ბათუმის ბიუჯეტიდან „უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის“ 2023 წელს 100 ათასი ლარია გამოყოფილი.
მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაცხადა.
პირობის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება.
პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ / წყარო: ტენდერი
სამუშაოების ჩამონათვალი: დროებითი შემოღობვის მოწყობა; ბეტონის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დემონტაჟი; ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დემონტაჟი; ლითონის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დემონტაჟი; სარეკლამო და საინფორმაციო ბანერების დემონტაჟი; სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება [30 კმ-მდე მანძილზე].
მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი.
ტენდერის პირობების მიხედვით:
„ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას.
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი…
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
მიმწოდებელმა სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განახორციელოს ისეთი ტექნოლოგიით, რომ საჭიროებისამებრ, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დემონტირებული მასალების სამომავლოდ მეორადად გამოყენება.
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების შემთხვევაში სამუშაოებს აწარმოებდეს ერთდროულად არანაკლებ 2 მისამართზე.
საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.“
—
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2022 წელს:
„სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უკანონოდ შემოკავებული ღობის დემონტაჟი განხორციელდა 77 ობიექტზე;
უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერისა და კონსტრუქციის დემონტაჟი – 238;
ტროტუარზე მაგიდა-სკამებისა და კონსტრუქციების განთავსების ფაქტზე გააფრთხილეს 60-მდე კვების ობიექტი. ნაწილმა დარღევა გამოასწორა, 12 ობიექტი კი სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის ფაქტზე დაჯარიმდა;
განხორციელდა „პიერ ბათუმის“ უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი ბათუმის ბულვარში.“
ინსპექციის ინფორმაციითვე, გასულ წელს „გონიოს სანაპიროზე უნებართვო 11 კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, 14 ჯიხური კი, ტერიტორიიდან გაიტანეს. ჯამში 40-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება“.
გონიო-კვარიათის პლაჟების უკანონო შენობებისგან გათავისუფლების პროცესის დაწყების შესახებ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინფორმაცია 2022 წლის 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ინსპექციამ პროცესი ადგილზე საკუთარი ძალებით დაიწყო; შენობებს მესაკუთრეები თავადაც ანგრევდნენ, თუმცა არა ყველა.
გერმანია არ გეგმავს უკრაინისთვის თანამედროვე შვეულმფრენების მიწოდებას – ბერლინს სურს თავიდან აიცილოს ნატოსა და რუსეთს შორის ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განმარტა, თუ რატომ არ არის თანახმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცეს – ნატოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან ასაცილებლად.
კანცლერმა შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის თანამედროვე საბრძოლო შვეულმფრენების შესაძლო მიწოდების საკითხი ჯერ არც კი დგას დღის წესრიგში.
უკრაინული მხარე, კერძოდ, გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩი, ანდრეა მელნიკი გამოვიდა მოწოდებით, მიაწოდონ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები. სწორედ ამის საპასუხოდ ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხილოა, რადგან „როდესაც საქმე ეხება შეიარაღების სისტემებს, მუდმივად იზრდება ფსონებისთვის კონკურენციაში შესვლა“.
„თუკი გადაწყვეტილების მიღებისთანავე გერმანიაში მორიგი დებატები გაიმართება, მაშინ ეს არც ისე სერიოზულ იქნება და ძირს გამოუთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, რომელიც ამ შემთხვევაში კიევისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას გულისხმობდა.
მისივე განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ თავიდან იქნას აცილებული რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი შეტაკება.
„გერმანიის კანცლერმა, რომელიც სერიოზულად ეკიდება დადებულ ფიცს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გადაიზარდოს რუსეთ-ნატოს ომად“, – აღნიშნა შოლცმა.
დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ცხოველთა დამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, არის ის, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს პირი, რომელმაც, ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც შემდეგ დაიღუპა.
ბათუმის მერიისგან კი, მოქალაქეები მოითხოვენ დაიცვას მიუსაფარი ცხოველებიდა დროულად აშენდეს ძაღლების ახალი თავშესაფარი.
აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად / 29.01.2023 /ირაკლი ბზეკალავას ფოტოები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
პრობლემად რჩება ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხიც.
ქალაქის მერიამ ახალი ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა რამდენიმე წლის წინ დააანონსა, 2021 წელს კი, კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტადა ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა, ხოლო ხელშეკრულება ამჯერად შპს „აჭარკაპმშენთან“ 587 ათას ლარზე გააფორმა.
კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს.
ხელვაჩაურის მერია სოფელ სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეების და გასახდელების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის.
შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 20 ათასი ლარით გამოაცხადა.
პირობის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული კიბეების, ბილიკის, პანდუსის საშხაპეების და გასახდელების მოწყობას.
ამასთან, „გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის დაგეგმარების დროს ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნას შემსყიდველთან“.
პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მერიის სამმართველოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 4 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 იანვრის 21 საათიდან 30 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში თოვა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 15-20 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 31 იანვარს და პირველ თებერვალს ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში 5 თებერვლამდე ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 126 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
ტანკი – 3 197 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 6 366 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 2 195 ერთეული [+7]
MLRS – 453 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 293 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 947 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 037 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 199 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 29 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
381 თვითმფრინავი
204 ვერტმფრენი
2 980 უპილოტო საფრენი აპარატი
402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 670 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
995 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 956 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 218 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა – ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მარიუპოლის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა – 20 DAYS IN MARIUPOL, აშშ-ში, სანდენსის კინოფესტივალზე მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი Associated Press-ის უკრაინელი ვიდეოჟურნალისტი მსტისლავ ჩერნოვია.
ჯილდოს მოპოვებას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მსტისლავ ჩერნოვიც გამოეხმაურა.
20 დღე მარიუპოლში – ფილმის დაჯილდოვება
„ჩვენი გუნდისთვის ეს არ არის მიღწევა, ეს არის პატივი.
უკრაინული დოკუმენტური ფილმების წარმოდგენა და ამ პლატფორმის გამოყენება, ყურადღების მიქცევა უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით მარიუპოლის მაცხოვრებლების გაჭირვებაზე, გამძლეობასა და მამაცობაზე, პრივილეგიაა.
ვიმედოვნებ, ეს ფილმი არა მხოლოდ აამაღლებს საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებას და მხარდაჭერას, არამედ ასევე წარმოადგენს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მარიუპოლში მომხდარი პოტენციური ომის დანაშაულების შესახებ მუდმივ ჩანაწერს“, – წერს მსტისლავ ჩერნოვი.
მსტისლავ ჩერნოვი საერთაშორისო ჟურნალისტია, რომელიც მარიუპოლში ბლოკადას ორ კვირაზე მეტ ხანს აშუქებდა და გადაღებული აქვს მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის კადრებიც.
„20 დღე მარიუპოლში“, სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულია.
დოკუმენტური ფილმი კინოფესტივალზე United Airlines-მა წარადგინა.
ბათუმში ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, შუახნის კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1980 წელს დაბადებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
„გარდაცვლილი ქალი შიდა ქართლიდან არის. ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობდა. ქალს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, უთანხმოება მოუვიდა პირთან და ეს პირი არის დაკავებული 126-ე მუხლით“ – გვეუბნებიან შსს-ში.
ქალის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლების მოწყობაზე ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია.
ტენდერში გამარჯვებულს ევალება ძეგლების ბრინჯაოში ჩამოსხმა და მათი პოსტამენტებზე განთავსება.
ძეგლების ესკიზები ტენდერიდან:
ფოტო ტენდერიდან
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა პირობაში აღნიშნულია, რომ „მიწოდების ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.
პირობის მიხედვით, აღმაშენებლისა და რუსთაველის ძეგლები, მათივე სახელობის ქუჩების დასაწყისში დაიდგმება. ეს ორი ქუჩა ქობულეთში ერთმანეთის პარალელურია და ორივე, ქალაქის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ იწყება.
მთავარი ფოტო: ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისი / ფოტომონტაჟი ტენდერიდან
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა მშობლები და მშობელთა ორგანიზაციები, აუტიზმის მქონე სრულწლოვანი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების გაგრძელებას მოითხოვენ.
მშობლების თქმით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 23-ე კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება იზრუნოს ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების უფლებებისთვის.
მშობელის თქმით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის თერაპიული პროგრამების გაგრძელება სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, აღნიშნული სერვისები დროულად და უწყვეტად მიაწოდოთ აუტისტური სპექტრის მქონე სრულწლოვან პირებსაც.
„ჩვენ, მშობლები, ამ სერვისების გაგრძელებას არ ვითხოვთ მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის, არამედ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ნათესავებისთვის და საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანები ნორმალურად იყვნენ ადაპტირებული საზოგადოებაში და არც საზოგადოებას ჰქონდეს დისკომფორტი ამ ადამიანების არსებობით და არც ჩვენს შვილებს ჰქონდეთ დისკომფორტი ამ საზოგადოებაში ყოფნით“ – ამბობს „ბათუმელებთან საუბარში მედეა შალამბერიძე.
მისი თქმით, ეს არის სოციალური საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ, რადგან ეს მის ინტერესებშიც შედის.
„ის რესურსი რაც ჩადო სახელმწიფომ ამ ბავშვებში, წყალში იყრება, რადგან თერაპიული მხარდაჭერის შეწყვეტა, იწვევს რეგრესს. ჩვენ გვითხრეს სპეციალისტებმა საზღვარგარეთ, რომ თუ არ გაგრძელდება თერაპია ზრდასრულ ასაკშიც, შეიძლება ფსიქიკურ პრობლემებამდეც მივიდეთ.
მეორესაც გეტყვით, ფსიქიკურ პრობლემებამდე ოჯახის წევრებიც მიდიან, რომლებსაც უხდებათ ამ მდგომარეობაში მყოფი შვილის, დის ან ძმის ყურება. ეს ზოგადი, სოციუმის საკითხია და აუცილებელია ამის მოგვარება“ – ამბობს მედეა.
მედეა შალამბერიძის შვილი 19 წლისაა, როგორც დედა ამბობს, მთელი ის პრობლემები, რასაც ამ ასაკში სახელმწიფო სერვისების შეწყვეტა იწვევს, ოჯახის ზურგზე გადადის.
„აუტიზმი, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, არის მდგომარეობა, რომელიც მუდმივია და ადამიანსაც მუდმივად სჭირდება მხარდამჭერი სერვისები. ჩვენ ვართ ის მშობლები, რომლებსაც უცხოეთიდან ჩამოგვყავდა სპევიალისტები, რადგან არავინ მუშაობდა ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ აუტისტური სპექტრის პროგრამები და ჩვენ ვართ ის მშობლები, რომელთა შვილებმა აქ, საქართველოში, ისედაც გვიან დაიწყეს ამ სერვისების მიღება.
პანდემიის დროს გერმანელ სპეციალისტებთან გვქონდა შეხვედრა. მათ გვითხრეს, რომ ისინი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს არა მარტო ასაქმებენ, მხარდამჭერი თერაპია მაინც არ უწყდებათ, რადგან ეს მუდმივად სჭირდებათ.
მთელი ცხოვრება? – მკითხა ერთ-ერთმა საკრებულოს წევრმა ერთხელ. კი, მთელი ცხოვრება. ასეა მთელ მსოფლიოში და ამის საჭიროება ყველამ აღიარა “-გვეუბნება მედეა.
მისი თქმით, თერაპია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანისთვის დასაქმებაცაა, რადგან ამ დროს დაკავებულია ადამიანი.
„მთელი დღე ჰქონდა გაწერილი ჩემს შვილს. ჰქონდა სკოლა, თერაპიები, ახლა არაფერი აღარ აქვს, უსაქმოდ არის სახლში. ჩვენ, ჯანმრთელმა ადამიანებმა პანდემიის დროს გამოვცადეთ რამდენად რთულია სახლში უსაქმოდ ყოფნა, ფსიქიკური პრობლემები დაეწყოთ ადამიანებს და ამ ადამიანების სახლში უსაგნოდ ყოფნა, კატასტროფაა“ – ამბობს მედეა შალამბერიძე.
მისი თქმით, აუტისტური სპექტრის ადამიანებს ასისტენტის გარეშე სწავლა, მუშაობა და ქუჩაში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ.
ეკა მაისურაძის შვილიც 19 წლისაა. როგორც დედა ამბობს, აქამდე ჩართული იყვნენ სახელმწიფო პროგრამებში, თუმცა რაც სრულწლოვანი გახდა, მომსახურება შეუწყდათ.
„ხელი აღარ მიგვიწვდება ამ სერვისებზე და ყველაფერში თანხა უნდა გადავიხადოთ, რაც ძალიან რთულია“ – გვეუბნება ის.
„18 წლის შემდეგ, ჩვენი შვილები მიტოვებული არიან, შუა გზაში დარჩნენ. აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ბიოლოგიური ასაკი არ შეესაბამება მათ ინტელექტუალურ განვითარებას. შესაბამისად, ამ სპექტრის მქონე პირებს, დახმარება სრულწლოვან ასაკშიც ესაჭიროებათ.
ახლა როცა ქცევითი უნარები მოწესრიგებული აქვთ, საჭიროა გაგრძელდეს ამ უნარებზე მუშაობდა, რომ წყალში არ ჩაიყაროს მთელი შრომა, რომელსაც ვეწეოდით ჩვენი შვილების დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებისთვის.
ჩვენს შვილებს სჭირდებათ როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მიდგომები რომ არ შეჩერდეს იმ უნარების განვითარება, რასაც მანამდე ასწავლიდნენ. ვინც შეწყვიტა ამ უნარებზე მუშაობა, სახეზეა რეგრესი“ – გვეუბნება ეკა მაისურაძე.
მშობლების თქმით, მაღალფუნქციური აუტისტური სპექტრის მქონეებსაც კი უჭირთ დამოუკიდებლად ჩართვა საქმიანობაში.
„ჩვენ ძირითადად გვყავს დიდი აუტისტები, რომლებიც არ მეტყველებენ და ძალიან რთულია სხვამ გაიგოს მას რა უნდა, რომ გაცვალონ ეს საჭიროებები.
ყოველთვის ამას ვეუბნებით ადამიანებს, იქნება ეს საკრებულოში თუ სხვაგან, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებს სჭირდებათ მუდმივად, მთელი ცხოვრების მანძილზე მხარდაჭერა. ეს მართლა ასეა და ამას სპეციალისტები ამბობენ. თუ ამ მხარდაჭერას ეს ადამიანები ვერ მიიღებენ, მივიღებთ ძალიან მძიმე მდგომარეობას“ – გვეუბნებიან მშობლები.
მათი თქმით, თუ ამ ადამიანების მშობლებს სახელმწიფო არ დაეხმარება, კიდევ უფრო დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით. „ოჯახმა უარი რომ თქვას ამ ბავშვებზე, სად მიჰყავს მაშინ სახელმწიფოს ეს ადამიანები? წასაყვანიც კი არ აქვს სახელმწიფოს.
ამიტომ, ჩვენ, მშობლები ვეუბნებით სახელმწიფოს, რომ მოგვეცით საშუალება, შეგვაძლებინეთ, რომ ჩვენ გავუკეთოთ შესაბამისი მხარდაჭერა, რომ იმის უნარი მაინც ჰქონდეთ ამ ბავშვებს რომ ქუჩაში არ დაიკარგონ, ან რაიმე დანაშაული არ ჩაიდინონ, ელემენტარულად იმეტყველონ მაინც“ – ამბობენ მედეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 125 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
ტანკი – 3 189 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 6 344 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 2 188 ერთეული [+8]
MLRS – 453 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 293 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 284 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 947 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 027 ერთეული [+26]
სპეცტექნიკა – 199 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
381 თვითმფრინავი
204 ვერტმფრენი
2 976 უპილოტო საფრენი აპარატი
402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 656 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
992 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 944 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 198 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დღეს, 27 იანვარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა.
ქობულეთის მერიის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ერთი ქალი, იგი ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.
„ადგილზე არსებულ მდგომარეობას ქობულეთის მერი, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. უწყების წარმომადგენლები მოქალაქეს მდგომარეობის შესწავლას და შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდნენ“ – იუწყება ქობულეთის მერია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველოს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.
აჭარის 5 მუნიციპალიტეტს: ხულოს, შუახევს, ქედას, ხელვაჩაურსა და ქობულეთს სოფლებში მერის 64 წარმომადგენელი ჰყავს. მათგან მხოლოდ სამია ქალი.
განსხვავებული მდგომარეობა არც ბათუმის მუნიციპალიტეტშია.
ხულოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერს, ჯამში, 13 წარმომადგენელი ჰყავს, არცერთი მათგანია ქალი არ არის.
„ჩვენთან ცუდი რელიეფია ცოტა, ზამთარი, კლიმატი და რა ვიცი… ქალმა არ მგონია, რომ შეძლოს [მერის წარმომადგენლობა]“, – გვითხრა ლერი თავართქილაძემ, მერის წარმომადგენელმა დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულში. მან ამჯობინა „უკომენტაროდ დატოვოს“ კითხვა, არის თუ არა გენდერული უთანასწორობის მაგალითი ეს ფაქტი.
მერს ქალი წარმომადგენელი არც შუახევში ჰყავს, სადაც მერის წარმომადგენლად 9 კაცია დასაქმებული.
„რა ვიცი აბა, რთულია ალბათ. ვგულისხმობ, რომ სოფელია, ფიზიკურად სამუშაოა, ზამთარია, გადასაადგილებელია… უჭირთ ალბათ გადაწყვეტილების მიღება ქალბატონებს“, – ასე გვიპასუხა გიორგი ფუტკარაძემ, მერის წარმომადგენელმა ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ ჰყავს მუნიციპალიტეტის მერს წარმომადგენლებად ქალები.
იგივე კითხვაზე, ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ასე გვიპასუხა: „მე რა უნდა ვიფიქრო, ეგ შეზღუდული ხომ არ არის, ვისაც შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ იყოს [მერის წარმომადგენელი], შესაძლებელია რომ იყოს“.
მისი თქმით, გენდერული უთანასწორობის მაგალითი არ შეიძლება იყოს მერის წარმომადგენლების მონაცემები შუახევში, რადგან თანაბარი შანსები აქვთ ქალებსაც და კაცებსაც გახდნენ მერის წარმომადგენლები.
„არავითარი პრობლემა არ არის ქალი იქნება მერის წარმომადგენელი, თუ კაცი. ნებისმიერი პიროვნება, ვისაც შეუძლია, რომ გააკეთოს საქმე, იქნება [მერის წარმომადგენელი], ქალიც, კაციც“, – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ.
მერის 10 წარმომადგენლიდან არცერთი ქალი არ არის ქედაშიც. „ბათუმელები“ აქ მერის 3 წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზით მას შემდეგ გაგვითიშეს ტელეფონი, რაც ჩვენი კითხვების შინაარსი გაიგეს.
მერს ქალი წარმომადგენლები მხოლოდ ქობულეთსა და ხელვაჩაურში ჰყავს: 21 წარმომადგენლიდან 1 ქალია დასაქმებული ქობულეთში, ხელვაჩაურში კი ამ პოზიციაზე 11 თანამშრომლიდან 2 ქალია მერის წარმომადგენელი.
ხელვაჩაურში, ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა, როსტომ ფაღავამ გვითხრა, რომ შესაძლოა, ქალებს არ ჰქონდა სურვილი მერის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
„უარს არავინ არ ეტყოდა [ქალებს]. შეზღუდვა არა აქვთ არც ხელმძღვანელებისგან, არც კოლეგებისგან. პირიქით, ძალიან კარგ პატივისცემაშია ყველა ქალბატონი და თუ კი თვითონ სურვილი არ გამოხატეს ამ პოზიციაზე, სურვილი მათ თუ არ გაუჩნდათ მოსვლის, მუშაობის, ძალად ხომ ვერ მოიყვან.
ქალებს და კაცებს აბსოლუტურად თანაბარი შანსი აქვთ გახდნენ მერის წარმომადგენლები“ – გვითხრა მან.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერის ქალ წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ არ ისურვეს იმაზე საუბარი, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე.
ერთადერთი მერის ქალი წარმომადგენელი ქობულეთში კი შორენა ზოიძეა, ის აჭყვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში საქმიანობს. მისი თქმით, ძალიან რთულია ამ პოზიციაზე მუშაობა – „მანქანა თუ არ გყავს, მანქანის ტარება თუ არ იცი, მით უმეტეს“.
„უნდა გქონდეს შეხვედრები, ურთიერთობა ხალხთან. სოფელი კიდევ არ არის ახლო დასახლება, ძალიან შორ-შორსა დასახლებები და ვფიქრობ, რთული საქმეა. ყველა ქალს ეს არ შეუძლია, არ აქვს ნებისყოფა მოსახლეობასთან ურთიერთობის. ხალხთან ურთიერთობა ურთულესი რამეა, ჩემი აზრით“, – გვითხრა შორენა ზოიძემ.
მერის ქალი წარმომადგენლების ნაკლებობას ქობულეთში გენდერულ უთანასწორობად არც შორენა მიიჩნევს.
„ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ვინც უარს ამბობს [მერის წარმომადგენლობაზე]. მეც ხშირად მაქვს შემთხვევები, რომ აი, როგორ მუშაობ, როგორ გაქვს ნებისყოფა, როგორ ძლებ [მეუბნებიან]. რთულია. სტიქია მოხდა, უბედური შემთხვევაა, თუ რაღაც – ღამით უნდა გახვიდე, იქ უნდა იყო მთელი ღამე აუცილებლად. ოჯახიც თუ ხელს არ გიწყობს, უკან ბევრი რამე გაწუხებს, არ ვიცი.
არ ვფიქრობ, რომ გენდერული უთანასწორობაა. სირთულეებია და ბევრს ეს აშინებს, ალბათ“, – ამბობს შორენა ზოიძე და თვლის, რომ ქალებს და კაცებსაც თანაბარი შანსი აქვთ დასაქმდნენ მერის წარმომადგენლად.
„პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს ახლა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ფრონტის წინა ხაზზე ცვლილებასაც ამჩნევს – რუსული ძალების ნაწილი ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურდებიან.
„ზაპოროჟიე ყველაზე მოწყვლადი წერტილია და ეშინიათ რუსებს… უკრაინის დარტყმის შედეგად, მარტივი ლოგიკით იკითხება ის, რომ გაწყვეტს ყირიმს და ხერსონის რუსეთთან სახმელეთო კავშირს,“- გვიყვება გადამდგარი გენერალი.
ვახტანგ კაპანაძე არ ფიქრობს, რომ გაზაფხულამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება რამე. გაზაფხულამდე, გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინამ ახალი, დარტყმითი დაჯგუფების შექმნა უნდა შეძლოს.
„ცვლილებას გამოიწვევს ასევე ის, თუ რუსეთი ბელარუსის გამოყენებას დაიწყებს. მაშინ ეს დაპირისპირება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით. რუსეთი ამ ფაქტორის გამოყენებით, რა თქმა უნდა, კიევს ვერ აიღებს და ვერც სხვა მიმართულებით მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებას, მაგრამ ზედმეტ ძალისხმევას დაახარჯვინებს უკრაინას… ომის გაჭიანურება აწყობს რუსეთს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს დასავლეთში,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რამდენად იზრდება უკრაინის მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმის წინაპირობა, როცა უკვე ცნობილია, რომ დასავლეთიდან „ლეოპარდებს“, „აბრამსებსა“ და „ჩელენჯერებს“ უკრაინას გადასცემენ?
ნამდვილად იზრდება ამით მნიშვნელოვნად უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალი, თუმცა დამატებითი პირობებია საჭირო, მაგალითად, მნიშვნელოვანია რაოდენობის საკითხი. ეს ტექნიკა ნამდვილად უნდა მიაწოდონ უკრაინას უფრო მეტი რაოდენობით.
მე 140 ერთეულამდე დავთვალე, რასაც ჰპირდებიან უკრაინას. უხეში გათვლებით რომ ავიღოთ, ეს არის 3-4 სატანკო ბატალიონი, 2 მექანიზებული ბრიგადა გამოდის, რასაც უნდა დაემატოს კიდევ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ამ კუთხით რუსებს აქვთ დიდი უპირატესობა.
ეს ორი მექანიზებული ბრიგადა არ არის საკმარისი ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის. ზალუჟნი იძახდა მინიმუმ 300 ერთეულ ტანკს, რათა დარტყმითი დაჯგუფება მაინც შეიქმნას. ეს არის დაახლოებით ორი საარმიო კორპუსის ზომის დაჯგუფება, 100 – 120 ათასი კაცი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. ამ შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს კონტრდარტყმა უკრაინამ.
გარდა ამისა, ამ აღჭურვილობის მიწოდებას და მის ინტეგრირებას სჭირდება დრო. ტექნიკა უკრაინამ უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ესპანეთიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტექნიკის გადმოყვანისთვის ეკიპაჟები უკვე ემზადებიან, მაგრამ მთლიანობაში, 2 – 3 თვე დასჭირდება აღჭურვილობის თავმოყრას.
დღეის მდგომარეობით უკრაინა მიაწოდეს საბჭოთა წარმოების 350 ტანკი დასავლეთის დახმარებით, მსგავსი ტექნიკა კიდევ მიეწოდება უკრაინას, მაგრამ ზოგი უკვე აფეთქდა, ან გამოვიდა მწყობრიდან. ვიმედოვნებ, რომ უკრაინა არ დაქსაქსავს დასავლეთიდან მიღებულ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ტექნიკას, მოახერხებს მის მასირებას და მიზანმიმართული დარტყმისთვის შეინახავს.
მთლიანობაში, ეს აღჭურვილობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ 815-კილომეტრიან ფრონტზე გადამწყვეტი ეფექტი მოახდინო. ასეთი ბრიგადა უნდა იყოს მინიმუმ 5-6, სხვა დანაყოფებიც რომ არ ჩავთვალოთ. ეს არასაკმარისი ძალაა იმ გეგმისთვის, რაც უკრაინას აქვს და რაც ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას გულისხმობს.
რა მოლოდინი გაქვთ აზოვის პოლკთან დაკავშირებით, რომელმაც სახელწოდება შეიცვალა და ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა? რაზე მიუთითებს ის, რომ ისევ ცალკე დანაყოფად შეიკრა ეს ჯგუფი და ამას გაუსვეს ხაზი?
ეს ძალიან კარგია, როცა მსგავსი ბრძოლისუნარიანი დანაყოფი შედის ერთიანი მართვის სისტემაში. ვფიქრობ, რომ საერთო სტრუქტურაში ჩართვა მნიშვნელოვანი ძალა იქნება უკრაინისთვის.
არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამ დანაყოფის ბახმუტში შეყვანა, რომელიც ხორცსაკეპი მანქანაა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ბრიგადა შეიქმნა საერთო-სამეთაურო ვერტიკალში. ვფიქრობ, მისი ეფექტურობა გაცილებით გაიზრდება.
კონტრდარტყმისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა მოწინააღმდეგის გამოფიტვა. რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ რუსული არმია გამოიფიტა, ან მიდის აქეთკენ. თქვენი წინა შეფასების „კულმინაციის წერტილს“ მიუახლოვდა ორივე მხარე?
კონტრდარტყმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგემ მიიღოს მნიშვნელოვანი ზარალი. ასევე, კონტრდარტყმამდე შეტევები უნდა იქნას შეჩერებული, ამ ეტაპზე კი, რუსების მხრიდან შეტევები შეჩერებული არ არის. სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ინიციატივას რუსეთი დაეუფლა, დიდი წარმატება მას არ გააჩნია, თუმცა უტევს ისევ უკრაინას. რუსეთს ადამიანური რესურსი გააჩნია, მნიშვნელოვან ზარალს ნახულობს, მაგრამ შეტევას განაგრძობს.
მე, როგორც გარედან პროცესის შემყურეს, მიმაჩნია, რომ უკრაინამ უნდა მიმართოს მობილურ თავდაცვას, თანამედროვე თავდაცვის მეთოდებს და არა სატრანშეო, მეორე თაობის ომის მეთოდებს. პირველი მსოფლიო ომის ვითარებაა ახლა ბახმუტის და სოლედარის მიმართულებით. ტრანშეებში გრძელდება გაუთავებელი დაბომბვა. ეს არ არის ის, რაც, ჩემი აზრით, წაადგება უკრაინას. რუსეთმა შეძლო და ჩაითრია უკრაინა ამ პოზიციურ დაპირისპირებაში.
რამდენად შეიძლება შეცვალოს რუსეთმა ეს ტაქტიკა, როცა თვეები გავიდა და ბახმუტის აღება ვერ შეძლო? ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა გადაწყვიტა ბახმუტი აღარ იყოს პრიორიტეტი და გააცნობიერა იმის მცირე შესაძლებლობა, რომ „ვაგნერს“ ნამდვილად შეუძლია დასახლების აღება“.
ჩემი აზრით, პრიგოჟინი არ შეეშვება ბახმუტს. მე სამი თვის წინ ვიძახდი და ახლა ამერიკელებიც ამბობენ, რომ ბახმუტში არ უნდა დახარჯოს ამდენი ძალა უკრაინამ, ის უნდა მოემზადოს იმ კონტრშეტევისთვის, რომელსაც აპირებს. ამ ბრძოლაში კი, გაუთავებლად იკარგება საბრძოლო რესურსები.
მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთი ტაქტიკას შეცვლის. არაა იმ ფორმაში და იმ მოქნილობის რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომ ტაქტიკები ცვალოს. ტაქტიკის შეცვლის არც პირობა ჩანს ახლა და არც მოძრაობა. ერთადერთი ის ჩანს ამ ეტაპზე, რომ აძლიერებს ძალების გადაყვანას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.
რა გათვლით აძლიერებს რუსეთი ზაპოროჟიეს მიმართულებას?
ზაპოროჟიე ყველაზე მოწყვლადი წერტილია და ეშინიათ რუსებს. უკრაინის დარტყმის შედეგად, მარტივი ლოგიკით იკითხება ის, რომ გაწყვეტს ყირიმს და ხერსონის რუსეთთან სახმელეთო კავშირს.
რუსები აქ ცდილობენ მოწინააღმდეგე დაწიონ უკან და თავდაცვის სიღრმე გაზარდონ. ისინი ამ გზით ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ დამატებითი ტერიტორიები.
რაც შეეხება ბელარუსიას, თქვენი აზრით, რა ფორმით შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ეს რესურსი?
რუსებმა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები რომ გადადგან, სჭირდებათ ახალი დაჯგუფების შექმნა ბელარუსში დაახლოებით 120 -140 ათასი კაცის შემადგენლობით. ამას დიდი ყურადღებით აკვირდება დასავლეთის დაზვერვა. ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსებს ამის გამოყენება მაინც მოუწევთ…. ჯერ არ ჰყავთ ეს ხალხი იმდენი, რომ დაჯგუფება შექმნას. დაჯგუფება არ არის მხოლოდ ტექნიკა. დანაყოფების ჩამოყალიბებას სჭირდება სერიოზული მომზადება. ეს სამზადისი კი, ჯერჯერობით არ ჩანს.
კარგა ხანია, თქვენ გაზაფხულისთვის ელოდებით ომის გარდამტეხი ნიშნების გამოჩენას. გაჩნდა ვერსია, რომ პუტინი გაზაფხულამდე აპირებს გააქტიურებას. რამდენად უშვებთ გაზაფხულამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს?
მე ვერ ვხედავ ამის ნიშნებს, რომ რუსებმა თებერვალში ძირეული გარდატეხა შეძლონ, მათ შეიძლება შეცვალონ ძალისხმევის მიმართულება ზაპოროჟიეს მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე არ მგონია, რომ პრიგოჟინი შეეშვას ბახმუტს.
რა სახის წინსვლას მიაღწიეს უკრაინულმა ძალებმა კრემენაიას გარშემო, რა ტენდენცია იკვეთება ამ ეტაპზე?
მნიშვნელოვანი წარმატება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის… ეს არის ძირითადად პოზიციური დაპირისპირება, პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს.
რას აჩვენებს ისტორიული გამოცდილება: საითკენ შეიძლება წავიდეს ეს პროცესი?
უკრაინას დღეს აქვს სტრატეგიული ინიციატივა, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე კი, უკრაინას ინიციატივა არ გააჩნია. რუსეთი უტევს, შეტევას ის ახორციელებს და მიმართულებასაც თვითონ არჩევს…
უკრაინა არ უნდა აყვეს რუსებს დაუსრულებელ სატრანშეო ბრძოლაში და მან კონტრშეტევისთვის თავისი მომზადება უნდა გააგრძელოს, თუნდაც გარკვეული ტერიტორიის დატოვების ხარჯზე. მომზადებაში ვგულისხმობ დარტყმითი დანაყოფს მომზადებას. ხერსონი უბრძოლველად აიღეს რუსებმა და ასევე უბრძოლველად დათმეს.
ამ გადასახედიდან რუსეთი რამდენად მოახერხებს „კულმინაციის წერტილს“ აარიდოს თავი?
რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი და შეჰყავს ხალხი ბრძოლაში, ხოლო სენსიტიურობა ადამიანების დანაკარგის მიმართ არ აქვთ. ამას გარდა, 12 ათასი ძველი და ახალი ტანკი გააჩნია. არც რუსეთში იგრძნობა ანტისაომარი სულისკვეთება. რუსეთი ცდილობს ამ რესურსის ხარჯზე ომი გადაიყვანოს გაჭიანურებული ომის ფაზაში.
რუსებს არ აქვთ იმის ძალა და პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი შეტევა დაიწყოს, მაგრამ ის, რომ დაკავებული ტერიტორია შეინარჩუნონ და გაჭიანურებულ ომში ჩააბან უკრაინა, ამას შეეცდებიან. ამის რესურსს თავს უყრის რუსეთი.
საინტერესოა თქვენი დაკვირვება: გენერალ ტეპლინკის გათავისუფლება რუსულ არმიაში რას აჩვენებს? იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ის საკმაოდ წარმატებული რუსი გენერალი იყო.
მე არ ვაქცევ ყურადღებას გვარების ცვლას რუსეთის გენერალურ შტაბში, არ მაინტერებს, რას მოიგონებენ, ვნახეთ გენერალი „სირიის ყასაბი“, „არმაგედონი“, ალბათ გამოაჩენენ ვინმე ახალ „აპოკალიფს“ – არქმევენ ამ სახელებს გენერლებს და მერე მიდის მათი გაუთავებელი ცვლა, ამით საერთო სურათი აბსოლიტურად
არ იცვლება.
ამბობთ, რომ რუსეთი მიდის გამოფიტვისკენ, მაგრამ უკრაინასაც არ აქვს საკმარისი აღჭურვილობა ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის – ამ მოცემულობაში რა შექმნის ცვლილებას?
გაზაფხულზე სიტუაციის შემცვლელი შეიძლება იყოს ის, თუკი შეძლებს, მოაგროვებს და შექმნის უკრაინა თავის დაჯგუფებას. ეს პროცესი მე ცოტა დროში გაწელილად მეჩვენება. ამავდროულად, უკრაინა ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ბახმუტი-სოლედარსა და მსგავს უმნიშვნელო მიმართულებებზე.
ცვლილებას გამოიწვევს ასევე ის, თუ რუსეთი ბელარუსის გამოყენებას დაიწყებს. ეს დაპირისპირება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით.
ბელარუსის ჩართვით უკრაინელების ძალისხმევა გადავა მინიმუმ სხვა მიმართულებაზე. რუსეთი ამ ფაქტორის გამოყენებით, რა თქმა უნდა, კიევს ვერ აიღებს და ვერც სხვა მიმართულებით მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებას, მაგრამ ზედმეტ ძალისხმევას დაახარჯვინებს უკრაინას.
რუსეთის ეს ძალისხმევა იქნება მიმართული დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ომის გაჭიანურებისკენ.
ომის გაჭიანურება აწყობს რუსეთს, რომ რაღაც შეიცვალოს დასავლეთში, მოსახლეობის გადაღლა გამოიწვიოს და აგრძნობინოს მსოფლიოს, რომ აი, რუსეთს აქვს გაუთავებელი რესურსები. ეს უფრო პოლიტიკური მიზანია. პუტინს გათვლა აქვს, რომ ომის გაჭიანურების შემთხვევაში, ევროპა შეცვლის თავის მიდგომებს.
აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძიზე 10 ნაკვეთს, ჯამში 4651 კვ. მეტრს ყიდის. აუქციონის პირობების მიხედვით, შემსყიდველმა ათივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს.
გასაყიდი ათი ნაკვეთიდან ექვსი მრავალწლიანი ნაძვებითაა გაშენებული.
მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთებიგასაყიდი მიწის ნაკვეთი. ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გამყიდველმა კარგად იცის, რომ მშენებელი აქ სასტუმროს მშენებლობას მრავალწლიანი ხეების შენარჩუნებით ვერ შეძლებს და დანაკლისის შესავსებად ერთგვარი პირობა აქვს ჩადებული.
აჭარის მთავრობა ითხოვს ამ ნაკვეთებზე აშენებული შენობების ექსპლუატაციაში გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, თითო საკოტეჯე ადგილას ან მის მიმდებარედ არანაკლებ 10 ხის დარგვას, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით. პირობებშივეა მითითებული, რომ ეს უწყება შეიძლება იყოს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო, სატყეო სააგენტო ან ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.
გასაყიდი მიწის ნაკვეთი. ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ახალი არაფერია იმაში, რომ აჭარაში ინვესტორების უმრავლესობა ხშირად ისეთ ვალდებულებებსაც კი ვერ ასრულებს, რომელთა შესრულება მათი პირდაპირი ინტერესია. ბევრი მათგანი ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელების მოთხოვნით, სხვადასხვა მიზეზით, მთავრობას არაერთხელ მიმართავს ხოლმე. ამ ყველაფრისა და იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რა მასშტაბითაც აჭარის მთავრობამ ბოლო წლებში კურორტ გოდერძიზე ნაკვეთები სამშენებლოდ გაყიდა, უცნობია, რამდენად მოხერხდება მომავალ წლებში ახალი ნარგავების გაშენება ისე, რომ დანაკლისი შეივსოს.
ნარგავებთან დაკავშირებული პირობა ასი პროცენტით რომც შესრულდეს, ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება. გარემოსდაცვითი რისკების შეფასებისას დიდი რაოდენობით მრავალწლიანი ნარგავის ახალი ნერგით ჩანაცვლებას სპეციალისტები დადებითად არ აფასებენ და აცხადებენ, რომ ხეების მასობრივი გაჩეხა ბუნებას ისეთ ზიანს აყენებს, რომლის გამოსწორებასაც ათწლეულები დასჭირდება.
გასაყიდი ნაკვეთებიდან რამდენიმე ერთმანეთის მიყოლებით მდებარეობს. დოკუმენტების მიხედვით მთავრობას მათი გაერთიანება და ერთ ლოტად გაყიდვაც სურდა და კურორტების მართვის სააგენტოსგან თანხმობაც მიიღო. მიუხედავად ამისა, ნაკვეთები მაინც ცალ-ცალკე გამოიტანეს გასაყიდად.
აუქციონის პირობით, ნაკვეთების შემძენმა საპრივატიზებო საფასური სამ ეტაპად, 2024 წლის ივნისამდე უნდა გადაიხადოს. ერთი კვ. მეტრის საწყისი ფასი 300 ლარი, ან ოდნავ მეტია. აუქციონზე კონკურენციის პირობებში ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს. ამას ემატება ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც.
2023 წლის აპრილამდე კონკრეტული ნაკვეთის ან ნაკვეთების შემძენმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი უნდა წარუდგინოს.
2023 წლის სექტემბერში შესყიდული მიწის ნაკვეთზე მფლობელმა კოტეჯის ტიპის სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღება, 2024 წლის დეკემბერში – მშენებლობის დასრულება, 2025 წლის დეკემბერში კი სასტუმროს ამოქმედება უნდა შეძლოს.
მყიდველმა ასევე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ სასტუმროს პროფილს არანაკლებ 20 წლის ვადით შეუნარჩუნებს.
დაგეგმილ პროექტებში ინვესტორებმა არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მშობელი ამბობს, რომ უფლებას არ აძლევენ თავისი შვილის სკოლაში გაკვეთილს დაესწროს. არის სხვა შემთხვევები, როცა მშობელი ამბობს, რომ სკოლის შენობაშიც კი არ უშვებენ.
ბოლო დღეებში მშობლები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ცდილობენ იმის გარკვევას, აქვთ თუ არა მათ, როგორც მშობლებს, უფლება, დაესწრონ შვილების გაკვეთილებს. ერთ-ერთი მათგანია ნათია მანია, რომელიც თანახმაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს.
მისი თქმით, შვილის გაკვეთილზე დასწრებისთვის სკოლის დირექციამ ყველა მშობლისგან წერილობითი ნებართვის შეგროვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას როგორც მშობელს, უფლება არ აქვს გაიგოს, როგორი გაკვეთილი უტარდება მის შვილს.
„მეც მასწავლებელი ვარ და როცა ერთ-ერთმა მშობელმა მთხოვა გაკვეთილზე დასწრება, არც კი მიფიქრია, რომ ეს ვიღაცასთან უნდა შემეთანხმებინა.
მშობელი რომ იყო სკოლაში მოსული ეს, რა თქმა უნდა, იცოდა დირექციამ, მაგრამ შემდეგ, გაკვეთილზე შემოვიდოდა ჩემთან თუ ცალკე დაველაპარაკებოდი, არავის უკითხავს.
როცა ეს საკითხი ჩემთან, როგორც მშობელთან დადგა დღის წესრიგში, ყველა მშობლის ხელმოწერის შეგროვება მომთხოვეს, თუ მსურდა დავსწრებოდი შვილის გაკვეთილს. მე ეს ხელმოწერები ვერ შევაგროვე, რადგან სამმა მშობელმა უარი მითხრა“, – გვეუბნება ნათია მანია.
ნათია მანია/ პედაგოგი, მშობელი.
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორს თეა დავითაძეს ვკითხეთ, არსებობდა თუ არა მსგავსი რეგულაციები ვთქვათ მის სკოლაში და რა არის იმის მიზეზი, რის გამოც მშობელს შვილის გაკვეთილზე დასწრება ეკრძალება?
თეა დავითაძის თქმით, ყველა საჯარო სკოლას თავისი შინაგანაწესი აქვს, რითაც სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება, თუმცა ძირითადად, ეს ნორმები ყველა სკოლაში იდენტურია.
„მაგალითად, ჩვენ შინაგანაწესში წერია, რომ სასწავლო პროცესში გარეშე პირთა შემოსვლა აკრძალულია, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე შემოსვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე.
მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის მიღების დღეები გაწერილია და მათ სკოლაში შემოსვლა შეუძლიათ პარასკევს, 13:00-იდან 17:00 საათამდე“, – გვეუბნება დირექტორი.
მისი თქმით, მშობლისა და სკოლის დირექციის, ასევე მასწავლებელთან ურთიერთობის მექანიზმი მშობელთა კრებებია. „ჩემი, როგორც დირექტორის ნახვა შეუძლია მშობელს ყოველდღე, გარკვეულ საათებში“, – გვეუბნება თეა დავითაძე.
თეა დავითაძე, მე-20 საჯარო სკოლის დირექტორი
კითხვაზე, თუ რატომ არ აქვს მშობელს უფლება დაესწროს შვილის გაკვეთილს, დირექტორი ამბობს, რომ ეს პერსონალური მონაცემების დაცვით არის განპირობებული.
„არსებობს პერსონალურ მონაცემთა შესახებ დაცვის კანონი, რომელიც არეგულირებს ყველა პირის უფლებებს. გაკვეთილზე შესაძლოა გამჟღავნდეს სხვა მოსწავლის პერსონალური ინფორმაცია.
ამიტომ, გაკვეთილზე დასწრების მსურველმა მშობელმა, ყველა სხვა ბავშვის მშობლისგან წერილობითი ნებართვა უნდა მოიპოვოს“, – გვეუბნება დირექტორი.
ნათია მანიასთვის მსგავსი არგუმენტი არც თუ ისე საფუძვლიანია, რადგან სკოლას მშობლებზე ზემოქმედების ბერკეტიც გააჩნია.
„მე ვერ დავამტკიცებ იყვნენ თუ არა ის მშობლები დირექციის ზეგავლენის ქვეშ, ვინც არ მომცა გაკვეთილზე დასწრების თანხმობა, მაგრამ მათგან არც ის მომისმენია, რომ არ სურდათ მათი შვილები მენახა გაკვეთილზე. უბრალოდ თქვეს, რომ კარგი მასწავლებელია და დასწრების წინააღმდეგი ვართო.
მე კი მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი შვილის ერთ-ერთი მასწავლებელი ვერ მართავდა კლასს, ჰქონდა ცუდი დისციპლინა – ისეთი ყაყანი და ხმაური იყო კლასში, რომ ბავშვები ამბობდნენ, თავი გვტკივა, ვერაფერს ვიგებთ და ჩამოვრჩით საგანშიო.
თუკი გაკვეთილზე ასეთი რამ ხდება და არ უნდათ, რომ ეს მშობელმა ნახოს, ძალიან სასაცილოა, როცა ამ ყველაფრის გადაფარვას პირადი ინფორმაციის დაცვის სახელით ცდილობენ, – გვეუბნება ნათია.
მისი თქმით, ზუსტად არც იმაზე აქვს ნათელი წარმოდგენა, რას გულისხმობენ ადმინისტრაციაში, როცა სხვა მოსწავლის „პირად ინფორმაციაზე“ აპელირებენ.
„მე როგორც ვიცი, პირადი ინფორმაცია არის ადამიანის სახელი-გვარი, მისამართი, ტელეფონი, მისი პერსონალური ფოტო, ვიდეო და ასე შემდეგ. ტელეფონს და მისამართს კი გაკვეთილზე დასწრებით ვერ გავიგებ.
თუ ნიშნებზეა საუბარი, მე ვერც სხვა ბავშვის ნიშნებს გავიგებ გაკვეთილზე დასწრებით, რადგან მასწავლებელს არ აქვს უფლება ხმამაღლა გამოაცხადოს, ვის რა ნიშანს უწერს.
ზოგადად კი, ვინ როგორ სწავლობს ჩემი შვილის კლასში, ვინ რა საგანშია ძლიერი და ვინ სუსტი, ეს ხომ ისედაც ყველა მშობელმა და ბავშვმა იცის მეტ-ნაკლებად.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ან ზედმეტი პოლიტკორექტულობაა, ან სპეციალურად შექმნილი ხელისშემშლელი გარემოება, მშობელს რომ არ ჰქონდეს სკოლაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა და არ შეეძლოს რაიმე სახით ჩარევა“, – მიიჩნევს ნათია მანია.
მისი აზრით, ის, რომ მშობელი თვითმხილველი შეიძლება იყოს სკოლაში მიმდინარე პროცესების, ამაში არაფერია სკოლის ან რომელიმე მოსწავლის საზიანო.
„რატომ არ შეიძლება სკოლამ გამოიყენოს მშობლის რესურსი პრობლემის მოგვარებისთვის? ზოგ მასწავლებელს ხომ ჰყავს ასისტენტი გაკვეთილზე. უცხოეთშიც აქვთ ხოლმე პროექტები, როცა მშობლები ატარებენ პროფესიიდან გამომდინარე გაკვეთილებს და უყვებიან ბავშვებს თავიანთ პროფესიაზე. მესმის, ეს სხვა ტიპის გაკვეთილია, მაგრამ მე ვამბობ, რომ მშობლის რესურსის გამოყენებაც შეიძლება თუ იქნება კეთილი ნება.
გარდა ამისა, აუცილებელია ზოგჯერ გვერდიდან შეხედოს მასწავლებელმა საკუთარ თავს და გაიგოს, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს მისი გაკვეთილი სხვებზე.
ყველამ ვიცით, რომ საჯარო სკოლებში არც გაკვეთილებია იდეალური და არც მასწავლებლები. არც მე ვარ იდეალური მასწავლებელი ჩემ სკოლაში, მაგრამ როდესაც ასეთი დიდი წინააღმდეგობა გხვდება ასეთ უბრალო საკითხზე, რომ სემესტრში ერთ გაკვეთილზე ვერ ესწრები, ეს ბადებს ეჭვს“, – ამბობს ნათია.
მისი თქმით, ის არ არის პირველი მშობელი, ვისაც პრობლემა შეუქმნეს. „ისეთი სკოლებიც არსებობს, სადაც მშობელს შენობაშიც კი არ უშვებს ადმინისტრაცია, არათუ გაკვეთილზე. ცხრა ინსტანცია უნდა გაიაროს მშობელმა, რომ სკოლაში შევიდეს“, – გვეუბნება ის.
კადრი ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
მისი აზრით, მას როგორც მშობელს, სრული უფლება აქვს იცოდეს რა ხდება შენობაში, სადაც მისი შვილი ნახევარ დღეს ატარებს.
„როგორ შეიძლება არ მქონდეს წვდომა ამ ყველაფერთან და არ ვიცოდე იქ რა ხდება. ჩვენ მშობლები, რაშიც ვხარჯავთ ფულს, იქნება ეს ბავშვის წრეზე სიარული, რეპეტიტორი, ექიმი თუ სხვა, ყველგან ვართ პროცესში ჩართული და ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი არასრულწლოვანი შვილის შესახებ. ერთადერთი, საჯარო სკოლაა ციხე-სიმაგრე, სადაც მშობელს არანაირი ხმა არ აქვს და არავინ არაფერს ეკითხება.
როცა ამბობენ, რომ მშობლები უნდა იყვნენ სკოლის ცხოვრებაში ჩართული, როგორ უნდა იყვნენ? ექსკურსიის ფული უნდა შეაგროვონ და როცა საჭიროა, ფარდები დაკიდონ კლასში, ეს არის მშობლის ჩართულობა?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ნათია მანია.
მისი აზრით, სკოლას შეუძლია კონკრეტული რეგულაციები შემოიღოს, მაგრამ ეს არ უნდა ჰგავდეს აკრძალვას.
„ფეისბუკში ერთმა მასწავლებელმა დამიწერა, ქირურგიულ ოპერაციაზე მშობელს უშვებენო? – ანუ ქირურგიულ ოპერაციას შეადარა გაკვეთილი. ვერ გავიგე, ამ გაკვეთილზე აჭრიან რამე ორგანოებს ბავშვებს თუ ასწავლიან. სრულიად სხვადასხვა რამეა ეს.
ერთი მხრივ, ამასაც აქვს ალბათ თავისი გამართლება, რადგან ყველა მშობელს არ აქვს შესაბამისი განათლება, ბევრს შეიძლება ჰქონდეს სრულიად კონსერვატიული შეხედულებები და პირიქით, აზიანებდეს კიდეც დემოკრატიულ პროცესებს სკოლაში, მაგრამ ინფორმაციის მიღების უფლება ყველა მშობელს აქვს“, – გვეუბნება ნათია.
მისი თქმით, როცა სკოლასა და მშობელს შორის არ არსებობს ჯანსაღი კომუნიკაცია, სიმართლის დადგენას ვერც ერთი მხარე ვეღარ ახერხებს.
„მშობელმა სკოლის ნაკლის შესახებ იცის მხოლოდ შვილების მეშვეობით, რადგან ისინი ჰყვებიან ამის შესახებ ყოველთვის. როცა მშობელი პრეტენზიას აცხადებს, მას ეუბნებიან, რომ „არ უნდა დაუჯერო ბავშვს“, რომ „ბავშვი იტყუება“. როგორ გავიგო ბავშვი იტყუება თუ არა, რა ბერკეტი მაქვს გავიგო იმ ხარვეზებზე, რაზეც ლაპარაკობს ჩემი შვილი, სინამდვილეა ეს თუ არა?
შემდეგ ბავშვს უბრუნდება ეს ყველაფერი ცუდად და ეუბნებიან – „შენ იჩივლე?“. ვეღარ ხვდები რა უნდა გააკეთო, პრეტენზია როგორ უნდა გამოთქვა, რომ სწორად მიიღოს მასწავლებელმა, დირექტორმაც და არც ბავშვები დაზარალდნენ. ან ჩუმად უნდა იყო 12 წელი და თქვა: „ჯანდაბას, რასაც ისწავლიან, ისწავლიან“, – გვეუბნება ნათია.
მეგი კავთუაშვილი
მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ წარმომადგენელი, იზიარებს ნათია მანიას აზრს და ამბობს, რომ დღეს არსებული რეგულაციით, სკოლა ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების შესახებ კანონის II თავის, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტს, „რომლის მიხედვითაც დაუშვებელია მშობლის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომ არსებითად გაუქმების ტოლფასი იყოს“.
მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე და არა რომელიმე ადამიანის ერთპიროვნული ზეპირი გადაწყვეტილებით, თუნდაც დირექტორი იყოს აკრძალვის ინიციატორი.
„5 წელია ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორმე გაიზარდოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სკოლა გახდეს უფრო დემოკრატიული და თუ მშობელს სკოლაში შესვლას ავუკრძალავთ, მას არ შეეძლება ნახოს ის გარემო, სადაც მისი შვილი ატარებს დროს, ეს ალბათ ყველაზე არადემოკრატიულია, რაც კი შეიძლება მოხდეს.
ჩვენც ვიცით სკოლები, სადაც საერთოდ არ უშვებენ მშობლებს – განსაკუთრებით პანდემიის მერე დაიწყო ეს პროცესი. დღეს კი სკოლები უკვე დაკეტილ ინსტიტუციად გადაიქცა და კიდევ უფრო გაუარესდა მშობელსა და სკოლას შორის კომუნიკაციის ხარისხი“, – ამბობს მეგი.
მისი თქმით, „შინაგანაწესი“, რომელზეც ასეთ დროს სკოლები აპელირებენ, არ შეიძლება იყოს ერთი პირის მიერ დადგენილი და მის შედგენაში სკოლის მართვის ორგანოები, მათ შორის მშობლებიც უნდა მონაწილეობდნენ.
„მიიღო ყველა მშობლის ნებართვა, – ეს მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და გამოიყენება იმისთვის, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემები იყოს დაცული, მაგრამ ეს რეგულაცია მაშინ უნდა ვრცელდებოდეს სამინისტროს წარმომადგენლებზეც, როდესაც სხვა მასწავლებელი ესწრება კოლეგის გაკვეთილს, ან როდესაც გამგეობიდან თუ სხვა დაწესებულებიდან მოდის სტუმარი სკოლაში.
ანუ მშობელი, ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი პირია და თუ მას მოეთხოვება დანარჩენი მშობლების ხელმოწერების შეგროვება, ისევე უნდა მოეთხოვებოდეს სხვა ნებისმიერ პირსაც.
გარდა ამისა, ეს არ უნდა იყოს ბარიერი მშობლისთვის. „მიდი აბა მოაგროვე ხელწერები, ვნახოთ ერთი რას იზამ“, – ამ პოზიციიდან კი არ უნდა უყურო მშობელს, არამედ უნდა დაეხმარო, თუ რა თქმა უნდა, მიზანი არ არის, რომ როგორმე გააჩერო, დაბლოკო და თავიდან მოიშორო მშობელი.
არ შეიძლება მშობელი იყოს „უცხო პირი“ სკოლისთვის. უბრალოდ, ისინი ვერ მიაღწევენ იმ მიზნებს, რაც გვიწერია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში, რადგან ის მხოლოდ მშობლებთან ერთად მიიღწევა. მაშინ საერთოდ რად გვინდა ასეთი სკოლა?“ – ამბობს მეგი.
მისი თქმით, მშობლის სკოლაში მოძრაობის წესები სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიძლება შეიმუშაოს სკოლამ ისე, რომ ეს არ ჰგავდეს აკრძალვებს.
„სკოლას შეუძლია გამოსცეს დადგენილება, რომლითაც დაარეგულირებს საგაკვეთილო საათებში მშობლების გადაადგილების პროტოკოლს, სადაც ეწერება, რომ არ შეიძლება ვთქვათ თანმხლები პირის გარეშე მშობლის საპირფარეშოებში შესვლა, რადგან იქ სხვა ბავშვები არიან, შეიძლება იქ ეწეროს, რომ არ შეიძლება უნებართვოდ ფოტოების, ვიდეოს გადაღება, ხმაური, საკლასო ოთახებში კარის გამოღება… ყველაფერი ეს, რაზეც აპელირებენ სკოლაში, რომ მშობლები ხელს გვიშლიან და ასე შემდეგ. ამას ხელს მოვაწერთ მშობლებიც და დავემორჩილებით.
ახლა კი იცით რას ჰგავს მათი მოთხოვნები? წარმოიდგინეთ, ქუჩები რომ არ იყოს დახაზული და შსს-მ მოითხოვოს მძღოლებისგან ზოლებში მოძრაობა. ასეა მშობელთა ჩართულობაც.
შევიმუშაოთ წესები, შევთანხმდეთ და შემდეგ, სტრესის, ჩხუბის გარეშე ვითანამშრომლოთ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის. ეს რატომ უნდა იყოს პრობლემა, თუ იქ ყველაფერი წესრიგშია?“ – გვეუბნება მეგი კავთუაშვილი.
მისი თქმით, თუ სკოლაში ყველაფერი წესრიგშია, სკოლას მშობლის გაკვეთილზე დასწრების ან დერეფანში გადაადგილების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
„თუ ხშირად დაესწრებიან მშობლები გაკვეთილებს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებელი უკეთესად შეძლებს გაკვეთილების ჩატარებას და ეს პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ წაადგება სკოლას“, – გვეუბნება ის.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები ენმ-ის მომავალ თავმჯდომარეს შიდაპარტიული არჩევნების გზით აირჩევენ.
არჩევნები 2023 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე დაიწყება და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება.
ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ბათუმში ენმ-ი ძირითადად ორ ბანაკად გაიყო, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად. მხარდამჭერები ჰყავთ გიორგი მუმლაძესა და ნონა მამულაშვილსაც.
ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე ნიკა მელიას მხარდამჭერია. გიორგი კირთაძის თქმით, მელიას უჭერს მხარს ბათუმის საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობაც.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლევან ანთაძე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა რიგებშია. მისი თქმით, ხაბეიშვილს უჭერს მხარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობა, ასევე აჭარის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პარტიული აქტივი.
რატომ უჭერთ მხარს კონკრეტულ კანდიდატს და რა არის მთავარი წყალგამყოფი სხვა კანდიდატებთან? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ თითოეული კანდიდატის მხარდამჭერს.
გიორგი კირთაძე
„ჩვენ ავტოკრატიის დამარცხება ამ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ერთობით წარმოგვიდგენია. მიმაჩნია, რომ ამ დიდ პოლიტიკურ ერთობაში ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდეს მძიმეწონიანი ლიდერი. ნიკა მელია, ჩემი აზრით, სხვა კანდიდატებთან შედარებით ბევრად უფრო მეტად ასხივებს ერთობასაც და კოალიციურ მმართველობასაც შეძლებს მომავალში.
თვითმყოფადი პოლიტიკოსია და მიმაჩნია, რომ ის ბევრად უფრო მძიმე წონის არის, ვიდრე წარმოდგენილი სხვა კანდიდატები.
აქვე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო პატივისცემა ყველა სხვა კანდიდატის მიმართ.
ამასთან ერთად, მეორე არგუმენტი, რატომაც ვუჭერ მხარს, არის ის, რომ ნიკა მელიას გუნდი და მხარდამჭერები ძალიან ღიად პოზიციონირებენ.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილთან ერთად, მის უკან ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ღიად საჯარო პოლიტიკაში არ ერევიან. ეს არ მიგვაჩნია სწორად,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
ლევან ანთაძე
„წლების განმავლობაში, ნიკა მელიას ხელმძღვანელობისას მე ვერ დავინახე ეფექტი, ვერ დავინახე მოძრაობა, ვერ დავინახე წინსვლა, პირიქით – პარტია ყოველდღიურად უკან-უკან მიდიოდა. ბევრი ადამიანი, მათ შორის გამორჩეული სახეები ტოვებდნენ ამ პარტიას. მომხრე ვარ იმის, რომ ცვლილებები მოხდეს.
მთავარი გამყოფი, ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის უძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარესაა მოძრაობა. ტიპაჟებიც ისეთია. ბოლო პერიოდში მელია ძალიან კაბინეტის, თეთრხელთათმანიანი პოლიტიკოსი გახდა. ლევან ხაბეიშვილი პირიქით, მოძრავია და სწორედ მოძრაობაშია ჭეშმარიტებაც.
ლევანში დავინახე ის, რომ მას შეუძლია მეტის გაკეთება, შეუძლია მოძრაობა, გაკეთებულიც აქვს. პარტიაში იყო ანტიკორუფციული მოძრაობის მდივანი, ამ მოვალეობას შესანიშნავად ასრულებდა. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი არჩევანიც ამიტომ იყო ლევანის მხარეს დადგომა,“- ამბობს ლევან ანთაძე.
როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში იმ ადამიანებთან, ვინც ახლა გამარჯვებისთვის იბრძვის? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ გიორგი კირთაძესა და ლევან ანთაძეს.
„მხოლოდ იმედი შემიძლია მქონდეს, რომ დამარცხებულები მიულოცავენ გამარჯვებულს და გამარჯვებულიც შეძლებს, რომ ისევ აქციოს ნაციონალური მოძრაობა ერთიან გუნდად.
მთავარ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყველამ ერთად ვუპასუხოთ. აჭარაშიც ასე იქნება, ბუნებრივია. დამარცხებულები მიულოცავენ გამარჯვებულებს. გამარჯვებული აიღებს პასუხისმგებლობას პარტიის მართვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამარცხებულებმა პარტია უნდა დატოვონ და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხაბეიშვილი გამარჯვებული, მე ვაპირებ, რომ მას გულწრფელად მივულოცო, ვუსურვო წარმატებები.
ვიცი, რომ ბათუმის ორგანიზაციაშიც შერჩეული ჰყავს თავისი მენეჯმენტიც, ვინც აქ, ბათუმის ორგანიზაციას უნდა უხელმძღვანელოს და იმათაც, ბუნებრივია, ვუსურვებ წარმატებებს.
არსად არ წავალ, დავრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და გავაგრძელებ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვისაც და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვისაც,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
„ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ვიყავი და ამას გავაგრძელებ. მოგეხსენებათ არის პარტიის არჩევნები და მე მინდა, რომ ეს პარტია იყოს წინ. ვინც გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მე ჩემს საქმეს ყოველთვის გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში ვეცდები გავაკეთო ისე, როგორც ვაკეთებდი. სხვასაც იგივე მინდა ვუთხრა.
ზოგადად ფაქტი ერთია, რომ ეს არჩევნები არის პარტიული არჩევნები. ჩვენ ამის პრეცედენტი აქამდე არ გვქონია, თუ ნიკა მელიას და ლევან ვარშალომიძის არჩევნებს არ ჩავთვლით, რომელიც გამართული არ იყო ბოლომდე.
დღეს ჩატარებული არჩევნები ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ამ წესით უნდა ირჩევდნენ ალბათ სხვა პარტიებიც. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში პარტიაში დავრჩები, რადგან პარტიაში არ მოვსულვარ არც ნიკა მელიას და არც ლევან ხაბეიშვილის, არც მამულაშვილის ან მუმლაძის გამო.
აქ ვარ ჩემი შეხედულების გამო და პრინციპში იმ განვლილი გზით რაც გამიკეთებია აქამდე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ანთაძემ.
ალექსანდრე მილორავა
ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან გიორგი მუმლაძეს უჭერს მხარს აქტივისტი ალექსანდრე მილორავა.
„გიორგი მუმლაძე არის გამორჩეული კანდიდატი, ის არის აბსოლუტურად სუფთა წარსულით, არ ჰქონია შეხება არცერთ სახელისუფლებო ორგანოსთან. ის იბრძვის აბსოლუტურად გულწრფელად და მისი ხედვები არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ორ საკითხზე: პირველი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მეორე – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება.
აქედან გამომდინარე, მისი ინტერესია არა თანამდებობა, პარტიული თუ სხვა, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა,“- ასე ახასიათებს ალექსანდრე მილორავა გიორგი მუმლაძეს.
მილორავას თქმით სხვა კანდიდატებსა და გიორგი მუმლაძეს შორის მთავარი გამყოფი ხაზი არის სიახლე.
„გიორგი მუმლაძეს აქვს პარტიის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა. თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს სურთ რეალური განახლება პარტიის და რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ გიორგის.
არჩევნების შემდეგ პარტია უნდა გამოვიდეს გაჯანსაღებული, უფრო მეტად გაძლიერებული და მან უნდა დაიწყოს რეალური მოქმედებები.
დღესდღეობით გვაქვს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც უნდა დაუბრუნდეს ძველ რელსებს და იქცეს ისევ ნაციონალურ მოძრაობად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარტიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისთვის, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ამის შემდეგ დაიწყოს უკვე რეალური ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ეს პრორუსული ხელისუფლება და პრორუსული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს და შევქმნათ კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება,“- ამბობს ალექსანდრე მილორავა.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 63-ში მიუსაფარი ძაღლებისთვის და ჩიტებისთვის სახლები დადგეს.
ჩიტებს პერიოდულად საკენკსაც დაუყრიან და ძაღლების სახლის წინაც ჯამები დგას – ყველას შეეძლება აჭამოს მიუსაფარ ძაღლებს.
ძაღლებისთვის განკუთვნილი სახლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე
„ბათუმის ქუჩებში ბევრი მიუსაფარი ცხოველია – ძაღლებიც, კატებიც და დასარჩენი არსად აქვთ სიცივესა და ყინვაში. თებერვლიდან აცივდება და გადავწყვიტეთ ჩიტებს და ძაღლებს ზამთარი რომ გადავატანინოთ, გავუკეთოთ სახლები.
ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების ადგმას ვგეგმავთ. ვაპირებთ სხვა ქუჩებზეც დავუდგათ მიუსაფარ ცხოველებს სახლები“ – ამბობს ირენი, საბროკერო კომპანია D&D German Visions-ის მენეჯერის თანაშემწე. სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის ამ გერმანული კომპანიის თანამშრომლებმა დადგეს.
ფარნავაზ მეფის ქუჩა
ირენმა გვითხრა, რომ ძაღლები ამ ადგილს, ძირითადად, ღამით აკითხავენ. თანამშრომლები გეგმავენ კამერაც დაამაგრონ და ლაივსტრიმი გაუშვან კომპანიის გვერდზე დონაციისთვის.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ჩიტების და ძაღლების ამ სახლებს საკვები არ მოაკლდებათ და სამომავლოდ ბევრი ასეთი სახლიც გაჩნდება ქალაქში მიუსაფარი ცხოველებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 11 ექიმს შეუჩერდა.
პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 266 ექიმს, აქედან 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, 6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
„დაახლოებით დღის 2 საათზე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ უნდა მქონოდა საქმიანი შეხვედრა, როცა ორი ბატონი მომიახლოვდა და მითხრა, უნდა გაგჩხრიკოთო,“- ამ სიტყვებით დაიწყო რაულ კახაძემ 2022 წლის 31 მაისის გახსენება. ამ დღეს ბათუმში მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
რაულ კახაძე გალიფ ოზთურქის ბიზნესკომპანიის „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, როცა იქ ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს.
დღეს, 27 იანვარს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ რაულ კახაძის და კიდევ რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინა. თავად გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დასწრებია.
„მშვიდად განხორციელდა ჩემი ჩხრეკა,“- განაგრძო თხრობა „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორმა, რაულ კახაძემ, – „იმდენად მშვიდად, რომ კაფეში ვისხედით იქვე და მიმტანმა მენიუც კი მოგვიტანა… ეგონა, რომ არაფერი ხდებოდა.
მათ შეამოწმეს ჩემი საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი ჩამომართვეს. ამ დროს ჩემი სახლიც გაჩხრიკეს. სახლიდან მითხრეს, რომ ჩემი სერტიფიკატები აუღიათ, რაც სხვა პროფესიით საქმიანობის დროს მქონდა მოპოვებული,“ – აღნიშნა მოწმე რაულ კახაძემ.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ჩხრეკის გახსენებამდე, რაულ კახაძემ, ოზთურქის კომპანიის დირექტორმა, თავისი ჩვენება ოზთურქის ბიზნესსაქმიანობის აღწერით დაიწყო.
„2014 წელს ჩამოვიდა ბათუმში, თუმცა მანამდე განახორციელა რამდენიმე პროექტი ახალ ბულვარში, ასევე ბათუმის ახალი ავტოსადგური.
რაულ კახაძე
ის ყველას ეუბნებოდა, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა… მე 2012 წლიდან დავიწყე მუშაობა მენეჯერის პოზიციაზე,“ – ჰყვებოდა „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორი, როცა ის პროკურორმა შეაჩერა:
„რაში მაინტერესებს ოზთურქის ავტოსადგური და ახალი ბულვარი? 260-ე მუხლს როგორ ეხება ეს? რას ვიხილავთ აქ?“ – მოსამართლეს გახედა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
„პიროვნულ მახასიათებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – პროკურორს შეედავა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი და ხაზი გაუსვა იმას, რომ ოზთურქის ბიზნესსაქმიანობას „ზუსტადაც აქვს დიდი მნიშვნელობა ამ საქმეში“.
„წითელ წიგნში ასე წერია ეგ“- პროკურორმა კოდექსისკენ მიუთითა ადვოკატებს და განმარტა, რატომ უნდა ისაუბროს მოწმემ მხოლოდ საქმის ირგვლივ.
„გაანებეთ თავი ამ წითელ წიგნს,“ – გაცხარდა ადვოკატი.
ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, მოწმემ თქვა, რომ ოზთურქის ბიზნესაქტივობაზე რეზიუმეს გააკეთებდა და ასეც მოიქცა.
რაულ კახაძემაც წინა დირექტორის მსგავსად [გუშინ, 26 იანვარს, სასამართლოს ჩვენება „მეტრო ატლას ჯორჯიას” კიდევ ერთმა დირექტორმა, ქუმსალ სარიმ მისცა. კომპანიას სულ 3 დირექტორი ჰყავს] თქვა ის, რომ მისი ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი მე-19 სართულს არ იყენებდა. ეს ის სართულია ოზთურქის აპარტამენტში, სადაც გამომძიებლებმა კოკაინი იპოვეს.
„მაგრამ თქვენმა კოლეგამ დაგვიდასტურა, რომ ოზთურქი ცხოვრობდა იქ. თქვენ როგორ იცით?“ – კომპანიის დირექტორს მიუბრუნდა პროკური ლევან მურვანიძე.
„გალიფ ოზთურქი იქ იმყოფებოდა ჩხრეკის დროს, როგორც მე მითხრეს… ცხოვრებით მას შეეძლო ბევრგან ეცხოვრა,“ – თქვა რაულ კახაძემ. მისი თქმით, გალიფ ოზთურქი მე-18 სართულზე ცხოვრობდა, სადაც მისი სამუშაო ოთახი იყო.
„იქვე იყო მისი ორთოპედიული საწოლი, ახლაც იქ დგას,“ – დაამატა მოწმემ და შემდეგ ისიც გაიხსენა, თბილისში გამგზავრებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე სწორედ მე-18 სართულის სამუშაო სივრცეში რომ ესაუბრა გალიფ ოზთურქს.
ამ ნაწილში დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ აპარტამენტის, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მესაკუთრე გალიფ ოზთურქი არ არის და მესაკუთრე ანუ ბიზნესკომპანია, ჩხრეკის პროცესს არ დასწრებია. დავის საგანია ისიც, რომ ჩხრეკა ჩატარდა აპარტამენტის იმ ნაწილშიც, რომელიც რეესტრის ჩანაწერით ოზთურქის საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებული ასევე არ არის.
„რეზიდენტი რომ გამხდარიყო, სჭირდებოდა ეს ჩაწერა… ითხოვეს კომპანიისგან თანხმობა და მიიღეს. მე ვიცი ის, რომ რეგისტრაცია მას ჰქონდა ერთ მისამართზე და ჩხრეკა ჩატარდა სხვა მისამართზე,“ – უთხრა პროკურორს რაულ კახაძემ.
„თქვენ საიდან გაიგეთ ეს დეტალები?“ – კომპანიის დირექტორის გამოჭერა სცადა პროკურორმა.
„გამოცემა „ბათუმელებში“ წავიკითხე,“ – თქვა რაულ კახაძემ.
„სხვა ჩანაწერი არ გინახავთ, მარტო „ბათუმელებს“ ენდეთ?“ – პროკურორს არ უთქვამს, თუმცა შემოვლითი გზით სცადა იმის გაგება, მიაწოდეს თუ არა ადვოკატებმა საქმის მასალები მოწმეს მის გამოკითხვამდე.
„რატომ არ უნდა ვენდო „ბათუმელებს“?- პროკურორს კითხვა შეუტრიალა რაულ კახაძემ.
„ანუ პრესაც აღარ წავიკითხოთ?“ – დიალოგში ირონიით ჩაერთო ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილიც.
„იქ [იგულისხმება რეპორტაჟი] საკადასტრო კოდები არ იყო მითითებული…“ – ადვოკატებს მიმართა პროკურორმა, მცირე პაუზის შემდეგ კი, დასძინა: „ნეტაი, თქვენ გჯეროდეთ ამის…“
შეკამათებამდე ბიზნესმენმა რაულ კახაძემ პროკურორ ლევან მურვანიძეს მადლობა გადაუხადა:
„ანგარიშებს დაედო ყადაღა… პროკურორი ჩაერთო ამ საქმეში, ანგარიშების დროულად გამოთავისუფლება მოხდა და საბიუჯეტო დავალიანების გასტუმრება, ამისთვის მადლობას გიხდით,“ – თქვა რაულ კახაძემ.
„ჩხრეკამდე რომელიმე ფინანსური დოკუმენტის წარდგენა იყო პრობლემა ფინანსური პოლიციისთვის ან საგადასახადოში?“ – იკითხა ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა.
„პერიოდულად ხდებოდა შემოწმება საგადასახადოსგან, ასევე, ამ შემთხვევამდე [გალიფ ოზთურქის დაკავება – ავტ.] 4 – 5 თვით ადრე ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო ყველა ჩვენი კომპანიის შემოწმება, ჩვენი ფინანსისტები მუშაობდნენ მათთან და არკვევდნენ დოკუმენტაციას…
მე არ მახსენდება ფაქტი, რომ რომელიმე დოკუმენტი არ წარგვედგინა.
დაკავებამდე რამდენიმე თვე ბატონ გალიფთან რომელიმე სახელმწიფო უწყებას კითხვები არ ჰქონია, დაძაბულობა არ ყოფილა“, – აღნიშნა რაულ კახაძემ.
„მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორთან შეკითხვა ჰქონდა ადვოკატ თენგიზ კახიძესაც:
„თქვენ, გარდა იმისა, რომ მმართველი ხართ ამ კომპანიის, მეგობრობდით გალიფ ოზთურქთან. გინახავთ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ?“ – იკითხა ადვოკატმა.
რაულ კახაძის თქმით, მას გალიფ ოზთურქი მსგავს სიტუაციაში არასდროს უნახავს:
„გამონაკლისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ამ დროს სვამდა ხვანჭკარას… მე მაშინ გაუგებრობა დავარქვი ამ ამბავს და დღემდე ასე მგონია,“ – დაასრულა რაულ კახაძემ.
მოწმეების გამოკითხვა სასამართლოში გრძელდება.
________________
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულსედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
26 იანვარს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა კავკასია“ უკრაინის 130-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა.
შეხვედრას უკრაინის საპატიო კონსულმა, როსტომ ნაკაშიძემ უმასპინძლა. ორგანიზაციის ეს ღონისძიება ნაწილი იყო პროგრამისა – „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში“.
შეხვედრა ბათუმში
შეხვედრაზე უკრაინელთა ოჯახებს საკვები და პირველადი ჰიგიენური საჭიროების ნივთები გადასცეს. უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან სერვისებზე, მათ შორის ორგანიზაცია „ქეას“ იურიდიულ მხარდაჭერაზე, სახელმწიფო ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებსა და ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.
უფასო იურიდიული კონსულტაციის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3FONhvf
შეკითხვების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი: +995 591 95 33 01
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი პროგრამის – „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში:
უკრაინის 2266-მა მოქალაქემ მიიღო ფულადი დახმარება
დარიგდა ჰიგიენისა და საკვები პროდუქტების 1050 ყუთი
800-ზე მეტმა უკრაინულმა ოჯახმა მიიღო იურიდიული კონსულტაცია
3000-მდე უკრაინელმა მიიღო მისთვის ხელმისაწვდომ სერვისებზე ინფორმაცია
„ქეა კავკასიაში“ აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით ძირითადი აქცენტი ქალებსა და ბავშვებზე გაკეთდა, როგორც ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე.
„ქეა კავკასია“ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს „ქეა ავსტრიის“, „ქეა ამერიკისა“ და Nachbar in Not/Neighbour in Need-ის ფინანსური მხარდაჭერით.
„ქობულეთში ზღვის სანაპიროზე ვსეირნობთ. კარგი ამინდია, ხალხი ისვენებს. უცებ ჩემი 6 წლის ბიჭი ჩერდება და მეუბნება: დედა, იცი რა? რუსებთან ერთად აღარ ვითამაშებ აღარასდროს, ჩვენს ქვეყანას ბომბავენო.
გავოგნდი.
მე მასთან არასდროს ვახსენებ ეროვნების მიხედვით ადამიანებს. რაც ესმის, რასაც ტელევიზორში ხედავს, ალბათ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვიტა ასე,“ – ამბობს ოლგა პეტრუჩაკი. ის სამ – 17, 13 და 6 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში კიევიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ოლგა შვილებთან ერთად ახლა ციხისძირში ცხოვრობს. სახლი მას ციხისძირში მცხოვრებმა ოჯახმა უსასყიდლოდ დაუთმო.
საქართველოს ხელისუფლებისგან სამშვილიანი დედა დახმარებას – 480 ლარს იღებს. „პროდუქტებისთვის ეს თანხა 20 დღე მყოფნის, მერე ჩემი ქმარი გვეხმარება, ის კიევში დარჩა – ჩვენი ხანდაზმული მშობლები მარტო არ დატოვა.
ბავშვებს ახლახან სტომატოლოგი დასჭირდათ. სამი კბილი აქვს სამკურნალო ერთ-ერთს, ორს ვუმკურნალებთ, ერთს დავტოვებთ. ასე ვზოგავთ ფულს. ვეღარ სწვდება ყველაფერს ჩვენი შესაძლებლობები.
ოლგა პეტრუჩაკის შვილები
სახლი უსასყიდლოდ დაგვითმეს, ეს დიდი შეღავათია ჩვენთვის. მაგრამ არ გვაქვს გამათბობელი. დიასახლისმა ზეთის რადიატორი გვათხოვა, ოთახებს ვერ ათბობს. თბილა ციხისძირში, მაგრამ თებერვლიდან საგრძნობლად აცივდება და მერე არ ვიცი, რას ვიზამთ. შეჩვეულები ვართ ცივ ზამთარს. -10, -15 გრადუსია ხოლმე ტემპერატურა ზამთრობით უკრაინაში,“ – ამბობს ოლგა პეტრუჩაკი.
მისი თქმით, აჭარაში მყოფი უკრაინელი დევნილები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდებიან ხოლმე, როცა ვინმეს სამედიცინო დახმარება სჭირდება:
„ჩვენი ხარჯები მხოლოდ საკვებს და გადაადგილებას ხმარდება, დანარჩენი ფუფუნებაა. თითო ვიზიტი ექიმთან 50 ლარი ღირს, მათ შორის პედიატრთან. ხანდახან ვფიქრობ, ღმერთო, ნეტა, ექიმი არ დაგვჭირდეს აქ-მეთქი.
ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. თითქმის ერთი წლის წინ წამოვედით კიევიდან და შარშან რაც წამოვიღეთ თან, უკვე გამოუსადეგარია, აღარ ერგებათ,“ – ამბობს სამი შვილის დედა.
ოლგა იხსენებს, რომ ბავშვებს თავიდან ძლიერი სტრესი ჰქონდათ და ფეიერვერკების ხმა სასტიკად აშინებდათ. ომში მუდმივმა განგაშმა ბევრი სხვა ბავშვის მსგავსად ოლგას შვილებზეც იმოქმედა. ოჯახს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კურსზე ჩაწერა შესთავაზა, ჩაინიშნეს ბავშვების მონაცემებიც, მაგრამ მერე მათ აღარავინ დაჰკავშირებია:
„ალბათ ადგილი აღარ იყო კურსზე, ან რაღაც ვერ აეწყო, ომია… მარტო ჩვენ ხომ არ ვართ, ბევრს სჭირდება დახმარება…“ – ამბობს ოლგა.
ქალმა სამი შვილით მას შემდეგ დატოვა კიევი, რაც საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქში ყოველდღიურობად იქცა და ბავშვები რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ოჯახი 2 კვირა იმალებოდა სარდაფში.
ბათუმში ოლგა აპრილის დასაწყისში ჩამოვიდა. თავიდან შვილებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ სასტუმროში დაბინავდა, რამდენიმე თვეში კი მათ საცხოვრებელი დაატოვებინეს, რის შემდეგაც სახლი ციხისძირში უკრაინელთა დახმარების ცენტრმა აპოვნინა ოლგას.
ოლგა პეტრუჩაკი
უშუქობის გამო ახლა უკრაინის სკოლებში იძულებულები არიან არდადეგები გამოაცხადონ.
„ისე კი, ჩემი შვილები ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან, მასწავლებლები კიევიდან ერთვებიან-ხოლმე.
როცა გაკვეთილები ტარდებოდა, ხშირად ირთვებოდა განგაში და ბავშვები მასწავლებელთან ერთად სარდაფში გარბოდნენ. ეს მძიმე სანახავი იყო. წყდებოდა კავშირი.
ახლობლები გვეუბნებიან, რომ ახლა უკრაინაში მხოლოდ ის საბავშვო ბაღები მუშაობს, რომლებსაც თავშესაფარი აქვთ.
ჩემი შვილი ვერ მიმყავს ბაღში. საჯარო ბაღებში ადგილი არ არის.
17 წლის ბიჭი კიევის მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს. მისი მთავარი ინსტრუმენტი ელექტროგიტარაა. აუცილებლად გვჭირდება ფორტეპიანოც, მაგრამ არ გვაქვს. კვირაში სულ მცირე ერთი საათით მაინც უნდა დაუკრას, რომ პროგრამას არ ჩამორჩეს. ბათუმის დაახლოებით ხუთ მუსიკალურ სკოლაში ვიყავით და უარი გვითხრეს, ვერ დაგითმობთ ინსტრუმენტს, ამის უფლება არ გვაქვსო,“ – გვიყვება ოლგა.
გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა.
სტუდენტები – მარიამ დვალიძე და ირმა მელაძე ბათუმში თითქმის ყოველდღე ქედიდან დადიან. ისინი ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და როგორც ამბობენ, ადრე თუ გზაში 30-40 წუთი სჭირდებოდათ, ახლა ქედის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე საათს უნდებიან. ამის მთავარ მიზეზად ისინი ხელვაჩაურში „დაუსრულებელ“ საცობებს ასახელებენ.
„ხშირად მგზავრობისას ფიზიკურ ტკივილში გადამდის ხერხემლის ტკივილი. დაღლილობის შედეგად მტკივა თავიც. ლექციაზე რომ მივდივარ, რადგან დიდხანს ვიდექი საცობში, უკვე დაღლილი ვარ. თუ ფეხზე მდგომი ვმგზავრობ, მითუმეტეს, მაშინ უკვე იმდენად დაღლილი ვარ, რომ თითქმის ვერ ვახდენ კონცენტრაციას, ვერ ვუსმენ ლექციებს, გონება მეფანტება.
ყოფილა შემთხვევები, იმდენად გავთიშულვარ მგზავრობის დროს, დამძინებია,“ – ამბობს მარიამი.
მისი თქმით, ზამთარში, როცა მალე ღამდება, იძულებულია, პერიოდულად ხან ერთ ნათესავთან დარჩეს და ხანაც მეორესთან.
ქედა-ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველ ნახევარ საათში მოძრაობენ, მგზავრობის ღირებულება კი 3 ლარია.
მარიამისთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში ლექცია-სემინარებზე არ დააგვიანდეს და ამიტომაც, ყოველთვის ადრე გამოდის სახლიდან.
„ხშირად ვხვდები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცობებს და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, რადგან მიწევს დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე გავიდე სახლიდან, საათ-ნახევრით გვიან ვბრუნდები სახლში და ფაქტობრივად, როცა სახლში მოვდივარ, საღამოს 9 საათია. დაღლილი ვარ და მეცადინეობისთვის იმდენი დრო არ მრჩება, რამდენიც საჭიროა.
მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, ხუთ საათზე წამოვსულვარ ბათუმიდან და თითქმის 3-4 საათი ვიყავი გზაში“, – გვეუბნება მარიამი.
იმავე პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი სტუდენტი, ირმა მელაძე, რომელიც ასევე ქედიდან დადის ბათუმში უნივერსიტეტში.
ირმა სახლიდან ყოველთვის ადრე გამოდის, თუმცა მისი თქმით, ამის მიუხედავად, საცობების გამო მაინც აგვიანდება ხოლმე ლექცია-სემინარებზე.
„როდესაც ჩვეულებრივ 40 წუთი მჭირდებოდა ქალაქში ჩამოსასვლელად, ახლა 2 საათი და ხანდახან უფრო მეტიც მჭირდება, იმიტომ, რომ ძალიან გადატვირთული მოძრაობაა.
ხელვაჩაურის გზაზე უკვე საშინელებაა, ერთსაათიანი საცობია. აღარ დასრულდა“, – ამბობს ირმა. ის 2 შვილის დედაა და ცდილობს სახლში დაბრუნება დროულად მოასწროს, რომ შვილები მეორე დღეს სკოლისთვის მოამზადოს.
„როდესაც სახლში მოვდივარ, ყველანაირად განადგურებული ვარ. გამოდის, რომ 3-4 საათი მიწევს გზაში ყოფნა. სახლში რომ ავდივარ, უკვე საღამოს 9 საათია, საცობის გამო. საცობი დილითაც არის, საღამოს კი კიდევ უფრო დიდი.
ფიზიკურადაც ძალიან ვიღლები და ფინანსურადაც აისახება. დღეში მხოლოდ ბათუმში ჩასვლისა და უკან დაბრუნებისთვის მჭირდება 6 ლარი,“ – ამბობს ირმა.
ხელვაჩაურის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საცობი დღეში რამდენჯერმე იქმნება. მოქალაქეები ჩივიან, რომ ხანდახან საცობში საათობით უწევთ ყოფნა. სიტუაცია განსაკუთრებით რთულია დილის საათებში, როცა ადამიანები სამსახურში მიდიან და საღამოს – როცა სახლში ბრუნდებიან.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ანგისიდან დაბა ხელვაჩაურამდე, 4- კილომეტრიან მონაკვეთზე, შპს „ერტედე“ ახორციელებს.
შესყიდვის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარია.
პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეცვლისა და ორი ხიდის გაფართოების სამუშაოები. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, სამუშაოები ავტომანქანების მოძრაობის პარალელურად უნდა განხორციელდეს.
სამუშაოების გარდა მოძრაობას გზაზე ორმოებიც აფერხებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 იანვრის 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 29 იანვარს, ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში 5 თებერვლამდე ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 27 იანვრის ანგარიში უკრაინაში სამხედრო უპირატესობის მოპოვებაზე რუსი კომენტატორების მიერ გავრცელებულ ცნობებს მიმოიხილავს.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, რუსი ონლაინკომენტატორები აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში მიაღწიეს მნიშვნელოვან წინსვლას – გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა ორ რაიონში: ზაპორიჟიეს ოლქში, ორიკივის მახლობლად და 100 კმ აღმოსავლეთით – დონეცკის ოლქში, ქალაქ ვუჰლედართან.
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ რუსულმა შენაერთებმა, სავარაუდოდ, განახორციელეს ადგილობრივი, საცდელი თავდასხმები ორიკივისა და ვუჰლედარის მახლობლად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა რეალურად მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას.
რუსი კომენტატორების მიერ გავრცელებულ ცნობებს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ექსპერტები მიზანმიმართული დეზინფორმაციად აფასებენ, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, იმის მცდელობაა, რომ დაარწმუნონ მოსახლეობა, თითქოს რუსეთის ოპერაცია ინარჩუნებს წინსვლის იმპულსს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, ISW-ი 26 იანვრის ანგარიშში ევგენი პრიგოჟინსა და იგორ გირკინსშორის დაპირისპირებას მიმოიხილავს.
ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ვაგნერის“ ფინანსისტ ევგენი პრიგოჟინისა და დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების ყოფილ თავდაცვის მინისტრის, იგორ გირკინის ბოლოდროინდელი დაპირისპირება რუსულ ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის აჩვენებს კონკურენციას პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად რუსეთში.
ISW-ი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი და გირკინი, რომლებიც პუტინის ომის მეთოდების კრიტიკოსები არიან, სავარაუდოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს ომის მიმდინარეობით იმედგაცრუებულ პოლიტიკოსებზე გავლენისა და მფარველობის მოსაპოვებლად.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის თავდასხმა გირკინზე შეიძლება პუტინისთვის სასარგებლო იყოს.
პრიგოჟინი ძალიან ხილვადია რუსულ საინფორმაციო სივრცეში და ბევრმა სამხედრო ბლოგერმა გირკინი დაადანაშაულა საბრძოლო გამოცდილების ნაკლებობასა და სიმხდალეში – წერს ISW-ი.
ISW-ი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენა, რათა თავიდან აიცილოს გირკინის ბედი, რომელზეც კრემლმა უარი თქვა მას შემდეგ, რაც გირკინის დაჯგუფებამ სლოვიანსკიდან უკან დაიხია და 2014 წლის ივლისში მალაიზიური ავიახაზების რეისის ჩამოგდებასთან კავშირის გამო. გირკინი მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.
ასევე, ახალ ანგარიშში ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების შეტევები ზაპოროჟიეს რეგიონში არ არის ისეთი, რაც საჭიროა სრულმასშტაბიანი შეტევისთვის.
როგორი უნდა იყოს საშინაო დავალება, რა შემთხვევაში ამართლებს და რა შემთხვევაშია ის არაეფექტური? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ესაუბრა.
ამ თემაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა ცნობილმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმაც. მან თქვა, რომ საშინაო დავალება ბავშვებისთვის ზედმეტი ტვირთია, რომელიც მოსწავლეს სკოლამ აჰკიდა და საშინაო დავალება ხშირად ბავშვებსა და მშობლებს შორის უთანხმოების მიზეზიც ხდება და ამცირებს ბავშვის სოციალიზაციას.
მინდია ფუტკარაძე ბათუმში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. მისი გაკვეთილები, როგორც ბავშვებისგან გვსმენია, მხიარული და ინტერაქციულია. მინდია ნაწილობრივ იზიარებს შალვა ამონაშვილის აზრს საშინაო დავალებებთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ აქამდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი სისტემას.
„რომ მოვუსმინე ამონაშვილს, შოკში ჩავვარდი. ანუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სად არის განათლების სისტემა?
არ მივცეთ ბავშვებს საშინაო დავალება – დღეს ამაზე მსჯელობა იგივეა, რომ ვმსჯელობდეთ, როგორი ფერით უნდა შევღებოთ სახლის კედლები, რომელსაც საძირკვლის პრობლემა აქვს,“- გვეუბნება ის.
მინდია მიიჩნევს, რომ ბავშვის სოციალიზაციის პრობლემა საშინაო დავალების მიცემა-არმიცემით არ მოგვარდება.
„დავალება არ მივცეთ სახლში, ამით რას მოვიგებთ ჩვენ, მოსწავლე ან თუნდაც მშობელი?
მე ვაძლევ დავალებებს ბავშვებს, მაგრამ როგორი დავალება უნდა მივცეთ, რა სირთულის და რამდენი, ამაზე კი არ არის საუბარი – არ უნდა მივცეთ და მორჩა. ამას მე არ ვემხრობი არანაირად“- ამბობს მინდია ფუტკარაძე.
მინდია ფუტკარაძე
მას მოჰყავს მაგალითი მისი პრაქტიკიდან, თუ რა შემთხვევაში ამართლებს საშინაო დავალება.
„ახლა მყავს მე-2 კლასი და სახლში გასაკეთებლად ასეთი დავალება მივეცი: გამოიკითხეთ ოჯახის წევრების ასაკი და დაალაგეთ ზრდის მიხედვით.
რა მოხდება, როცა მოსწავლე წავა სახლში? მივა ბებოსთან და ჰკითხავს, რამდენი წლისაა. შემდეგ – ბაბუასთან, ძმასთან, მშობლებთან და ასე შემდეგ. ჩამოწერს რიცხვებს და დაალაგებს ზრდის მიხედვით. იტყვის – ბაბუა შენ ხარ პირველი, რადგან ხარ 85 წლის, შემდეგი არის, ვთქვათ, ბებო და ასე შემდეგ. ეს არ არის სოციალიზაცია ოჯახის წევრებთან?!
მაგრამ პრობლემაა ის, რომ ხშირად მშობლებს არ აქვთ დრო, ჰკითხონ ბავშვს რა ისწავლა, ვთქვათ, მათემატიკაში, ქართულში… გამოჰკითხონ, რას და როგორ აკეთებს და ამას იმით ხსნიან, რომ ბავშვს აქვს თურმე ბევრი დავალება,“ – ამბობს მინდია.
მისი თქმით, მშობლები იმ შემთხვევაში აპროტესტებენ საშინაო დავალებებს, თუ მათ უწევთ ჩართულობა და ვერ ართმევენ თავს დავალებებს სირთულის გამო.
„ამიტომ ამბობენ – ამდენი დავალება რა ამბავია? მეორეკლასელი მოსწავლის დავალებას რომ მშობელი ვერ გაიგებს, ესე იგი, აქ სხვა, უფრო სიღრმისეული პრობლემა გვაქვს და არა ის, რომ უბრალოდ დავალება მივეცით. სწორად შერჩევის შემთხვევაში დავალებას ძალიან კარგი შედეგი აქვს,“- მიიჩნევს მინდია.
მისი აზრით, საშინაო დავალება ბავშვს ეხმარება უკეთ გაიაზროს საკითხი და დარწმუნდეს, ნამდვილად გაიგო თუ არა თემა კლასში.
„გუშინ ხომ მითხარი გავიგე, რატომ ვერ გააკეთე?“- ასე კი არ უნდა დახვდეს მასწავლებელი, თუკი ვერ გაიგო რაიმე ბავშვმა დავალებაში, კიდევ უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ.
მოტივაციის დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს დავალების შესრულებამ ან ვერ შესრულებამ. როცა მოსწავლე გახარებული მოდის მეორე დღეს – „დავალება დავწერე, ჩემით გავაკეთე მასწავლებელო“, რატომ არის ეს ცუდი სასწავლო პროცესში?“
იგი არ ეთანხმება ბევრი და რთული საშინაო დავალებების მიცემას ბავშვებისთვის და მიიჩნევს, რომ პრობლემა არა დავალების მიცემაში, არამედ შინაარსშია.
„ბავშვს ისეთი დავალება უნდა მისცე, თან მოსწონდეს და თან მარტივად გააკეთოს.
როცა იცის, რომ დაჯდება და 10 წუთში დაწერს, ბედნიერი იქნება იმით, რომ ხვალ დავალებით წავა სკოლაში, ცოდნაც მეტი ექნება და 10 წუთით ნაკლებს ითამაშებს კომპიუტერზეც.
თუმცა არიან მასწავლებლები, რომლებიც 3-4-გვერდიან დავალებებს აძლევენ ბავშვებს, არ არის ეს დავალებები ზუსტად გამიზნული კონკრეტულ შედეგზე და ვისჯებით ჩვენც, ის მასწავლებლები, რომლებიც ვუფრთხილდებით ყველაფერს – მოსწავლესთან ურთიერთობასაც, ბავშვის მოტივაციასაც და დავალებებსაც ნაკლებს, მაგრამ სწორად ვაძლევთ,“- ამბობს მინდია ფუტკარაძე.
ნინო ჟვანია მეათე კლასის მოსწავლეა. ის იხსენებს დაწყებითი კლასის მასწავლებელს, რომელიც თითქმის არასდროს აძლევდა საშინაო დავალებას.
„გაკვეთილზე გვქონდა ინტენსიური სწავლება და საჭირო არც იყო დავალებები. მაგრამ მეხუთე კლასიდან შეიცვალა სიტუაცია, ბევრი ახალი საგანი დაგვემატა და დავალებების მოცულობაც გაიზარდა.
ერთი მხრივ, საშინაო დავალებები გეხმარება რაღაც უნარების განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებაში, მაგრამ როცა სისტემატურია და თან ყველა საგანში ბევრი დავალებაა მოცემული, მაშინ ძალიან რთულია. განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში.
მე ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარს და დავალების დაწერაც მსიამოვნებს. ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ კლასში ჩემს დავალებას. მაგრამ როცა ტექნიკურ საგნებში ვერ ვხვდები და მიჭირს ამოცანის ამოხსნა, მირჩევნია კლასში მასწავლებელთან ერთად გავაკეთო მაგალითები,“ – გვითხრა ნინომ.
მისი თქმით, დიდი მოცულობის დავალებებს მეტი დრო მიაქვს და არც სახლში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დრო რჩება. „ვსადილობ, მაშინვე შევდივარ ოთახში, ვწერ დავალებებს შუაღამემდე და ვერაფერზე ვეღარ ველაპარაკები ვერავის,“- ამბობს ნინო.
ენრიკე დავითაძე მეცხრე კლასშია. საშინაო დავალებების შესრულებაში მასაც ბევრი დრო ეხარჯება, თუმცა მიაჩნია, რომ დავალებების შესრულება გაკვეთილის უკეთ გააზრებაში ეხმარება.
„ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ფიზიკა, ქიმია – ყველა დიდი მოცულობის დავალებებს გვაძლევს, მარტო ფიზიკის ამოცანებს მიაქვს ერთი საათი.
სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრი ვარ, დავდივარ სპორტზეც და შესაბამისად, ამ ყველაფერს ცალკე დრო უნდა დავუთმო. სახლში როცა მოვდივარ, ცოტას ვისვენებ, შემდეგ ვვახშმობ და 12 საათამდე დავალებებზე ვმუშაობ“.
ენრიკე ამბობს, რომ როცა პატარა იყო, მშობლები უფრო მეტად იყვნენ ჩართული, ამოწმებდნენ დავალებებსაც რა და როგორ ეწერა, „მაგრამ ახლა აღარ. უბრალოდ ვეუბნები, რომ დავალებები დავასრულე და მენდობიან,“-ამბობს ენრიკე.
მანანა კაპეტივაძე
საშინაო დავალებებთან დაკავშირებით მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ინგლისურის მასწავლებელს, მანანა კაპეტივაძესაც.
„მე ჩემს საგანზე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს როგორც ვასწავლით – კვირაში ერთი საათი, მეორე კლასში – ორი საათი და ასე შემდეგ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვი ინტენსიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
მე რომ მხოლოდ ერთი კლასი მყავდეს პირველ კლასში და ყოველ დღე გვქონდეს ერთსაათიანი გაკვეთილები, საერთოდ აღარ იქნება საჭირო საშინაო დავალებების მიცემა, რადგან გვექნება წინა მასალის გამეორების შესაძლებლობა, შემდეგ ახლის დამატების და ასე შემდეგ.
მე მქონდა კერძო სკოლაში მსგავსი გამოცდილება, 6 მოსწავლე მყავდა კლასში, დროც საკმარისი გვქონდა და ყველაფერს ვასწრებდით,“- ამბობს პედაგოგი.
მისი თქმით, როცა კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვს ბავშვს უცხო ენის გაკვეთილი, მასწავლებელი იძულებულია, მოსწავლეს მეორე კვირამდე საშინაო დავალებებიც მისცეს.
„არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ სახლში, ბებია-ბაბუა ვერ ამეცადინებს და უჭირთ დავალების შესრულება.
ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ რადგან დავალებაა, აუცილებლად უნდა დაწეროს ბავშვმა და როცა არ აკეთებს წერით სამუშაოს, პრეტენზიები აქვთ, რომ დავალება არ მიუცია მასწავლებელს,“- ამბობს მანანა კაპეტივაძე.
მისი აზრით, მშობელმაც და ბავშვმაც საშინაო დავალების არსი უნდა გაიაზრონ.
„დავალება შეიძლება იყოს წასაკითხი ან რაღაც სახალისო ტექსტი შეიძლება გააკეთო, რადგან უცხო ენაა, ბევრი უცხო სიტყვაა ტექსტში და ეს სიტყვები უნდა ამოკრიბოს ბავშვმა ტექსტიდან, ვთქვათ, ჩაინიშნოს, გაიგოს მნიშვნელობა და ასე შემდეგ.
როცა ბავშვი ამბობს, რომ ვერ მოასწრო – არც ამაზე მაქვს გართულება, რადგან ბავშვს შეუძლია ნახოს თუნდაც ფილმი ინგლისურად, ან მუსიკას მოუსმინოს, რაიმე შემოქმედებითი აქტივობა გააკეთოს და ესეც დავალებაა.
უფროსკლასელებს ესესაც ვაწერინებ და არასდროს უთქვამთ, რატომ გვაძლევ ამ დავალებასო. მთავარია, გაიაზროს მოსწავლემ რატომ აკეთებს და სასიამოვნო იყოს ეს პროცესი მისთვის“.
მანანა კაპეტივაძის თქმით, ბევრი მშობელი ბავშვს აძალებს დავალების დაწერას, რაც იწვევს კონფლიქტს და ბავშვის დემოტივაციას.
„ახლავე დაჯექი და იმეცადინე – როცა ეუბნები ბავშვს, მას მოტივაცია ეკარგება. მშობელი უნდა ამხნევებდეს ბავშვს და თუკი რაიმეს ვერ გაიგებს, იმიტომ ვართ ჩვენ, რომ დავეხმაროთ“.
პედაგოგი მინდია ფუტკარაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ პედაგოგები დასხდებიან და იმსჯელებენ საშინაო დავალების შინაარსსა და მოცულობაზე და რაღაც წესებზეც შეთანხმდებიან:
„იქნებ მართლა ვაყენებთ მნიშვნელოვან ზიანს ამ დავალებებით ბავშვს და ხომ უნდა ვიცოდეთ, იქნებ უნდა შევცვალოთ მიდგომები.
არავინ საუბრობს იმაზე, რომ კლასში 29 მოსწავლე გვიზის და როგორ უნდა გავიდეთ მიზანზე და შედეგზე ამდენ ბავშვთან, თუ საშინაო დავალება არ მივეცით?
იქნებ ჯერ ეს საკითხი გავაპროტესტოთ, რომ 29 მოსწავლე არ იჯდეს კლასში, ეს მივიყვანოთ ბოლომდე და შემდეგ ვიმსჯელოთ დავალებაზე.“
_______________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი. მინდია ფუტკარაძე გაკვეთილზე.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტებზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რა გზითაც უსაფუძვლოდ შეიქმნეს 150 961 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე გადასახადების დასაფარად.
ამავდროულად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 447 742 ლარის საბაჟო ღირებულების 476 347 კილოგრამი არადეკლარირებული ხორბალი,“- წერს საგამოძიებო.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 231 000 ლარი.
ამ ეტაპზე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზიანის ანაზღაურების სახით შეტანილია 170 000 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე, 220 პრიმა და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 27 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 124 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
ტანკი – 3 182 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 6 340 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 2 180 ერთეული [+11]
MLRS – 452 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 292 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 283 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 941 ერთეული [+33]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+47]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 001 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 199 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
380 თვითმფრინავი
204 ვერტმფრენი
2 967 უპილოტო საფრენი აპარატი
402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
991 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 932 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 191 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ჯანსაღი ცხოვრების ისეთი წესების კომბინაციამ, როგორიცაა: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური აქტივობა და კვირაში ორჯერ მაინც სოციალიზაცია, შესაძლოა შეანელოს მეხსიერების დაქვეითების ტემპი და შეამციროს დემენციის რისკი.
ამის შესახებ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები ათწლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერენ.
კვლევის ფარგლებში გამოითვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის ქულა, რომელიც აერთიანებს ექვს ფაქტორს:
ჯანსაღი დიეტა
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში
აქტიური სოციალური კონტაქტი (კვირაში ორჯერ)
კოგნიტური/შემეცნებითი აქტივობა (კვირაში ორჯერ)
არამწეველი ან წარსულში ეწეოდა თამბაქოს
უარი ალკოჰოლზე
ჯანსაღ კვებად განისაზღვრა შემდეგი 12 საკვების ჯგუფიდან მინიმუმ შვიდი პროდუქტის ყოველდღიური მიღება: ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, მარილი, ზეთი, კვერცხი, მარცვლეული, პარკოსნები, თხილი და ჩაი.
კოგნიტური/შემეცნებითი აქტივობებია: წერა, კითხვა, ბანქო და სხვა თამაშები.
სოციალური კონტაქტი მოიცავს შეხვედრებში მონაწილეობას ან წვეულებებზე დასწრებას, მეგობრების ან ნათესავების მონახულებას, მოგზაურობასა და ონლაინ ჩატს.
„კვლევის შედეგები იძლევა ძლიერ მტკიცებულებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ისეთ პოზიტიურ ქცევებთან კომბინაციით, როგორიცაა არამწეველობა, უარი ალკოჰოლზე, სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, აქტიური კოგნიტური აქტივობა და სოციალური კონტაქტი, ასოცირდება მეხსიერების დაქვეითების ნელ ტემპთან“, – წერია კვლევის დასკვნაში.
კვლევაში ჩართული იყო 29 072 მონაწილე, მათგან 48.54% ქალი იყო. მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 72.23 წელი.
კვლევის მონაწილეთა 20% იყო APOE გენის მატარებელი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების ძლიერი რისკ-ფაქტორია.
კვლევის თანახმად, APOE გენის მქონე ადამიანებს, რომლებსაც მთლიანობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდათ, აღენიშნებოდათ მეხსიერების დაქვეითების უფრო ნელი ტემპი, ვიდრე APOE-ის მქონე ადამიანებს, რომლებიც უფრო არაჯანსაღად ცხოვრობდნენ.
„ჩხრეკის დროს ფოტოს, ასევე ვიდეოს გადაღების უფლება გაქვთ,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. მას ვესაუბრეთ ჩხრეკის და ამოღების პროცედურაზე – რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ან სამუშაო ოთახს ჩხრეკენ?
საინტერესო სიახლე ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც განისაზღვრა, რომ საგამოძიებო ორგანომ „ნეიტრალური მტკიცებულებები“ უნდა შექმნას ჩხრეკის დროს, როცა ამის საშუალება არსებობს, მაგალითად, ჩხრეკის პროცესს დაესწროს მოწმე.
„ბათუმელებმა“ ჩხრეკის პროცედურის შესახებ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ.
პირველ რიგში, გვითხარით, რა შემთხვევაში შეიძლება გაჩხრიკონ ჩვენი საცხოვრებელი სახლი?
კანონის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკა და ამოღება ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
წლების განმავლობაში ჩხრეკის და ამოღების ჩატარების საფუძველი ძირითადად იყო დასაბუთებული ვარაუდი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წელს ეს მიდგომა შეცვალა და განმარტა, რომ მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი ვერ იქნება ცალსახად ჩხრეკა-ამოღების ჩატარების საფუძველი. საკონსტიტუციომ მიიჩნია, რომ ამას სჭირდება გაცილებით მაღალი არგუმენტი, ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრულად მოკვლევა და შეფასება, რათა ჩხრეკა-ამოღებას ჰქონდეს მყარი საფუძველი.
ამიტომ, მხოლოდ ანონიმური პირის, ან კონფიდენტის ინფორმაცია ვერ იქნება საკმარისი საფუძველი.
რა უნდა იყოს ასეთი გარემოება, დასაბუთებული ვარაუდის გარდა?
ზოგადად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია.
ცხადია, გამოძიების დაწყების შემდგომ ხშირ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება ჩხრეკის და ამოღების ჩატარების აუცილებლობა. არ არსებობს კონკრეტული წესი, თუ რა დროს უნდა მიიღოს საგამოძიებო ორგანომ ამის შესახებ გადაწყვეტილება. არის ვითარება, როდესაც ჩხრეკა და ამოღება უნდა მოხდეს მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის არგუმენტით. ამ დროს გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, ან შეიძლება მისი განხორციელება გონივრულ ვადაში დაიგეგმოს სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
ორივე შემთხვევაში ინფორმაცია უნდა იყოს სათანადოდ გადამოწმებული და შეჯერებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე [2020 წლამდე], იყო პრაქტიკა, როცა საგამოძიებო ორგანო იღებდა ჩხრეკა-ამოღებაზე გადაწყვეტილებას პრაქტიკულად მხოლოდ ე.წ. კონფიდენტის, ან ანონიმური პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის ინფორმაცია იყო გამოყენებული გამოძიების დაწყების და შემდგომ ჩხრეკა-ამოღების ჩატარებისთვის. შესაბამისად, მისი შემოწმება, კონტროლი, ნამდვილობის დადასტურება არ შეეძლო მეორე მხარეს. ეს ინფორმაცია გარკვეულწილად სასამართლოსთვისაც დახურულია, რადგან კონფიდენტი სუბიექტია, ვისი სახელი და გვარიც არ არის იდენტიფიცირებული. საკონსტიტუციო სასამართლომ კი, განმარტა, რომ მხოლოდ კონფიდენტზე ან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობა კონსტიტუციური უფლებაში ჩარევისთვის, არ არის საკმარისი გამოძიებისთვის.
უშუალოდ ჩხრეკის დროს ყველაფრის გაჩხრეკის უფლება აქვთ გამომძიებლებს?
სასამართლო აქტის გამოცემის დროს დეტალურად მიეთითება პროცედურების ჩატარების ფორმა: ვის მიემართება ეს ჩხრეკა, ობიექტი, მისამართი, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კონკრეტულად, ვინ არის პასუხისმგებელი პირი ჩხრეკა-ამოღებაზე და ასე შემდეგ.
გამომძიებელმა პირს უნდა გააცნოს თავისი უფლებები და ამავდროულად, მისცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მისი არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად, თუ სასამართლოს აქტში მითითებულია, რომ უნდა გაიჩხრიკოს ბინა, გამოძიებას არ აქვს უფლება გაჩხრიკოს ავტომობილი და ა.შ.
რის უფლება არ აქვს ჩხრეკის დროს გამომძიებელს?
ჩხრეკა-ამოღების ჩატარება არ ნიშნავს სახლში არსებული ინვენტარის იმგვარად გადადგილებას ან დაზიანებას, რომ მისი ფუნქციური აღდგენა ჩხრეკის შემდეგ დაკავშირებული იყოს ხარჯებთან. ნებისმიერი ნივთის ან სივრცის დათვალიერება ტექნიკური მოცემულობით იმგვარად უნდა მოხდეს, რომ არ დაზიანდეს, არ განადგურდეს. ამიტომაც ჩხრეკა და ამოღება საგამოძიებო ორგანომ აბსოლუტურად თანმიმდევრულად და სწორად უნდა განახორციელოს.
საწყის ეტაპზე გამომძიებელი ადრესატს სთავაზობს [მფლობელს ან მესაკუთრეს], დაესწროს საგამოძიებო პროცესს, თუმცა დასწრებას აქვს შემხვედრი ვალდებულება: მესაკუთრეს ან მფლობელს დასწრების დროს არ მიეცეს გადაადგილების უფლება, რომ არ მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული ნივთის განადგურების, ასევე იქ მყოფ ადამიანებთან კომუნიკაცია შეიზღუდოს.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული გარკვეული, კონსპირაციული მოქმედებები, ნივთის გადამალვა და ასე შემდეგ.
შეიძლება ჩხრეკის პროცესისფოტო ან ვიდეო გადავიღოთ?
კანონმდებლობაში არ არის პირდაპირ ჩანაწერი, რომელიც ამგვარ მოქმედებას კრძალავს. შესაბამისად, ჩხრეკა-ამოღების ფიქსაციის უფლება უნდა მიეცეს პირს – ეს არის შენი საცხოვრებელი სივრცე ან სამუშაო ადგილი, სადაც უფლება გაქვს როგორც მესაკუთრეს, ან მფლობელს გარკვეული უფლებების ნაწილით ისარგებლო, თუ იგი ხელს არ უშლის საგამოძიებო პროცესს.
საპროცესო ღონისძიების დროს რა მოქმედების უფლებრივი ნაწილი გვაქვს შეზღუდული, ეს პირდაპირ არის მითითებული გამომძიებლის დადგენილებაში და გვეცნობება.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის გამოიწვევს სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრას, ანუ რამაც შეიძლება დააზიანოს სხვა პირის კანონიერი ინტერესები, მაგრამ აქ არ იგულისხმებიან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები.
მაგალითად, როდის შეიძლება შეიზღუდოს ვიდეოს გადაღება?
მაგალითად, შეიძლება ხდებოდეს ინტიმური ხასიათის პირადი ფოტოების ამოღება ჩხრეკის დროს მტკიცებულების სახით. თუ გადაღების უფლებას შეზღუდავს გამომძიებელი, ეს იქნება ლეგიტიმური.
აქვს თუ არა ვიდეოს გადაღების ვალდებულება თავად საგამოძიებო ორგანოს, რომელიც ჩხრეკას ატარებს?
კანონი პირდაპირ ვალდებულებას არ ადგენს, მაგრამ არც აკრძალულია. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ რეკომენდაცია მისცა საგამოძიებო ორგანოს ვიდეოგადაღების აუცილებლობაზე, თუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. გამოძიებას შეუძლია გადაიღოს ჩხრეკის და ამოღების პროცედურა თავიდან ბოლომდე.
საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, შეადგინოს ოქმი, სადაც უნდა იყოს მითითებული ამის შესახებ.
თუ მაქვს პრეტენზია ჩხრეკის კანონიერებაზე, შემიძლია ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოვაწერო?
გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოში საგამოძიებო ორგანოსთან თუ პოლიციელებთან ურთიერთობის დროს მოქალაქეები ყოველთვის ცდილობენ ხელი არ მოაწერონ დოკუმენტაციას, რასაც ისინი არ ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ უკანონოა და ასე შემდეგ.
მნიშვნელოვანია და მიზანშეწონილია, რომ საპროცესო მოქმედებებში ვიყოთ ჩართული და როცა ხელის მოწერის უფლება გვაქვს, თავი არ შევიკავოთ, ხელი უნდა მოვაწეროთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ოქმში სპეციალური გრაფაც არსებობს, თუ ჩვენ გვსურს ჩვენი პრეტენზია გამოვხატოთ, რისი შეზღუდვის უფლებაც გამომძიებელს არ აქვს.
ამ ტიპის ოქმი დაცვის მხრეს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად ამტკიცოს მისი პოზიციის მართებულობა იმ ეტაპზე, როდესაც უკვე საუბარია მტკიცებულებების უკანონოდ მოპოვებაზე, რათა შემდეგ არ გაჩნდეს კითხვა – ჩხრეკის დროს თუ გქონდათ პრეტენზია, რატომ არ დააფიქსირეთ იგი ოქმში?
ასევე, შესაძლებელია, რომ ოქმს ხელი არ მოვაწეროთ, მაგრამ ამ დროს გამომძიებელმა ოქმში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ამის შესახებ.
ხელი რომ მოვაწერო ოქმს, შემდეგ თუ მაქვს საშუალება, გავასაჩივრო ჩხრეკის კანონიერება?
ჩატარებული ჩხრეკის და ამოღების საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას საბოლოოდ ამოწმებს სასამართლო. შესაბამისად, თუ სასამართლომ აღნიშნული პროცესი ცნო უკანონოდ, მაშინ პირს უფლება აქვს, მისი უფლების ხელყოფის თაობაზე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
ჩხრეკის პროცესში რა ფორმით უნდა უზრუნველყოს საგამოძიებო ორგანომ ის, რომ მესამე პირები ვერ მოხვდნენ ბინასა თუ სახლში? მაგალითად, „გალიფ ოზთურქის საქმეში“, რაც განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დაცვის მხარე მიუთითებს იმაზე, რომ შესასვლელის გარდა მილიონერის აპარტამენტს ჰქონდა გასასვლელიც აივანზე.
გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანო უზრუნველყოფს ჩხრეკა-ამოღების ობიექტის დაცვას გარეშე პირებისგან, ასევე, იქ მყოფი პირების გადადგილებაზე და ერთმანეთთან კომუნიკაციაზეც აწესებს შესაბამის კონტროლს, რომ არ მოხდეს მტკიცებულების განადგურება, გადამალვა და ასე შემდეგ.
ამიტომაცაა, რომ საგამოძიებო პროცესის დაწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩხრეკა-ამოღების კონკრეტული ობიექტის დაცულობა.
სავალდებულოა თუ არა ბინის ჩხრეკის დროს მესაკუთრის დასწრება ან მისი ინფორმირება?
საგამოძიებო მოქმედების დროს კანონმდებლობა ითვალისწინებს მფლობელის ინფორმირებას. თუ ვერ ხდება მფლობელთან/მესაკუთრესთან კომუნიკაცია, მაშინ უნდა მოხდეს მესამე პირის დასწრება. ეს შეიძლება იყოს მეზობელი, ახლო ნათესავი, ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
შესაძლოა, მესაკუთრე არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ მისი არყოფნა ვერ შეუშლის ხელს ჩხრეკა-ამოღების ჩატარებას. კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ ჩავატარო საგამოძიებო მოქმედება.
თუ ბინის მფლობელის მოძიება, მასთან კომუნიკაცია არის შესაძლებელი, ცხადია, მას უნდა გავაცნოთ ეს ინფორმაცია, გავაცნოთ უფლებრივი ნაწილი, წარვუდგინოთ მოთხოვნა და ასე შემდეგ. საგამოძიებო ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ მოხდა მესაკუთრესთან დაკავშირება.
რა ფორმით უნდა შეირჩეს ჩხრეკის პროცესზე დასასწრებად ე.წ. ნეიტრალური მოწმე? საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როცა არსებობს საშუალება, მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის ჩვენება არ უნდა იყოს საქმეში მტკიცებულება.
ზოგადად, ჩხრეკის და ამოღების დროს ადრესატს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება, თუ ამის შესაძლებლობას გარემოებები იძლევა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მისი სურვილით კონკრეტული პირი დაესწროს ამ პროცესს და მიიღოს მონაწილეობა. თუ კონკრეტულ პირთან მიმართებით ტარდება ჩხრეკა-ამოღება, ამ პირმა უნდა განაცხადოს მესამე პირის მოწვევის უფლების რეალიზების გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ ამ უფლების გამოყენებაზე გამოძიება უარს იტყვის, ოქმში უნდა მოხდეს ამის აღნიშვნა, რის გამო ეთქვა პირს უარი.
შეიძლება თუ არა ჩხრეკა დაიწყოს ადვოკატის მოსვლამდე?
თუ ჩხრეკა ტარდება ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების მიზნით კონკრეტულ ბინაში, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი და აივანი, ამ დროს კი ბინის მესაკუთრე აცხადებს, რომ სურს, ადვოკატიც დაესწროს ჩხრეკა-ამოღების პროცესს, ცხადია, მას უნდა მიეცეს ამის საშუალება, რადგან ავტომატი ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი არ არის იმ ტიპის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება დაყოვნებით განადგურდეს. არც იმის რისკია, რომ მესაკუთრემ ეს ნივთი გადამალოს.
როდესაც იწყება პროცედურა, იქ გამოძიება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და ამასთან, პირს დაცვის უფლება მისცეს.
ამ დროს ტელეფონის ჩამორთმევა შეუძლია გამომძიებელს?
არ აქვთ ამის უფლება.
ჩხრეკა-ამოღების დამსწრე ნებისმიერ პირს არ ეზღუდება კომუნიკაცია ტელეფონით, არ ეზღუდება ფოტოს და ვიდეოს გადაღება. თუ ჩამოგართვეს ტელეფონი, ამის შესახებ ჩხრეკის ოქმის შენიშვნის გრაფაში უნდა მიუთითოთ, რადგან ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ?
ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების დროს მიზანშეწონილია კომუნიკაცია გვქონდეს ადვოკატთან. თუ ადვოკატი ვერ ახერხებს ჩხრეკა-ამოღების პროცესს დაესწროს, ჩვენ შეგვიძლია სატელეფონო კონსულტაციით ყველა ის ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც დაგვეხმარება სწორ მოქმედებაში.
ასევე, უფლება გვაქვს გავეცნოთ ყველა დოკუმენტს, რომელიც შედგება და გამოვთქვათ მოსაზრება, ან შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს ოქმში. ხელი მოვაწეროთ, თუ ამის სურვილს გამოვხატავთ, ან უარი განვაცხადოთ, რაც ასევე უნდა დააფიქსიროს გამომძიებელმა ოქმში.
„მსმენელს სწორი ნოტებით და სწორი სიმღერით შეიძლება კი არ მოაწონო თავი, არამედ გულწრფელობით. ზუსტად იმ ერთი- ორი ნოტით, რომელიც შეიძლება მოხვდეს გულში და გააჟრჟოლოს. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვიდრე ზუსტად სიმღერას და კოპირებას. ემოციებს აქვს დიდი მნიშვნელობა“ – ამბობს მუსიკოსი გიორგი ფუტკარაძე უხილავ კავშირზე მუსიკოსსა და მსმენელს შორის.
როცა მღერის, ვერაფერზე ფიქრობს, ვერც მსმენელზე, ვერც მათ რეაქციაზე, „ფიქრის დრო არ აქვს“, „ვერ გრძნობს თავს მიწაზე“. სიმღერის დასრულების შემდეგ კი ეს ემოცია არ სრულდება – ამ დროს გიორგის უჭირს შეფასების მოსმენა, რეაქციის აღქმა, უჭირს საუბარი.
„როცა ვმღერი, ცხოვრების ძალიან ბევრ დღეს ვიკლებ ჩემი აზრით, ყველა სიმღერის დროს იმდენ ემოციას ვდებ, რომ შემდეგ ფიზიკურად ვერ ვაზროვნებ“ – ამბობს გიორგი.
„როცა აზრზე მოდის“, ჩანაწერს უსმენს – კონკრეტული მომენტები საერთოდ არ მახსოვსო, ამბობს.
ხანდახან სწერენ – „მოგისმინე და მომეწონა“, მიუწერიათ – „ახლაც შენ გისმენ“. ამბობს, რომ ეს სტიმულს აძლევს.
„ბუნებრივია, თუ ჩემამდე მოდის ემოცია, რომელიც მსმენელმა მიიღო ჩემი სიმღერისგან, პასუხს ვუბრუნებ და ვცდილობ გულწრფელი ვიყო ყოველი პასუხის შემთხვევაში.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ყველა ადამიანს, ვინც მისმენს. ჩემს ჟანრს შეიძლება ბევრი არ უსმენდეს, მაგრამ ვინც უსმენს, ჩემთვის ყველა ძალიან ახლო ადამიანია სულიერად. დიდ პატივს ვცემ ყველას, იმიტომ კი არა, რომ მე მაფასებს კარგად ან ეს ფაქტი მაბედნიერებს და „ვაუ, რა მაგარი ვარ“, არამედ იმიტომ, რომ ვგრძნობ, რა ემოციაც მე გავეცი, იმ ადამიანამდე მივიდა. მოვალეობასავითაა ჩემთვის. არ მიყვარს ხელოვანები რომ იძახიან, იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ მე ასე მისწორდებაო. ასე არაა. ხელოვანი როცა ხარ, მუსიკოსი ხარ, ამას იმიტომ აკეთებ, რომ სხვასთან მივიდეს“ – ამბობს გიორგი.
იგი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერებისკენ უნდა მოისწრაფოდეს:
„მუსიკის დაწერის დროს, თუნდაც სიმღერის დროს, მე ჩემი გამოცდილებიდან ვმღერი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმღერები მთლად ბედნიერი არასდროსაა, მაინც რაღაცნაირად, ვიღაცას აბედნიერებს. ყველა ადამიანის მოვალეობაა, რომ რაღაც მომენტით სხვა ადამიანები გააბედნიეროს. ჩემი სათქმელიც ეს არის ზუსტად. მინდა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მეტი არაფერი. შეიძლება საკუთარი თავი იპოვოს ამ ცხოვრებაში, რაც ყველაზე რთულია, ჩემი აზრით“.
გიორგი ფუტკარაძე. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან
პანდემიამდე გიორგი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, ფესტივალებში იღებდა მონაწილეობას, საიდანაც შემოსავალიც ჰქონდა. რაღაც პერიოდი შვეიცარიაშიც ცხოვრობდა. მისი საქართველოში დაბრუნება პანდემიას დაემთხვა, ჩაიკეტა და დეპრესიამაც სწორედ ამ დროს იჩინა თავი, მაგრამ დაძლია.
როგორია მუსიკოსის ცხოვრება საქართველოში? – „ჩემი აზრით რთულია, არ მიყვარს, რომ ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ გამოდის და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად, ჩვენს ქვეყანაში მართლაც რთულია ცხოვრება, არამარტო მუსიკოსისთვის, არამედ ყველასთვის. იმიტომ, რომ რთულად გვაქვს სისტემა მოწყობილი ამ მშვენიერ ქვეყანაში“ – ამბობს გიორგი.
იგი ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია ხელოვნების პოლიტიკასთან დაკავშირება:
„ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ პოლიტიკას საერთოდ არ ვეხები. აპოლიტიკური ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში აპოლიტიკური ადამიანები არ არსებობენ, ყოველთვის მაინც გვიწევს პოლიტიკასთან შეხება. მე არ მიყვარს, როცა ხელოვნება რაღაც მიზეზით მაინც მოიაზრება პოლიტიკასთან, იმიტომ, რომ პოლიტიკა სულ სხვა სფეროა და ხელოვნება სულ სხვაგანაა. ჩემი აზრით, ხელოვანი ადამიანი არავის უნდა მოუწოდებდეს ვიღაცის ან რაღაცის არჩევისკენ. მე სულ სხვა რაღაცისთვის ვმღერი“.
გიორგი ამბობს, რომ ბავშვობაში ფიზიკა და მათემატიკა აინტერესებდა, მუსიკა კი მის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოვიდა:
„უფრო გამოგონებისკენ მივისწრაფოდი. მიღწევებიც მქონდა მაგ საკითხში. ახლა დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკით წარიმართება ჩემი ცხოვრება“.
როგორც თავად გვიყვება, ყოველთვის არ მღერის, ყოველთვის არც გულწრფელობა შეუძლია, იშვიათად წერს მუსიკას. საკუთარი მუსიკისთვის ხშირად იყენებს თავისი ძმის დაწერილ ტექსტს. ბევრ საქმეში გამოცადა თავი, მაგრამ ყველაფერი, რაც სცადა, 2-3 თვეში მობეზრდა, დარჩა მხოლოდ მუსიკა.
გიორგი საქართველოში ბევრ კონკურსში მონაწილეობდა. ამბობს, რომ კონკურსები ერთი მხრივ შესაძლებლობაა მიხვიდე მსმენელის გულამდე, მეორე მხრივ კი – „ტანჯვა -წამება“.
„საერთოდ არ არის კომფორტული სივრცე. ტანჯვა- წამებაა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბუნებრივია, ძალიან ბევრი დადებითი აქვს და ასევე უარყოფითი. დადებითი ის აქვს, რომ რაღაცნაირად გზას გიხსნის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოგისმინოს.
დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია ისეთი პროდუქტი შექმნა, რომ მერე ყოველთვის გისმინონ, კონკურსი ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მარტივად მიხვიდე ხალხის გულამდე, გაძლევს დამატებით გამოცდილებას, იმიტომ, რომ სხვადასხვა მუსიკოსებთან გიწევს კონტაქტი“.
______________
მთავარი ფოტო: გიორგი ფუტკარაძე მუსიკალური კონკურსის სცენაზე/facebook
„იმ დღეს ოფისში ვმუშაობდი, როცა მითხრეს, რაღაც ხდება ჩვენთან, შეიარაღებული ხალხია მოსულიო. გარეთ გამოვედი, კითხვებს ვსვამდი, მაგრამ შემაჩერეს…”- ასე დაიწყო ბათუმის სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ქუმსალ სარიმ იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს.
ქუმსალ სარი ოზთურქის ბიზნესკომპანიის – „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ეს კომპანია იმავე შენობაში მდებარეობს ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტია.
ქუმსალ სარიმ, დღეს, 26 იანვარს, მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს. თავად ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ადვოკატების თქმით, ოზთურქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს დაიწყო იმ მოწმეების მოსმენა, რომლებიც ოზთურქის მხარემ წარმოადგინა სასამართლოში.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ქუმსალ სარიმ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ჩხრეკის პროცესში დასწრების საშუალება გამომძიებლებმა არ მისცეს, მოუხედავად იმისა, რომ ბიზნესკომპანიას ეკუთვნის აპარტამენტი, სადაც ოზთურქი ცხოვრობდა.
ეს ერთ-ერთი გარემოებაა, რაზეც ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი ამახვილებს ყურადღებას: რეესტრის ამონაწერით ოზთურქს არ ეკუთვნის ბინა, სადაც ის ცხოვრობდა და გაჩხრიკეს. ამ აპარტამენტის მესაკუთრე, ანუ ბიზნესკომპანიის რომელიმე წარმომადგენელი კი, ჩხრეკას არ დასწრებია.
თუმცა ბიზნესკომპანიის დირექტორმა, ქუმსალ სარიმ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ მე-18 და მე-19 სართულებზეც აპარტამენტი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, გალიფ ოზთურქის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო.
„მაგრამ ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით,”- თქვა ასევე ქუმსალ სარიმ, როცა იგი ბიზნესმენის აპარტამენტის აღწერდა. ამ სართულზე იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი.
ქუმსალ სარის მტკიცებით, ოპერაციის შემდეგ, ოზთურქიმ სამედიცინო საწოლი მე-18 სართულზე დადგა და იქ ცხოვრობდა, მე-19 სართულთან კი შეხება თვეების განმავლობაში არ ჰქონია.
„საიდან იცით, რომ ვერ ადიოდა?”- მოწმის გამოჭერა სცადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
„თვითონ მითხრა,”- უპასუხა პროკურორს ქუმსალ სარიმ.
„თუ უშვებთ იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, ერთხელ მაინც ასულიყო ოზთურქი მე-19 სართულზე? რეგულარულად არა, ისე რომ ასულიყო?”- მოწმეს მიუბრუნდა ისევ პროკურორი.
„რაც ვიცი და რაც დამინახავს – არა, მას ცოტა სიარული შეეძლო,” – დასძინა მოწმემ. აპარტამენტში, სადაც ოზთურქი ცხოვრობდა, მე-18 სართულიდან მე-19 სართულზე ასვლა მხოლოდ კიბით შეიძლება.
„მეტრო ატლასის” დირექტორმა პროკურორს დაუდასტურა ისიც, რომ შენობის მე-19 სართული, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მანამდე სხვა პირზე გაქირავებული არ ყოფილა.
ადვოკატებს კიდევ ერთი აქცენტი აქვთ:
„მე-18 სართულზე, რაც მე ვნახე, დაახლოებით 20-30 პოლიციელი იყო, ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ოთახებში, იყვნენ ვერანდაზე, შეიძლება მე-19 სართულზეც ასულიყვნენ,”- ამბობს ქუმსალ სარი ადვოკატებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რაც სხდომაზე ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა წაიკითხა.
ამ ჩვენების სისწორეს მოწმე ადასტურებს.
ადვოკატები მოწმეებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ ოზთურქის აპარტამენტში გადაადგილება შეზღუდული არ იყო და მე-19 სართულზეც შეიძლება ასულიყო ვინმე, როცა ვერანდის კარი ღიად იყო დატოვებული.
„თუ იცით თქვენ, რომ სულ 14 კაცი მუშაობს იმ უწყებაში, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა? საიდან დათვალეთ 20 – 30 პოლიციელი?“ – ქუმსალ სარის მორიგი კითხვა დაუსვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
„შეიძლება, რაოდენობა მეტად მომეჩვენა,“ – გაღიმება სცადა ქუმსალ სარიმ.
მოწმეების გამოკითხვა „გალიფ ოზთურქის საქმეზე“ გრძელდება.
ქუმსალ სარიმ სასამართლოს ჩვენება მისცა
_______________________________
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულსედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. ჭარბი წონა თავის მხრივ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ რისკებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია და ა.შ.
წონის კლების არაინვაზიური მეთოდები, რომელთა შორისაა კუჭის ბალონირებაც, განიხილება მაშინ, როცა ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად უშედეგოა. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, კუჭის ბალონირების პროცედურა განკუთვნილია მათთვის, ვისი სხეულის მასის ინდექსიც (BMI) 30-დან 40-მდეა, თუმცა პროცედურა ზოგ შემთხვევებში ნაჩვენებია მათთვისაც, ვისი BMI 30-ზე ნაკლები ან 40-ზე მეტია.
„ბათუმელები“ ბალონირების პროცედურაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმ-ენდოსკოპისტს, არჩილ ძნელაძეს ესაუბრა.
ბატონო არჩილ, რას გულისხმობს კუჭის ბალონირება?
ეს არაქირურგიული მეთოდია, რაც გულისხმობს კუჭში ენდოსკოპის კონტროლით ლატექსის ბალონის ჩაყენებას, რომელიც გაბერვის შემდეგ იკავებს კუჭის გარკვეულ მოცულობას. შედეგად პაციენტს აქვს დანაყრების მუდმივი შეგრძნება და ვერ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს. პროცედურა უმტკივნეულოა.
ძალიან მარტივი პროცედურაა, გრძელდება დაახლოებით 10-20 წუთს. პაციენტს უკეთდება ინტრავენური სედაცია, ეს არ არის ღრმა ნარკოზი. ბალონი ისმება გასტროსკოპიით, ანუ ისე, როგორც ხდება კუჭის კვლევა, ზონდის გადაყლაპვას რასაც ეძახიან. გასტროსკოპიის აპარატით კეთდება კონტროლი თუ სად ისმება ეს ბალონი კუჭში.
ბალონის გაბერვას თვალყურს ვადევნებთ გასტროსკოპიის საშუალებით და ამოვდივართ. ბალონში არის ფიზიოლოგიური ხსნარი, შეღებილი მეთილენის ლურჯით.
ბალონირება
პაციენტი აქტიურია ჩარევიდან რამდენიმე საათში, არ აქვს ოპერაციის შემდგომი ტკივილები და გართულებები.
რა დანიშნულება აქვს მეთილენის ლურჯს?
ეს იმისთვის არის, რომ თუ ჩასმული ბალონის ჰერმეტულობა დაირღვევა და შიგთავსი გამოვა, მეთილენის ლურჯი ამ დროს არის ინდიკატორი, ის გამოიყოფა თუნდაც შარდის სახით და პაციენტი ხვდება, რომ კუჭში ბალონის ჰერმეტულობა დაირღვა. ამ შემთხვევაშიც არანაირი უკუჩვენება არ არის, უბრალოდ ბალონს ამოვიღებთ და ეს არის.
მომწოდებლის ცნობით, მათ მხოლოდ ერთადერთხელ ჰქონდათ შემთხვევა, როცა ჩასმული ბალონის ჰერმეტულობა დაირღვა და შიგთავსი გამოვიდა, ჩვენ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ გვქონია.
როდის არ არის ნაჩვენები ამ პროცედურის გაკეთება?
ერთადერთი, რა დროსაც არ არის ნაჩვენები კუჭის ბალონირების ჩატარება, არის სლივ-გასტრექტომია, ანუ ის არ უტარდება მათ, ვისაც გაკეთებული აქვს კუჭის დაპატარავების ოპერაცია ქირურგიული, ღია წესით.
რამდენი ხნით თავსდება ლატექსის ბალონი კუჭში და რამდენ ხანში დგება შედეგი?
ეს ბალონი კუჭში თავსდება 6, მაქსიმუმ 7 თვე. შემდეგ მას იღებენ ასევე ენდოსკოპიურად. ახლით ჩანაცვლება შესაძლებელია იმავე დღეს, თუ, ცხადია, პაციენტს ამის საჭიროება და სურვილი აქვს.
რაც შეეხება წონის კლების სტატისტიკას – წონის კლება ხდება ეტაპობრივად, რამდენიმე პაციენტი გვყავდა, რომელთაც პირველი თვის განმავლობაში დაიკლეს 10, 11, იყო 7 კილოც, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ნელი კლებით მიდის წონის კარგვა. ერთმა მეორე თვეში დაიკლო 5.5 კილო, მესამე თვეში – 4 კილო და ასე.
MayoClinic: ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, სხეულის წონის დაახლოებით 7%-დან 15%-მდე დაკლება ტიპურია ბალონის განთავსებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მთლიანი ჭარბი წონის კლება მერყეობს 30%-დან 47%-მდე.
თუ პაციენტი იქამდე ჩვეულებრივ იღებდა ერთ ფიალას, ბალონის ჩასმის შემდეგ იღებს მის მესამედს, მეტს ვერა, რადგანაც აქვს დანაყრების შეგრძნება, ზედმეტი ულუფის მიღების შემთხვევაში უჩნდება გულისრევის შეგრძნება, ანუ ვერ ჭამს, მაგრამ არც უნდება მეტის ჭამა.
კვებასთან დაკავშირებული რა რეკომენდაციები გაიცემა ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ?
პაციენტებს პროცედურის შემდეგ მაქსიმალურად ვუზღუდავთ ცხელი საკვების და ასევე მაღალგრადუსიანი ალკოჰოლის მიღებას. ზოგადად, როცა ამ პროცედურას იტარებს ადამიანი, განწყობილია, რომ კვებითი ჩვევები შეცვალოს და ეს ძალიან ეფექტურია წონის კლებისთვის.
ლატექსის ბალონის ზომა რა არის?
ზომა ინდივიდუალურია, განისაზღვრება კუჭის ზომიდან გამომდინარე. შესაბამისად, იბერება ან 400-600 მილილიტრი წყლით. პროცედურის მსვლელობისას ვსაზღვრავთ ამას.
25 იანვარს აზოვის პოლკმა სახელწოდება შეიცვალა და ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს ახალი ბრიგადის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ჩვენი დანაყოფი ჩამოყალიბდა აზოვის ტერორისტული თავდაცვის მოხალისეთა რაზმის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა კიევში 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ საათებში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანაყოფის ხერხემალს წარმოადგენენ „აზოვის“ ვეტერანები და მოძრაობის წარმომადგენლები.
აქვე აღნიშნულია, რომ ამავე ნაწილის მებრძოლები მონაწილეობდნენ ხერსონის გათავისუფლებაში.
„ახლა ბრიგადა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილშია და იბრძვის ბახმუტისთვის. გადამწყვეტი ბრძოლის დროა!“ – ნათქვამია განცხადებაში.
აზოვი, რომელსაც მოგვიანებით „აზოვის პოლკი“ უწოდეს, 2014 წელს დაარსდა. აზოვის ერთ-ერთი პირველი წევრები „მაიდნის“ მოხალისეთა ჯგუფის აქტივისტები იყვნენ. აზოვს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ პოლკს, რომლის ჯარისკაცებიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.
აზოვის პოლკი, უკრაინის გენშტაბის ბრძანებამდე დანებების შესახებ, იბრძოდა ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებთან, პოლიციასთან, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან და მარიუპოლის ტერიტორიულ თავდაცვასთან ერთად.