძვის ხეები არა, პატარა ნაძვის ხეები რა ღირს? ნეტა, ნაძვის ხის სათამაშოები რა ღირს?

გუშინ ტელევიზორში წითელი ბურთები ეკიდა ნაძვის ხეზე. ოქროსფერი ბრჭყვიალები ჰქონდა. ძალიან ლამაზი იყო. ნეტა, აი, ეს წითელი ბურთები რა ღირს? ჯანდაბა.

რატომ არ გვაქვს ნაძვის ხე? რატომ არასდროს გვქონია? ხომ შეგვიძლია გვქონდეს.

შეგვიძლია ნაძვის ხე გვქონდეს. ჩვენთან ბევრი ნაძვის ხეა. მოვჭრით. მოვიტანთ. მძივებს დავკიდებთ. დედაჩვენის ფერად თავსაფრებს შემოვახვევთ. ლამაზი იქნება. ნაძვის ხე გვექნება.

მე და ჩემი ძმა ვიპარებით.

არ გვიფიქრია, რომ პატარა ნაძვის ხე, რომელიც რამდენიმე წელში დიდ ხედ გადაიქცევა, არ უნდა მოვჭრათ. სახლში ნაძვის ხე გვინდა გვქონდეს და მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. ტყესთან ახლოს მივდივართ, სადაც პატარა ნაძვის ხეები გვეგულება. ჩემმა ძმამ პატარა ცული წამოიღო.

ბავშვები სკოლაში ვერ წავედით. კაცები პარასკევის ლოცვაზე ვერ წავიდნენ დიდთოვლობის გამო. ჩვენ კი, ჩვენი დიდი გულებით გავბედეთ, რომ თეთრ უდაბნოსა და გამყინვარებაში ნაძვის ტოტების მოსატანად წავსულიყავით. ვეებერთელა სურვილი გვქონდა ნაძვის ხის ქონის. არც იმაზე ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა მოულოდნელად თოვლის ნამქერს ჩავეკეტეთ, სიცივისგან გავყინულიყავით. თოვლის სიმაღლე ფარავდა ჩემს ძმას.

არ ვიცი, მოგიყვეთ რას ნიშნავს ნაძვის ხის, ანუ ნემსის ძებნა თეთრი ბორცვების ქაფში, თუ დავტოვო თქვენს წარმოსახვაზე.

ვიპოვეთ ნაძვის ხე. ამოვთხარეთ გაყინული, დაჭირხლული ხელებით. ხელთათმანები არ გვქონდა და სახლიდან გამოსვლამდე ძველი წინდები წამოვიცვით.

ყველა ჯიბე თოვლით გვქონდა სავსე. სუნთქვა გვიჭირდა. დავიღალეთ. ვღელავდით. გვეშინოდა, რომ სახლში ჩვენ არ ყოფნას შენიშნავდნენ. ყველაფერს ერთად განვიცდიდით. ეს რაღაც სხვა იყო. ყველაზე გულწრფელი სურვილი ნაძვის ხის ქონის, რომლის ძალამაც გადაგვარჩინა. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყო თოვლში სახლამდე კვლის მიტანა. ჩვენი ნაფეხურები მთლიანად ჰქონდა ჩაყლაპული ფიფქებს.

სახლში ნაძვის ხესთან ერთად ვბრუნდებით, რომელიც ჩემმა 7 წლის  ძმამ მოჭრა და მისი ჯანსაღი 4 თითიც გაუბედურდა.

ნაძვის ხე კიბის ქვეშ დავმალეთ. მოგვიანებით, როცა შევლღვით, ჩემმა ძმამ ნაძვის ხის სადგამისთვის ორი ვიწრო ფიცარი გადახერხა და ერთმანეთს ჯვარედინად დააჭედა. ნაძვის ხის დამაგრებაღა დაგვრჩა. გავწვალდით. არაფრით ჩერდებოდა ჩვენი ნაძვის ხე ფეხზე. ლურსმნის კვალისგან ძირი სულ აეღერღა და რაც უფრო მეტს აჭედებდა ჩემი ძმა, მით უფრო გვიძალიანდებოდა და იხრებოდა წელში ჩვენი ნაძვის ხე.

ნაძვის ხის ტოტებს ბოლი ასდიოდა. საბოლოოდ, მე ვფიქრობ, სიცივისგან გათოშილი მე და ჩემი ძმა შეგვიცოდა და წყლისგან გამობერილი ჩვენი თვალის უპეების დასამშვიდებლად წელში გასწორება ამჯობინა.

ბოსელს მიშენებული ჩემი ძმის სახელოსნოდან გაცრეცილ, მწვანეკედლებიან ოთახში გადავედით. ჩვენი საიდუმლო გავუმხილეთ ჩვენს შუათანა დას, რომელსაც თვალები გაუბრწყინდა. თურმე, ისიც ოცნებობდა ნაძვის ხეზე. თურმე, არ ყოფილა ნაძვის ხის ქონის სურვილისთვის დიდი. საწოლქვეშ დამალული ნაძვის ხე გამოგვაძრობინა და სასწრაფოდ დაიწყო მორთვა. ისე დაქროდა ოთახიდან ოთახში, მე და ჩემი ძმა დავიბენით. საიდანღაც ამოაძვრინა ძველი პერანგები, მოაგლიჯა საყელოზე მიკერებული მაქმანები, გადახლართა და ულამაზესი ბაფთა მოაბა ჩვენი ნაძვის ხის კენწეროს.

ყველაფერი გამოვიტანეთ, რაც გვქონდა: მძივები, თმის სამაგრები, ნათესავების ნაჩუქარი პატარ-პატარა თოჯინები, რომლებსაც ერთმანეთს ვუმალავდით, მხოლოდ ჩვენი რომ ყოფილიყო. ყველაფერი შევაბით ნაძვის ხეს, რაც გვქონდა და ისიც, რაც არ გვქონდა.

ჩემი ძმა სხვადასხვა ფერის ბოთლის თავებს ხვრეტდა ლურსმნით, მე და ჩემი შუათანა და კი დედაჩვენის საქსოვ, სხვადასხვა ფერის ძაფებს ვწნავდით, ყუნწები რომ გაგვეკეთებინა ბოთლის თავებისთვის.

ისე მოგვწონდა ნაძვის ხის მორთვა, ვერ ვჩერდებოდით. საოცნებო ნაძვის ხე ხარახურა ნივთების გროვად გადავაქციეთ.

რძით სავსე ვედროები ეჭირა დედაჩვენს ორივე ხელში. რძე ჩაწურა. ვედროები ცივ წყალში გარეცხა… ხმა გვესმოდა რეცხვის. გვერდით ოთახში ვიყავით. გვეშინოდა, არ გაგვბრაზებოდა. ნაძვის ხე პირველად გვქონდა სახლში და ჯერ ისევ ვერ გამოვრკვეულიყავით ეს სწორი იყო, თუ „ცოდვას“ ჩავდიოდით.

დედაჩვენის გრძელ, ატლასის მყვირალა ვარდისფერ თავსაფარს ვგრეხდით, როცა ოთახში შემოვიდა. მის თვალებს პირველად მე შევეჩეხე. მეგონა, გვიყვირებდა, მაგრამ – არა. ნაძვის ხის ქონის სურვილისთვის დედაჩვენიც არ იყო დიდი. დაგრეხილი თავსაფარი ნაძვის ხეს როგორც წვიმა, ისე მოაბნია და გაკვანძა.

ეს ჩვენი პირველი ნაძვის ხე და ასე მგონია, პირველი ჩახუტება იყო დედასთან.

ზამთარი მაღალმთიან აჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო

___________________

მთავარ ფოტოზე: ნინო [ევა] ართმელაძე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: