მთავარი,სიახლეები

„ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით“ – რა თქვა „მეტროს“ დირექტორმა სასამართლოში

26.01.2023 • 1983
„ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით“ – რა თქვა „მეტროს“ დირექტორმა სასამართლოში

„იმ დღეს ოფისში ვმუშაობდი, როცა მითხრეს, რაღაც ხდება ჩვენთან, შეიარაღებული ხალხია მოსულიო. გარეთ გამოვედი, კითხვებს ვსვამდი, მაგრამ შემაჩერეს…”- ასე დაიწყო ბათუმის სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ქუმსალ სარიმ იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს.

ქუმსალ სარი ოზთურქის ბიზნესკომპანიის – „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ეს კომპანია იმავე შენობაში მდებარეობს ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტია.

ქუმსალ სარიმ, დღეს, 26 იანვარს, მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს. თავად ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ადვოკატების თქმით, ოზთურქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს დაიწყო იმ მოწმეების მოსმენა, რომლებიც ოზთურქის მხარემ წარმოადგინა სასამართლოში.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ქუმსალ სარიმ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ჩხრეკის პროცესში დასწრების საშუალება გამომძიებლებმა არ მისცეს, მოუხედავად იმისა, რომ ბიზნესკომპანიას ეკუთვნის აპარტამენტი, სადაც ოზთურქი ცხოვრობდა.

ეს ერთ-ერთი გარემოებაა, რაზეც ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი ამახვილებს ყურადღებას: რეესტრის ამონაწერით ოზთურქს არ ეკუთვნის ბინა, სადაც ის ცხოვრობდა და გაჩხრიკეს. ამ აპარტამენტის მესაკუთრე, ანუ ბიზნესკომპანიის რომელიმე წარმომადგენელი კი, ჩხრეკას არ დასწრებია.

თუმცა ბიზნესკომპანიის დირექტორმა, ქუმსალ სარიმ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ მე-18 და მე-19 სართულებზეც აპარტამენტი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, გალიფ ოზთურქის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო.

„მაგრამ ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით,”- თქვა ასევე ქუმსალ სარიმ, როცა იგი ბიზნესმენის აპარტამენტის აღწერდა. ამ სართულზე იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი.

ქუმსალ სარის მტკიცებით, ოპერაციის შემდეგ, ოზთურქიმ სამედიცინო საწოლი მე-18 სართულზე დადგა და იქ ცხოვრობდა, მე-19 სართულთან კი შეხება თვეების განმავლობაში არ ჰქონია.

„საიდან იცით, რომ ვერ ადიოდა?”- მოწმის გამოჭერა სცადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„თვითონ მითხრა,”- უპასუხა პროკურორს ქუმსალ სარიმ.

„თუ უშვებთ იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, ერთხელ მაინც ასულიყო ოზთურქი მე-19 სართულზე? რეგულარულად არა, ისე რომ ასულიყო?”- მოწმეს მიუბრუნდა ისევ პროკურორი.

„რაც ვიცი და რაც დამინახავს – არა, მას ცოტა სიარული შეეძლო,” – დასძინა მოწმემ. აპარტამენტში, სადაც ოზთურქი ცხოვრობდა, მე-18 სართულიდან მე-19 სართულზე ასვლა მხოლოდ კიბით შეიძლება.

„მეტრო ატლასის” დირექტორმა პროკურორს დაუდასტურა ისიც, რომ შენობის მე-19 სართული, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მანამდე სხვა პირზე გაქირავებული არ ყოფილა.

ადვოკატებს კიდევ ერთი აქცენტი აქვთ:

„მე-18 სართულზე, რაც მე ვნახე, დაახლოებით 20-30 პოლიციელი იყო, ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ოთახებში, იყვნენ ვერანდაზე, შეიძლება მე-19 სართულზეც ასულიყვნენ,”- ამბობს ქუმსალ სარი ადვოკატებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რაც სხდომაზე ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა წაიკითხა.

ამ ჩვენების სისწორეს მოწმე ადასტურებს.

ადვოკატები მოწმეებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ ოზთურქის აპარტამენტში გადაადგილება შეზღუდული არ იყო და მე-19 სართულზეც შეიძლება ასულიყო ვინმე, როცა ვერანდის კარი ღიად იყო დატოვებული.

„თუ იცით თქვენ, რომ სულ 14 კაცი მუშაობს იმ უწყებაში, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა? საიდან დათვალეთ 20 – 30 პოლიციელი?“ – ქუმსალ სარის მორიგი კითხვა დაუსვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„შეიძლება, რაოდენობა მეტად მომეჩვენა,“ – გაღიმება სცადა ქუმსალ სარიმ.

მოწმეების გამოკითხვა „გალიფ ოზთურქის საქმეზე“ გრძელდება.

ქუმსალ სარიმ სასამართლოს ჩვენება მისცა

_______________________________

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: