მთავარი,სიახლეები

„მეც გამჩხრიკეს“ – რატომ გადაუხადა მადლობა გალიფ ოზთურქის კომპანიის დირექტორმა პროკურორს

27.01.2023 • 2183
„მეც გამჩხრიკეს“ – რატომ გადაუხადა მადლობა გალიფ ოზთურქის კომპანიის დირექტორმა პროკურორს

„დაახლოებით დღის 2 საათზე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ უნდა მქონოდა საქმიანი შეხვედრა, როცა ორი ბატონი მომიახლოვდა და მითხრა, უნდა გაგჩხრიკოთო,“- ამ სიტყვებით დაიწყო რაულ კახაძემ 2022 წლის 31 მაისის გახსენება. ამ დღეს ბათუმში მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

რაულ კახაძე გალიფ ოზთურქის ბიზნესკომპანიის „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, როცა იქ ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს.

დღეს, 27 იანვარს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ რაულ კახაძის და კიდევ რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინა. თავად გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დასწრებია.

„მშვიდად განხორციელდა ჩემი ჩხრეკა,“- განაგრძო თხრობა „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორმა, რაულ კახაძემ, – „იმდენად მშვიდად, რომ კაფეში ვისხედით იქვე და მიმტანმა მენიუც კი მოგვიტანა… ეგონა, რომ არაფერი ხდებოდა.

მათ შეამოწმეს ჩემი საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი ჩამომართვეს. ამ დროს ჩემი სახლიც გაჩხრიკეს. სახლიდან მითხრეს, რომ ჩემი სერტიფიკატები აუღიათ, რაც სხვა პროფესიით საქმიანობის დროს მქონდა მოპოვებული,“ – აღნიშნა მოწმე რაულ კახაძემ.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ჩხრეკის გახსენებამდე, რაულ კახაძემ, ოზთურქის კომპანიის დირექტორმა, თავისი ჩვენება ოზთურქის ბიზნესსაქმიანობის აღწერით დაიწყო.

„2014 წელს ჩამოვიდა ბათუმში, თუმცა მანამდე განახორციელა რამდენიმე პროექტი ახალ ბულვარში, ასევე ბათუმის ახალი ავტოსადგური.

რაულ კახაძე

ის ყველას ეუბნებოდა, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა… მე 2012 წლიდან დავიწყე მუშაობა მენეჯერის პოზიციაზე,“ – ჰყვებოდა „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორი, როცა ის პროკურორმა შეაჩერა:

„რაში მაინტერესებს ოზთურქის ავტოსადგური და ახალი ბულვარი? 260-ე მუხლს როგორ ეხება ეს? რას ვიხილავთ აქ?“ – მოსამართლეს გახედა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„პიროვნულ მახასიათებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – პროკურორს შეედავა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი და ხაზი გაუსვა იმას, რომ ოზთურქის ბიზნესსაქმიანობას „ზუსტადაც აქვს დიდი მნიშვნელობა ამ საქმეში“.

„წითელ წიგნში ასე წერია ეგ“- პროკურორმა კოდექსისკენ მიუთითა ადვოკატებს და განმარტა, რატომ უნდა ისაუბროს მოწმემ მხოლოდ საქმის ირგვლივ.

„გაანებეთ თავი ამ წითელ წიგნს,“ – გაცხარდა ადვოკატი.

ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, მოწმემ თქვა, რომ ოზთურქის ბიზნესაქტივობაზე რეზიუმეს გააკეთებდა და ასეც მოიქცა.

რაულ კახაძემაც წინა დირექტორის მსგავსად [გუშინ, 26 იანვარს, სასამართლოს ჩვენება „მეტრო ატლას ჯორჯიას” კიდევ ერთმა დირექტორმა, ქუმსალ სარიმ მისცა. კომპანიას სულ 3 დირექტორი ჰყავს] თქვა ის, რომ მისი ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი მე-19 სართულს არ იყენებდა. ეს ის სართულია ოზთურქის აპარტამენტში, სადაც გამომძიებლებმა კოკაინი იპოვეს.

„მაგრამ თქვენმა კოლეგამ დაგვიდასტურა, რომ ოზთურქი ცხოვრობდა იქ. თქვენ როგორ იცით?“ – კომპანიის დირექტორს მიუბრუნდა პროკური ლევან მურვანიძე.

„გალიფ ოზთურქი იქ იმყოფებოდა ჩხრეკის დროს, როგორც მე მითხრეს… ცხოვრებით მას შეეძლო ბევრგან ეცხოვრა,“ – თქვა რაულ კახაძემ. მისი თქმით, გალიფ ოზთურქი მე-18 სართულზე ცხოვრობდა, სადაც მისი სამუშაო ოთახი იყო.

„იქვე იყო მისი ორთოპედიული საწოლი, ახლაც იქ დგას,“ – დაამატა მოწმემ და შემდეგ ისიც გაიხსენა, თბილისში გამგზავრებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე სწორედ მე-18 სართულის სამუშაო სივრცეში რომ ესაუბრა გალიფ ოზთურქს.

ამ ნაწილში დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ აპარტამენტის, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მესაკუთრე გალიფ ოზთურქი არ არის და მესაკუთრე ანუ ბიზნესკომპანია, ჩხრეკის პროცესს არ დასწრებია. დავის საგანია ისიც, რომ ჩხრეკა ჩატარდა აპარტამენტის იმ ნაწილშიც, რომელიც რეესტრის ჩანაწერით ოზთურქის საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებული ასევე არ არის.

„რეზიდენტი რომ გამხდარიყო, სჭირდებოდა ეს ჩაწერა… ითხოვეს კომპანიისგან თანხმობა და მიიღეს. მე ვიცი ის, რომ რეგისტრაცია მას ჰქონდა ერთ მისამართზე და ჩხრეკა ჩატარდა სხვა მისამართზე,“ – უთხრა პროკურორს რაულ კახაძემ.

„თქვენ საიდან გაიგეთ ეს დეტალები?“ – კომპანიის დირექტორის გამოჭერა სცადა პროკურორმა.

„გამოცემა „ბათუმელებში“ წავიკითხე,“ – თქვა რაულ კახაძემ.

„სხვა ჩანაწერი არ გინახავთ, მარტო „ბათუმელებს“ ენდეთ?“ – პროკურორს არ უთქვამს, თუმცა შემოვლითი გზით სცადა იმის გაგება, მიაწოდეს თუ არა ადვოკატებმა საქმის მასალები მოწმეს მის გამოკითხვამდე.

„რატომ არ უნდა ვენდო „ბათუმელებს“?- პროკურორს კითხვა შეუტრიალა რაულ კახაძემ.

„ანუ პრესაც აღარ წავიკითხოთ?“ – დიალოგში ირონიით ჩაერთო ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილიც.

„იქ [იგულისხმება რეპორტაჟი] საკადასტრო კოდები არ იყო მითითებული…“ – ადვოკატებს მიმართა პროკურორმა, მცირე პაუზის შემდეგ კი, დასძინა: „ნეტაი, თქვენ გჯეროდეთ ამის…“

შეკამათებამდე ბიზნესმენმა რაულ კახაძემ პროკურორ ლევან მურვანიძეს მადლობა გადაუხადა:

„ანგარიშებს დაედო ყადაღა… პროკურორი ჩაერთო ამ საქმეში, ანგარიშების დროულად გამოთავისუფლება მოხდა და საბიუჯეტო დავალიანების გასტუმრება, ამისთვის მადლობას გიხდით,“ – თქვა რაულ კახაძემ.

„ჩხრეკამდე რომელიმე ფინანსური დოკუმენტის წარდგენა იყო პრობლემა ფინანსური პოლიციისთვის ან საგადასახადოში?“ – იკითხა ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა.

„პერიოდულად ხდებოდა შემოწმება საგადასახადოსგან, ასევე, ამ შემთხვევამდე [გალიფ ოზთურქის დაკავება – ავტ.] 4 – 5 თვით ადრე ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო ყველა ჩვენი კომპანიის შემოწმება, ჩვენი ფინანსისტები მუშაობდნენ მათთან და არკვევდნენ დოკუმენტაციას…

მე არ მახსენდება ფაქტი, რომ რომელიმე დოკუმენტი არ წარგვედგინა.

დაკავებამდე რამდენიმე თვე ბატონ გალიფთან რომელიმე სახელმწიფო უწყებას კითხვები არ ჰქონია, დაძაბულობა არ ყოფილა“, – აღნიშნა რაულ კახაძემ.

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორთან შეკითხვა ჰქონდა ადვოკატ თენგიზ კახიძესაც:

„თქვენ, გარდა იმისა, რომ მმართველი ხართ ამ კომპანიის, მეგობრობდით გალიფ ოზთურქთან. გინახავთ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ?“ – იკითხა ადვოკატმა.

რაულ კახაძის თქმით, მას გალიფ ოზთურქი მსგავს სიტუაციაში არასდროს უნახავს:

„გამონაკლისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ამ დროს სვამდა ხვანჭკარას… მე მაშინ გაუგებრობა დავარქვი ამ ამბავს და დღემდე ასე მგონია,“ – დაასრულა რაულ კახაძემ.

მოწმეების გამოკითხვა სასამართლოში გრძელდება.

________________

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: