მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

6 რამ, რაც მეხსიერების დაქვეითებას ანელებს – ათწლიანი კვლევის შედეგები

26.01.2023
6 რამ, რაც მეხსიერების დაქვეითებას ანელებს – ათწლიანი კვლევის შედეგები

ჯანსაღი ცხოვრების ისეთი წესების კომბინაციამ, როგორიცაა: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური აქტივობა და კვირაში ორჯერ მაინც სოციალიზაცია, შესაძლოა შეანელოს მეხსიერების დაქვეითების ტემპი და შეამციროს დემენციის რისკი.

ამის შესახებ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები ათწლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერენ.

კვლევის ფარგლებში გამოითვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის ქულა, რომელიც აერთიანებს ექვს ფაქტორს:

  1. ჯანსაღი დიეტა
  2. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში
  3. აქტიური სოციალური კონტაქტი (კვირაში ორჯერ)
  4. კოგნიტური/შემეცნებითი აქტივობა (კვირაში ორჯერ)
  5. არამწეველი ან წარსულში ეწეოდა თამბაქოს
  6. უარი ალკოჰოლზე

ჯანსაღ კვებად განისაზღვრა შემდეგი 12 საკვების ჯგუფიდან მინიმუმ შვიდი პროდუქტის ყოველდღიური მიღება: ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, მარილი, ზეთი, კვერცხი, მარცვლეული, პარკოსნები, თხილი და ჩაი.

კოგნიტური/შემეცნებითი აქტივობებია: წერა, კითხვა, ბანქო და სხვა თამაშები.

სოციალური კონტაქტი მოიცავს შეხვედრებში მონაწილეობას ან წვეულებებზე დასწრებას, მეგობრების ან ნათესავების მონახულებას, მოგზაურობასა და ონლაინ ჩატს.

„კვლევის შედეგები იძლევა ძლიერ მტკიცებულებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ისეთ პოზიტიურ ქცევებთან კომბინაციით, როგორიცაა არამწეველობა, უარი ალკოჰოლზე, სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, აქტიური კოგნიტური აქტივობა და სოციალური კონტაქტი, ასოცირდება მეხსიერების დაქვეითების ნელ ტემპთან“, – წერია კვლევის დასკვნაში.

კვლევაში ჩართული იყო 29 072 მონაწილე, მათგან 48.54% ქალი იყო. მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 72.23 წელი.

კვლევის მონაწილეთა 20% იყო APOE გენის მატარებელი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების ძლიერი რისკ-ფაქტორია.

კვლევის თანახმად, APOE გენის მქონე ადამიანებს, რომლებსაც მთლიანობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდათ, აღენიშნებოდათ მეხსიერების დაქვეითების უფრო ნელი ტემპი, ვიდრე APOE-ის მქონე ადამიანებს, რომლებიც უფრო არაჯანსაღად ცხოვრობდნენ.

______________________________

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: