თეონა ყურშუბაძე ინგლისურის მასწავლებელია ბათუმიდან. 21 წელია, რაც მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. თეონას ცხოვრება თანაბრად არის დაკავშირებული ბავშვებთან და ძაღლებთან.
„ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი და ცხოველებისადმი არის ერთნაირი. ერთნაირად მიყვარს ორივე – ბავშვებიც და ცხოველებიც. ბავშვებიც დაცვას და მზრუნველობას საჭიროებენ. ისევე, როგორც ცხოველები“, – ამბობს თეონა.
დაახლოებით 200 მიუსაფარი ძაღლი და კატა ჰყავს გაჩუქებული. ცდილობს ქუჩაში ნაპოვნ ცხოველებს ოჯახები მოუძებნოს. მისთვის მიუსაფარი ცხოველების დახმარება ცხოვრების მთავარ გამოწვევად იქცა.
„გვარი მაქვს ყურშუბაძე. მთელი ცხოვრება სკოლაში ზედმეტსახელი მერქვა ყურშა. დღემდე ჩემი კლასელები და მასწავლებლები რომ მხვდებიან, არავინ სახელით არ მომმართავს – ყველა მეძახის ყურშას. ეს რაღაცა სიგნალივით მგონია და კოდირებული მგონია. რომ მივაღწიე 37-38 წელს, მივხვდი, რომ რაღაცას საჭიროებდნენ ჩემგან ოთხფეხა მიუსაფარი ცხოველები. მე მათ დასახმარებლად რაიმე უნდა გამეკეთებინა.
დედაჩემი სულ ამბობს, რომ ჩვენი გვარი იყო ცხოველთა მოყვარული. მამაჩემსაც ძალიან უყვარდა. მახსოვს პატარაობაში ერთი პატარა ლეკვი გვყავდა, მამაჩემი გიჟდებოდა. ასაკი რომ მომემატა და გავაცნობიერე, რომ დამოუკიდებლად შემიძლია რაღაცების გაკეთება, მერე ამ ყველაფერს სერიოზულად მოვკიდე ხელი. თუმცა ისე, რომ არც რაიმე ორგანიზაციას წარმოვადგენ, არც არანაირ პროექტებში არ მაქვს მონაწილეობა მიღებული. მე, ჩემი მეგობრების დახმარებით [საკმაოდ ფართო წრე მყავს სამეგობრო და აღმოჩნდა ბევრია ცხოველთმოყვარული], თითო ლარობით და ხანდახან სოლიდური თანხითაც, წვლილი შეგვაქვს და რაღაცით მაინც ვეხმარებით მიუსაფარ ცხოველებს.
მე ვერ ვჩერდები, ვარ ჰიპერაქტიური ადამიანი, რომელმაც არ უნდა იფიქროს, უნდა იმოქმედოს. ამაში ეს გარე აქტივობები მეხმარება, რაც ქველმოქმედებას და მიუსაფარი ცხოველების დახმარებაში გამოიხატება.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ფეისბუქზე შემთხვევით ვიპოვე პოსტი, რომ მერაბის და ინგას თავშესაფარს სჭირდება დახმარება. თავიდან თანხას ვრიცხავდი. მერე აღმოჩნდა, რომ საკვები იყო პრობლემა, მერე მედიკამენტების პრობლემა ჰქონდათ.
ჩემი ერთი მეგობარი მუშაობს საბავშვო ბაღში. იქ ყოველთვის რჩება საჭმელი – ნარჩენ საჭმელზე მაქვს საუბარი. მივედი, გამგეს დაველაპარაკე. ვთხოვე, თუ არის შესაძლებელი ნარჩენი, რომელიც ბავშვმა თეფშზე დატოვა, ნუ გადამისხამთ და შემინახეთ. რა თქმა უნდა, ამაზე დამთანხმდნენ და ამით დაიწყო. ყველა დღე, პანდემიამდე, საღამოს ათ საათზე მივდიოდი ამ ბაღში. დიდ ქილებში გამზადებული მხვდებოდა საჭმელი, რომელსაც ვტოვებდი ერთ ადამიანთან და შემდეგ მერაბის მიჰქონდა თავისი თავშესაფრისთვის.
ცხოველების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. მერაბის თავშესაფარში ძირითადად დაავადებული ცხოველები არიან. ქუჩაში რომ დაინახავს, მიჰყავს თავის თავშესაფარში და ქველმოქმედების მხარდაჭერით ცდილობს ამ ცხოველებს დაეხმაროს.
ეს იყო ჩემი პირველი აქტივობა. შემდეგ ფეისბუქში დაიდო პოსტი, რომ სანაპიროსთან, ბენზეს ტერიტორიაზე, ძაღლმა გააჩინა ცხრა ლეკვი და ცხრავე იყო ბიჭი. ძალიან შევწუხდი, ისეთი ლამაზი ლეკვები იყო, ვერ მოვითმინე, დავდე პოსტი და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, მივხვდი, რომ შეიძლებოდა ამ გზით ცხოველებს დავხმარებოდი. მაშინ არ მქონდა საკუთარი გვერდი შექმნილი. ფაქტობრივად, აქედან დავიწყე ცხოველების გაჩუქებაზე ზრუნვა,“ – იხსენებს თეონა თავის პირველ ნაბიჯებს აქტივიზმში.
მას შემდეგ, რაც ფეისბუქის ძალა დაინახა, თეონამ საკუთარი ჯგუფი შექმნა – „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“. ჯგუფში სამი ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. თეონა და მისი მეგობრები ამ ჯგუფის დახმარებით უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. ამ ჯგუფშივე აგროვებენ თანხას ცხოველების დასახმარებლად. თეონა ამბობს, რომ ყველა თეთრის დახარჯვის ანგარიშს აბარებს ჯგუფის წევრებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისთვის თანხას რიცხავენ.
პირველ ორ ძაღლს, რომელიც საზღვარგარეთ გააჩუქა, ზარა და ზარიფი ერქვათ. სუფთა სისხლის პოინტერის ჯიშის ძაღლები ქუჩაში იყვნენ. ახლა კი უკრაინაში, ლვოვში ცხოვრობენ. ლვოვში პირველი ზარა წავიდა, ზარიფი კი მოგვიანებით, პანდემიის დროს გაამგზავრეს. თეონა ამბობს, რომ ძაღლების გაჩუქებაში მისი მეგობარი ირინა ოვჩარენკო და თავშესაფრის ხელმძღვანელი დაეხმარნენ.
„ძაღლების გაჩუქების პროცესში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. „აიბოლიტის“ თანამშრომლები, აქეთ ირინა ოვჩარენკო და მე, კიევიდან ის გოგონები, რომლებმაც ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვეს. ბათუმიდან გავამგზავრეთ თბილისში, სადაც დახვდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ბელა ჩიქოვანი. თბილისიდან გადაფრინდა კიევში, კიევიდან ლვოვში. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა – დრო და ხარჯი. მოწმდება საბუთები, ამიტომ ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი, რომ ძაღლი არ დაიბლოკოს. ეს არ ჯდება მცირე თანხა, მაგრამ ძაღლის აყვანის მსურველი ვინც არის, ის იხდის. ჩვენ ჩვენს დროს და ენერგიას ვდებთ იმაში, რომ ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვოს,“ – გვიხსნის თეონა.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/797574664118987/?v=797574664118987
სეტერი, რომელიც ფრენების განახლებას ელოდება
„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე. ერთი თვის განმავლობაში იყო ეს ძაღლი იმ ადგილას. როგორც ჩანს, იქ გადმოსვეს და იქედან არსად მიდიოდა.
პოსტი კი დავდე, მაგრამ ვდარდობდი. ძალიან დიდი ძაღლი იყო და ამას ვინ წაიყვანს-მეთქი. გაზრდილი ძაღლის გაჩუქება ძალიან რთულია, მაგრამ სეტერი რომ იყო, უფრო გულზე მომედო, სეტერის და პოინტერის ჯიშის ძაღლები კარგად ნადირობენ და ვიფიქრე, რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს. ეს პოსტი რომ დავდე, შემეხმიანა ერთი ქალი ამერიკიდან, რომელიც არის ძველი ბათუმელი და აქაურობის ყველაფერი იცის. მან მითხრა, რომ ჩემი პოსტი წაიღო, მეგობრებს გაუზიარა და დაინტერესდა ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მუშაობს სეტერების გადარჩენაზე. ამ ორგანიზაციას სურს ეს სეტერი წაიყვანოს დიდ ბრიტანეთში. ეს რომ მომწერა, ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ამ სიხარულის მიღმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო – როგორ? რანაირად? კიევი შეიძლება აქვეა, მაგრამ დიდ ბრიტანეთში მახოდან როგორ გავაგზავნოთ ძაღლი, რომელიც უკვე დაახლოებით 5-6 წლისაა?
მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს ირინა ოვჩარენკოს. ის უფრო გათვიცნობიერებულია საბუთების მოწესრიგებაში. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მოვძებნეთ დროებითი შემფარებელი, რომელთანაც სეტერი იქნება ბრიტანეთში გამგზავრებამდე. ორგანიზაცია ამ ადამიანს უხდის ძაღლის კვების და მოვლის ფულს. ძაღლი გადის ყველანაირ შემოწმებას. დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე მზად გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავუმზადოთ და თურქეთში გადავიდეს ძაღლი. იქ დახვდება სხვა ჯგუფი ცხოველთმოყვარულების და თურქეთიდან გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.
ჩვენ, ქართველებმა, რაც ვერ დავაფასეთ და გამოვაგდეთ გარეთ, სექტემბერში ეს ძაღლი აღმოჩნდება დიდ ბრიტანეთში, იპოვის ოჯახს და ცხოვრების ბოლომდე იქნება მათთან“.
პანდემია და ქუჩის ძაღლები
კორონავირუსის პანდემიამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა. ადამიანებზე არანაკლებ რთულ დღეში აღმოჩნდნენ მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც საკვების გარეშე დარჩნენ. თეონა იხსენებს, რომ კარანტინის დროს ფარნავაზ მეფის ქუჩიდან ლეონიძემდე ფეხით ჩადიოდა, ხელში საკვები პარკებით და ისე აჭმევდა ძაღლებს.
რატომ ხვდებიან ჯიშიანი ძაღლები ქუჩაში
„ბათუმის თავშესაფარში ძალიან ხშირად ხვდებიან ცხოველები, რომლებიც არიან სუფთა სისხლის, არ არიან არც მეტისები და არც ნაჯვარი. თავშესაფარი არ არის მუდმივი საცხოვრებელი. აქ უკეთდებათ კასტრაცია, სტერილიზაცია და შემდეგ ბრუნდებიან ქუჩაში. ჩვენ ვცდილობთ, როდესაც ჯიშიანი ძაღლი ხვდება თავშესაფარში, სანამ მისი თავშესაფარში ყოფნის ვადა ამოიწურება, მანამდე მოვუძებნოთ ახალი პატრონი. რატომ ხვდებიან თავშესაფარში? – თავიდან ყველას გვინდა ლეკვი. გავერთოთ და ვითამაშოთ. ლეკვს ტრადიციულად იყვანენ ერთი თვის ასაკში. ერთი თვის ლეკვი ვერასდროს გაჩვენებს როგორია – წყნარია, მშვიდია თუ გადარეულია. როგორც კი ეს ძაღლი ხდება ორი თვის, იწყებს შპალერების ჩამოხევას, სკამის ფეხების დაღრღნას, რაღაცების გაფუჭებას, მოსაქმებას სახლში. რაც მთავარია გვინდა იმიტომ, რომ მოდაშია. ქუჩაში რომ გავალთ თავი მაღლა უნდა გვეჭიროს – აი, რა ჯიშიანი ძაღლი მყავს. გადავიხდით კოლოსალურ თანხას, ან განვადებით აგვყავს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც დრო გადის, ამ ძაღლს ასაკობრივი აღზრდა სჭირდება. აღმოჩნდება მერე – უი, სამ თვეში ერთხელ უნდა დავამუშაო ჭიაზე? უი, წელიწადში ერთხელ უკეთდება აცრები? ჰგონიათ, ერთხელ რომ გაუკეთებენ აცრას ორი თვის ასაკში, მორჩა, მერე არაფერი აღარ სჭირდებათ. აცრა ძაღლს ყოველ წელს სჭირდება. ყოველ სამ თვეში სჭირდება ჭიაზე და რწყილებზე დამუშავება. მოვლა უნდა. ზრუნვა უნდა ცხოველს, როდესაც აგყავს“.
თეონას სახლში ერთი კატა ჰყავს. ქუჩიდან აყვანილი მარგარიტა.
„ერთ დღეს გავაღე კარი და ვხედავ დგას ჩემი შვილი გულზე მიხუტებული კნუტით ხელში. გოგოაო. ამიტომ დავარქვით მარგარიტა, მაგრამ რომ გახდა ოთხი თვის, აღმოჩნდა, რომ იყო ბიჭი. მე მარგარიტას ვეღარ ვეძახი, ჩემთვის ფისოა, დედაჩემი სიმბას ეძახის, ჩემი შვილი ისევ მარგარიტას და აი, ასეთი არეული სახელი ჰქვია,“ – ამბობს თეონა.
მარგარიტას გარდა, თეონას ერთი ძაღლი ჰყავს შეკედლებული – ბათურა. ფარნავაზ მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კუთხეში, შავი ლამაზი ძაღლი თუ შეგინიშნავთ, აი, ის არის სწორედ ბათურა. ძაღლს ქუჩის კუთხეში თავისი სახლიც აქვს. თეონა ამბობს, რომ ადამიანებმა, ძაღლებთან საერთო ენა უნდა გამონახონ, მეტი სიკეთე გამოიჩინონ მიუსაფარი ცხოველების მიმართ.