ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად

29.01.2023
აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ცხოველთა დამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, არის ის, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს პირი, რომელმაც, ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც შემდეგ დაიღუპა.

ბათუმის  მერიისგან კი, მოქალაქეები  მოითხოვენ დაიცვას მიუსაფარი ცხოველები და დროულად აშენდეს ძაღლების ახალი თავშესაფარი.

აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად / 29.01.2023 /ირაკლი ბზეკალავას ფოტოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

პრობლემად რჩება ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხიც.

ქალაქის მერიამ ახალი ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა რამდენიმე წლის წინ დააანონსა, 2021 წელს კი, კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა, ხოლო ხელშეკრულება ამჯერად შპს „აჭარკაპმშენთან“ 587 ათას ლარზე გააფორმა.

კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს.

ამ თემაზე ვრცლად:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: