განათლება,მთავარი,სიახლეები

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს საშინაო დავალება? – რას ამბობენ მასწავლებლები და მოსწავლეები

27.01.2023 • 12173
უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს საშინაო დავალება? – რას ამბობენ მასწავლებლები და მოსწავლეები

როგორი უნდა იყოს საშინაო დავალება, რა შემთხვევაში ამართლებს და რა შემთხვევაშია ის არაეფექტური? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ესაუბრა.

ამ თემაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა ცნობილმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმაც. მან თქვა, რომ საშინაო დავალება ბავშვებისთვის ზედმეტი ტვირთია, რომელიც მოსწავლეს სკოლამ აჰკიდა და საშინაო დავალება ხშირად ბავშვებსა და მშობლებს შორის უთანხმოების მიზეზიც ხდება და ამცირებს ბავშვის სოციალიზაციას.  

მინდია ფუტკარაძე ბათუმში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. მისი გაკვეთილები, როგორც ბავშვებისგან გვსმენია, მხიარული და ინტერაქციულია. მინდია ნაწილობრივ იზიარებს შალვა ამონაშვილის აზრს საშინაო დავალებებთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ აქამდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი სისტემას.

„რომ მოვუსმინე ამონაშვილს, შოკში ჩავვარდი. ანუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სად არის განათლების სისტემა?

არ მივცეთ ბავშვებს საშინაო დავალება – დღეს ამაზე მსჯელობა იგივეა, რომ ვმსჯელობდეთ, როგორი ფერით უნდა შევღებოთ სახლის კედლები, რომელსაც საძირკვლის პრობლემა აქვს,“- გვეუბნება ის.

მინდია მიიჩნევს, რომ ბავშვის სოციალიზაციის პრობლემა საშინაო დავალების მიცემა-არმიცემით არ მოგვარდება.

„დავალება არ მივცეთ სახლში, ამით რას მოვიგებთ ჩვენ, მოსწავლე ან თუნდაც მშობელი?

მე ვაძლევ დავალებებს ბავშვებს, მაგრამ როგორი დავალება უნდა მივცეთ, რა სირთულის და რამდენი, ამაზე კი არ არის საუბარი – არ უნდა მივცეთ და მორჩა. ამას მე არ ვემხრობი არანაირად“- ამბობს მინდია ფუტკარაძე.

მინდია ფუტკარაძე

მას მოჰყავს მაგალითი მისი პრაქტიკიდან, თუ რა შემთხვევაში ამართლებს საშინაო დავალება.

„ახლა მყავს მე-2 კლასი და სახლში გასაკეთებლად ასეთი დავალება მივეცი: გამოიკითხეთ ოჯახის წევრების ასაკი და დაალაგეთ ზრდის მიხედვით.

რა მოხდება, როცა მოსწავლე წავა სახლში? მივა ბებოსთან და ჰკითხავს, რამდენი წლისაა. შემდეგ – ბაბუასთან, ძმასთან, მშობლებთან და ასე შემდეგ. ჩამოწერს რიცხვებს და დაალაგებს ზრდის მიხედვით. იტყვის – ბაბუა შენ ხარ პირველი, რადგან ხარ 85 წლის, შემდეგი არის, ვთქვათ, ბებო და ასე შემდეგ. ეს არ არის სოციალიზაცია ოჯახის წევრებთან?!

მაგრამ პრობლემაა ის, რომ ხშირად მშობლებს არ აქვთ დრო, ჰკითხონ ბავშვს რა ისწავლა, ვთქვათ, მათემატიკაში, ქართულში… გამოჰკითხონ, რას და როგორ აკეთებს და ამას იმით ხსნიან, რომ ბავშვს აქვს თურმე ბევრი დავალება,“ – ამბობს მინდია.

მისი თქმით, მშობლები იმ შემთხვევაში აპროტესტებენ საშინაო დავალებებს, თუ მათ უწევთ ჩართულობა და ვერ ართმევენ თავს დავალებებს სირთულის გამო.

„ამიტომ ამბობენ – ამდენი დავალება რა ამბავია? მეორეკლასელი მოსწავლის დავალებას რომ მშობელი ვერ გაიგებს, ესე იგი, აქ სხვა, უფრო სიღრმისეული პრობლემა გვაქვს და არა ის, რომ უბრალოდ დავალება მივეცით. სწორად შერჩევის შემთხვევაში დავალებას ძალიან კარგი შედეგი აქვს,“- მიიჩნევს მინდია.

მისი აზრით, საშინაო დავალება ბავშვს ეხმარება უკეთ გაიაზროს საკითხი და დარწმუნდეს, ნამდვილად გაიგო თუ არა თემა კლასში.

„გუშინ ხომ მითხარი გავიგე, რატომ ვერ გააკეთე?“- ასე კი არ უნდა დახვდეს მასწავლებელი, თუკი ვერ გაიგო რაიმე ბავშვმა დავალებაში, კიდევ უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ.

მოტივაციის დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს დავალების შესრულებამ ან ვერ შესრულებამ. როცა მოსწავლე გახარებული მოდის მეორე დღეს – „დავალება დავწერე, ჩემით გავაკეთე მასწავლებელო“, რატომ არის ეს ცუდი სასწავლო პროცესში?“

იგი არ ეთანხმება ბევრი და რთული საშინაო დავალებების მიცემას ბავშვებისთვის და მიიჩნევს, რომ პრობლემა არა დავალების მიცემაში, არამედ შინაარსშია.

„ბავშვს ისეთი დავალება უნდა მისცე, თან მოსწონდეს და თან მარტივად გააკეთოს.

როცა იცის, რომ დაჯდება და 10 წუთში დაწერს, ბედნიერი იქნება იმით, რომ ხვალ დავალებით წავა სკოლაში, ცოდნაც მეტი ექნება და 10 წუთით ნაკლებს ითამაშებს კომპიუტერზეც.

თუმცა არიან მასწავლებლები, რომლებიც 3-4-გვერდიან დავალებებს აძლევენ ბავშვებს, არ არის ეს დავალებები ზუსტად გამიზნული კონკრეტულ შედეგზე და ვისჯებით ჩვენც, ის მასწავლებლები, რომლებიც ვუფრთხილდებით ყველაფერს – მოსწავლესთან ურთიერთობასაც, ბავშვის მოტივაციასაც და დავალებებსაც ნაკლებს, მაგრამ სწორად ვაძლევთ,“- ამბობს მინდია ფუტკარაძე.

ნინო ჟვანია მეათე კლასის მოსწავლეა. ის იხსენებს დაწყებითი კლასის მასწავლებელს, რომელიც თითქმის არასდროს აძლევდა საშინაო დავალებას.

„გაკვეთილზე გვქონდა ინტენსიური სწავლება და საჭირო არც იყო დავალებები. მაგრამ მეხუთე კლასიდან შეიცვალა სიტუაცია, ბევრი ახალი საგანი დაგვემატა და დავალებების მოცულობაც გაიზარდა.

ერთი მხრივ, საშინაო დავალებები გეხმარება რაღაც უნარების განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებაში, მაგრამ როცა სისტემატურია და თან ყველა საგანში ბევრი დავალებაა მოცემული, მაშინ ძალიან რთულია. განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში.

მე ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარს და დავალების დაწერაც მსიამოვნებს. ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ კლასში ჩემს დავალებას. მაგრამ როცა ტექნიკურ საგნებში ვერ ვხვდები და მიჭირს ამოცანის ამოხსნა, მირჩევნია კლასში მასწავლებელთან ერთად გავაკეთო მაგალითები,“ – გვითხრა ნინომ.

მისი თქმით, დიდი მოცულობის დავალებებს მეტი დრო მიაქვს და არც სახლში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დრო რჩება. „ვსადილობ, მაშინვე შევდივარ ოთახში, ვწერ დავალებებს შუაღამემდე და ვერაფერზე ვეღარ ველაპარაკები ვერავის,“- ამბობს ნინო.

ენრიკე დავითაძე მეცხრე კლასშია. საშინაო დავალებების შესრულებაში მასაც ბევრი დრო ეხარჯება, თუმცა მიაჩნია, რომ დავალებების შესრულება გაკვეთილის უკეთ გააზრებაში ეხმარება.

„ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ფიზიკა, ქიმია – ყველა დიდი მოცულობის დავალებებს გვაძლევს, მარტო ფიზიკის ამოცანებს მიაქვს ერთი საათი.

სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრი ვარ, დავდივარ სპორტზეც და შესაბამისად, ამ ყველაფერს ცალკე დრო უნდა დავუთმო. სახლში როცა მოვდივარ, ცოტას ვისვენებ, შემდეგ ვვახშმობ და 12 საათამდე დავალებებზე ვმუშაობ“.

ენრიკე ამბობს, რომ როცა პატარა იყო, მშობლები უფრო მეტად იყვნენ ჩართული, ამოწმებდნენ დავალებებსაც რა და როგორ ეწერა, „მაგრამ ახლა აღარ. უბრალოდ ვეუბნები, რომ დავალებები დავასრულე და მენდობიან,“-ამბობს ენრიკე.

მანანა კაპეტივაძე

საშინაო დავალებებთან დაკავშირებით მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ინგლისურის მასწავლებელს, მანანა კაპეტივაძესაც.

„მე ჩემს საგანზე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს როგორც ვასწავლით – კვირაში ერთი საათი, მეორე კლასში – ორი საათი და ასე შემდეგ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვი ინტენსიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.

მე რომ მხოლოდ ერთი კლასი მყავდეს პირველ კლასში და ყოველ დღე გვქონდეს ერთსაათიანი გაკვეთილები, საერთოდ აღარ იქნება საჭირო საშინაო დავალებების მიცემა, რადგან გვექნება წინა მასალის გამეორების შესაძლებლობა, შემდეგ ახლის დამატების და ასე შემდეგ.

მე მქონდა კერძო სკოლაში მსგავსი გამოცდილება, 6 მოსწავლე მყავდა კლასში, დროც საკმარისი გვქონდა და ყველაფერს ვასწრებდით,“- ამბობს პედაგოგი.

მისი თქმით, როცა კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვს ბავშვს უცხო ენის გაკვეთილი, მასწავლებელი იძულებულია, მოსწავლეს მეორე კვირამდე საშინაო დავალებებიც მისცეს.

„არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ სახლში, ბებია-ბაბუა ვერ ამეცადინებს და უჭირთ დავალების შესრულება.

ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ რადგან დავალებაა, აუცილებლად უნდა დაწეროს ბავშვმა და როცა არ აკეთებს წერით სამუშაოს, პრეტენზიები აქვთ, რომ დავალება არ მიუცია მასწავლებელს,“- ამბობს მანანა კაპეტივაძე.

მისი აზრით, მშობელმაც და ბავშვმაც საშინაო დავალების არსი უნდა გაიაზრონ.

„დავალება შეიძლება იყოს წასაკითხი ან რაღაც სახალისო ტექსტი შეიძლება გააკეთო, რადგან უცხო ენაა, ბევრი უცხო სიტყვაა ტექსტში და ეს სიტყვები უნდა ამოკრიბოს ბავშვმა ტექსტიდან, ვთქვათ, ჩაინიშნოს, გაიგოს მნიშვნელობა და ასე შემდეგ.

როცა ბავშვი ამბობს, რომ ვერ მოასწრო – არც ამაზე მაქვს გართულება, რადგან ბავშვს შეუძლია ნახოს თუნდაც ფილმი ინგლისურად, ან მუსიკას მოუსმინოს, რაიმე შემოქმედებითი აქტივობა გააკეთოს და ესეც დავალებაა.

უფროსკლასელებს ესესაც ვაწერინებ და არასდროს უთქვამთ, რატომ გვაძლევ ამ დავალებასო. მთავარია, გაიაზროს მოსწავლემ რატომ აკეთებს და სასიამოვნო იყოს ეს პროცესი მისთვის“.

მანანა კაპეტივაძის თქმით, ბევრი მშობელი ბავშვს აძალებს დავალების დაწერას, რაც იწვევს კონფლიქტს და ბავშვის დემოტივაციას.

„ახლავე დაჯექი და იმეცადინე – როცა ეუბნები ბავშვს, მას მოტივაცია ეკარგება. მშობელი უნდა ამხნევებდეს ბავშვს და თუკი რაიმეს ვერ გაიგებს, იმიტომ ვართ ჩვენ, რომ დავეხმაროთ“. 

პედაგოგი მინდია ფუტკარაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ პედაგოგები დასხდებიან და იმსჯელებენ საშინაო დავალების შინაარსსა და მოცულობაზე და რაღაც წესებზეც შეთანხმდებიან:

„იქნებ მართლა ვაყენებთ მნიშვნელოვან ზიანს ამ დავალებებით ბავშვს და ხომ უნდა ვიცოდეთ, იქნებ უნდა შევცვალოთ მიდგომები.

არავინ საუბრობს იმაზე, რომ კლასში 29 მოსწავლე გვიზის და როგორ უნდა გავიდეთ მიზანზე და შედეგზე ამდენ ბავშვთან, თუ საშინაო დავალება არ მივეცით?

იქნებ ჯერ ეს საკითხი გავაპროტესტოთ, რომ 29 მოსწავლე არ იჯდეს კლასში, ეს მივიყვანოთ ბოლომდე და შემდეგ ვიმსჯელოთ დავალებაზე.“

_______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი. მინდია ფუტკარაძე გაკვეთილზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: