მთავარი,სიახლეები

უკრაინას „ლეოპარდებს“ და „აბრამსებს“ აძლევენ, რამდენად შეძლებს კონტრდარტყმას – ინტერვიუ

27.01.2023 • 1180
უკრაინას „ლეოპარდებს“ და „აბრამსებს“ აძლევენ, რამდენად შეძლებს კონტრდარტყმას – ინტერვიუ

„პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს ახლა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ფრონტის წინა ხაზზე ცვლილებასაც ამჩნევს – რუსული ძალების ნაწილი ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურდებიან.

„ზაპოროჟიე ყველაზე მოწყვლადი წერტილია და ეშინიათ რუსებს… უკრაინის დარტყმის შედეგად, მარტივი ლოგიკით იკითხება ის, რომ გაწყვეტს ყირიმს და ხერსონის რუსეთთან სახმელეთო კავშირს,“- გვიყვება გადამდგარი გენერალი.

ვახტანგ კაპანაძე არ ფიქრობს, რომ გაზაფხულამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება რამე. გაზაფხულამდე, გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინამ ახალი, დარტყმითი დაჯგუფების შექმნა უნდა შეძლოს.

„ცვლილებას გამოიწვევს ასევე ის, თუ რუსეთი ბელარუსის გამოყენებას დაიწყებს. მაშინ ეს დაპირისპირება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით. რუსეთი ამ ფაქტორის გამოყენებით, რა თქმა უნდა, კიევს ვერ აიღებს და ვერც სხვა მიმართულებით მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებას, მაგრამ ზედმეტ ძალისხმევას დაახარჯვინებს უკრაინას… ომის გაჭიანურება აწყობს რუსეთს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს დასავლეთში,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად იზრდება უკრაინის მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმის წინაპირობა, როცა უკვე ცნობილია, რომ დასავლეთიდან „ლეოპარდებს“, „აბრამსებსა“ და „ჩელენჯერებს“ უკრაინას გადასცემენ? 

ნამდვილად იზრდება ამით მნიშვნელოვნად უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალი, თუმცა დამატებითი პირობებია საჭირო, მაგალითად, მნიშვნელოვანია რაოდენობის საკითხი. ეს ტექნიკა ნამდვილად უნდა მიაწოდონ უკრაინას უფრო მეტი რაოდენობით.

მე 140 ერთეულამდე დავთვალე, რასაც ჰპირდებიან უკრაინას. უხეში გათვლებით რომ ავიღოთ, ეს არის 3-4 სატანკო ბატალიონი, 2 მექანიზებული ბრიგადა გამოდის, რასაც უნდა დაემატოს კიდევ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ამ კუთხით რუსებს აქვთ დიდი უპირატესობა.

ეს ორი მექანიზებული ბრიგადა არ არის საკმარისი ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის. ზალუჟნი იძახდა მინიმუმ 300 ერთეულ ტანკს, რათა დარტყმითი დაჯგუფება მაინც შეიქმნას. ეს არის დაახლოებით ორი საარმიო კორპუსის ზომის დაჯგუფება, 100 – 120 ათასი კაცი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. ამ შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს კონტრდარტყმა უკრაინამ.

გარდა ამისა, ამ აღჭურვილობის მიწოდებას და მის ინტეგრირებას სჭირდება დრო. ტექნიკა უკრაინამ უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ესპანეთიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტექნიკის გადმოყვანისთვის ეკიპაჟები უკვე ემზადებიან, მაგრამ მთლიანობაში, 2 – 3 თვე დასჭირდება აღჭურვილობის თავმოყრას.

დღეის მდგომარეობით უკრაინა მიაწოდეს საბჭოთა წარმოების 350 ტანკი დასავლეთის დახმარებით, მსგავსი ტექნიკა კიდევ მიეწოდება უკრაინას, მაგრამ ზოგი უკვე აფეთქდა, ან გამოვიდა მწყობრიდან. ვიმედოვნებ, რომ უკრაინა არ დაქსაქსავს დასავლეთიდან მიღებულ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ტექნიკას, მოახერხებს მის მასირებას და მიზანმიმართული დარტყმისთვის შეინახავს.

მთლიანობაში, ეს აღჭურვილობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ 815-კილომეტრიან ფრონტზე გადამწყვეტი ეფექტი მოახდინო. ასეთი ბრიგადა უნდა იყოს მინიმუმ 5-6, სხვა დანაყოფებიც რომ არ ჩავთვალოთ. ეს არასაკმარისი ძალაა იმ გეგმისთვის, რაც უკრაინას აქვს და რაც ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას გულისხმობს.

  • რა მოლოდინი გაქვთ აზოვის პოლკთან დაკავშირებით, რომელმაც სახელწოდება შეიცვალა და ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა? რაზე მიუთითებს ის, რომ ისევ ცალკე დანაყოფად შეიკრა ეს ჯგუფი და ამას გაუსვეს ხაზი?

ეს ძალიან კარგია, როცა მსგავსი ბრძოლისუნარიანი დანაყოფი შედის ერთიანი მართვის სისტემაში. ვფიქრობ, რომ საერთო სტრუქტურაში ჩართვა მნიშვნელოვანი ძალა იქნება უკრაინისთვის.

არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამ დანაყოფის ბახმუტში შეყვანა, რომელიც ხორცსაკეპი მანქანაა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ბრიგადა შეიქმნა საერთო-სამეთაურო ვერტიკალში. ვფიქრობ, მისი ეფექტურობა გაცილებით გაიზრდება.

  • კონტრდარტყმისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა მოწინააღმდეგის გამოფიტვა. რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ რუსული არმია გამოიფიტა, ან მიდის აქეთკენ. თქვენი წინა შეფასების „კულმინაციის წერტილს“ მიუახლოვდა ორივე მხარე? 

კონტრდარტყმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგემ მიიღოს მნიშვნელოვანი ზარალი. ასევე, კონტრდარტყმამდე შეტევები უნდა იქნას შეჩერებული, ამ ეტაპზე კი, რუსების მხრიდან შეტევები შეჩერებული არ არის. სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე ინიციატივას რუსეთი დაეუფლა, დიდი წარმატება მას არ გააჩნია, თუმცა უტევს ისევ უკრაინას. რუსეთს ადამიანური რესურსი გააჩნია, მნიშვნელოვან ზარალს ნახულობს, მაგრამ შეტევას განაგრძობს.

მე, როგორც გარედან პროცესის შემყურეს, მიმაჩნია, რომ უკრაინამ უნდა მიმართოს მობილურ თავდაცვას, თანამედროვე თავდაცვის მეთოდებს და არა სატრანშეო, მეორე თაობის ომის მეთოდებს. პირველი მსოფლიო ომის ვითარებაა ახლა ბახმუტის და სოლედარის მიმართულებით. ტრანშეებში გრძელდება გაუთავებელი დაბომბვა. ეს არ არის ის, რაც, ჩემი აზრით, წაადგება უკრაინას. რუსეთმა შეძლო და ჩაითრია უკრაინა ამ პოზიციურ დაპირისპირებაში.

  • რამდენად შეიძლება შეცვალოს რუსეთმა ეს ტაქტიკა, როცა თვეები გავიდა და ბახმუტის აღება ვერ შეძლო? ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა გადაწყვიტა ბახმუტი აღარ იყოს პრიორიტეტი და გააცნობიერა იმის მცირე შესაძლებლობა, რომ „ვაგნერს“ ნამდვილად შეუძლია დასახლების აღება“.

ჩემი აზრით, პრიგოჟინი არ შეეშვება ბახმუტს. მე სამი თვის წინ ვიძახდი და ახლა ამერიკელებიც ამბობენ, რომ ბახმუტში არ უნდა დახარჯოს ამდენი ძალა უკრაინამ, ის უნდა მოემზადოს იმ კონტრშეტევისთვის, რომელსაც აპირებს. ამ ბრძოლაში კი, გაუთავებლად იკარგება საბრძოლო რესურსები.

მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთი ტაქტიკას შეცვლის. არაა იმ ფორმაში და იმ მოქნილობის რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომ ტაქტიკები ცვალოს. ტაქტიკის შეცვლის არც პირობა ჩანს ახლა და არც მოძრაობა. ერთადერთი ის ჩანს ამ ეტაპზე, რომ აძლიერებს ძალების გადაყვანას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.

  • რა გათვლით აძლიერებს რუსეთი ზაპოროჟიეს მიმართულებას? 

ზაპოროჟიე ყველაზე მოწყვლადი წერტილია და ეშინიათ რუსებს. უკრაინის დარტყმის შედეგად, მარტივი ლოგიკით იკითხება ის, რომ გაწყვეტს ყირიმს და ხერსონის რუსეთთან სახმელეთო კავშირს.

რუსები აქ ცდილობენ მოწინააღმდეგე დაწიონ უკან და თავდაცვის სიღრმე გაზარდონ. ისინი ამ გზით ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ დამატებითი ტერიტორიები.

  • რაც შეეხება ბელარუსიას, თქვენი აზრით, რა ფორმით შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ეს რესურსი? 

რუსებმა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები რომ გადადგან, სჭირდებათ ახალი დაჯგუფების შექმნა ბელარუსში დაახლოებით 120 -140 ათასი კაცის შემადგენლობით. ამას დიდი ყურადღებით აკვირდება დასავლეთის დაზვერვა. ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსებს ამის გამოყენება მაინც მოუწევთ…. ჯერ არ ჰყავთ ეს ხალხი იმდენი, რომ დაჯგუფება შექმნას. დაჯგუფება არ არის მხოლოდ ტექნიკა. დანაყოფების ჩამოყალიბებას სჭირდება სერიოზული მომზადება. ეს სამზადისი კი, ჯერჯერობით არ ჩანს.

  • კარგა ხანია, თქვენ გაზაფხულისთვის ელოდებით ომის გარდამტეხი ნიშნების გამოჩენას. გაჩნდა ვერსია, რომ პუტინი გაზაფხულამდე აპირებს გააქტიურებას. რამდენად უშვებთ გაზაფხულამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს? 

მე ვერ ვხედავ ამის ნიშნებს, რომ რუსებმა თებერვალში ძირეული გარდატეხა შეძლონ, მათ შეიძლება შეცვალონ ძალისხმევის მიმართულება ზაპოროჟიეს მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე არ მგონია, რომ პრიგოჟინი შეეშვას ბახმუტს.

  • რა სახის წინსვლას მიაღწიეს უკრაინულმა ძალებმა კრემენაიას გარშემო, რა ტენდენცია იკვეთება ამ ეტაპზე?

მნიშვნელოვანი წარმატება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის… ეს არის ძირითადად პოზიციური დაპირისპირება, პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს.

  • რას აჩვენებს ისტორიული გამოცდილება: საითკენ შეიძლება წავიდეს ეს პროცესი? 

უკრაინას დღეს აქვს სტრატეგიული ინიციატივა, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე კი, უკრაინას ინიციატივა არ გააჩნია. რუსეთი უტევს, შეტევას ის ახორციელებს და მიმართულებასაც თვითონ არჩევს…

უკრაინა არ უნდა აყვეს რუსებს დაუსრულებელ სატრანშეო ბრძოლაში და მან კონტრშეტევისთვის თავისი მომზადება უნდა გააგრძელოს, თუნდაც გარკვეული ტერიტორიის დატოვების  ხარჯზე. მომზადებაში ვგულისხმობ დარტყმითი დანაყოფს მომზადებას. ხერსონი უბრძოლველად აიღეს რუსებმა და ასევე უბრძოლველად დათმეს.

  • ამ გადასახედიდან რუსეთი რამდენად მოახერხებს „კულმინაციის წერტილს“ აარიდოს თავი? 

რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი და შეჰყავს ხალხი ბრძოლაში, ხოლო სენსიტიურობა ადამიანების დანაკარგის მიმართ არ აქვთ. ამას გარდა, 12 ათასი ძველი და ახალი ტანკი გააჩნია. არც რუსეთში იგრძნობა ანტისაომარი სულისკვეთება. რუსეთი ცდილობს ამ რესურსის ხარჯზე ომი გადაიყვანოს გაჭიანურებული ომის ფაზაში.

რუსებს არ აქვთ იმის ძალა და პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი შეტევა დაიწყოს, მაგრამ ის, რომ დაკავებული ტერიტორია შეინარჩუნონ და გაჭიანურებულ ომში ჩააბან უკრაინა, ამას შეეცდებიან. ამის რესურსს თავს უყრის რუსეთი.

  • საინტერესოა თქვენი დაკვირვება: გენერალ ტეპლინკის გათავისუფლება რუსულ არმიაში რას აჩვენებს? იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ის საკმაოდ წარმატებული რუსი გენერალი იყო.

მე არ ვაქცევ ყურადღებას გვარების ცვლას რუსეთის გენერალურ შტაბში, არ მაინტერებს, რას მოიგონებენ, ვნახეთ გენერალი „სირიის ყასაბი“, „არმაგედონი“, ალბათ გამოაჩენენ ვინმე ახალ „აპოკალიფს“ – არქმევენ ამ სახელებს გენერლებს და მერე მიდის მათი გაუთავებელი ცვლა, ამით საერთო სურათი აბსოლიტურად
არ იცვლება.

  • ამბობთ, რომ რუსეთი მიდის გამოფიტვისკენ, მაგრამ უკრაინასაც არ აქვს საკმარისი აღჭურვილობა ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის – ამ მოცემულობაში რა შექმნის ცვლილებას? 

გაზაფხულზე სიტუაციის შემცვლელი შეიძლება იყოს ის, თუკი შეძლებს, მოაგროვებს და შექმნის უკრაინა თავის დაჯგუფებას. ეს პროცესი მე ცოტა დროში გაწელილად მეჩვენება. ამავდროულად, უკრაინა ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ბახმუტი-სოლედარსა და მსგავს უმნიშვნელო მიმართულებებზე.

ცვლილებას გამოიწვევს ასევე ის, თუ რუსეთი ბელარუსის გამოყენებას დაიწყებს. ეს დაპირისპირება შესაძლოა გაგრძელდეს წლობით.

ბელარუსის ჩართვით უკრაინელების ძალისხმევა გადავა მინიმუმ სხვა მიმართულებაზე. რუსეთი ამ ფაქტორის გამოყენებით, რა თქმა უნდა, კიევს ვერ აიღებს და ვერც სხვა მიმართულებით მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებას, მაგრამ ზედმეტ ძალისხმევას დაახარჯვინებს უკრაინას.

რუსეთის ეს ძალისხმევა იქნება მიმართული დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ომის გაჭიანურებისკენ.

ომის გაჭიანურება აწყობს რუსეთს, რომ რაღაც შეიცვალოს დასავლეთში, მოსახლეობის გადაღლა გამოიწვიოს და აგრძნობინოს მსოფლიოს, რომ აი, რუსეთს აქვს გაუთავებელი რესურსები. ეს უფრო პოლიტიკური მიზანია. პუტინს გათვლა აქვს, რომ ომის გაჭიანურების შემთხვევაში, ევროპა შეცვლის თავის მიდგომებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: