„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები ენმ-ის მომავალ თავმჯდომარეს შიდაპარტიული არჩევნების გზით აირჩევენ.
არჩევნები 2023 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე დაიწყება და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება.
ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ბათუმში ენმ-ი ძირითადად ორ ბანაკად გაიყო, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად. მხარდამჭერები ჰყავთ გიორგი მუმლაძესა და ნონა მამულაშვილსაც.
ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე ნიკა მელიას მხარდამჭერია. გიორგი კირთაძის თქმით, მელიას უჭერს მხარს ბათუმის საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობაც.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლევან ანთაძე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა რიგებშია. მისი თქმით, ხაბეიშვილს უჭერს მხარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობა, ასევე აჭარის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პარტიული აქტივი.
რატომ უჭერთ მხარს კონკრეტულ კანდიდატს და რა არის მთავარი წყალგამყოფი სხვა კანდიდატებთან? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ თითოეული კანდიდატის მხარდამჭერს.
„ჩვენ ავტოკრატიის დამარცხება ამ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ერთობით წარმოგვიდგენია. მიმაჩნია, რომ ამ დიდ პოლიტიკურ ერთობაში ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდეს მძიმეწონიანი ლიდერი. ნიკა მელია, ჩემი აზრით, სხვა კანდიდატებთან შედარებით ბევრად უფრო მეტად ასხივებს ერთობასაც და კოალიციურ მმართველობასაც შეძლებს მომავალში.
თვითმყოფადი პოლიტიკოსია და მიმაჩნია, რომ ის ბევრად უფრო მძიმე წონის არის, ვიდრე წარმოდგენილი სხვა კანდიდატები.
აქვე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო პატივისცემა ყველა სხვა კანდიდატის მიმართ.
ამასთან ერთად, მეორე არგუმენტი, რატომაც ვუჭერ მხარს, არის ის, რომ ნიკა მელიას გუნდი და მხარდამჭერები ძალიან ღიად პოზიციონირებენ.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილთან ერთად, მის უკან ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ღიად საჯარო პოლიტიკაში არ ერევიან. ეს არ მიგვაჩნია სწორად,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
„წლების განმავლობაში, ნიკა მელიას ხელმძღვანელობისას მე ვერ დავინახე ეფექტი, ვერ დავინახე მოძრაობა, ვერ დავინახე წინსვლა, პირიქით – პარტია ყოველდღიურად უკან-უკან მიდიოდა. ბევრი ადამიანი, მათ შორის გამორჩეული სახეები ტოვებდნენ ამ პარტიას. მომხრე ვარ იმის, რომ ცვლილებები მოხდეს.
მთავარი გამყოფი, ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის უძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარესაა მოძრაობა. ტიპაჟებიც ისეთია. ბოლო პერიოდში მელია ძალიან კაბინეტის, თეთრხელთათმანიანი პოლიტიკოსი გახდა. ლევან ხაბეიშვილი პირიქით, მოძრავია და სწორედ მოძრაობაშია ჭეშმარიტებაც.
ლევანში დავინახე ის, რომ მას შეუძლია მეტის გაკეთება, შეუძლია მოძრაობა, გაკეთებულიც აქვს. პარტიაში იყო ანტიკორუფციული მოძრაობის მდივანი, ამ მოვალეობას შესანიშნავად ასრულებდა. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი არჩევანიც ამიტომ იყო ლევანის მხარეს დადგომა,“- ამბობს ლევან ანთაძე.
როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში იმ ადამიანებთან, ვინც ახლა გამარჯვებისთვის იბრძვის? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ გიორგი კირთაძესა და ლევან ანთაძეს.
„მხოლოდ იმედი შემიძლია მქონდეს, რომ დამარცხებულები მიულოცავენ გამარჯვებულს და გამარჯვებულიც შეძლებს, რომ ისევ აქციოს ნაციონალური მოძრაობა ერთიან გუნდად.
მთავარ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყველამ ერთად ვუპასუხოთ. აჭარაშიც ასე იქნება, ბუნებრივია. დამარცხებულები მიულოცავენ გამარჯვებულებს. გამარჯვებული აიღებს პასუხისმგებლობას პარტიის მართვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამარცხებულებმა პარტია უნდა დატოვონ და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხაბეიშვილი გამარჯვებული, მე ვაპირებ, რომ მას გულწრფელად მივულოცო, ვუსურვო წარმატებები.
ვიცი, რომ ბათუმის ორგანიზაციაშიც შერჩეული ჰყავს თავისი მენეჯმენტიც, ვინც აქ, ბათუმის ორგანიზაციას უნდა უხელმძღვანელოს და იმათაც, ბუნებრივია, ვუსურვებ წარმატებებს.
არსად არ წავალ, დავრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და გავაგრძელებ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვისაც და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვისაც,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
„ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ვიყავი და ამას გავაგრძელებ. მოგეხსენებათ არის პარტიის არჩევნები და მე მინდა, რომ ეს პარტია იყოს წინ. ვინც გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მე ჩემს საქმეს ყოველთვის გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში ვეცდები გავაკეთო ისე, როგორც ვაკეთებდი. სხვასაც იგივე მინდა ვუთხრა.
ზოგადად ფაქტი ერთია, რომ ეს არჩევნები არის პარტიული არჩევნები. ჩვენ ამის პრეცედენტი აქამდე არ გვქონია, თუ ნიკა მელიას და ლევან ვარშალომიძის არჩევნებს არ ჩავთვლით, რომელიც გამართული არ იყო ბოლომდე.
დღეს ჩატარებული არჩევნები ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ამ წესით უნდა ირჩევდნენ ალბათ სხვა პარტიებიც. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში პარტიაში დავრჩები, რადგან პარტიაში არ მოვსულვარ არც ნიკა მელიას და არც ლევან ხაბეიშვილის, არც მამულაშვილის ან მუმლაძის გამო.
აქ ვარ ჩემი შეხედულების გამო და პრინციპში იმ განვლილი გზით რაც გამიკეთებია აქამდე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ანთაძემ.
ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან გიორგი მუმლაძეს უჭერს მხარს აქტივისტი ალექსანდრე მილორავა.
„გიორგი მუმლაძე არის გამორჩეული კანდიდატი, ის არის აბსოლუტურად სუფთა წარსულით, არ ჰქონია შეხება არცერთ სახელისუფლებო ორგანოსთან. ის იბრძვის აბსოლუტურად გულწრფელად და მისი ხედვები არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ორ საკითხზე: პირველი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მეორე – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება.
აქედან გამომდინარე, მისი ინტერესია არა თანამდებობა, პარტიული თუ სხვა, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა,“- ასე ახასიათებს ალექსანდრე მილორავა გიორგი მუმლაძეს.
მილორავას თქმით სხვა კანდიდატებსა და გიორგი მუმლაძეს შორის მთავარი გამყოფი ხაზი არის სიახლე.
„გიორგი მუმლაძეს აქვს პარტიის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა. თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს სურთ რეალური განახლება პარტიის და რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ გიორგის.
არჩევნების შემდეგ პარტია უნდა გამოვიდეს გაჯანსაღებული, უფრო მეტად გაძლიერებული და მან უნდა დაიწყოს რეალური მოქმედებები.
დღესდღეობით გვაქვს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც უნდა დაუბრუნდეს ძველ რელსებს და იქცეს ისევ ნაციონალურ მოძრაობად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარტიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისთვის, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ამის შემდეგ დაიწყოს უკვე რეალური ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ეს პრორუსული ხელისუფლება და პრორუსული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს და შევქმნათ კოალიციური, პროდასავლური ხელისუფლება,“- ამბობს ალექსანდრე მილორავა.