მთავარი,სიახლეები

გირკინი დასცინის თავდაცვით მშენებლობაზე რუსების აქცენტებს – ბრიტანეთის დაზვერვა 

14.12.2022
გირკინი დასცინის თავდაცვით მშენებლობაზე რუსების აქცენტებს – ბრიტანეთის დაზვერვა 

სამხედრო ლიდერებისადმი უკმაყოფილებასა და ომის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთში არსებულ დებატებს მიმოიხილავს გაერთიანებული სამეფოს  დაზვერვის 14 დეკემბრის ანგარიში. ამჯერად, ბრიტანული დაზვერვის ფოკუსში იგორ გირკინი (სტრელკოვი) მოხვდა, ცნობილი ნაციონალისტი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც 2014 წელს რუსულ არმიას ყირიმის ანექსიასა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული მილიციის შექმნაში დაეხმარა.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში გირკინის 6 დეკემბრის განცხადება მოხვდა, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ორი თვე გაატარა ფრონტის ხაზზე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბატალიონში.

იგორ გირკინის მტკიცებით, ფრონტზე გატარებული დროის განმავლობაში მიღებული გამოცდილება აჩვენებს უკრაინის ოპერაციაში რუსეთის „სტრატეგიული დაგეგმარების კრიზისს“.

გირკინმა ასევე დასცინა გაფართოებული, პოზიციური თავდაცვითი სამუშაოების მშენებლობაზე რუსი სამხედროების ამჟამინდელ აქცენტებს, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მათი სარგებლიანობა თანამედროვე ომის წარმოების პირობებში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, გირკინის საჯარო განცხადებები ხაზს უსვამს მწვავე დებატების არსებობას, რომელიც ომის წარმოებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა წრეებში. თუმცა დაზვერვამ ვერ დაადასტურა სოციალურ ქსელებში ბოლო 48 საათის განმავლობაში გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, არსებული დაძაბულობა და დაპირისპირება, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო იერარქიის სათავემდე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ გირკინის მტკიცებით, ბრძოლის ხაზზე მყოფი რუსი სამხედროების ნაწილი ომის სუსტად წარმართის გამო სამხედრო ლიდერებითა და ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა. მეტიც, გირკინის თქმით, თავად საშუალო დონის სამხედრო მაღალჩინოსნებიც კი იზიარებენ ამ მოსაზრებას.

___

უკრაინის დაზვერვამ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ გირკინის დატყვევებისა და გადაცემისთვის $100 000-ს გადაიხდის.

იგორ გირკინი (სტრელკოვი) მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. ჩანაწერების მიხედვით MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერები, მათ შორის გირკინი, რომლებსაც კრემლის მაღალჩინოსნები მართავდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: