მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა კუჭის ბალონირების მეთოდით

26.01.2023 • 3066
როგორ ხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა კუჭის ბალონირების მეთოდით

არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. ჭარბი წონა თავის მხრივ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ რისკებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია და ა.შ.

წონის კლების არაინვაზიური მეთოდები, რომელთა შორისაა კუჭის ბალონირებაც, განიხილება მაშინ, როცა ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად უშედეგოა. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, კუჭის ბალონირების პროცედურა განკუთვნილია მათთვის, ვისი სხეულის მასის ინდექსიც (BMI) 30-დან 40-მდე, თუმცა პროცედურა ზოგ შემთხვევებში ნაჩვენებია მათთვისაც, ვისი BMI 30-ზე ნაკლები ან 40-ზე მეტია.

„ბათუმელები“ ბალონირების პროცედურაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმ-ენდოსკოპისტს, არჩილ ძნელაძეს ესაუბრა.

  • ბატონო არჩილ, რას გულისხმობს კუჭის ბალონირება?

ეს არაქირურგიული მეთოდია, რაც გულისხმობს კუჭში ენდოსკოპის კონტროლით ლატექსის ბალონის ჩაყენებას, რომელიც გაბერვის შემდეგ იკავებს კუჭის გარკვეულ მოცულობას. შედეგად პაციენტს აქვს დანაყრების მუდმივი შეგრძნება და ვერ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს. პროცედურა უმტკივნეულოა.

ძალიან მარტივი პროცედურაა, გრძელდება დაახლოებით 10-20 წუთს. პაციენტს უკეთდება ინტრავენური სედაცია, ეს არ არის ღრმა ნარკოზი. ბალონი ისმება გასტროსკოპიით, ანუ ისე, როგორც ხდება კუჭის კვლევა, ზონდის გადაყლაპვას რასაც ეძახიან. გასტროსკოპიის აპარატით კეთდება კონტროლი თუ სად ისმება ეს ბალონი კუჭში.

ბალონის გაბერვას თვალყურს ვადევნებთ გასტროსკოპიის საშუალებით და ამოვდივართ. ბალონში არის ფიზიოლოგიური ხსნარი, შეღებილი მეთილენის ლურჯით.

ბალონირება

პაციენტი აქტიურია ჩარევიდან რამდენიმე საათში, არ აქვს ოპერაციის შემდგომი ტკივილები და გართულებები.

  • რა დანიშნულება აქვს მეთილენის ლურჯს?

ეს იმისთვის არის, რომ თუ ჩასმული ბალონის ჰერმეტულობა დაირღვევა და შიგთავსი გამოვა, მეთილენის ლურჯი ამ დროს არის ინდიკატორი, ის გამოიყოფა თუნდაც შარდის სახით და პაციენტი ხვდება, რომ კუჭში ბალონის ჰერმეტულობა დაირღვა. ამ შემთხვევაშიც არანაირი უკუჩვენება არ არის, უბრალოდ ბალონს ამოვიღებთ და ეს არის.

მომწოდებლის ცნობით, მათ მხოლოდ ერთადერთხელ ჰქონდათ შემთხვევა, როცა ჩასმული ბალონის ჰერმეტულობა დაირღვა და შიგთავსი გამოვიდა, ჩვენ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

  • როდის არ არის ნაჩვენები ამ პროცედურის გაკეთება?

ერთადერთი, რა დროსაც არ არის ნაჩვენები კუჭის ბალონირების ჩატარება, არის სლივ-გასტრექტომია, ანუ ის არ უტარდება მათ, ვისაც გაკეთებული აქვს კუჭის დაპატარავების ოპერაცია ქირურგიული, ღია წესით.

  • რამდენი ხნით თავსდება ლატექსის ბალონი კუჭში და რამდენ ხანში დგება შედეგი?

ეს ბალონი კუჭში თავსდება 6, მაქსიმუმ 7 თვე. შემდეგ მას იღებენ ასევე ენდოსკოპიურად. ახლით ჩანაცვლება შესაძლებელია იმავე დღეს, თუ, ცხადია, პაციენტს ამის საჭიროება და სურვილი აქვს.

რაც შეეხება წონის კლების სტატისტიკას – წონის კლება ხდება ეტაპობრივად, რამდენიმე პაციენტი გვყავდა, რომელთაც პირველი თვის განმავლობაში დაიკლეს 10, 11, იყო 7 კილოც, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ნელი კლებით მიდის წონის კარგვა. ერთმა მეორე თვეში დაიკლო 5.5 კილო, მესამე თვეში – 4 კილო და ასე.

MayoClinic: ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, სხეულის წონის დაახლოებით 7%-დან 15%-მდე დაკლება ტიპურია ბალონის განთავსებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მთლიანი ჭარბი წონის კლება მერყეობს 30%-დან 47%-მდე.

თუ პაციენტი იქამდე ჩვეულებრივ იღებდა ერთ ფიალას, ბალონის ჩასმის შემდეგ იღებს მის მესამედს, მეტს ვერა, რადგანაც აქვს დანაყრების შეგრძნება, ზედმეტი ულუფის მიღების შემთხვევაში უჩნდება გულისრევის შეგრძნება, ანუ ვერ ჭამს, მაგრამ არც უნდება მეტის ჭამა.

  • კვებასთან დაკავშირებული რა რეკომენდაციები გაიცემა ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ?

პაციენტებს პროცედურის შემდეგ მაქსიმალურად ვუზღუდავთ ცხელი საკვების და ასევე მაღალგრადუსიანი ალკოჰოლის მიღებას. ზოგადად, როცა ამ პროცედურას იტარებს ადამიანი, განწყობილია, რომ კვებითი ჩვევები შეცვალოს და ეს ძალიან ეფექტურია წონის კლებისთვის.

  • ლატექსის ბალონის ზომა რა არის?

ზომა ინდივიდუალურია, განისაზღვრება კუჭის ზომიდან გამომდინარე. შესაბამისად, იბერება ან 400-600 მილილიტრი წყლით. პროცედურის მსვლელობისას ვსაზღვრავთ ამას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: