მთავარი,სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ჩხრეკენ? – ინტერვიუ იურისტთან

26.01.2023 • 2234
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ჩხრეკენ? – ინტერვიუ იურისტთან

„ჩხრეკის დროს ფოტოს, ასევე ვიდეოს გადაღების უფლება გაქვთ,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. მას ვესაუბრეთ ჩხრეკის და ამოღების პროცედურაზე – რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ან სამუშაო ოთახს ჩხრეკენ?

საინტერესო სიახლე ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც განისაზღვრა, რომ საგამოძიებო ორგანომ „ნეიტრალური მტკიცებულებები“ უნდა შექმნას ჩხრეკის დროს, როცა ამის საშუალება არსებობს, მაგალითად, ჩხრეკის პროცესს დაესწროს მოწმე.

„ბათუმელებმა“ ჩხრეკის პროცედურის შესახებ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ.

  • პირველ რიგში, გვითხარით, რა შემთხვევაში შეიძლება გაჩხრიკონ ჩვენი საცხოვრებელი სახლი

კანონის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები – ჩხრეკა და ამოღება ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

წლების განმავლობაში ჩხრეკის და ამოღების ჩატარების საფუძველი ძირითადად იყო დასაბუთებული ვარაუდი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წელს ეს მიდგომა შეცვალა და განმარტა, რომ მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი ვერ იქნება ცალსახად ჩხრეკა-ამოღების ჩატარების საფუძველი. საკონსტიტუციომ მიიჩნია, რომ ამას სჭირდება გაცილებით მაღალი არგუმენტი, ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრულად მოკვლევა და შეფასება, რათა ჩხრეკა-ამოღებას ჰქონდეს მყარი საფუძველი.

ამიტომ, მხოლოდ ანონიმური პირის, ან კონფიდენტის ინფორმაცია ვერ იქნება საკმარისი საფუძველი.

  • რა უნდა იყოს ასეთი გარემოება, დასაბუთებული ვარაუდის გარდა? 

ზოგადად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია.

ცხადია, გამოძიების დაწყების შემდგომ ხშირ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება ჩხრეკის და ამოღების ჩატარების აუცილებლობა. არ არსებობს კონკრეტული წესი, თუ რა დროს უნდა მიიღოს საგამოძიებო ორგანომ ამის შესახებ გადაწყვეტილება. არის ვითარება, როდესაც ჩხრეკა და ამოღება უნდა მოხდეს მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის არგუმენტით. ამ დროს გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, ან შეიძლება მისი განხორციელება გონივრულ ვადაში დაიგეგმოს სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

ორივე შემთხვევაში ინფორმაცია უნდა იყოს სათანადოდ გადამოწმებული და შეჯერებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე [2020 წლამდე], იყო პრაქტიკა, როცა საგამოძიებო ორგანო იღებდა ჩხრეკა-ამოღებაზე გადაწყვეტილებას პრაქტიკულად მხოლოდ ე.წ. კონფიდენტის, ან ანონიმური პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის ინფორმაცია იყო გამოყენებული გამოძიების დაწყების და შემდგომ ჩხრეკა-ამოღების ჩატარებისთვის. შესაბამისად, მისი შემოწმება, კონტროლი, ნამდვილობის დადასტურება არ შეეძლო მეორე მხარეს. ეს ინფორმაცია გარკვეულწილად სასამართლოსთვისაც დახურულია, რადგან კონფიდენტი სუბიექტია, ვისი სახელი და გვარიც არ არის იდენტიფიცირებული. საკონსტიტუციო სასამართლომ კი, განმარტა, რომ მხოლოდ კონფიდენტზე ან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობა კონსტიტუციური უფლებაში ჩარევისთვის, არ არის საკმარისი გამოძიებისთვის.

  • უშუალოდ ჩხრეკის დროს ყველაფრის გაჩხრეკის უფლება აქვთ გამომძიებლებს? 

სასამართლო აქტის გამოცემის დროს დეტალურად მიეთითება პროცედურების ჩატარების ფორმა: ვის მიემართება ეს ჩხრეკა, ობიექტი, მისამართი, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კონკრეტულად, ვინ არის პასუხისმგებელი პირი ჩხრეკა-ამოღებაზე და ასე შემდეგ.

გამომძიებელმა პირს უნდა გააცნოს თავისი უფლებები და ამავდროულად, მისცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მისი არსებობის შემთხვევაში.

შესაბამისად, თუ სასამართლოს აქტში მითითებულია, რომ უნდა გაიჩხრიკოს ბინა, გამოძიებას არ აქვს უფლება გაჩხრიკოს ავტომობილი და ა.შ.

  • რის უფლება არ აქვს ჩხრეკის დროს გამომძიებელს? 

ჩხრეკა-ამოღების ჩატარება არ ნიშნავს სახლში არსებული ინვენტარის იმგვარად გადადგილებას ან დაზიანებას, რომ მისი ფუნქციური აღდგენა ჩხრეკის შემდეგ დაკავშირებული იყოს ხარჯებთან. ნებისმიერი ნივთის ან სივრცის დათვალიერება ტექნიკური მოცემულობით იმგვარად უნდა მოხდეს, რომ არ დაზიანდეს, არ განადგურდეს. ამიტომაც ჩხრეკა და ამოღება საგამოძიებო ორგანომ აბსოლუტურად თანმიმდევრულად და სწორად უნდა განახორციელოს.

საწყის ეტაპზე გამომძიებელი ადრესატს სთავაზობს [მფლობელს ან მესაკუთრეს], დაესწროს საგამოძიებო პროცესს, თუმცა დასწრებას აქვს შემხვედრი ვალდებულება: მესაკუთრეს ან მფლობელს დასწრების დროს არ მიეცეს გადაადგილების უფლება, რომ არ მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული ნივთის განადგურების, ასევე იქ მყოფ ადამიანებთან კომუნიკაცია შეიზღუდოს.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული გარკვეული, კონსპირაციული მოქმედებები, ნივთის გადამალვა და ასე შემდეგ.

  • შეიძლება ჩხრეკის პროცესის ფოტო ან ვიდეო გადავიღოთ

კანონმდებლობაში არ არის პირდაპირ ჩანაწერი, რომელიც ამგვარ მოქმედებას კრძალავს. შესაბამისად, ჩხრეკა-ამოღების ფიქსაციის უფლება უნდა მიეცეს პირს – ეს არის შენი საცხოვრებელი სივრცე ან სამუშაო ადგილი, სადაც უფლება გაქვს როგორც მესაკუთრეს, ან მფლობელს გარკვეული უფლებების ნაწილით ისარგებლო, თუ იგი ხელს არ უშლის საგამოძიებო პროცესს.

საპროცესო ღონისძიების დროს რა მოქმედების უფლებრივი ნაწილი გვაქვს შეზღუდული, ეს პირდაპირ არის მითითებული გამომძიებლის დადგენილებაში და გვეცნობება.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის გამოიწვევს სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრას, ანუ რამაც შეიძლება დააზიანოს სხვა პირის კანონიერი ინტერესები, მაგრამ აქ არ იგულისხმებიან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები.

  • მაგალითად, როდის შეიძლება შეიზღუდოს ვიდეოს გადაღება? 

მაგალითად, შეიძლება ხდებოდეს ინტიმური ხასიათის პირადი ფოტოების ამოღება ჩხრეკის დროს მტკიცებულების სახით. თუ გადაღების უფლებას შეზღუდავს გამომძიებელი, ეს იქნება ლეგიტიმური.

  • აქვს თუ არა ვიდეოს გადაღების ვალდებულება თავად საგამოძიებო ორგანოს, რომელიც ჩხრეკას ატარებს? 

კანონი პირდაპირ ვალდებულებას არ ადგენს, მაგრამ არც აკრძალულია. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ რეკომენდაცია მისცა საგამოძიებო ორგანოს ვიდეოგადაღების აუცილებლობაზე, თუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. გამოძიებას შეუძლია გადაიღოს ჩხრეკის და ამოღების პროცედურა თავიდან ბოლომდე.

საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, შეადგინოს ოქმი, სადაც უნდა იყოს მითითებული ამის შესახებ.

  • თუ მაქვს პრეტენზია ჩხრეკის კანონიერებაზე, შემიძლია ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოვაწერო? 

გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოში საგამოძიებო ორგანოსთან თუ პოლიციელებთან ურთიერთობის დროს მოქალაქეები ყოველთვის ცდილობენ ხელი არ მოაწერონ დოკუმენტაციას, რასაც ისინი არ ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ უკანონოა და ასე შემდეგ.

მნიშვნელოვანია და მიზანშეწონილია, რომ საპროცესო მოქმედებებში ვიყოთ ჩართული და როცა ხელის მოწერის უფლება გვაქვს, თავი არ შევიკავოთ, ხელი უნდა მოვაწეროთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ოქმში სპეციალური გრაფაც არსებობს, თუ ჩვენ გვსურს ჩვენი პრეტენზია გამოვხატოთ, რისი შეზღუდვის უფლებაც გამომძიებელს არ აქვს.

ამ ტიპის ოქმი დაცვის მხრეს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად ამტკიცოს მისი პოზიციის მართებულობა იმ ეტაპზე, როდესაც უკვე საუბარია მტკიცებულებების უკანონოდ მოპოვებაზე, რათა შემდეგ არ გაჩნდეს კითხვა – ჩხრეკის დროს თუ გქონდათ პრეტენზია, რატომ არ დააფიქსირეთ იგი ოქმში?

ასევე, შესაძლებელია, რომ ოქმს ხელი არ მოვაწეროთ, მაგრამ ამ დროს გამომძიებელმა ოქმში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ამის შესახებ.

  • ხელი რომ მოვაწერო ოქმს, შემდეგ თუ მაქვს საშუალება, გავასაჩივრო ჩხრეკის კანონიერება?

ჩატარებული ჩხრეკის და ამოღების საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას საბოლოოდ ამოწმებს სასამართლო. შესაბამისად, თუ სასამართლომ აღნიშნული პროცესი ცნო უკანონოდ, მაშინ პირს უფლება აქვს, მისი უფლების ხელყოფის თაობაზე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება

  • ჩხრეკის პროცესში რა ფორმით უნდა უზრუნველყოს საგამოძიებო ორგანომ ის, რომ მესამე პირები ვერ მოხვდნენ ბინასა თუ სახლში? მაგალითად, „გალიფ ოზთურქის საქმეში“, რაც განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დაცვის მხარე მიუთითებს იმაზე, რომ შესასვლელის გარდა მილიონერის აპარტამენტს ჰქონდა გასასვლელიც აივანზე. 

გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანო უზრუნველყოფს ჩხრეკა-ამოღების ობიექტის დაცვას გარეშე პირებისგან, ასევე, იქ მყოფი პირების გადადგილებაზე და ერთმანეთთან კომუნიკაციაზეც აწესებს შესაბამის კონტროლს, რომ არ მოხდეს მტკიცებულების განადგურება, გადამალვა და ასე შემდეგ.

ამიტომაცაა, რომ საგამოძიებო პროცესის დაწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩხრეკა-ამოღების კონკრეტული ობიექტის დაცულობა.

სავალდებულოა თუ არა ბინის ჩხრეკის დროს მესაკუთრის დასწრება ან მისი ინფორმირება

საგამოძიებო მოქმედების დროს კანონმდებლობა ითვალისწინებს მფლობელის ინფორმირებას. თუ ვერ ხდება მფლობელთან/მესაკუთრესთან კომუნიკაცია, მაშინ უნდა მოხდეს მესამე პირის დასწრება. ეს შეიძლება იყოს მეზობელი, ახლო ნათესავი, ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

შესაძლოა, მესაკუთრე არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ მისი არყოფნა ვერ შეუშლის ხელს ჩხრეკა-ამოღების ჩატარებას. კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ ჩავატარო საგამოძიებო მოქმედება.

თუ ბინის მფლობელის მოძიება, მასთან კომუნიკაცია არის შესაძლებელი, ცხადია, მას უნდა გავაცნოთ ეს ინფორმაცია, გავაცნოთ უფლებრივი ნაწილი, წარვუდგინოთ მოთხოვნა და ასე შემდეგ. საგამოძიებო ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ მოხდა მესაკუთრესთან დაკავშირება.

  • რა ფორმით უნდა შეირჩეს ჩხრეკის პროცესზე დასასწრებად ე.წ. ნეიტრალური მოწმე? საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როცა არსებობს საშუალება, მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის ჩვენება არ უნდა იყოს საქმეში მტკიცებულება.

ზოგადად, ჩხრეკის და ამოღების დროს ადრესატს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება, თუ ამის შესაძლებლობას გარემოებები იძლევა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მისი სურვილით კონკრეტული პირი დაესწროს ამ პროცესს და მიიღოს მონაწილეობა. თუ კონკრეტულ პირთან მიმართებით ტარდება ჩხრეკა-ამოღება, ამ პირმა უნდა განაცხადოს მესამე პირის მოწვევის უფლების რეალიზების გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუ ამ უფლების გამოყენებაზე გამოძიება უარს იტყვის, ოქმში უნდა მოხდეს ამის აღნიშვნა, რის გამო ეთქვა პირს უარი.

  • შეიძლება თუ არა ჩხრეკა დაიწყოს ადვოკატის მოსვლამდე? 

თუ ჩხრეკა ტარდება ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების მიზნით კონკრეტულ ბინაში, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი და აივანი, ამ დროს კი ბინის მესაკუთრე აცხადებს, რომ სურს, ადვოკატიც დაესწროს ჩხრეკა-ამოღების პროცესს, ცხადია, მას უნდა მიეცეს ამის საშუალება, რადგან ავტომატი ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი არ არის იმ ტიპის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება დაყოვნებით განადგურდეს. არც იმის რისკია, რომ მესაკუთრემ ეს ნივთი გადამალოს.

როდესაც იწყება პროცედურა, იქ გამოძიება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და ამასთან, პირს დაცვის უფლება მისცეს.

  • ამ დროს ტელეფონის ჩამორთმევა შეუძლია გამომძიებელს? 

არ აქვთ ამის უფლება.

ჩხრეკა-ამოღების დამსწრე ნებისმიერ პირს არ ეზღუდება კომუნიკაცია ტელეფონით, არ ეზღუდება ფოტოს და ვიდეოს გადაღება. თუ ჩამოგართვეს ტელეფონი, ამის შესახებ ჩხრეკის ოქმის შენიშვნის გრაფაში უნდა მიუთითოთ, რადგან ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით.

  • კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ? 

ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების დროს მიზანშეწონილია კომუნიკაცია გვქონდეს ადვოკატთან. თუ ადვოკატი ვერ ახერხებს ჩხრეკა-ამოღების პროცესს დაესწროს, ჩვენ შეგვიძლია სატელეფონო კონსულტაციით ყველა ის ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც დაგვეხმარება სწორ მოქმედებაში.

ასევე, უფლება გვაქვს გავეცნოთ ყველა დოკუმენტს, რომელიც შედგება და გამოვთქვათ მოსაზრება, ან შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს ოქმში. ხელი მოვაწეროთ, თუ ამის სურვილს გამოვხატავთ, ან უარი განვაცხადოთ, რაც ასევე უნდა დააფიქსიროს გამომძიებელმა ოქმში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: