მთავარი,სიახლეები

ემოცია ზუსტ ნოტებზე მნიშვნელოვანია – მუსიკოსი ბათუმიდან

26.01.2023 • 1780
ემოცია ზუსტ ნოტებზე მნიშვნელოვანია – მუსიკოსი ბათუმიდან

„მსმენელს სწორი ნოტებით და სწორი სიმღერით შეიძლება კი არ მოაწონო თავი, არამედ გულწრფელობით. ზუსტად იმ ერთი- ორი ნოტით, რომელიც შეიძლება მოხვდეს გულში და გააჟრჟოლოს. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვიდრე ზუსტად სიმღერას და კოპირებას. ემოციებს აქვს დიდი მნიშვნელობა“ – ამბობს მუსიკოსი გიორგი ფუტკარაძე უხილავ კავშირზე მუსიკოსსა და მსმენელს შორის.

როცა მღერის, ვერაფერზე ფიქრობს, ვერც მსმენელზე, ვერც მათ რეაქციაზე, „ფიქრის დრო არ აქვს“, „ვერ გრძნობს თავს მიწაზე“. სიმღერის დასრულების შემდეგ კი ეს ემოცია არ სრულდება – ამ დროს გიორგის უჭირს შეფასების მოსმენა, რეაქციის აღქმა, უჭირს საუბარი.

„როცა ვმღერი, ცხოვრების ძალიან ბევრ დღეს ვიკლებ ჩემი აზრით, ყველა სიმღერის დროს იმდენ ემოციას ვდებ, რომ შემდეგ ფიზიკურად ვერ ვაზროვნებ“ – ამბობს გიორგი. 

„როცა აზრზე მოდის“, ჩანაწერს უსმენს – კონკრეტული მომენტები საერთოდ არ მახსოვსო, ამბობს.

ხანდახან სწერენ – „მოგისმინე და მომეწონა“, მიუწერიათ – „ახლაც შენ გისმენ“. ამბობს, რომ ეს სტიმულს აძლევს.

„ბუნებრივია, თუ ჩემამდე მოდის ემოცია, რომელიც მსმენელმა მიიღო ჩემი სიმღერისგან, პასუხს ვუბრუნებ და ვცდილობ გულწრფელი ვიყო ყოველი პასუხის შემთხვევაში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ყველა ადამიანს, ვინც მისმენს. ჩემს ჟანრს შეიძლება ბევრი არ უსმენდეს, მაგრამ ვინც უსმენს, ჩემთვის ყველა ძალიან ახლო ადამიანია სულიერად. დიდ პატივს ვცემ ყველას, იმიტომ კი არა, რომ მე მაფასებს კარგად ან ეს ფაქტი მაბედნიერებს და „ვაუ, რა მაგარი ვარ“, არამედ იმიტომ, რომ ვგრძნობ, რა ემოციაც მე გავეცი, იმ ადამიანამდე მივიდა. მოვალეობასავითაა ჩემთვის. არ მიყვარს ხელოვანები რომ იძახიან, იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ მე ასე მისწორდებაო. ასე არაა. ხელოვანი როცა ხარ, მუსიკოსი ხარ, ამას იმიტომ აკეთებ, რომ სხვასთან მივიდეს“ – ამბობს გიორგი.

იგი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერებისკენ უნდა მოისწრაფოდეს:

„მუსიკის დაწერის დროს, თუნდაც სიმღერის დროს, მე ჩემი გამოცდილებიდან ვმღერი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმღერები მთლად ბედნიერი არასდროსაა, მაინც რაღაცნაირად, ვიღაცას აბედნიერებს. ყველა ადამიანის მოვალეობაა, რომ რაღაც მომენტით სხვა ადამიანები გააბედნიეროს. ჩემი სათქმელიც ეს არის ზუსტად. მინდა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მეტი არაფერი. შეიძლება საკუთარი თავი იპოვოს ამ ცხოვრებაში, რაც ყველაზე რთულია, ჩემი აზრით“.

გიორგი ფუტკარაძე. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან

პანდემიამდე გიორგი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, ფესტივალებში იღებდა მონაწილეობას, საიდანაც შემოსავალიც ჰქონდა. რაღაც პერიოდი შვეიცარიაშიც ცხოვრობდა. მისი საქართველოში დაბრუნება პანდემიას დაემთხვა, ჩაიკეტა და დეპრესიამაც სწორედ ამ დროს იჩინა თავი, მაგრამ დაძლია.

როგორია მუსიკოსის ცხოვრება საქართველოში? – „ჩემი აზრით რთულია, არ მიყვარს, რომ ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ გამოდის და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად, ჩვენს ქვეყანაში მართლაც რთულია ცხოვრება, არამარტო მუსიკოსისთვის, არამედ ყველასთვის. იმიტომ, რომ რთულად გვაქვს სისტემა მოწყობილი ამ მშვენიერ ქვეყანაში“ – ამბობს გიორგი.

იგი ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია ხელოვნების პოლიტიკასთან დაკავშირება:

„ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ პოლიტიკას საერთოდ არ ვეხები. აპოლიტიკური ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში აპოლიტიკური ადამიანები არ არსებობენ, ყოველთვის მაინც გვიწევს პოლიტიკასთან შეხება. მე არ მიყვარს, როცა ხელოვნება რაღაც მიზეზით მაინც მოიაზრება პოლიტიკასთან, იმიტომ, რომ პოლიტიკა სულ სხვა სფეროა და ხელოვნება სულ სხვაგანაა. ჩემი აზრით, ხელოვანი ადამიანი არავის უნდა მოუწოდებდეს ვიღაცის ან რაღაცის არჩევისკენ. მე სულ სხვა რაღაცისთვის ვმღერი“.

გიორგი ამბობს, რომ ბავშვობაში ფიზიკა და მათემატიკა აინტერესებდა, მუსიკა კი მის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოვიდა:

„უფრო გამოგონებისკენ მივისწრაფოდი. მიღწევებიც მქონდა მაგ საკითხში. ახლა დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკით წარიმართება ჩემი ცხოვრება“.

როგორც თავად გვიყვება, ყოველთვის არ მღერის, ყოველთვის არც გულწრფელობა შეუძლია, იშვიათად წერს მუსიკას. საკუთარი მუსიკისთვის ხშირად იყენებს თავისი ძმის დაწერილ ტექსტს. ბევრ საქმეში გამოცადა თავი, მაგრამ ყველაფერი, რაც სცადა, 2-3 თვეში მობეზრდა, დარჩა მხოლოდ მუსიკა.

გიორგი საქართველოში ბევრ კონკურსში მონაწილეობდა. ამბობს, რომ კონკურსები ერთი მხრივ შესაძლებლობაა მიხვიდე მსმენელის გულამდე, მეორე მხრივ კი – „ტანჯვა -წამება“.

„საერთოდ არ არის კომფორტული სივრცე. ტანჯვა- წამებაა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბუნებრივია, ძალიან ბევრი დადებითი აქვს და ასევე უარყოფითი. დადებითი ის აქვს, რომ რაღაცნაირად გზას გიხსნის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოგისმინოს.

დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია ისეთი პროდუქტი შექმნა, რომ მერე ყოველთვის გისმინონ, კონკურსი ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მარტივად მიხვიდე ხალხის გულამდე, გაძლევს დამატებით გამოცდილებას, იმიტომ, რომ სხვადასხვა მუსიკოსებთან გიწევს კონტაქტი“.

______________

მთავარი ფოტო: გიორგი ფუტკარაძე მუსიკალური კონკურსის სცენაზე/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: