მთავარი,სიახლეები

აჭარაში მერის 64 წარმომადგენლიდან 61 კაცია – სად არიან ქალები?

27.01.2023 •
აჭარაში მერის 64 წარმომადგენლიდან 61 კაცია – სად არიან ქალები?

აჭარის 5 მუნიციპალიტეტს: ხულოს, შუახევს, ქედას, ხელვაჩაურსა და ქობულეთს სოფლებში მერის 64 წარმომადგენელი ჰყავს. მათგან მხოლოდ სამია ქალი.

განსხვავებული მდგომარეობა არც ბათუმის მუნიციპალიტეტშია.

ხულოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერს, ჯამში, 13 წარმომადგენელი ჰყავს, არცერთი მათგანია ქალი არ არის.

„ჩვენთან ცუდი რელიეფია ცოტა, ზამთარი, კლიმატი და რა ვიცი… ქალმა არ მგონია, რომ შეძლოს [მერის წარმომადგენლობა]“, – გვითხრა ლერი თავართქილაძემ, მერის წარმომადგენელმა დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულში. მან ამჯობინა „უკომენტაროდ დატოვოს“ კითხვა, არის თუ არა გენდერული უთანასწორობის მაგალითი ეს ფაქტი.

მერს ქალი წარმომადგენელი არც შუახევში ჰყავს, სადაც მერის წარმომადგენლად 9 კაცია დასაქმებული.

„რა ვიცი აბა, რთულია ალბათ. ვგულისხმობ, რომ სოფელია, ფიზიკურად სამუშაოა, ზამთარია, გადასაადგილებელია… უჭირთ ალბათ გადაწყვეტილების მიღება ქალბატონებს“, – ასე გვიპასუხა გიორგი ფუტკარაძემ, მერის წარმომადგენელმა ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ ჰყავს მუნიციპალიტეტის მერს წარმომადგენლებად ქალები.

იგივე კითხვაზე, ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ასე გვიპასუხა: „მე რა უნდა ვიფიქრო, ეგ შეზღუდული ხომ არ არის, ვისაც შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ იყოს [მერის წარმომადგენელი], შესაძლებელია რომ იყოს“.

მისი თქმით, გენდერული უთანასწორობის მაგალითი არ შეიძლება იყოს მერის წარმომადგენლების მონაცემები შუახევში, რადგან თანაბარი შანსები აქვთ ქალებსაც და კაცებსაც გახდნენ მერის წარმომადგენლები.

„არავითარი პრობლემა არ არის ქალი იქნება მერის წარმომადგენელი, თუ კაცი. ნებისმიერი პიროვნება, ვისაც შეუძლია, რომ გააკეთოს საქმე, იქნება [მერის წარმომადგენელი], ქალიც, კაციც“, – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ.

მერის 10 წარმომადგენლიდან არცერთი ქალი არ არის ქედაშიც. „ბათუმელები“ აქ მერის 3 წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზით მას შემდეგ გაგვითიშეს ტელეფონი, რაც ჩვენი კითხვების შინაარსი გაიგეს.

მერს ქალი წარმომადგენლები მხოლოდ ქობულეთსა და ხელვაჩაურში ჰყავს: 21 წარმომადგენლიდან 1 ქალია დასაქმებული ქობულეთში, ხელვაჩაურში კი ამ პოზიციაზე 11 თანამშრომლიდან 2 ქალია მერის წარმომადგენელი.

ხელვაჩაურში, ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა, როსტომ ფაღავამ გვითხრა, რომ შესაძლოა, ქალებს არ ჰქონდა სურვილი მერის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

„უარს არავინ არ ეტყოდა [ქალებს]. შეზღუდვა არა აქვთ არც ხელმძღვანელებისგან, არც კოლეგებისგან. პირიქით, ძალიან კარგ პატივისცემაშია ყველა ქალბატონი და თუ კი თვითონ სურვილი არ გამოხატეს ამ პოზიციაზე, სურვილი მათ თუ არ გაუჩნდათ მოსვლის, მუშაობის, ძალად ხომ ვერ მოიყვან.

ქალებს და კაცებს აბსოლუტურად თანაბარი შანსი აქვთ გახდნენ მერის წარმომადგენლები“ – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერის ქალ წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ არ ისურვეს იმაზე საუბარი, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე.

ერთადერთი მერის ქალი წარმომადგენელი ქობულეთში კი შორენა ზოიძეა, ის აჭყვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში საქმიანობს. მისი თქმით, ძალიან რთულია ამ პოზიციაზე მუშაობა – „მანქანა თუ არ გყავს, მანქანის ტარება თუ არ იცი, მით უმეტეს“.

„უნდა გქონდეს შეხვედრები, ურთიერთობა ხალხთან. სოფელი კიდევ არ არის ახლო დასახლება, ძალიან შორ-შორსა დასახლებები და ვფიქრობ, რთული საქმეა. ყველა ქალს ეს არ შეუძლია, არ აქვს ნებისყოფა მოსახლეობასთან ურთიერთობის. ხალხთან ურთიერთობა ურთულესი რამეა, ჩემი აზრით“, – გვითხრა შორენა ზოიძემ.

მერის ქალი წარმომადგენლების ნაკლებობას ქობულეთში გენდერულ უთანასწორობად არც შორენა მიიჩნევს.

„ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ვინც უარს ამბობს [მერის წარმომადგენლობაზე]. მეც ხშირად მაქვს შემთხვევები, რომ აი, როგორ მუშაობ, როგორ გაქვს ნებისყოფა, როგორ ძლებ [მეუბნებიან]. რთულია. სტიქია მოხდა, უბედური შემთხვევაა, თუ რაღაც – ღამით უნდა გახვიდე, იქ უნდა იყო მთელი ღამე აუცილებლად. ოჯახიც თუ ხელს არ გიწყობს, უკან ბევრი რამე გაწუხებს, არ ვიცი.

არ ვფიქრობ, რომ გენდერული უთანასწორობაა. სირთულეებია და ბევრს ეს აშინებს, ალბათ“, – ამბობს შორენა ზოიძე და თვლის, რომ ქალებს და კაცებსაც თანაბარი შანსი აქვთ დასაქმდნენ მერის წარმომადგენლად.

_________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: