Batumelebi | უნივერსიტეტში დაბრუნება 8 წლის შემდეგ სტუდენტის აღდგენილი სტატუსით უნივერსიტეტში დაბრუნება 8 წლის შემდეგ სტუდენტის აღდგენილი სტატუსით – Batumelebi
RU | GE  

უნივერსიტეტში დაბრუნება 8 წლის შემდეგ სტუდენტის აღდგენილი სტატუსით

ავტორი: ევა ართმელაძე

28 წლის ირმა მელაძე წელს ბათუმის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სტუდენტობის 8 წლით შეწყვეტის შემდეგ.

ირმამ ბსუ-ში 2012 წელს ჩააბარა ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე, თუმცა პირველი კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოუხდა, როგორც თავად ამბობს, ოჯახური პირობების გამო და უნივერსიტეტს წელს, 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

ირმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანიდანაა, თუმცა ახლა ქედაში ცხოვრობს მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად.

ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გავმხდარიყავი მასწავლებელი“ –  ამბობს ირმა, – „ბავშვობიდანვე ვფიქრობდი, რომ ქალისთვის აუცილებელია ჰქონდეს თავისი საქმე, თავისი პროფესია, იმისათვის, რომ იყოს შემდგარი ადამიანი“.

ირმა გვიყვება, რომ სტუდენტის სტატუსის აღდგენა ყოველთვის უნდოდა, თუმცა გამუდმებით ახალი წინააღმდეგობა იჩენდა თავს. ამჯერად კორონავირუსის პანდემია აღმოჩნდა მისთვის სწავლის განახლების გადამწყვეტი ფაქტორი – ირმას უნდა შვილებს კარგი განათლება მისცეს.

„რვა წლის შემდეგ სწავლა იმიტომ გავაგრძელე, რომ ჩემს შვილებს ცუდი პერიოდი შეხვდათ, ეპიდემიიდან გამომდინარე. სესილის ერთი წელი მოუწია  ონლაინ სწავლა. მივხვდი, რომ იქნებოდა ძალიან რთული, თუ არ მეცოდინებოდა, როგორ მესწავლებინა მათთვის. პირველ რიგში, ამიტომ გადავწყვიტე აღმედგინა სტუდენტის სტატუსი და მესწავლა“.

ირმა ამბობს, რომ სწავლის განახლების გადაწყვეტილებაში ოჯახისგანაც დიდი მხარდაჭერა მიიღო:

ჩემი პირველი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი იყო, ჩემს ქმარსაც უნდოდა გამეგრძელებინა სწავლა, იმიტომ, რომ იცოდა, რა იყო ჩემი ოცნება. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს“.

სასწავლო სემესტრის დაწყებისას ბევრი სიახლის უცებ ათვისება გახდა საჭირო – სტუდენტური პორტალი, ონლაინმასალების მოძიება...  თუმცა ყველა სირთულეს სწრაფად გაართვა თავი და ახლა ამბობს, რომ ონლაინსწავლა ბევრი თვალსაზრისით უფრო კომფორტულიც კი შეიძლება იყოს.

ირმა ორი შვილის დედაა. დღეს ყოველთვის წინასწარ გეგმავს, ზუსტად იცის, დღის განმავლობაში როდის რა უნდა გააკეთოს: უვლის ბოსტანს, ძროხას, ამზადებს საჭმელს ოჯახის წევრებისთვის და რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამეცადინებს შვილებს, რომელთაც ხშირად ეუბნება, რომ განათლების მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში

ირმა ამბობს, რომ ძირითადად ღამის 12 საათის შემდეგ იწყებს მეცადინეობას:

დღეღამე ჩემთვის არეულია, ძირითადად ღამით ვმეცადინეობ. თუ დღისით დატვირთული არ ვარ, რა თქმა უნდა, დღისითაც, მაგრამ ძირითადად – ღამით“.

ირმა ამბობს, რომ რვა წლის შემდეგ უნივრსიტეტში დაბრუნებისას პირველ ლექციაზე იგივე ემოცია გაუჩნდა, რაც სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში პირველად მისვლისას ჰქონდა.

ახლა ირმა, ისევე როგორც ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სხვა სტუდენტები, ონლაინ სწავლობს და ფიქრობს, რომ თუ არსებობს სურვილი, სწავლის ხარისხზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ონლაინსივრცეში ლექციასემინარების გადანაცვლება.

 მთავარია, გინდოდეს სწავლა“ – ამბობს ირმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.