„იაფი სახლი“ – ვის ეხება შეცვლილი კრიტერიუმები და გრძელდება თუ არა განაცხადების შეტანა

ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამაში ბოლო დროს დამტკიცებულმა ცვლილებებმა პროგრამის სავარაუდო ბენეფიციარებში კითხვები გააჩინა.მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ამ კითხვებით რედაქციაში მოგვმართეს აინტერესებდა ეხებათ თუ არა დამტკიცებული ცვლილებები მათ, ვინც განაცხადი გასული წლის დეკემბრამდე დაარეგისტრირა.

გარდა ამისა მოქალაქეებისთვის გაურკვეველი დარჩა დასრულდა თუ გრძელდება განაცხადების მიღება.

„მერია უსამართლოდ მოგვექცა“  – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებმაც განაცხადები იმ იმედით დაარეგისტრირეს, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მერია მათ განაცხადებს განიხილავდა, შემდეგ კი კრიტერიუმები შეცვალეს.

როგორც თავად გვიხსნიან, იმ შემთხვევაში თუ კრიტერიუმების შეცვლის გამო მერია მათ განაცხადებს განუხილველად დატოვებს ან შეცვლილი კრიტერიუმები შეეხებათ და მხოლოდ ამის გამო ეტყვიან მათ უარს „ეს უსამართლობა იქნება, რადგან განაცხადზე თანდართული დოკუმენტების შესაგროვებლად მათ მინიმუმ 200 ლარი დავხარჯეთ.“

მოქალაქე , რომელიც ამბობს, რომ შეცვლილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, აცხადებს, რომ განაცხადს არ შეიტანდა და და არც რესურსს დახარჯავდა მათ მოსამზადებლად.

15 თებერვალს ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობით  „იაფი სახლის“ პროგრამაში, კონკრეტულად კი ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებში, რამდენიმე საკითხი დააზუსტა.

გარდა ამისა, მერიამ, პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე #82-ში აშენებული სახლების განაწილების დაწყებამდე, ამ სახლებში ერთი კვ.მეტრის ფასი და ყოველთვიური სახდელის ოდენობა განსაზღვრა [ბინის ღირებულება].

ცვლილებებზე პროგრამაში, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა წაიკითხეთ აქ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კრიტერიუმების დაზუსტება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ ოჯახები, რომლებმაც ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდგომ კი მიმართეს ბათუმის მერიას.

მერიამ ბათუმებთან ასევე დააზუსტა, რომ პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ბენეფიციარები, რომლებიც ბათუმში პროგრამის ამოქმედებამდე [ 2019 წლის თებერვლამდე[ დარეგისტრირდნენ.

მერიამ განმარტა, რომ განაცხადებს, რომლებიც მოქალაქეებმა პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობისათვის წარუდგინეს, შეცვლილი კრიტერიუმები შეეხება. საუბარი ეხება გასული წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილ განაცხადებს.

ამ ეტაპზე განაცხადების მიღება აღარ მიმდინარეობს, ეს პროცესი 31 დეკემბერს შეწყდა.

პროგრამის პირველ ეტაპზე მერიამ ბინა 80 ოჯახს გადასცა. პროგრამით სარგებლობა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. მერია შერჩეულ ოჯახებთან შესაბამის ხელშეკრულებებს აფორმებს.

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ თამარ წულუკიძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ თამარ წულუკიძე აირჩიეს.

თამარი 2022 წლის მარტიდან  ასოციაციის აჭარის ფილიალის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე, მანამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემური რეგისტრაციის დეპარტამენტში მუშაობდა. [2020 – 2022 წელი].

სხვადასხვა დროს თამარი მუშაოდა ასევე იურიდიულ კომპანიაში „Jorbenadze & Gatserelia conselors”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ და ასრულებდა მოხალისეობრივ საქმიანობას „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებულ პროექტში – „Summer english by the sea” .

თამარს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

ის არის არაერთი ნაშრომის ავტორი, რომელიც ადვოკატის ეთიკას და საჯარო სასამართლო განხილვის საკითხებს შეეხება.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. მათ შორის, არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ნიდერლანდებისა და შვედეთის საელჩოსა და IDFI -ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის  მონაწილე, WIPO – World Intellectual Property Organization-სა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის  მსმენელი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის – “საქართველოსა და ევროპასთან ასოცირება” მონაწილე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იურიდიული ეთიკის კლინიკის – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა“ (2020 წელი) კურსდამთავრებული.

თამარ წულუკიძე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი. მას მინიჭებული აქვს, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 147 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 650]
  • ტანკი – 3 375 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 6 609 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 373 ერთეული [+10]
  • MLRS – 475 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 288 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 035 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 235 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 390 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 027 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 215 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 538 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ფაქტია. ის შეეცდება ივაჭროს“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ფაქტია. ის შეეცდება ივაჭროს“ – ინტერვიუ გენერალთან

„ეს იყო მხოლოდ ბაქიბუქი, სხვა დასკვნა პუტინის გამოსვლიდან მე ვერ გამოვიტანე,“ – ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ პუტინის განცხადებებს მოუსმინა.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს წარმატების არანაირი რესურსი არ დარჩა და ის მხოლოდ ვაჭრობისთვის ცდილობს ბრძოლის ველზე ხელსაყრელი პოზიციის დაჭერას.

„ბახმუტში მდინარე, რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, აფერხებს რუსების წინსვლას, რუსები შესულები არიან ქალაქის კერძო სექტორში, ეს არის მდინარის მარცხენა ნაპირი, ხოლო უკრაინელებს უკავიათ მაღლივი კორპუსები… აქტიურად მუშაობს უკრაინელების სადაზვერვო ჯგუფები, სადაზვერვო პატრულები,“- გვიყვება გადამდგარი გენერალი. მისი აზრით, რუსები მაქსიმუმ ბახმუტის აღებას შეძლებენ, მათი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაშვება კი უკრაინისთვის დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის დროულად მიწოდებაზეა დამოკიდებული.

ვახტანგ კაპანაძე ერთი წელია აქტიურად აკვირდება უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს და თავის დასკვნებს „ბათუმელებს“ ყოველკვირეულად უზიარებს. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა სურათი გვაქვს უკრაინაში დღეს, 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ? 

ბახმუტის მიმართულებით გრძელდება ბრძოლები და ორივე მხარე ცდილობს წინ წაწევას, უპირატესობის მოპოვებას. რუსები უტევენ სვატოვო-უგლედარის და ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელები კი ცდილობენ კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე.

ბახმუტში მდინარე, რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, აფერხებს რუსების წინსვლას, რუსები შესულები არიან ქალაქის კერძო სექტორში, ეს არის მდინარის მარცხენა ნაპირი, ხოლო უკრაინელებს უკავიათ მაღლივი კორპუსები, რომელიც არის მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ამ კერძო ნაწილში აქტიურად მუშაობს უკრაინელების სადაზვერვო ჯგუფები, სადაზვერვო პატრულები. რუსები ცდილობენ, რომ უკრაინელებისგან გაწმინდონ ტერიტორიები, თუმცა ჯერ-ჯერობით წინ ვერ მიდიან.

რუსები კი ცდილობენ, შიდა-მოკლე ალყა შექმნან ხრომოვო-ივანოვკას შემხვედრი მიმართულებიდან და გარე ალყა – ჩასოვო-ბაგდანოვკის მიმართულებით. გარკვეული წარმატება რუსებს აქვთ – ალყა ვიწროვდება, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინელებმა ბახმუტის შემდეგი დაცვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა მძიმე დარტყმა მიიღეს უგლედართან, მაინც შეინიშნება ძალების კონცენტრაცია უკრაინის დაზვერვის მონაცემებით და არ არის გამორიცხული, უგლედარის მიმართულებით რუსებმა ისევ წამოიწყონ შეტევა.

  • მ გადასახედიდან რა ჩანს თქვენთვის, რას შეიძლება მიაღწიონ მხარეებმა? 

ორივე მხარე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, რომ თუ მივა მოლაპარაკებამდე საქმე, მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიციიდან მივიდნენ.

რუსების მხრიდან აშკარად ჩანს, რომ ცდილობენ დაცვისთვის პოზიციების გაძლიერებას. ამ შეტევით ისინი ცდილობენ პოზიციები გაიუმჯობესონ, რომ შემდეგ უკეთ შეძლონ დაკავებული ტერიტორიების დაცვა.

  • თქვენი გათვლებით, რა უჯდება ომი რუსეთს ყოველდღიურად, რამდენად შეძლებენ ისევ ომის გაჭიანურებას? საუბარია დაახლოებით 300 ათასი ჯარისკაცის აღჭურვილობაზე, კვებაზე, ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, შეიარაღების ტრანსპორტირებაზე…

ვერ გეტყვით ზუსტად რა ჯდება ეს, თუმცა ნამდვილად დიდ თანხაზეა საუბარი. ფაქტია, რომ რუსეთს გარკვეული სირთულე გააჩნია უკვე ჯავშანტექნიკაში, რადგან საერთოდ უარი თქვეს საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით ბრძოლაზე.

რუსეთი გადავიდა ჩვეულებრივი, ქვეითი ბატალიონების გამოყენების ტაქტიკაზე. წარმოიდგინეთ, ეს ბატალიონები მექანიზებულიც არ არის, არ ჰყოფნის ჯავშანტექნიკა, რომ შემდეგ საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი შექმნას, რომელიც კომბინირებული უნდა იყოს.

მექანიზებულს შესაბამისი რაოდენობის ტანკები სჭირდება და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

  • ამასობაში, რა ეტაპზე გადავიდა პრიგოჟინი – შოიგუს დაპირისპირება? თუ „ვაგნერს“ ჩამოაშორებენ ყველაზე ცხელ წერტილს, ეს როგორ აისახება ბრძოლის ველზე? – „ვაგნერმა“ აიღო სოლედარი, ახლა კი, პრიგოჟინი აჩვენებს მოკლული ვაგნერელების ცხედრების გროვას და ამბობს, რომ იარაღს აღარ აძლევენ.

თითქოს რაღაც დალაგდა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემები აღარ ექნებათ და მიიღებენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ შეიარაღებულ ძალებიდან. ძალაში რჩება და ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ის, რომ „ვაგნერი“ გადაიყვანონ სხვა მიმართულებაზე, ეს ახასიათებს ზოგადად დიქტატურას და ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა ხან ერთ პიროვნებას წამოსწევენ წინ, ხან – მეორეს. შესაძლოა, ეს კეთდებოდეს ბალანსის შენარჩუნებისთვის, მაგრამ მთლიანობაში ეს „სამეფო კარის თამაშებია“ და ვერ ჩავუღრმავდები.

„ვაგნერს“ ძირითადი სამუშაო გააკეთებინეს. მე არ ველოდები მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს დაჯგუფება სხვა მიმართულებაზეც რომ გადაიყვანონ.

  • რა გამოჩნდა ბაიდენის გზავნილებიდან, რომელიც გასულ კვირას სტუმრობდა კიევს? ელით, რომ იარაღის რაოდენობა და მიწოდების ტემპი გაიზრდება?  

არ იქნება მართალი, გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ უკრაინისთვის დასავლეთიდან მიწოდებული ტექნიკის რაოდენობით და ტემპით. უფრო მეტი ტექნიკა სჭირდება უკრაინას და უფრო დროულად. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი მოუწოდებს უკრაინას, რომ კონტრშეტევისთვის შეაგროვოს რესურსები და შესაძლებლობები, რაც ახლა იხარჯება ამ სატრანშეო დაპირისპირებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინა იღებს, თავისთავად.

ტექნიკის მიწოდების დაჩქარების იმედი მაქვს, რაც შესაძლებელია. ვიცით, რომ ბრიტანეთსა და გერმანიაში ამზადებენ ეკიპაჟებს, თუმცა ჯერ არ ჩამოსულა. ბაიდენის გზავნილში მთავარი იყო ის, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინელების გვერდში დგომას.

  • პუტინი გამოეხმაურა ბაიდენს და თქვა: „რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, მით უფრო იძულებული იქნება მოსკოვი,  საფრთხის ასარიდებლად თავისი საზღვრები გადაწიოს“. რა ჩანს თქვენთვის პუტინის დამოკიდებულებაში, რომელმაც დემონსტრაციულად აჩვენა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას გამარჯვებამდე?

ეს პუტინის ჩვეულებრივი ბაქიბუქია, მანამდე რა, არ დაბომბა ლვოვი და პოლონეთის საზღვარი? რას ნიშნავს „რაც უფრო მოუახლოვდება“? დაბომბოს მაშინ ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია, ან ფინეთს დაარტყას, ნატოში უნდა მაინც შესვლა. პუტინმა ისიც თქვა, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე არ შეიძლებაო, მაგრამ ერთხელ და ორჯერ დამარცხებულა?

ეს იყო მხოლოდ ბაქიბუქი, სხვა დასკვნა მე პუტინის გამოსვლიდან ვერ გამოვიტანე. ბირთვულ იარაღზეც რამდენი ხანია არის საუბარი.

  • პუტინმა ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ. ეს რას ნიშნავს ამ ვითარებაში? [New START- არის ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის სახელწოდებაასტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომები“. ხელშეკრულება ძალაში 2011 წელს შევიდა, ხოლო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2021 წელს, დამატებით 5 წლით გაგრძელდა. ხელშეკრულება ზღუდავს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების დასაშვებ რაოდენობას 1,550-მდე და ინსპექტირების შესაძლებლობას უტოვებს მხარეებს.]

არა მგონია, რუსეთისთვის შეთანხმებაში ყოფნა ან გასვლა ცვლიდეს რამე. რუსეთი პერიოდულად შედის და გამოდის ამ შეთანხმებიდან, რაც ახალი არაა. მას დაახლოებით 1500 ბირთვული ქობინა ისედაც აქვს და ეს საკმარისი მარაგია. ამით ბირთვული საფრთხე არც გაიზრდება და არც მცირდება.

ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარესაც შეუძლია არანაკლები ტემპით გაზარდოს თავისი ბირთვული პოტენციალი. შეიარაღებაში შეჯიბრმა, ერთხელ უკვე გადაიყოლა სსრკ.

  • დანილოვი წერს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინას ომის შეწყვეტის სანაცვლოდ უარი ათქმევინოს დაპყრობილ ტერიტორიაზე. ამ იდეის გატანის რესურსი აქვს რუსეთს, ომისგან დაღლილი მსოფლიოს დასაყოლიებლად?

რა თქმა უნდა, რუსეთი ამას ცდილობს და ცდილობს ივაჭროს დაკავებული ტერიტორიებით. ჩინეთის ჩართვაც ამ პროცესში არის მცდელობა, რომ ვაჭრობა დაიწყონ ტერიტორიებზე.

აბა, რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ეს ფაქტია. ვაჭრობა იქნება იმაზე, რომ ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს სანაცვლოდ უკრაინამ დათმოს ლუგანსკი, დონეცკი და ყირიმი.

  • ამ მოცემულობაში ხედავთ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას? 

ჯერ ამის წინაპირობა არ ჩანს. გარდატეხა უნდა მოხდეს, რომ რომელიმე მხარემ დაიწყოს დათმობაზე წასვლა.

  • უკრაინამ რომ გარდატეხა შეძლოს, ეს დამოკიდებულია ძირითადად დასავლეთიდან ტექნიკის მიწოდებაზე, თუ არის კიდევ სხვა ფაქტორი? 

თავიდან ბოლომდე უკრაინა დამოკიდებულია დასავლეთის შეიარაღების მიწოდებაზე, რომ წარმატებას მიაღწიოს. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომის წარმოება დასავლეთის გარეშე არ შეუძლია. დასავლეთმა უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.

ომს უკვე მიღებული აქვს გაჭიანურებული დაპირისპირების ხასიათი, თუმცა ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე უნდა გამოჩნდეს მნიშვნელოვანი გარდატეხის ნიშნები.

  • რუსეთს რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს წარმატება? 

ერთადერთ შემთხვევაში – თუ დასავლეთი შეუწყვეტს მხარდაჭერას უკრაინას. სხვა რესურსი რუსეთს არ გააჩნია, რომ გარდატეხა შეიტანოს ამ ომში.

  • ზამთარში განიხილებოდა ვერსია, რომ ენერგოკრიზისის შექმნით რუსეთი პოზიციას შეაცვლევინებდა უკრაინას, ან დასავლეთს, გაზაფხული მოდის და იმავეს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს პუტინს?  

მაგრამ რუსეთს აქვს რესურსი, გააჭიანუროს ომი მომავალ ზამთრამდე, მას შეუძლია ამგვარი დაპირისპირების გაჭიანურება.

რუსეთს იმედი აქვს, რომ დასავლეთში პოლიტიკურად რაღაც შეიცვლება, არჩევნებია რამდენიმე ქვეყანაში, მოსახლეობა შესაძლოა გადაიღალოს, განწყობაც შეიცვალოს.

  • გამოდის, რომ უკრაინის გამარჯვება  ყველაზე მეტად დამოკიდებულია დასავლეთის ერთიან პოზიციაზე? 

გააჩნია, გამარჯვებას რას დავარქმევთ. არა მგონია, მთლიანად დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლება მალე მოახერხოს უკრაინამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკრაინა ამ ომში არ დამარცხდება დასავლეთის დახმარებით, მას გარკვეული წარმატებები ექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ წელიწადში ყირიმიანად გაათავისუფლებენ უკრაინელები მთელ ტერიტორიებს.

გაზაფხულზე გამოჩნდება გარდატეხის ნიშნები და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი რამდენად დროულად მიაწოდებს უკრაინას ტექნიკას, ასევე რა რაოდენით მიაწოდებენ, რამდენად სისტემური იქნება ეს დახმარება.

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები

ის, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, პოპულარული რეკომენდაციაა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის მიღების აუცილებლობისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში საზიანოა.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე ამბობს, რომ არ არსებობს წყლის მიღების უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველას ერთნაირად ერგება; ექიმის განმარტებით, თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წონა, ასაკი და ის, თუ რამდენად აქტიური ხართ ფიზიკურად.

  • ქალბატონო დიანა, რეალურად რა რეკომენდაცია აქვს მედიცინას წყლის ყოველდღიურ ნორმასთან დაკავშირებით?

ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანმრთელმა ადამიანმა, დღიური ნორმის ფარგლებში, თავისი წონის 1 კილოგრამზე დაახლოებით 30-40 მილილიტრამდე წყალი უნდა მიიღოს.

პირობითად, თუ ადამიანი არის 60 კგ. უნდა მიიღოს წყლის დღიური ნორმა 1800 მილილიტრი [1.8 ლიტრი]. ოღონდ ეს ნორმის შემთხვევაში, როდესაც რაიმე დაავადებასთან არ გვაქვს საქმე. ის შეხედულება, რომ ყველამ ერთი და იმავე მოცულობის წყალი უნდა მიღოს ყოველ დღე – მცდარია, ასეთი ფორმულა არ არსებობს. ბავშვის შემთხვევაში ეს სხვა რაოდენობა იქნება, მოხუცის შემთხვევაში – სხვა და ა.შ.

  • სხვა რა ფაქტორები განსაზღვრავენ დღიურად მისაღები წყლის დოზას?

წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჰაერის ტემპერატურაზე, ფიზიკურ აქტივობაზე.

მაგალითად, ზაფხულში მეტია აორთქლების მაჩვენებელი, ადამიანი უფრო მეტად ოფლიანობს, ვიდრე ზამთარში და თერმორეგულაციისთვის უფრო მეტი რაოდენობით სითხე სჭირდება ორგანიზმს, რათა არ მოხდეს დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება. ასევე, თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, ვარჯიშობს ან უწევს ფიზიკური შრომა, რა დროსაც დიდ ენერგიას ხარჯავს, შესაძლებელია მისი დღიური მოთხოვნილება სითხეზე მეტი იყოს.

  • რა დაავადებების დროს არის საშიში სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება და რატომ?

სითხის მიღების აბსოლუტური უკუჩვენება, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ არის რიგი დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, როდესაც აუცილებელია მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობის მონიტორინგი. გამოყოფილი სითხე უნდა იყოს მიღებულის ადეკვატური, ანუ თუ დღის განმავლობაში პაციენტმა მიიღო 2000 მილილიტრი სითხე, მინიმუმ 1800 უნდა გამოყოს.

თირკმლის მწვავე უკმარისობა თუ აქვს ადამიანს და არის სრული ანურია, ანუ შარდს ვერ გამოყოფს, ამ შემთხვევაში სითხეებით დატვირთვა არ შეიძლება. მაგალითად, როცა დიალიზზე არის პაციენტი, შარდის გამოყოფის მიხედვით, გაწერილია რა რაოდენობით უნდა მიიღოს სითხე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ არის თირკმლის მწვავე უკმარისობა, სრული ანურიის ფაზა, თირკმელი ზედმეტად არ უნდა დავტვირთოთ წყლით.

გულის უკმარისობის დროს, სისხლის სათანადო რაოდენობით გადატუმბვას ვერ ახერხებს გული და როცა ქვედა კიდურების შეშუპებისას, სითხე ვერ გამოიყოფა სათანადო ოდენობით, წყლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაღრმავება და ორგანიზმის შეშუპება.

  • რა განაპირობებს სითხის კარგვას ბავშვებთან და მოხუცებთან, რა დროსაც გასათვალისწინებელია მეტი სითხის მიღება?

შესაძლებელია სითხის კარგვასთან გვქონდე საქმე სხვადასხვა სახის ინფექციური პათოლოგიის დროს, ნაწლავური ინფექციების და ზემო სასუნთქი გზების/რესპირატორული ინფექციების დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში (განსაკუთრებით 5 წლამდე), როცა არის დიარეის შემთხვევა, რომელიც ვითარდება ინფექციების დროს.

ამ შემთხვევაში ორგანიზმს მეტი სითხე სჭირდება, რომ ტოქსინების და მავნე ნივთიერებები გამოყოს. ასევე, მოხუცების შემთხვევაში მსუბუქი ხარისხის ბრონქიტიც რომ იყოს, შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, როცა იგივე ბრონქიტმა, 40 წლის ჯანმრთელ ადამიანში შეიძლება არ გამოიწვიოს გაუწყლოება.

პაციენტთან, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგალითად დიაბეტი, მაღალია ალბათობა იმისა, რომ იყოს გაუწყლოება, რადგან შესაძლოა მას აღენიშნებოდეს გახშირებული შარდვა. ასეთი პაციენტისთვის რეკომენდებულია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა წყურვილის გრძნობა, სითხე მიიღოს სათანადო რაოდენობით, რადგან გახშირებული შარდვის ფონზე არ დააკლდეს სითხე ორგანიზმს.

დეჰიდრატაციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მოხუცები და ბავშვები. ბავშვების შემთხვევაში თერმორეგულაციის სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან სითხის დანაკარგის მიმართ.

  • რატომ არის საშიში გაუწყლოება?

ჩვენი ორგანიზმის სხეულის მასის 60-70%-მდე წყალია. ნებისმიერ უჯრედს, ქსოვილს, ორგანოებს, ორგანოთა სისტემას ესაჭიროება წყალი იმისთვის, რომ განვითარდეს ნორმალური მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა. თუ ორგანიზმს აკლია სითხე, ნივთიერებათა ცვლაც დარღვეულია და შესაბამისი კლინიკური ნიშნებსაც ვხედავთ.

თვითონ დეჰიდრატაცია, მაგალითად, განვითარებული დიარეის დროს, შესაძლოა თავად გახდეს თირკმლის უკმარისობის მიზეზი, ამ შემთხვევაში, როცა ორგანიზმს სითხე აკლია, მაღალია მიდრეკილება შარდკენჭოვანი დაავადებების განვითარებისკენ.

შეიძლება ზოგჯერ დეჰიდრატაციამ დააპროვოციროს ზოგიერთი არითმია, მაგალითად, თუ ორგანიზმს ისეთი ელექტროლიტი აკლია, როგორიცაა კალიუმი. ძირითადად ეს ელექტროლიტური დისბალანსი მკვეთრად გამოხატულია მაშინ, როცა გაუწყლოება გამოწვეულია დიარეის მიზეზით (ნაწლავური ინფექციების დროს). გარდა ამისა, დასუსტებულ ორგანიზმში, ზოგადად, იზრდება ავადობის რისკები.

  • რა არის დეჰიდრატაციის ნიშნები?

ვინაიდან გაუწყლოება მოქმედებს თავის ტვინზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კლინიკურ ნიშანი შეიძლება იყოს დაბნეულობა, ე.წ. კონფუზი; დაღლილობა, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, ცნობიერების დარღვევა, მომატებული ძილიანობა; ასევე რასაც თავად შეიძლება დააკვირდეს ადამიანი – შარდის რაოდენობის შემცირება და კონცენტრირებული, ანუ მუქი ფერის შარდი (ფერი უნდა იყოს ღია ჩალისფერი).

გაუწყლოების ნიშანია სპაზმური კუნთები, ტკივილი და კრუნჩხვა კუნთებში.

  • რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი არ სვამს წყალს, მაგრამ სვამს ყავას, ჩაის და სხვა სითხეებს?

ჩვენი ორგანიზმი სითხეს იღებს ბოსტნეულიდანაც, ხილიდანაც, მაგრამ რეკომენდებულია, რომ თუ ადამიანი დღეში იღებს პირობითად 2 ლიტრა სითხეს, აქედან 1 ან 1.5 ლიტრი უნდა იყოს უბრალო [ონკანის] წყალი, დანარჩენი სითხე შეიძლება მივიღოთ ბოსტნეულიდან, ხილიდან, ჩაისა და სხვა სითხეების სახით, მაგრამ შეეცადეთ ეს იყოს ჯანსაღი სითხეები.

გაზიანი სასმელებითა და ყავით წყალი არ ჩანაცვლდება, რადგან თავისი შემადგენლობით წყალი არის უნივერსალური სითხე, როცა შეიძლება ზედმეტმა ჩაიმ თირკმელზე დამაზიანებლად იმოქმედოს.

  • უზმოზე წყლის დალევა რეალურად ეხმარება ორგანიზმს? როგორ?

ღამის განმავლობაშიც ხომ მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესი, თუნდაც ფილტვების გზით გამოიყოფა დღე-ღამის განმავლობაში სადღაც 1 ლიტრი წყალი, ასე რომ დილით ორგანიზმს მეტ-ნაკლებად მაინც აკლია სითხე. თან წყალი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, ამიტომაც არის რეკომენდებული დილას წყლის დალევა. ჩვენ კი გავიღვიძეთ, მაგრამ სითხის მიღებით, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურად ვაღვიძებთ ორგანიზმს.

როგორია ზამთარი ხულოში ქალებისთვის – ამბავი ლელაზე, ნაზიბროლაზე და ნარგულზე

2023 წლის თებერვლის ბოლოს ხულოს სოფლებში მოსახლეობა დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა. შიდა სასოფლო გზები ბევრგანაა გაუწმენდავი და პერიოდულად ითიშება ელექტროენერგიაც.

გიამბეთ თოვლში ჩაკეტილ ცოლ-ქმარზეც და იმაზეც, თუ როგორ შეწყდა სწავლა სკოლაში, ბაღში.

ამჯერად ლელაზე, ნაზიბროლაზე და ნარგულიზე გიამბობთ, იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ქალები ხულოს სოფლებში ზამთარში, დიდთოვლობისას.

„ბათუმელებს“ ბევრჯერ მოუყოლია, უჩვენებია ის მძიმე შრომა, რაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ქალებს უწევთ.

ამ ქალებისთვის ზამთარი ერთადერთი სეზონია, როცა ოდნავ მეტი თავისუფალი დრო უჩნდებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შრომა ჩერდება, რომ პირუტყვი ისევ არ ჰყავთ მოსავლელი, შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებზე არ უწევთ ზრუნვა, ყოველ ახალ დღეს პურს არ აცხობენ და საჭმელს არ ამზადებენ, არ ალაგებენ, წმენდენ და რეცხავენ.

ქალები, რომლებზეც დღეს გიამბობთ, ზამთარში გამოჩენილ მცირე თავისუფალ დროს ხელსაქმით კავდებიან – ართავენ, ქსოვენ, ქარგავენ. ყველა მათგანმა გვითხრა, რომ ამ საქმის კეთება მოსწონთ და როცა ქსოვენ, თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ რომ ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, იქნებ ეს თავისუფალი დრო სხვა ხელსაქმის თუ უნარ-ჩვევების სწავლაში გამოეყენებინათ.

ლელა ცეცხლაძე, რომელიც საკუთარ თავს მრავალფეროვნების მოყვარულად მოიხსენიებს, 37 წლისაა. ის სოფელ ჩაოში ცხოვრობს და გვიყვება, რომ ზამთარში, სხვადასხვა დროს, მას შემდეგ, რაც ხულოში სასწავლო კოლეჯი გაიხსნა, ორჯერ სცადა პროფესია მიეღო. მას და მის მეზობელ ქალებს უნდოდათ, რომ კომპიუტერთან მუშაობა ესწავლათ, მაგრამ უგზოობამ ზამთარში ამ სურვილზეც ააღებინათ ხელი.

„ვცადე კურსების გავლაც, მაგრამ ზამთარში ამ უგზოობის, ჩაკეტილობის, იმის გამო, რომ მანქანა ჩვენამდე ყოველთვის არ მოდის და ცენტრალური გზიდან ჩვენამდე 6 კილომეტრია, ძალიან გამიჭირდა ფეხით სიარული. ამიტომ შევწყვიტე. აღარ მივლია.

სამი ქალი ვიყავით, რომლებიც გათოვების შემდეგ ვეღარ წავედით კურსებზე“, – გვიყვება ლელა და დასძენს, რომ ადრიანი გაზაფხულიდან სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება და ქალები შემდეგ საერთოდ ვეღარ ახერხებენ სწავლას დაუთმონ დრო.

ლელა ამბობს იმასაც, რომ ხულოში ცხოვრება ზამთარში ნამდვილად რთულია, მაგრამ ამ სირთულეს უკვე შეეჩვივნენ და ფსიქოლოგიურად მომზადებულები ხვდებიან. იმედი აქვთ მეზობლების დახმარების და იმის, რომ რა მაღალიც არ უნდა იყოს თოვლის საფარი, ვიღაც მაინც შეაღებს მათი სახლის კარს.

„სულ ფანჯარაში ვიყურები, ვინ მოდის. თუ არავინ მოვიდა, მე მივდივარ.

სოფლიდან თითქმის წავიდნენ ჩემი ასაკის ქალებიც, მაგრამ უფრო მეტად ახალგაზრდები გაიკრიფნენ, ისინიც, ვინც ახლა დაქორწინდა. სოფლებს ასაკოვანი ხალხიღა შემორჩა“, – გვეუბნება ლელა და გასული ზამთრის სირთულეებსაც იხსენებს – „ჩაკეტილ გზაზე სასწრაფოს ექიმები რომ წამოვიდოდნენ, ნახევარ გზას ისინი მოდიოდნენ, ნახევარ გზას – აქედან გადიოდა ხალხი“.

ლელა 7 წლის იყო, როცა ბებიამ ქსოვა ასწავლა. მისი თქმით, ახსოვს ემოცია, რომელიც პირველი თვალის ამოყვანისას ჰქონდა. თავიდან პატარ-პატარა შარფებს ქსოვდა თოჯინებისთვის, მაგრამ მალევე ისწავლა დიდი ზომის ნივთების ქსოვაც.

„ხანდახან ვიკრიბებით. უბანში ყველა ქალი მემთეური ვართ. განვიხილავთ, წელს რის ყიდვას ვაპირებთ, რა გვინდა წავიღოთ მთაში და ა.შ. შუადღის შემდეგ, როცა ოჯახის თითქმის ყველა საქმე მომთავრებული მაქვს, მაშინ ვიცლი ქსოვისთვის.

მეზობელთან ყავაზე ხელსაქმის გარეშე არ გადავდივარ. ვითვალისწინებ მათ რჩევებს. ხანდახან ვშლი და ხელახლა ვქსოვ.

ქსოვას ვექცევით, დროც რომ გავიდეს, ამის გამოც ვქსოვთ. ბევრი დაინტერესდა ჩვენი ამ საქმით და ერთგვარი შემოსავლის წყაროცაა. ვქსოვთ – ზოგს ვჩუქნით, ზოგს ვყიდით.

პირველად ზამთარში დაქსოვილი პატარა წინდები გავყიდე ბეშუმში. თავიდან – „არ გვინდა ეგენი“ – ასე მითხრეს, მაგრამ ჩანთიდან რომ ამოვიღე და დავალაგე, ყველა იყიდეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემმა მოქსოვილმა ნივთებმა მოწონება დაიმსახურა.

რამეზე ნერვები რომ ამეშალოს და ქსოვა დავიწყო, ყველაფერი გადამავიწყდება. ქსოვა ჩემთვის თერაპიას ჰგავს.

ახლა გედები, ყვავილები მოვქსოვე. ზამთარში მომწონს ისეთ ნივთებს რომ ვქსოვ, რომლებიც ზაფხულს მაგონებს. დიდად არ მიყვარს ზამთარი.

ლელას მოქსოვილი ხე

ბევრი დრო დიდი ნივთების მოსაქსოვად არც ახლა მრჩება. ქსოვას დრო სჭირდება, დაიწყე ქსოვა, დადე, აიღე… 1 საათში რამდენჯერმე თუ გაწყვიტე და ისევ გააგრძელე ქსოვა, რა გამოვა. დრო და საქსოვი მასალა გჭირდება. საკმაოდ ძვირია ეს ძაფებიც რომ შეიძინო და მერე რამდენად უნდა გაყიდო ნაქსოვი? ძვირად ვერ გაყიდი. საქსოვი მასალის საყიდად კიდევ ფული გჭირდება“, – გვითხრა ლეილამ.

ლეილასთან საუბრის ბოლოს მისგან იმასაც ვიგებთ, რომ ხელსაქმე დღეს საერთოდ აღარ აინტერესებთ ახალგაზრდებს და მისთვის არც ერთხელ უთქვამთ, იქნებ ქსოვა გვასწავლოო.

ლეილას ნაქსოვი ნივთები

სოფელ ჩაოში ცხოვრობს 3 შვილის დედა, 41 წლის ნაზიბროლა მახარაძეც.

ნაზიბროლა 15 წლის იყო, როცა გარიგებით დააქორწინეს. სწავლის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

10 წლის იყო, ქსოვა რომ დაიწყო. იხსენებს, პირველად იმდენად პატარა ფაჩუჩები მოვქსოვე, ვერავინ მოირგოო.

მას შემდეგ, ნაზიბროლა ყოველთვის უბრუნდება ქსოვას, მცირე დროის გამოჩენისთანავეც. ახლა, სანამ გარეთ თოვს, ნაზიბროლა თავისუფალ დროს ძირითადად წინდებს ქსოვს. ერთი წყვილი წინდის მოქსოვას დაახლოებით 1 კვირას ანდომებს.

ნაზიბროლა ძირითადად საღამოს საათებში ახერხებს ქსოვას – „დიასახლისი ვარ. არ მაქვს ისეთი პირობები, რომ სადმე წავიდე, ვიმუშაო“.

ქალი ახლა ფაჩუჩებს ქსოვს, თუმცა მისი თქმით, ყველაფრის ქსოვა იცის და მოსწონს. გვითხრა ისიც, რომ ძირითადად ფერადი შალის ძაფებით ქსოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის პირადი შემოსავლის ქონა.

ჩემს ნაქსოვებს ჩაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები ყიდულობენ. სამეზობლოშიც, თუ ვინმეს უნდა“, – გვითხრა მან.

ნაზიბროლა კახაძის მოქსოვილი წინდები

4 შვილის დედა, 49 წლის ნარგულ აბულაძე ქვემო ვაშლოვანში ცხოვრობს. გარიგებით, 16 წლის ასაკში დაქორწინდა ნარგულიც. მე-9 კლასიდან მოუწია გამოსულიყო სკოლიდანაც.

იხსენებს, რომ ბათუმში კერვის სასწავლებლად ჩავიდა. „ჩემდა საუბედუროდ, სადაც სწავლა დავიწყე, მხოლოდ ესკიზების გაკეთება შეგვეძლო, საკერავი მანქანები არ გვქონდა, რომ შეგვეკერა და უკან, სოფელში მომიწია დავბრუნებულიყავი“.

სოფელში დაბრუნების შემდეგ მალევე დაოჯახდა და მას შემდეგ სწავლის დრო აღარასდროს დადგა – „ოჯახი, 4 შვილი, გაჭირვება …“.

სოფლის იმ უბანში, სადაც ნარგული ცხოვრობს, ადრე 14 კომლი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 2 კომლია დარჩენილი.

„აი, ასეთ ამინდში [თოვისას], სასწრაფო დახმარება რომ დაგჭირდეს უცებ, გზები არ არის. ძალიან დიდი თოვლი მოდის, მეზობლებთან მისვლა მოსვლაც გვიჭირს.

სოფელში შემოსავალი არაა, ოჯახი ხომ უნდა არჩინო, შვილები… დაიცალა უბანი. ყველა ცდილობს რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს.

არც ის მინდა, რომ სოფელი გაუქმდეს, გავერანდეს. შვილები ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ მე აქ მირჩევნია ცხოვრება.

როცა ბევრი ხალხი იყო, მეტი მხიარულებაც იყო, ახლა უფრო მეტად თავს ხელსაქმით ვიქცევთ. ძალიან მსიამოვნებს, როცა რაღაცას ჩემი ხელით ვაკეთებ.

ბავშვის წინდების მოქსოვით დავიწყე. მერე პატარა ზედატანი მოვქსოვე და მერე უკვე ხან რას მოვქსოვდი და ხან – რას. ახლა მატყლის ძაფით ნაქსოვს დიდად აღარავინ იცვამს და ფერად-ფერადი ძაფებით ვქსოვ მეც.

დილით ძროხას უნდა მიხედო, მერე საჭმელი გააკეთო, დაალაგო და მერე ვიცლით ხელსაქმისთვის. ქალის შრომა ყოველთვის მძიმეა“ – გვითხრა ნარგულიმ.

ნარგულის თქმით, ნაქსოვი ნივთები არასდროს გაუყიდია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალი იყოს დასაქმებული და თავისი შემოსავალი ჰქონდეს. სოფელში მცხოვრები ქალების უმრავლესობას საერთოდ არ აქვთ პირადი შემოსავლები“ – ამბობს ნარგული.

ნარგულის ნაქსოვი ნივთები

ერთი წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე | ფოტო

დღეს 24 თებერვალს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

დღეს, ომის ერთი წლის თავზე, ბათუმში მყოფი უკრაინელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ისაუბრეს იმ სისასტიკეზე, რაც რუსეთი სჩადის უკრაინაში.

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
ომის წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამოფინეს ომის ქრონიკები – დანგრეული და გადამწვარი ქალაქებისა და დაღუპული ადამიანების ფოტოები. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
„ჩვენ არ ვართ ტურისტები, ჩვენ ლტოლვილები ვართ“ – ასე აწერია ჩემოდნებს, რომლებიც უკრაინელებმა ომის სისასტიკის ნიშნად ევროპის მოედანზე გამოფინეს. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
ევროპის მოედანზე იმ ქართველი მეომრების სტენდიც იდგა, რომლებიც უკრაინაში ომს შეეწირნენ. უკრაინის ომში 35 ქართველი მეომარი დაიღუპა. აქციაზე შეკრებილ ადამიანებს კი უკრაინაში მებრძოლმა მეომრებმაც მიმართეს. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
ბათუმი, ევროპის მოედანი. ომის წლისთავზე უკრაინელი, ბელორუსი და ქართველი მოქალაქეები ომის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთად დგანან. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
უკრაინის ომის 1 წელი
ფოტო: ბათუმელები/ლელა დუმბაძე
ბათუმი 24.02.2023

გზა სკოლისკენ ხულოში | ფოტოამბავი

დიდთოვლობის ამსახველი ფოტო, რომელიც დღეს, 24 თებერვალს, აქტიურად ვრცელდება ფეისბუქზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაშია გადაღებული 23 თებერვალს.

ფოტოზე ასახულია სკოლისკენ მიმავალი მასწავლებლები და მოსწავლეები.

ფოტოს ავტორი, ხატია თეთრაძე, მასწავლებელია.

მან გვითხრა, რომ ფოტოზე, „წინ, 6 წლის გაბრიელია, უკან – გაბრიელის ბებია, რომელიც აგარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელია, ბებიას უკან კი გაბრიელის და, ბარბარე. ბარბარეს უკან ჩემი შვილია, ბოლოში კი – მასწავლებლები.

მე და რამდენიმე მასწავლებელმა მათ მივასწარით სკოლაში. რა თქმა უნდა, გზა ჩვენ გავკვალეთ.

ისე კარგად იყვნენ დაწკიპულები, თან წინ რომ გაბრიელი იყო, იმდენად სასაცილოდ ჩანდა ეს ყველაფერი… ფანჯარა გამოვაღე და ფოტო გადავიღე.

უშუალოდ მე არ ვასწავლი გაბრიელს, მაგრამ მეზობლად ვცხოვრობთ. ფოტო რომ გადავიღე, თოვდა თან, დღეს გამოიდარა“, – ამბობს ხატია თეთრაძე.

ხატია სოფელ აგარაში უკვე წლებია რაც ქართულ ენას ასწავლის. მის შესახებ გიამბეთ კიდეც „ბათუმელებში“.

„ახლახან პური გამოვაცხვე მასპინძლის სახლში. გაბრიელიც აქაა. მომიტეხე პურიო – გადაყლაპა, გადაყლაპა და აბა ეხლა დამეტოლეო. ყოველდღე მეტოლება, ჯერ ვერ დაგეწიე შენ სიმაღლეშიო – ამბობს“ – გვითხრა ხატიამ.

ფოტო/ხატია თეთრაძე

უკრაინის დაზვერვას აგენტები ჰყავს პუტინის გარემოცვაშიც – ბუდანოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა თანამშრომლობს უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ისაუბრა.

კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, მომავალში ნორმალურ ცხოვრებაზე ფიქრობენ.

თუმცა მას არ დაუსახელებია, მაგალითად, რამდენი აგენტი ჰყავთ პუტინის გარემოცვაში.

„იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე უარესდება, დღითიდღე უფრო ადვილია იმ ადამიანების პოვნა, რომლებსაც სურთ თანამშრომლობა“, – ამბობს ბუდანოვი.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, თუ რა არის იმის გარანტია, რომ ეს აგენტები არ ატყუებენ უკრაინულ მხარეს.

„მაგრამ ამის გადამოწმება ძალიან ადვილია. ჩვენ გვჯერა არა სიტყვების, არამედ მხოლოდ ფაქტების. თუ ადამიანი ამბობს, რომ ხვალ იწვიმებს, მაგრამ არ გაწვიმდება და ის იტყვის: მე შევცდი, ზეგ აუცილებლად იქნება [წვიმა]. შესაძლოა, ის მართლა შეცდა, მაგრამ მსგავს შემთხვევაში ენდობიან ამ ადამიანს? არა – არ ენდობი. ეს არის ალეგორიული პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, – განაცხადა ბუდანოვმა.

უკრაინული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას დაპირისპირებაზე კრემლის ორ ბანაკს შორის: პრიგოჟინის – სუროვიკინთან და შოიგუს – გერასიმოვთან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ რუსეთში დაიწყო სისტემური დაშლის პროცესი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარევის ვარაუდით კი, თუ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნაცვლად ხელისუფლებაში მისი კონსტიტუციური მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მოვა, ის შეეცდება უკრაინაში საომარი მოქმედებები შეაჩეროს.

თიბისის და Veli.store -ის ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი და Veli.store  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს).

ეს არის თიბისის და Veli.store -ის პირველი პარტნიორობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. Veli.store, საყიდლების ციფრული პლატფორმაა, რომელიც შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესსაც სთავაზობს.

ამ პარტნიორობის ფარგლებში, პირველად საქართველოში, Veli.store-ი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახლა უკვე კომპანიის სახელით დარეგისტრირდნენ და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქცია მარტივად, ერთ სივრცეში შეიძინონ.

Veli.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურ თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათის შეკვეთიდან 3 საათის განმავლობაში უფასო მიტანა კი, დამატებით ღირებულებას ქმნის.

შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – დრო დაზოგონ.

სასურველი პროდუქციის შესყიდვის პროცესი ბიზნესისთვისაც ისეთივე მარტივი და მოქნილია, როგორც ფიზიკური პირებისთვის.

მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენელს, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეუძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდით – ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდით ისარგებლოს.

თიბისის ბიზნეს ნაკრების ბარათით გადახდის შემთხვევაში, პროცესი სტანდარტულია – ისეთივე, როგორც ფიზიკური პირისთვის. ინვოისით გადახდის შემთხვევაში კი, ქართული ონლაინ შოპინგის ისტორიაში პირველად, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ინსტრუქცია მომხმარებელს ანგარიშსწორების პროცესში ეხმარება. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება.

Veli.store-ზე, ბიზნესის მიმართულების გაჩენიდან დღემდე, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით უკვე 260-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა. 2022 წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში Veli.store-მა სწორედ  ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება“ გაიმარჯვა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 თებერვლის 21 საათიდან 25 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ბათუმის ცენტრალურ პარკთან უკრაინის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქცია საერთაშორისოა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. აქციაზე იქნება ფლეშმობი – „უკრაინის რუკა“.

გარდა ამისა, 19:00-დან 21:00 საათამდე სასტუმრო Wyndham-ში გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან ქართველი, უკრაინელი და ბელარუსი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა ნივთი, ასევე, ქართველი მხატვრების ნამუშევრები.

აუქციონზე მისვლა და ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნივთები ონლაინაც გაიყიდება.

შემოსული თანხა უკრაინაში მებრძოლებს მოხმარდება. აუქციონის პარალელურად გაიმართება საქართველოში უკრაინის საელჩოს ნახატების გამოფენა.

24 თებერვლის ღონისძიებების – 14:00 საათზე დაგეგმილი აქციის და აუქციონის ორგანიზატორია ორგანიზაცია „ბათუმი უკრაინისთვის”.

უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა ლადო აფხაზავას უკრაინის მხარდაჭერისთვის

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ გმობს რუსულ აგრესიას და ომს უკრაინაში. თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდა.

უკრაინის მხარდასაჭერ ცერემონიაზე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ მეგობარი ქვეყნების ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მორალური და ჰუმანიტარული თანადგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი გადაუხადა ქართველ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას, რომელმაც უკრაინელების დასახმარებლად, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, სოლიდური თანხა შეაგროვა.

„ლადო აფხაზავამ, რომელიც არის მასწავლებელი გურიიდან, შეძლო 700 000-მდე ევროს შეგროვება, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა უკრაინელი ხალხისთვის.

უკრაინელი ბავშვები გაიხსენებენ და ემახსოვრებათ მათი ცხოვრების ბოლომდე ეს დახმარება, რაც ქართველმა ხალხმა მიაწოდა მათ ომის დღეებში“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იბრძოლონ საერთო მტრის – რუსეთის წინააღმდეგ.

„ჩვენი და თქვენი მტერი არის საერთო, ჩვენ ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს. ქართველი ჯარისკაცები უკრაინელების გვერდიგვერდ დგანან და აქტიურად იცავენ ქვეყანას“ – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

__________________

ამ თემაზე:

უკარაინის დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 000 დოლარი შეაგროვა

საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი – პრეზიდენტი უკრაინის ომის წლისთავზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ორბელიანის რეზიდენციაში გაიმართა უკრაინისადმი სოლიდარობის ღონისძიება. რეზიდენციაში სტუმრებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და მწუხარება გამოხატა საქართველოს მთავრობის ქცევაზე.

„ამ მოცემულობაში არ შემიძლია არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც გაუგებარი მიზეზებით ცდილობს გაამართლოს ვითომ ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია.

გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ და რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი. რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.

საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობრისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენა, სად დგას ქართველი ხალხი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მან ვერ მიიღო უკრაინისგან მიწვევა, მაგრამ წუხს იმის გამო, რომ პარლამენტმა არ გაუშვა დელეგაცია კიევში მიწვევის მიუხედავად.

„საქართველოს მთავრობა დღეს კიევში უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ საზოგადოების სახელით, ყველა ფორმატში გამოვხატე საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო უთუოდ დღეს კიევში. ამისთვის მზადყოფნა დროულად გამოვხატე, თუმცა, სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია ოფიციალური დელეგაციის გაგზავნის საჭიროება. ვწუხვარ, რომ ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი დღეს კიევში, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან“, – თქვა ზურაბიშვილმა.

რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომით ბაზარზე – ბიზნესისა და სასწავლებლების შეხვედრა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში, აჭარაში, შპს „სტარ არ ჯის“ საწარმოში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საწარმოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო სერვისების სხვა მიმწოდებლები მონაწილეობდნენ.

შპს „სტარ არ ჯი“ გეგმავს წარმოების მასშტაბის გაზრდას და, პირველ ეტაპზე, დამატებით 40 ადამიანის დასაქმებას. შესაბამისად, ორგანიზაცია დაინტერესებულია ახალი კადრის მოძიებით, რომელიც უნდა ფლობდეს შესაბამის, საწარმოს საქმიანობისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას, ამ ეტაპისთვის კი აჭარის არც ერთ პროფესიულ სასწავლებელში არ არის დანერგილი სასწავლო პროგრამები, რომლებიც მოამზადებდა საწარმოსთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრებს.

შპს „სტარ არ ჯი“ დირექტორის, ლევან შერვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს კადრების გადამზადება იმ კონკრეტულ პროფესიებში, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, არსად ისწავლება ან თუ ისწავლება, ზედაპირულად.

ლევან შერვაშაძე
ლევან შერვაშიძე

„ამ პროფესიებზე დიდი მოთხოვნაა. ძირითადად ვგულისხმობ ელექტროინჟინრებს, მექანიკოს ინჟინრებს, სპეცტექნიკის ოპერატორებს. მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მიმართულებებია და თუ პროფესიული სასწავლებლები სწავლების მსურველებს თეორიულ განათლებას მისცემენ, ჩვენ პრაქტიკულ განათლებას მივცემთ, ცოდნას გავუღრმავებთ და სტაბილურად დავასაქმებთ“ – ამბობს ლევან შერვაშიძე.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა გოგიტიძე მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებლებისა და დამსაქმებლების პირდაპირი კომუნიკაცია ყველაზე სწორი მიდგომაა როგორც  დამსაქმებლის საჭიროებების გამოსავლენად, ისე კადრების გადასამზადებლად შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში:

„ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, სადაც კადრების დეფიციტია. ეს შეხვედრა ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ მომზადდეს სრულფასოვანი სასწავლო პროგრამები, რის შემდეგაც პრაქტიკულ გამოცდილებას კურსანტები უშუალოდ საწარმოში მიიღებენ და დასაქმდებიან კიდეც“.

გოჩა გოგიტიძე
გოჩა გოგიტიძე

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ სამარღანიშვილი აცხადებს, რომ როგორც აჭარაში, ისე, როგორც პროექტის სხვა სამიზნე რეგიონებში, გამოიკვეთა პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ერთი მხრივ, ახალი სასწავლო პროგრამების განვითარებით, სარგებელს მიიღებენ პროფესიული კოლეჯები, ხოლო მეორე მხრივ, ამის საფუძველზე, ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი გახდება შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები.

„LINKS პროექტის ფარგლებში რეგიონული სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესსა და სამთავრობო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. აჭარაში ეს გახლავთ რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საწარმო „სტარ არ ჯი-ს“ მმართველი გუნდი შეხვედრას მართავს რეგიონში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებთან სწორედ იმ მიზნით, რომ საწარმოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კოლეჯებში დაინერგოს ახალი სასწავლო პროგრამები. პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ რესურსი, რომ სტუდენტებს მისცენ შესაბამისი თეორიული ცოდნა, ხოლო აღნიშნულ საწარმოს გააჩნია მაღალი ხარისხის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, სადაც ახალგაზრდებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის პრინციპით პრაქტიკული უნარ-ჩვვევები განუვითარდებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას თანამშრომლობის მსგავსი წარმატებული შემთხვევა, რაც სამაგალითო იქნება სხვა ორგანიზაციებისთვის როგორც აჭარაში, ისე დანარჩენ რეგიონებში.“

ზურაბ სამარღანიშვილი
ზურაბ სამარღანიშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე მიიჩნევს, რომ პროფესიულ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში:

„ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროებების იდენტიფიკაცია იმის წინაპირობაა, რომ დამსაქმებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები შედგეს, რაც ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასაქმების სააგენტო მიესალმება მსგავსი ტიპის აქტივობებს, ჩვენ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა გვაქვს, რომელთა ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარესთან ვითანამშრომლოთ“ – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი

თემურ კახიძე
თემურ კახიძე

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

აჭარაში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH) .

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 1 წელი ომის დაწყებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 146 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 970]
  • ტანკი – 3 363 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 6 600 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 363 ერთეული [+11]
  • MLRS – 474 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 033 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 224 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 229 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 387 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 228 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 011 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 044 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 205 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 518 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]„დივნის გენერლები“ — კასიანოვი კობახიძეზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ლუსტრაციის 1 წელი – რას ამბობს „ოცნება“ უკრაინის ომზე 24 თებერვლიდან დღემდე

ლუსტრაციის 1 წელი – რას ამბობს „ოცნება“ უკრაინის ომზე 24 თებერვლიდან დღემდე

ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების განცხადებები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომობს, განსაკუთრებულად მკაფიოდ აჩვენებს ხელისუფლების საგარეო პრორუსულ ვექტორს.

„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების არქივს გადახედა 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე

————-

ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს – 23 თებერვალს იწყება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ.

იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის, კონფლიქტი უნდა გადაწყდეს დიპლომატიით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს. მანამდე რამდენიმე კვირით ადრეც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს – როცა რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან ლაგდებოდა, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა რუსეთი საერთოდ არ ახსენა.

24 თებერვალი – ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე ინგლისურად დაწერა: „ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ. სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

25 თებერვალი„ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. მაშინ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა კი, დასავლეთის პასუხად და რუსეთის თავის მოსაწონად თქვა, რომ „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“. ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინაში ჩასვლას. მას შეახსენეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკრაინის ლიდერები საქართველოში იმყოფებოდნენ.

„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

28 თებერვალი – პრემიერის რიტორიკა საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა გაიზიარეს. მაგალითად, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა: „საქართველო ყოვლისშემძლე არ არის და მისი ეროვნული ინტერესია, ქვეყანაში ომი არ დაუშვას

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კი, აღნიშნა, რომ „რუსეთს რამდენიმე წუთი დასჭირდება საქართველო დააყენოს თავდაყირა“.

28 თებერვალი ასევე ის დღეა, როცა საქართველომ უარი უთხრა უკრაინულ მხარეს ჩარტერული რეისის შესრულებაზე – თვითმფრინავს საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა და წაეღო მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი.

მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როცა მან 2022 წლის პირველ მარტს საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.

25 მარტი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები უკრაინაში ხელისუფლებაში არიან და ეს მისთვის „უცნაური მოცემულობაა“. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ აუხსნია, რაში მდგომარეობს „უცნაურობა“. თუმცა, ფაქტობრივად, მან ისევ სცადა უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა, მისი პარტნიორად დანახვის ნაცვლად.

„სამწუხაროდ, გვაქვს რთული მოცემულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული. ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით, ანუ კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე იქნა მიღებული.

გვაქვს სამწუხარო და ძალიან უცნაური მოცემულობა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, უკრაინაში ხელისუფლებაში არიან. ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა, ალბათ, უნიკალური მსოფლიოს ისტორიაში,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

28 მარტი – რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძემ სცადა უკრაინასთან „ურთიერთობის გარკვევა“ – ის უკრაინაში ენმ-ს წევრების ვიზიტს გამოეხმაურა და ეს განაცხადა:

„რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო“.

1-ელი აპრილი – „ვერ ვხედავ ვითარების შეცვლის რესურსს“ – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრის დროს.

„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მოვაკლებდით მცდელობას, თუმცა ასეთ ვითარებაში მე ვერავითარ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. კომუნიკაციის მცდელობები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ნაბიჯები არ გადმოდგმულა,“ – პირიქით უკრაინა დაადანაშაულა ურთიერთობის გაფუჭებაში ირაკლი კობახიძემ.

3 აპრილი – ამ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 25 თებერვალი გაიხსენა, უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღე, როცა მან თქვა, რომ ომში უკრაინა „დაისჯება და დაიჩაგრება“. ღარიბაშვილს არც კი უთქვამს, რომ, მაგალითად, იმ დღეს სხვა რამ იგულისხმა, რაც ვერ გავიგეთ, ან რამე მსგავსი. პირიქით, ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ უკრაინა „დაისჯება“ და „დაიჩაგრებ“ და ირიბად დაადასტურა, რომ კრემლის რუპორად, პირველ რიგში, საქართველოში საქართველოს მთავრობა იქცა.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. – „თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინაა,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

15 აპრილი – საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრა. ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო.

27 აპრილი – ირაკლი ღარიბაშვილმა კონსპირაციის ახალი თეორია გაახმოვანა. მან თქვა, რომ არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ პერიოდში, „მეორე ფრონტის გახსნის მიზნით“ ჩამოვიდა.

ღარიბაშვილმა იქვე დასძინა, რომ მას ბევრი ინფორმაცია აქვს, რომელთა ნაწილი საჯაროდ ითქმის, ნაწილი კი – არა.

„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი ითქმის საჯაროდ, მაგრამ უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ. მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უკრაინაში უნდა დაწყებულიყო ნოემბერში ან დეკემბერში.

ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა. რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, არაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

9 მაისი – ირაკლი ღარიბაშვილი: „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ჩვენთვის, საქართველოსთვის,“ – უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს ევროპული არჩევანზე ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

13 ივნისი – რამდენიმე დღეში ირაკლი ღარიბაშვილი ჩვეულ პათოსს დაუბრუნდა და თქვა: „თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა.“

22 ივნისი – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინული მხარე ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეშვა მათ მიერ „დაქირავებული მოხალისეები“.

„ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები… ითხოვდნენ, ჩარტერული რეისებით მთავრობას გაგვეშვა მეომრები, მათი დაქირავებული, ასე ვთქვათ, მოხალისეები… ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

7 ივლისი – „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოზე გაღიზიანებული არიან, რადგან ქართველი ქალები და ბავშვები არ იხოცებიან.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი საქართველო დააზიანონ.

23 სექტემბერი – პრემიერ-მინისტრმა 2022 წლის 23 სექტემბერს გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „საქართველო დგას უკრაინის გვერდით“. „ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27 სექტემბერი – „ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც დღეს ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს რუსეთის „ცინიკური ქმედება“ უწოდა. სალომე ზურაბიშვილის პოზიციები რუსეთ-უკრაინის ომზე რადიკალურად განსხვავდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს მთავრობის წევრების რიტორიკისგან.

20 ოქტომბერი – ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს პარლამენტიდან დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მიეშველა პრორუსული გზავნილების გაძლიერებასა და ივანიშვილის დაცვაში. ამ პერიოდში გააქტიურდა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა.

„რაკი ვერ მიაღწიეს პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით, ახლა, როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა და ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, რაიმე უცნაურ გადაწყვეტილებას მიღებენ,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

3 დეკემბერი – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

5 დეკემბერი – „სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები „ომის პარტიას“ მიჰყავს უკრაინაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

7 დეკემბერი – ორი დღის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა, არ მიგულისხმია ის, რაც თქვენ გაიგეთო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს, ვინც საკუთარი გულწრფელი სურვილითაა უკრაინაში წასული და ის ადამიანები, რომლებიც ღარიბაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები არიან და ფრონტიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

„…ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული, არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

8 დეკემბერი – „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების თემას „წარმოაჩენენ ისე“, თითქოს კიევი ე.წ. დვიჟოკებს ითხოვს. მანვე გააკრიტიკა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც თქვა, რომ თბილისს არ უპასუხია კიევის თხოვნაზე გენერატორებით დახმარების თაობაზე.

„საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რომ რა გახდა დვიჟოკების გაგზავნა უკრაინაში… ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს დვიჟოკებს. ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

8 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ კიდევ ამ განცხადებით დაგვამახსოვრა თავი, როცა ის უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე საუბრობდა: „მე იმედი მაქვს და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა.“ 34-ვეში კობახიძე დაღუპულ მებრძოლებს გულისხმობდა.

2023 წელი

9 თებერვალი – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, „ბოლო 1-2 კვირაში“ უკრაინას არც ერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული.

„…ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს… დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც შეასრულა კრემლის რუპორის როლი და თქვა, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურთ“.

„არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი იმისთვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. და ეს [საქართველოში ომის დაწყება] ამას გამოიწვევს, ბუნებრივია. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი  და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

9 თებერვალი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „სიფრთხილე ღირსებას და სოლიდარობას არ გამორიცხავს.“ პრეზიდენტმა ამ დღეს რუსეთ-უკრაინის ომში გამოხმაურების და სოლიდარობის გამოხატვის კუთხით საქართველოს მთავრობა ღიად გააკრიტიკა:

„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს, ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

11 თებერვალი – ირაკლი კობახიძეს ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.  „ამერიკის ხმასთან“ პოდოლიაკმა თქვა: „არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა“.

20 თებერვალი – უკრაინის პარლამენტმა 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავზე, სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოდანაც მიიწვია დეპუტატები. „ქართულმა ოცნებამ“ კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

უმაღლესი საბჭოს წევრების მივლინებები „უცხოური გავლენით“ – პარიზი, კრაკოვი, ამსტერდამი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტების მიზნობრიობასა და დაფინანსებას თუ გადავხედავთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს კითხვა – ისინიც ხომ არ უნდა დაექვემდებარონ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ?

გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საქმიანი ვიზიტით, გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად ან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად მოგზაურობენ.

მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ასეთი მიწვევებისას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ზოგჯერ მხოლოდ მგზავრობისა და დღიური ხარჯის დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან, სხვა დანარჩენს კი: სასტუმროს, კვებას, გადაადგილებას, მასპინძელი ორგანიზაცია აფინანსებს. ხშირ შემთხვევაში ვიზიტები, დღიური ხარჯის ჩათვლით, სრულად არის დაფინანსებული ბიუჯეტიდან. 

ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები შევისწავლეთ, 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით,  რაც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრების მივლინებებთან ერთად წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრების ვიზიტების შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს.

დოკუმენტების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საზღვარგარეთ მივლინებაში ყველაზე მეტჯერ 2019 წელს იმყოფებოდნენ, შემდეგ მათ პანდემიამ ხელი შეუშალა, თუმცა უცხოეთში ვიზიტებს მაინც ახერხებდნენ.

დავით გაბაიძე

დავით გაბაიძე ორი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ის ყველაზე ხშირად პოლონეთში ჩადის. სხვადასხვა დროს საქმიანი ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და გერმანიაში – პოტსდამში.

  • 2019 წელს დავით გაბაიძე პოლონეთში ექვსჯერ ჩავიდა

2019 წლის თებერვალში დავით გაბაიძე პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ჩავიდა, ის აქ 12 იანვრიდან 16 იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა. როგორც მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით ირკვევა, ვიზიტის მიზანი „თანამშრომლობის შეჯამება და არსებული ურთიერთობის გაღრმავება იყო“.

სამივლინებო დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ადგილზე დაბინავების, კვებისა და შიდა გადაადგილების ხარჯი მასპინძელმა მხარემ გაიღო. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის მხოლოდ ჩასვლა- ჩამოსვლის ხარჯი დააფინანსეს.

ვიზიტის ფარგლებში აჭარიდან ჩასულ სტუმრებს სილეზიის სავოევოდოს ტერიტორიაზე, ბესკიდების მთათა ზოლში არსებული სათხილამურო კურორტების გაცნობას და ტურისტული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდნენ.

დავით გაბაიძის ბრძანების შესაბამისად, მასთან ერთად პოლონეთში მისი ყოფილი მოადგილე მერაბ კარანაძე [უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი], მისი კაბინეტის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე და თანაშემწე – ირინა ბერიძე გაემგზავრნენ.

ამ ვიზიტისთვის, მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გზის ხარჯის სახით, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 3 153 ლარი დაიხარჯა. ამაში შევიდა როგორც გზის, ასევე დღიური ხარჯი. კაბინეტის უფროსისა და თანაშემწის ხარჯი კი მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.

28 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ილია ვერძაძესა და ვახტანგ წულაძესთან ერთად ისევ პოლონეთში, ამჯერად ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა. აქ დაგეგმილი იყო შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და სამმხრივი კომისიის სხდომა. უმაღლეს საბჭოს წევრებთან ერთად დელეგაციაში იყვნენ თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი ბერიძე და კახა ფუტკარაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტი. ვიზიტი ვროცლავში 3 მარტს დასრულდა.

აპრილში დავით გაბაიძე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩავიდა, ის აქ 6-10 აპრილს იმყოფებოდა და კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

28 მაისს დავით გაბაიძე ისევ ჩავიდა ვროცლავში, ამჯერად მას სოციალურ-ეკონომიკურ ზონაში – ლეგნიცაში და ინდუსტრიის პარკში დაგეგმილ შეხვედრებში უნდა მიეღო მონაწილეობა. დავით გაბაიძე აქ 2 დღით, 30 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა.

  • პორტუგალია – ქალაქი ფუნშალი/ჩეხეთი-პრაღა/გერმანია-პოტსდამი

2019 წლის ივლისში დავით გაბაიძე პორტუგალიაში, მადეირას ავტონომიურ ოლქში მიიწვიეს Word trevel avard – ის გალა ცერემონიალზე დასასწრებად, სადაც ბათუმი მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთად ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე დავით გაბაიძე 2022 წელსაც იმყოფებოდა ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, მეუღლესთან ერთად. როგორც მთავრობამ განმარტა, ამ ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა და ვიზიტი ბიზნესის წარმომადგენლებმა დააფინანსეს.

აგვისტოში დავით გაბაიძე ჩეხეთის დედაქალაქში ჩავიდა. ის პრაღაში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო ტურში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პრაღაში 11 აგვისტოდან 18 აგვისტომდე პერიოდში იმყოფებოდა.

სექტემბერში დავით გაბაიძე გერმანიაში, პოტსდამში იმყოფებოდა ერთი დღით – 24-ში ჩავიდა და 25-ში დაბრუნდა. 26-29 სექტემბერს კი ის ისევ პოლონეთში, ვროცლავში ჩავიდა.

დავით ბაციკაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  • დავით ბაციკაძის ვიზიტები

დავით ბაციკაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2020 წლის თებერვალში დავით ბაციკაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, 2020 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით კი ის პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენას დაესწრო.

ამ ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან 3 205 ლარი დახარჯეს, ამ თანხაში შედიოდა დღიური დაფინანსება და ღამისთევის ხარჯი. მგზავრობა უმაღლეს საბჭოს არ დაუფინანსებია.

2021 წელს დავით ბაციკაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდა. აქ ის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად, ევროპის რეგიონთა ასამბლეას ეგიდით დაგეგმილ Smart City Expo World კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის განხილვა იყო. ეს ვიზიტი 15 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე გაგრძელდა.

დეკემბერში კი დავით ბაციკაძე ბელგიაში გაემგზავრა, სადაც ბრიუსელში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, სხვა მონაწილეებთან ერთად, თანამშრომლობის შესაძლო სფეროთა საკითხები უნდა განეხილათ.

ეს ვიზიტი უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 3 991 ლარით დააფინანსეს. ამ თანხაში შევიდა როგორც მგზავრობის, ასევე კვების, დღიური და სასტუმროს ხარჯი.

2019 წელს დავით ბაციკაძე მივლინებით შვედეთში, ქალაქ ერებრუში იმყოფებოდა. ვიზიტი უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 1 745 ლარით დააფინანსეს, ეს იყო მგზავრობის, დღიური და ღამისთევის ხარჯი.

2019 წლის 23 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით დავით ბაციკაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლისაბონში, სადაც ის უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი რომანაძესთან ერთად ევროსაბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

  • ვლადიმერ მგალობლიშვილი

ვლადიმერ მგალობლიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ის განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2021 წელს მგალობლიშვილი მივლინებით საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა. როგორც მივლინებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში წერია, მისი ვიზიტის მიზანი ქართველი მხატვრების გამოფენაზე დასწრება და ასევე, ბათუმის შავი ზღვისა და ხელოვნების ფესტივალის სამომავლო გეგმების შესახებ საერთაშორისო მედიებთან შეხვედრებში მონაწილეობა იყო. ეს ვიზიტი 12 თებერვლიდან 14 თებერვლამდე გაგრძელდა და ბიუჯეტიდან 3 406 ლარით დააფინანსეს. ამ შემთხვევაში თანხაში შევიდა როგორც მგზავრობის, ასევე სასტუმროს და დღიური ხარჯი.

ამავე წელს, 15 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ვლადიმერ მგალობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ბარსელონაში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან 4 204 ლარი დაიხარჯა – მგზავრობის, სასტუმროსა და დღიური ხარჯი.

2019 წელს მგალობლიშვილი საქმიანი ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. აქ მან NC Comunikation International -ს მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები კულტურული მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციებსა და კულტურული ორგანიზაციების მართვის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებასაც ითვალისწინებდა.

  • ილია ვერძაძის ვიზიტები

2019 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე საქმიანი ვიზიტით პოლონეთში – ქალაქ ვროცლავში, უკრაინაში – ქალაქ ლვოვში და ნიდერლანდებში – ჰააგაში იმყოფებოდა. ჯამში ამ ვიზიტებისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 4 700 ლარი დაიხარჯა.

ილია ვერძაძე

უკრაინაში ილია ვერძაძე რეგიონული განვითარების პარტნიორობის ფორუმს დაესწრო, სადაც ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ჰააგაში კი ის უნდა დასწრებოდა საერთაშორისო სემინარს – „მშვიდობა და თავისუფლება ჰოლანდიას.“

ილია ვერძაძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ლვოვში 2021 წელსაც იმყოფებოდა.

საერთო ჯამში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2019 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში ბიუჯეტიდან 59 792 ლარი დახარჯეს; 2020 წელს – 14 000-მდე ლარი; 2021 წელს, პანდემიის პირობებში, 32 692 ლარი დაიხარჯა; 2022 წლის მაისის ჩათვლით მონაცემებით კი 2 358 ლარით უმაღლესმა საბჭომ დავით თედორაძეს მალტაში ვიზიტი დაუფინანსა.

____________

მთავარ ფოტოზე: დავით გაბაიძე კრაკოვში. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო/facebook

„დაგვიტოვეთ სპორტული მოედანი“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ ვითხოვთ სპორტული მოედანი დაგვიტოვონ,“ – ამბობს თამარის დასახლებაში, დევნილების კორპუსების მახლობლად მცხოვრები დავით ბერიძე. აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა დღეს, 23 თებერვალს, მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცეს მიწის მესაკუთრე კომპანიის ტრაქტორს. ადგილზე იყო პოლიციაც.

„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, რომ მიწას გაყიდდნენ იმ პირობით, რომ მოედანი მოედნად დაგვრჩებოდა და პირიქით, კეთილმოაწყობდნენ. ახლა კი, ტექნიკა პირდაპირ მოედნის ადგილზე იწყებს მუშაობას“, – ამბობს დავით ბერიძე.

თამარის დასახლებაში, ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორია კერძო კომპანია „ნაზილბეს“ საკუთრებაშია. ამ კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს.

„ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოიჩენს კეთილ ნებას, მერია აუცილებლად განიხილავს აღნიშნულ პროექტს“, – მოგვწერეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესცენტრიდან.

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, N 52-ში, 42 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზეც სტადიონიც მდებარეობს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე 1 861 500 ლარად, უპირობოდ გაყიდა. ტერიტორიის მესაკუთრეა შპს „ნაზილბე++“.

„ჩვენი უფროსი თაობა მუშაობდა ბითმაჟის ქარხანაში, დაგვპირდნენ, რომ მოგვცემდნენ ბინებსაც, მაგრამ შემდეგ პირობა არ შეასრულეს,“ – აღნიშნა დავით ბერიძემ „ბათუმელებთან“. ათეულობით ოჯახი ამ ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ ფართობებში ცხოვრობს.

ეს მოქალაქეებს აიძულებს, გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც დარჩება ასობით ათას რუსს – ისტორიკოსი

ხელისუფლება აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, აგენტად მიიჩნევა.

რას ნიშნავს აგენტის იარლიყი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს.

  • ხელისუფლება, ვგულისხმობ უმრავლესობის ლიდერებს, ამბობს, რომ ტერმინ აგენტს არ აქვს უარყოფითი მნიშვნელობა და ეს უწყინარი სიტყვაა. მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორც ისტორიკოსის, საბჭოთა წარსულის მკვლევრის, რეალურად რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას პოსტსაბჭოთა ქვეყანაში?

ძალიან მარტივი უნდა იყოს საღად მოაზროვნე უმრავლესობისთვის, რომ ეს არის სრული დემაგოგია. კალკით გადმოაქვთ ყველაფერი, რაც რუსეთში უკვე გამოცდილია და ჰგონიათ, რომ აქაც იმუშავებს.

რეალურად ეს უკიდურესად დამამცირებელი, სახიფათო და საშიში ტერმინია ტოტალიტარული, საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი არსებობიდან გამომდინარე. ეს თაობებს აქვთ უკვე გამჯდარი და ეს კანონმდებლობაც და ეს კამპანიაც – საღად მოაზროვნე, პატიოსანი ადამიანების დევნის წამოწყება ამ კანონით, ზუსტად ამას ემსახურება.

საბჭოეთის დროს ასიათასობით ადამიანი არის განადგურებული ზუსტად ამ რიტორიკით, რომ ისინი არიან უცხო სახელმწიფოს აგენტები, ან კონკრეტული სახელმწიფოების – საფრანგეთის, იაპონიის და ა.შ.

ეს კუდიანებზე ნადირობის კამპანიაა. ნებისმიერი ადამიანისთვის საქმის შეკერვა, ჯაშუშის და აგენტის იარლიყის მიწებება არის ის, რაც წინა თაობებმა გადმოცემით მაინც იციან.

ეს რიტორიკა კარგად იყო ცნობილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებამდე, ეს უკვე გავლილი აქვს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ მმართველ რეჟიმს ახლა უნდა ეს ისევ დააბრუნოს, ჰგონია, რომ ამას შეძლებს და რახან წამოიწყეს, დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ კიდეც.

ცხადზე ცხადია, რატომ კეთდება ეს და რა იქნება ამის შედეგი.

  • რა იქნება ამის შედეგი, თქვენი აზრით? ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საჭიროა მეტი გამჭვირვალობისთვის, თუმცა, ცხადია, მისთვის ცნობილია ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების შესახებ. რა არის ამ კანონის რეალური მიზანი და შედეგი, რაზე გასვლასაც ცდილობს მთავრობა?

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფაქტობრივად ცივი ომის ერთ-ერთი აქცია, ასე ვთქვათ, რუსული სტრატეგიული წარმატებისთვის საქართველოში.

ის, რაც რუსეთმა სხვაგან ვერ შეძლო ანალოგიური და ღია სამხედრო მეთოდებით, ახლა აქ უნდა განახორციელოს დაჩქარებული ტემპებით. ეს გულისხმობს საქართველოს დასავლეთთან კავშირის ჩახსნას.

დასავლეთთან თანამშრომლობის და ინტეგრაციის წლობით ნაშენი პროცესი, ფაქტობრივად, დიპლომატიური კუთხით უკვე გააჩერეს. ერთადერთი ძაფი, რაც ჯერ კიდევ არსებობს და გავლენის მქონეა, არის ის, რომ საზოგადოება არის ინტეგრირებული, საზოგადოება იზიარებს ღირებულებებს და ძალიან აქტიური ფორმატები სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული წრეების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და უამრავ სფეროში, ორგანულად არის დაკავშირებული დასავლურ ცივილიზაციასთან.

ეს მისი ნაწილია და შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოების, ამ სეგმენტის მხრებზე დგას ის, რომ ჩვენ დღეს მაინც ვართ დასავლური საზოგადოება.

აი, ეს უნდა მოისპოს, რისი გზაც არის, პირველ რიგში, ფინანსურად ჩაჭრა ამ თანამშრომლობის და არხების.

პოსტტოტალიტარულ საზოგადოებაში დიდხანს ვერ ხერხდება ქვეყანაში გაჩნდეს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი დაფინანსების კულტურა. ამას სჭირდება ათწლეულები და თაობები. ამ ვაკუუმს აკომპენსირებენ მოკავშირეები, დასავლური სახელმწიფოები, რომელთა იდეა არის დემოკრატიის, განვითარების, კეთილდღეობის, ადამიანის უფლებებზე, ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ხელშეწყობა.

შესაბამისად, სამოქალაქო, სათემო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების, საუნივერსიტეტო კვლევითი სექტორის განვითარება დიდწილად დამოკიდებულია დასავლურ ფინანსურ დახმარებაზე.

ამის ჩაჭრა ფიზიკური ლიკვიდაციის პირველი ფაზაა.

ვინც არ შეეგუება საკუთარი თავის აგენტად გამოცხადებას და ამ სუფთა საბჭოთა რიტორიკაში ცხოვრებას, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფინანსური სანქციებით, გადარჩენილებს მაქსიმალურად მალე გაანადგურებენ – იძულება, რომ ფიზიკურად გაეცალონ იმ გარემოს, სადაც არ აძლევენ თავისუფლად ცხოვრების, მუშაობის, აზროვნების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საშუალებას.

ეს რუსეთში უკვე მოხდა და ამის მაგალითი გვაქვს ცხვირწინ, არ სჭირდება მარჩიელობა, რა როგორ იქნება.

აი, ეს არის სტრატეგიული მიზანი, ამას აკეთებს რუსეთის სატელიტი რეჟიმი იმ გათვლით, რომ ის ინარჩუნებს ძალაუფლებას, სხვა ყველაფერს აკონტროლებს. ერთადერთი დარჩა სამოქალაქო სექტორი, მედიის ნაწილი, რომელიც არ ემორჩილება მმართველ რეჟიმს და პოლიტიკური პარტიების მცირე ნაწილი.

აი, ამათ წინააღმდეგ დიდი, ერთობლივი შეტევის და განადგურების კამპანიის ნაწილია ეს ყველაფერი, რუსეთის დაკვეთით ზურგგამაგრებული.

ამის ფონზე ჩვენ გვაქვს სრული ღია კარის პოლიტიკა და სასათბურე პირობები რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში. ჩემი აზრით, ესაა ოკუპაციის და კოლონიზაციის ცხადი პროექტი, როდესაც მმართველი, ფაქტობრივად უკვე რუსული, ღიად დეკლარირებული რეჟიმი, რომელსაც ხელში უჭირავს ძალის აპარატი, პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები, აშთობს ბოლო დარჩენილ თავისუფალ სივრცეებს და მოქალაქეების დიდ ნაწილს აიძულებს, უბრალოდ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან, გაეცალონ ამ უპერსპექტივო სივრცეს და დე ფაქტო დარჩეს ის უმრავლესობა, ვისზეც ვილაპარაკეთ – ეს არის რუსეთის ასობით ათასი და მილიონობით მოქალაქე.

შეიძლება ითქვას, ეს არის თანამედროვე, დაჩქარებული რეკოლონიზაცია და ფაქტობრივი ოკუპაცია, როცა შეიძლება რუკაზე დარჩეს ქვეყანა, მაგრამ რეალურად იყოს ყოფილი ქვეყანა, უკვე იზოლირებული, მომაკვდავი, უპერსპექტივო რუსეთის ნაწილი, ისევე, როგორც თითზე ჩამოსათვლელი მარიონეტული რეჟიმები, ისეთი, როგორიცაა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.

  • ტერმინს რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, იქნება თუ არა საზოგადოებისთვის ეს დამაჯერებელი? 

საზოგადოების უმრავლესობის დაჯერება-არ დაჯერებაზე არ არის საუბარი. ეს არის ინსტრუმენტი ამ რეჟიმის ხელში, რომელიც ამას გააკეთებს, რომ პროცედურულ ჩარჩოში მოაქციოს მისი ოპონენტების განადგურება.

ხელისუფლებას აქვს პროპაგანდის ასევე რუსული მანქანა, ჰყავს სეგმენტი საზოგადოებში, ალბათ 15-20 პროცენტი, ორთოდოქსულად მისი მორჩილი და მისი არსებობით სასიცოცხლოდ დაინტერესებული და, ასევ ვთქვათ, გარანტორი. ასევე, მთელი სახელმწიფო აპარატი, ცენტრალურიდან დაწყებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩათვლით, რომელიც სხვა მიზანს აღარ ემსახურება უკვე, გარდა პროპაგანდისა და რეჟიმის სასარგებლოდ ვირტუალური რეალობის შექმნის, რომ თითქოს ეს უმრავლესობის მმართველობაა.

თუმცა ეს ასე არ არის. ესაა უმცირესობის და რუსული სენტიმენტების მქონე უმცირესობის მმართველობა. ცხადად ჩანს, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის დასავლური და ანტირუსული კურსის და განწყობის.

შესაბამისად, ტერმინს ვინ როგორ მიიღებს და ეს როგორ შეფასდება, ამას არანაირი გავლენა და მნიშვნელობა არა აქვს.

ეს ტერმინი მოიაზრება იმ პროცედურების ნაწილად, რომელიც პირდაპირ იმ მიზანს ემსახურება, რაზეც ვისაუბრეთ – მონიშვნა, გაუქმება, იძულება ამ სექტორის, რომ თავი დაიმციროს, პირველი კომპრომისი გააკეთოს სინდისთან და შემდგომ ეს გახსნის გზას, რომ მათი უკვე ლეგიტიმური განადგურება გაგრძელდეს.

  • დაახლოებით ათი წლის წინ ალბათ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ეს რეალობა გვექნებოდა, ვგულისხმობ ამ კანონპროექტს და ბევრ სხვა მოვლენას. თქვენი აზრით, როგორ მოვედით აქამდე, როგორ მოახერხა მმართველმა პარტიამ, რომ ეს რეალობა შექმნა, რაშიც ახლა ვართ?

პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკური ძალა, კოალიცია იქნება ეს თუ ნებისმიერი, რომელსაც წინასაარჩევნო დაპირებად აქვს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე საკითხი და პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის, გასაგებია ვინ არის, რისთვის მოდის და რას გააკეთებს.

ეს იმთავითვე ცხადი იყო.

ამ პოლიტიკური ძალის არქიტექტორის წარსულიდან, ღირებულებებიდან, საერთო კულტურის დონიდან გამომდინარე ცხადზე ცხადი იყო, რომ რუსი ოლიგარქი, რუსული ოლიგარქიული სისტემის ნაყოფი დასავლური დემოკრატიული, სუვერენული საქართველოს პოლიტიკური ლიდერი ვერ გახდებოდა და ეს არის „ორჯერ ორი ოთხი“, მაგრამ სანამ ურემი არ გადაბრუნდა, საზოგადოების ნაწილმა ამას ვერ გაუსწორა თვალი.

დანარჩენი იყო ტექნიკის და დროის ამბავი, რა დრო დასჭირდებოდა ამის რეალიზებას. ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც იყო რეალური დღის წესრიგი ამ პოლიტიკური ძალის, მათ გააკეთეს.

ის დაპირებები, რაც ცხადად გამოფინეს 2012 წელს, ნამდვილად შეასრულეს – საქართველო აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე როგორც თემა, პრობლემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოს სუვერენიტეტი აღარ ხვდებოდა რუსეთს როგორც პრობლემა და საკითხი, რომელიც მას დისკომფორტს შეუქმნიდა.

ფორმატები, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო მკაფიოდ და სტაბილურად წარმოდგენილი იგივე უკრაინასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ განადგურდა, თავდაცვა და უსაფრთხოება რას დაემსგავსა. ცხადია, და ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა.

2018-2019 წლებიდან, როდესაც უკვე ძალიან სწრაფი ნაბიჯები იყო გადასადგმელი, საზოგადოების ნაწილმა, რომელიც იქამდე ამას ვერ გრძნობდა და რაღაც ილუზიებში იყო, დააფიქსირა საგანგაშო სიმპტომები, რომ აღმოვჩნდით რუსულ პროექტში, ცხადად და შეულამაზებლად.

რომ არა უკრაინა და უკრაინის სასწაული გმირობა, რაც გრძელდება ჩვენ თვალწინ და, ფაქტობრივად, ახალი სამყაროს არქიტექტურა ჩნდება, დარწმუნებული ვარ, ეს ინტერვიუც ვერ შედგებოდა. შეიძლება არც თქვენი გამოცემა ყოფილიყო უკვე და არც მე აქ ვყოფილიყავი აქ და ახლა.

ამ სცენარისთვის, რისი განხორციელებაც იყო რეალური ამოცანა „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის, უკვე გამორიცხული იყო, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი აქტორები – თავისუფალი მედია, დასავლური სივრცის ორგანული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. ეს ყველაფერი ფიზიკურად უნდა გამქრალიყო. შორს რომ არ წავიდეთ, როგორც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი აქტორების სიაში ჩვენი ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო 2021 წლის ბოლოს [2021 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, ასევე „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, რადიო „თავისუფლება“ და სხვა ქართული გამოცემები „საბჭოთა წარსულის საწინააღმდეგო პროპაგანდაში“ დაადანაშაულა].

გასაგებია ხომ, უკრაინაში რუსეთის გეგმები ისე რომ წარმართულიყო, როგორც რუსეთს ჰქონდა დაგეგმილი, საქართველოში რა სცენარი იქნებოდა?! პოსტფაქტუმ, ასეთ მოცემულობაში ამისთვის თვალის გასწორება კი, სასარგებლოა და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ლოგიკა შეიძლება გამოგვეცნო, ამაზე უფრო ადრე დაგვეწყო საუბარი და მოქმედება.

ვართ უკიდურესად წამგებიან და რთულ სიტუაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ათი წელი სხვა არაფერზე არ იხარჯებოდა სახელმწიფო რესურსი და სტრუქტურების შრომა, გარდა იმ ამოცანის შესრულებისა, რაზეც ვისაუბრეთ – სრული ჩახსნა, ნეიტრალიზება, გამოშიგვნა, საქართველოს დასავლეთთან რეალური ინტეგრაციის აუნაზღაურებლად დათმობა ნაცვლად იმისა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც რუსეთის პოზიციები ირყევა, მისი გავლენა სუსტდება, ამით საქართველომ ისარგებლოს, დააღწიოს თავი მთავარ საფრთხეს და ისეთი ხანგრძლივი, სტაბილური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შეაღწიოს, როგორიცაა ევროსტრუქტურები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა.

„არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტი? – რატომ გაუშვეს სამსახურიდან აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი

აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მისი მოადგილე მინდია ქათამაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დეპარტამენტის უფროსის მოლდოვაში ვიზიტი გახდა, მისი მოადგილე კი, მინისტრის გინებისთვის გაათავისუფლეს.

„ჭორებს შევეშვათ, არანაირი მიზეზი არ ყოფილა,“ – ასე გვიპასუხა ლაშა ჩავლეშვილმა, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა, როცა მას მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით ვკითხეთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან გათავისუფელაბა  მოლდოვაში ვიზიტს უკავშირდება, რამაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გააბრაზა.

სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი, ირმა ნიჟარაძე 21 თებერვალს უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა. დეპარტამენტის ახალი უფროსი თორნიკე რიჟვაძის ადმინისტრაციის უფროსის, თინა ზოიძის დეიდაშვილია.

„გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მოვაწყობ ფედერაციებთან და იქ ყველა კითხვას ვუპასუხებ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლაშა ჩავლეშვილმა. მედიასთან დუმილი არჩია მინდია ქათამაძემაც, ის ლაშა ჩავლეშვილის მოადგილე იყო. მან ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ლაშა ჩავლეშვილს აჭარის მთავრობაში უთხრეს, რომ მოლდოვაში მივლინებით არ უნდა წასულიყო, თუმცა ის მაინც წავიდა. ინფორმირებულმა პირებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სწორედ „არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტის გამო გაათავისუფლეს ჩავლეშვილი თანამდებობიდან.

ასევე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა ჩავლეშვილის გათავისუფლების შემდეგ მისმა მოადგილემ, მინდია ქათამაძემ იმის გამო შეაგინა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომ დეპარტამენტის უფროსად სხვა დანიშნეს და არა თვითონ.

დადასტურებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირების დროს სამინისტროში პოლიცია გამოიძახეს.

შს სამინისტროში არ გვითხრეს, დაიწყო თუ არა ამ ფაქტზე გამოძიება ან მოკვლევა მაინც.

აჭარის სპორტის დეპარტამენტის პრესცენტრმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ლაშა ჩავლეშვილი და მინდია ქათამაძე თანამდებობიდან.

„მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით დაუკავშირდით თავად ლაშა ჩავლეშვილს, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“, – გვითხრა აჭარის სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

აჭარის განათლების სამინისტროს, ასევე სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურებში დაგვიდასტურეს, რომ ლაშა ჩავლეშვილი და მინდია ქათამაძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ და ეს მათი სურვილით არ მომხდარა.

ეს ვუთხარით ლაშა ჩავლეშვილსაც, რომელმაც სამსახურიდან გაშვების მიზეზად გვითხრა, რომ „შესვენება დასჭირდა“.

„ცოტა ხნით შესვენება დამჭირდა…. 11 წელი ცოტა არ არის,“ – გვითხრა ლაშა ჩავლეშვილმა, დაგვემშვიდობა და ტელეფონი გამორთო.

საჯარო უწყებაში მიმდინარე პროცესზე ინფორმაციის მოწოდებაზე უარი თქვა სპორტის დეპარტამენტის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ირმა ნიჟარაძემ.

ჯერჯერობით ვაკანტურია სპორტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის პრესცენტრს ჰკითხა, რამდენად უკავშირდება „არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტი სპორტის დეპარტამენტის უფროსის გათავისუფლებას. პრესცენტრში განაცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას.

ლაშა ჩავლეშვილი შემჩნეულია იმ აქციებში მონაწილეობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ.

______________________________________

ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი – ლაშა ჩავლეშვილი, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა ნიჟარაძე – აჭარის სპორტის დეპარტამენტის ახალი უფროსი, ბადრი ნაკაშიძე – აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, მინდია ქათამაძე – აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე.

როგორ ამოვიცნოთ დისბაქტერიოზი – ექიმის რჩევები

ადამიანის კუჭ-ნაწლავში „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიები მიკრობიომს, იმავე მიკროფლორას ქმნიან, ბაქტერიების ბალანსის დარღვევას კი დისბაქტერიოზი ეწოდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ დისბაქტერიოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არასათანადო კვებაა.

  • ქალბატონო თამარ, რა არის დისბაქტერიოზი?

დისბაქტერიოზი იგივე დისბიოზი არის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დისბალანსი. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სასარგებლო ბაქტერიების განადგურებით. დისბაქტერიოზს ახასიათებს სეზონურობა, ის უფრო ხშირად ზაფხულის პერიოდში ვითარდება, მაგრამ წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვხვდეს. 

დისბიოზი შეიძლება იყოს სამი სახის: სასარგებლო ბაქტერიების დაკარგვა; პოტენციურად პათოგენური ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა და  ბაქტერიების საერთო მრავალფეროვნების, ანუ ორივე ტიპის ბაქტერიების კარგვა. ხშირად ვითარდება სამივე ერთად.

  • რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები?

დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზებია ნაწლავური ინფექციები, მაგალითად, ფერმენტოპათია [კუჭში რომელიმე ფერმენტის სრული უქონლობა, მისი აქტივობის დაქვეითება], ალერგიული დაავადებები; ავტოიმუნურ დაავადებებსაც საკმაოდ ხშირად ახასიათებს დისბაქტერიოზი; მიზეზი შეიძლება გახდეს არაჯანსაღი ცხოვრების წესი; ანტიბიოტიკების ხშირი და გადაჭარბებული მოხმარება. ასევე, მნიშვნელოვანია სტრესის ფაქტორი და გენეტიკური ფაქტორები.

  • არაჯანსაღი ცხოვრების წესში არასწორი კვება იგულისხმება?

დიახ, ცხოვრების არაჯანსაღ წესში პირველ რიგში სწორედ კვებითი ფაქტორი განიხილება, როდესაც ძირითადად ვიკვებებით ცხიმიანი საკვებით, ნაკლებად – ბოსტნეულით, ხშირად ვიღებთ ცხარეს, მჟავეს. ეს ყველაფერი თავის მხრივ თრგუნავს ნაწლავის მიკროფლორას, რადგან ასეთი კვების დროს ვერ ხდება ნორმალურად ათვისება იმ მინერალების, რომლებიც ადამიანს სჭირდება და რომელიც საკვებიდან მიიღება.

  • რა სიმპტომები ახასიათებს დისბაქტერიოზს?

ზოგადად, უშუალოდ დისბაქტერიოზისთვის დამახასიათებელი არ არის რაიმე სპეციფიკური კლინიკური სიმპტომი. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევით, როგორიც არის გულისრევა, გულძმარვა, აგრეთვე აირების დაგროვება ანუ შებერილობა, საკვების მოუნელებლობის შეგრძნება.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ნაწლავების მოქმედება მოწესრიგებული ჰქონდეს, ამ ფონზე მაინც აღენიშნებოდეს შებერილობა ნაწლავებში. უხშირეს შემთხვევაში დისბაქტერიოზის გამოვლინება ეს არის ფაღარათი, გახშირებული მოქმედება.

  • რას მოიცავს მკურნალობა?

მკურნალობაში ოქროს სტანდარტია ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატების – პრობიოტიკების გამოყენება. ისინი შეიცავენ იმ ცოცხალ ბიფიდო-ბაქტერიებს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორისთვის აუცილებელია, რათა ნორმალურად შეიწოვოს მიღებული საკვები და გადაამუშაოს ის. ანუ პრობიოტიკები აღადგენენ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, ქმნიან დამცავ ბარიერს და აქვთ წინააღმდეგობრივი უნარი ნაწლავში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.

იმის მიხედვით, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, მკურნალობაში ერთვება ანტიბიოტიკები.

  • როგორია ამ დროს კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები?

პირველ ეტაპზე, როცა ეს მწვავე პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცესს თან ერთვის ფაღარათი, პაციენტმა უნდა დაიცვას მკაცრი დიეტა, რაც გულისხმობს პირველ რიგში საკვების მოხარშული ფორმით მიღებას, რაციონიდან მწარე, მჟავე, ცხიმიანი და ტკბილი საკვების ამოღებას.

შემდეგ ეტაპზე, როცა შედარებით უკეთესად გრძნობს თავს ადამიანი, არა აქვს ფაღარათი, უნდა მიღოს უჯრედისით მდიდარი საკვები, რაც გულისხმობს საკვებს, რომელიც მდიდარია ცილებითა და ნახშირწყლებით.

მდინარაძემ ქართველ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ნაკაიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ „რადიკალური ისლამიზმის მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში, საიდან რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ?…“

ტარიელ ნაკაიძის თქმით, მსგავსი განცხადება საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაა. მისი თქმით, მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს და რუსულ კანონპროექტს ერთმანეთს უკავშირებს.

„ამ განცხადებით ბატონი მდინარაძე მართლაც და ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური.

მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა  რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური  ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა“, – ამბობს ნაკაიძე.

მისი თქმით, თუ აქამდე საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას „ქართული ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

„პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არამუსლიმს.

ასევე, მინდა მივმართო ამ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, სოზარ სუბარს, განმარტოს თავისი თანაგუნდელის მიერ წარმოთქმული ტერმინი, რას ნიშნავს რადიკალური ისლამიზმი. ეთანხმება თუ არა ასეთ გამოთქმებს. მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის.

აისისის მუქარის ადრესატი არაერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?

თუმცა ყველაფერი ნათელია, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ

ქობულეთში ზღვაში ადამიანს ეძებენ. ინფორმაცია ერთი პირის ზღვაში გაუჩინარების შესახებ „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა. პრესცენტრის თქმით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარს აცხადებენ.

TV25-ის ინფორმაციით კი, ზღვაში ორი გოგო ძაღლის გამოსაყვანად შევიდა. აქედან ერთმა გამოცურა ნაპირზე, მეორემ კი ვერ შეძლო გამოსვლა.

უკრაინელები ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს ბახმუტთან – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 23 თებერვლის ანგარიშში ბრძოლის ველზე მდგომარეობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო 48 საათის განმავლობაში გრძელდება მძიმე ბრძოლა ბახმუტის სექტორში. უწყების ცნობით, ამ სექტორში, მიუხედავად რუსების ექვსკვირიანი ალყაში მოქცევის აქტიური მცდელობისა, უკრაინელები კვლავაც ღიად ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს დასავლეთისკენ.

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ სამხრეთ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ვუჰლედარი კვლავაც მძიმე დაბომბვის ქვეშაა. დაზვერვის შეფასებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ამ არეალში კიდევ ერთი შეტევისთვის ემზადება, მიუხედავად 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის თებერვლის დასაწყისში განცდილი მძიმე წარუმატებლობისა.

ბრიტანელი სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ ვუჰლედარის ოპერაციაზე პასუხისმგებელი რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ჯგუფია. მისი მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი რუსტამ მურადოვი, სავარაუდოდ, ინტენსიური ზეწოლის ქვეშაა, რათა გააუმჯობესოს შედეგები წინა წარუმატებლობის გამო რუსული ნაციონალისტური საზოგადოების მკაცრი კრიტიკის შემდეგ.

„თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მურადოვს გარღვევის მისაღწევად საჭირო შემტევი ძალა ჰქონდეს” – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 23 თებერვლის ანგარიშში.

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს.

სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს.

სკეიტპარკი ახალ ბულვარში / რენდერი პროექტიდან

„ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან ითხოვს მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

  • „2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, არანაკლებ IV კლასის პროექტების (გარდა დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, შეკეთების და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოებისა) დღგ-ს ჩათვლით, ღირებულებით არანაკლებ 2 919 872 ლარის ოდენობით;
  • წარმოდგენილი უნდა იქნას არანაკლებ IV კლასის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი ელექტრონული ტენდერის სატენდერო ნომრების მითითებით;
  • თუ ხელშეკრულებების რეესტრში მითითებულია არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია ამ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას არანაკლებ IV კლასის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტები/შესრულებული სამუშაოს აქტი;
  • მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი (შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის სპეციალისტი), რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მინიმუმ 1 სკეიტპარკის მშენებლობის სამუშაოებში.“

აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა ბულვარის ადმინისტრაციას 2023 წლის 28 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ.

სკეიტპარკი ახალ ბულვარში / რენდერი პროექტიდან

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ბულვარის ადმინისტრაციამ სკეიტპარკის პროექტზე ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ გენადი ბორისოვთან 2022 წლის 11 ოქტომბერს გააფორმა. ბორისოვი უკრაინის მოქალაქეა და მას ბულვარმა პროექტის მომზადებაში უკვე გადაუხადა 106 200 ლარი.

წითელი ხაზით მონიშნულია ტერიტორია ახალ ბულვარში, სადაც სკეიტპარკი უნდა მოაწყონ

ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში შტორმის დროს ნაპირის ნგრევა გრძელდება. დანგრეულ ტერიტორიებს და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ბულვარის ადმინისტრაციაში თავის დროზე განაცხადეს, რომ აღდგენა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა სანაპირო ზოლში ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოები დასრულდება.

„ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სკეიტპარკის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე“ კონკურსი ბულვარის ადმინისტრაციას 90 660 ლარით [დღგ-ს გარეშე] ჰქონდა გამოცხადებული:

ახალ ბულვარში სკეიტპარკს მოაწყობენ, რომელიც მიწის დონის ქვემოთ იქნება – კონკურსი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 145 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 790]
  • ტანკი – 3 350 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 6 593 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 2 352 ერთეული [+7]
  • MLRS – 471 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 244 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 029 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 215 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 228 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 23 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 387 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 222 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 994 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 038 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 189 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 501 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი

თოვლით დაფარული სკოლა ხულოში – დანისპარაულში სასწავლო პროცესი შეფერხდა

მაღალმთიან აჭარაში ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში დიდთოვლობის გამო სწავლა შეფერხდა.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ დანისპარაულის სკოლის მოსწავლეების მშობელმა დაუდასტურა. სკოლის 2 მოსწავლის მამის თქმით, ოჯახი სკოლასთან ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მისი შვილები დღეს, 22 თებერვალს, სკოლაში დიდთოვლობის გამო ვერ წავიდნენ და ამავე მიზეზით, სასწავლო პროცესი სკოლაში შეფერხდა.

„ბათუმელებმა“ დანისპარაულის სკოლის დირექტორთან სცადა დაკავშირება დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დანისპარაულის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, სოფელში ერთი კვირა შეწყვეტილია საბავშვო ბაღის მუშაობაც.

შეფერხდა თუ არა დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც? – ინფორმაციის დასაზუსტებლად ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს დავუკავშირდით, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

________________________

მთავარ ფოტოზე: დანისპარაულის საჯარო სკოლა. 21.02.2023წ. 

რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი

რა შემთხვევაში შეეხება რუსული კანონი ემიგრანტებს ან სხვა ფიზიკურ პირებს, თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღებს ღირსების შემლახავ კანონს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ?

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა და ისეთივე გაგრძელება მიიღო, როგორც რუსეთში, „აგენტის“ სახელით დევნის ობიექტი გახდებიან არა მარტო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც, ვინც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიიღებს თანხას, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრისგან.

„დღეს შემოთავაზებული ვარიანტით, „უცხოეთის გავლენის აგენტი“ ჯერჯერობით იურიდიული პირია, მაგრამ თუ მომავალში ეს გავრცელდება ფიზიკურ პირზე, ისევე როგორც რუსეთში მოხდა, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და გადმოურიცხავს კონკრეტულ ფიზიკურ პირს ფულს, ეს კანონი გავრცელდება მასზეც“, – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად შესაძლოა იმ შემთხვევაშიც გამოცხადდეს ფიზიკური პირი, თუ მას ოჯახის წევრი ჩამოურიცხავს თანხას უცხოეთიდან, მაგრამ ამ ოჯახის წევრს აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

„ასეთი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან ეთნიკური ქართველები, რომლებიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შესაძლოა აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. თუ ისინი გადმორიცხავენ ფულს, ჩაითვლებიან უცხო ძალად ამ კანონის მიხედვით.

ასე მოხდა რუსეთში, როცა 2020 წელს შევიდა კანონში ცვლილება და „უცხოურ აგენტებს“ გაუთანაბრეს ფიზიკური პირებიც და „აგენტად“ წოდებულ პირებთან აფილირებული პირებიც კი“, – ამბობს კორძაია.

უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის კანონი რუსეთში იმ პირებზეც კი გავრცელდა, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ.

„ეს აუცილებლად მივა ინტერნეტის დაბლოკვამდეც. ზუსტად ასე დაიწყო რუსეთში 2012 წელს, მაგრამ შემდეგ, კანონის ხარვეზის გამოსწორების და კანონის აღსრულების მიზნით პერიოდულად შეჰქონდათ ცვლილებები“, – ამბობს კორძაია.

რუსული კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული პირი, რომელიც ფინანსდება დონორი ორგანიზაციებისგან და არ დარეგისტრირდება, როგორც „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი“, 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„რა მოხდება მაშინ, თუ გადაიხდის ამ ჯარიმას ორგანიზაცია და მაინც არ დარეგისტრირდება აგენტად? აი, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება იტყვის, რომ კანონის გამკაცრების მიზნით უნდა შეიტანოს ცვლილება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივა ყველაფერი ფიზიკურ პირებამდეც.

და ეს იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც კრიტიკულ მედიასაშუალებაში თუ ორგანიზაციაში მუშაობს. მას ჯერ მიაკერებენ აგენტის სტატუსს და მერე თუ ის არ დარეგისტრირდება აგენტად, აუკრძალავენ საქმიანობას“, – ამბობს კორძაია.

მისი თქმით, ორივე შემთხვევაში აღნიშნული კანონი დამაზიანებელია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის.

„რადგან, თუ აგენტს დაიწერ, შენი რეპუტაცია საზოგადოების თვალში განადგურებულია და მისთვის ხდები მიუღებელი. ლევან ბერძენიშვილმა ახსნა, სხვათა შორის, ეს კარგად, როდესაც მას ასევე მიაკერეს რუსეთის აგენტის იარლიყი და წლები დასჭირდა, რომ ადამიანებს ეს დაევიწყებინათ. ზოგიერთი კი დღემდე ეძახის მას აგენტს.

ჩვენ ვართ კომუნისტური-ტოტალიტარული მემკვიდრეობის ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით, ეს როგორ მუშაობს. ამიტომ დევნის ობიექტი გახდებიან აგენტად წოდებული ადამიანების ოჯახის წევრებიც. ამიტომ აპელირებს ვენეციის კომისია ამაზე, რომ ნეგატიური კონოტაცია აქვს ამ ტერმინს და მასტიგმატიზირებელი სახელწოდებაა“, – გვეუბნება თამარ კორძაია.

მისი თქმით, გარდა ამისა, უამრავი კეთილი საქმე, რომელიც უცხოური დაფინანსებით კეთდება დღეს საქართველოში, იქნება ეს სამეცნიერო საქმიანობა, სამართლის განვითარება, კულტურა თუ სხვა, გაჩერდება, ადამიანები კი დაკარგავენ სამსახურს და, შესაბამისად, ხელფასსაც.

„ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანები სახელმწიფოდან მიდიან არა იმიტომ, რომ აქ თავს ვერ ირჩენენ და საჭმლის ფული არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება არ ეძლევათ.

ასე მოხდა რუსეთშიც და აქედანაც დაიწყება ტვინების გადინება. 30 წელი რასაც აშენებდნენ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში და ეგონათ, რომ დემოკრატიის მშენებლობისთვის ნაბიჯებს დგამდნენ, უცებ წყალში ჩაიყრება“.

„უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი მოქმედებს მხოლოდ რუსეთში და მიიღო უნგრეთმაც, რომელიც ვენეციის კომისიამ და სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასეს.

____________________

მსგავს თემაზე:

რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს

უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი

აქსანა ჟემიაკინა გასული წლის მარტში სამ შვილთან ერთად საქართველოში უკრაინიდან ომს გამოექცა. უკრაინა ავტობუსით დატოვა, ჯერ ბულგარეთში ჩავიდა, მერე – რუმინეთში და ბოლოს – თურქეთში.

აქსანა და მისი შვილები ახლა საქართველოში ტურისტული ვიზით არიან. საქართველოში ყოფნის ერთი წელი 18 მარტს უსრულდებათ. 18 მარტის შემდეგ მათი საქართველოში ყოფნა არალეგალური იქნება.

„თბილისში, უკრაინის საელჩოში, შეიძლება პასპორტების გაკეთება, მაგრამ ძალიან დიდი რიგია. ბათუმიდან სამი ბავშვით რომ ჩავიდე, შეიძლება იმ დღეს არც მომიწიოს რიგი. ხარჯებია ასევე, რომლის გაღებაც არ შემიძლია. არ იფიქროთ, რომ ბავშვებით ვსპეკულირებ, უბრალოდ ესაა რეალობა, რომელსაც შევეჯახე. ჩემს სიტუაციაში საქართველოში მყოფი ასობით უკრაინელია, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ,“ – უთხრა აქსანამ „ბათუმელებს“.

საქართველოს უკრაინასთან აქვს სავიზო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ყოფნა 365 დღით უვიზოდ შეუძლიათ.

გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები ერთი დღით ან რამდენიმე საათით კვეთენ საქართველოს საზღვარს, გადადიან რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებისას მათი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა თავიდან აითვლება.

თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ბიომეტრიული პასპორტი აქვს.

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის მოქალაქეთა ნაწილი პირადობის მოწმობითაც შემოუშვეს. ახლა ამ ადამიანებს ორი სახის პრობლემა აქვთ – არ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პირადობით, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა კი ეწურებათ.

უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ბიომეტრიული პასპორტები თბილისში, უკრაინის საელჩოში აიღონ.

„უკრაინის საელჩოში საქართველოში არის საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა და ვერ ესწრება ამ საკითხის მოგვარება. მეორე საკითხიცაა, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გახანგრძლივებისთვის, უკრაინის მოქალაქე საზღვარზე უნდა მივიდეს, გადაკვეთოს და დაბრუნდეს მერე ქვეყანაში. ზოგისთვის ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, ზოგს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს,“ – ამბობს „ომით დაზარალებული ქალთა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი მარიკა არევაძე.

მარიკა არევაძე, „ომით დაზარალებული ქალთა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი

ორმა ორგანიზაციამ – „ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრმა“ – ICWAW  და „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და უკრაინელებისთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ერთი წლით გახანგრძლივება სთხოვა.

„ომით დაზარალებული ქალთა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს ომს გამოქცეულ უკრაინის მოქალაქეებთან მიმართებაში.

„ინდივიდუალურად რომ მივუდგეთ ათიათასობით ადამიანს, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება და ვიღაცა მაინც დადგება ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის საფრთხის წინაშე.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ერთიანად მიიღონ გადაწყვეტილება და მთავრობის 255-ე დადგენილებაში შევიდეს ცვლილება. 255-ე დადგენილებაში განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა. პრემიერს ვთხოვთ ამ დადგენილებაში შევიდეს ერთჯერადი, დროებითი ხასიათის ცვლილება, რომელიც შეეხება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს და გაუგრძელდეთ მათ კიდევ ერთი წლით საქართველოში დაყოვნების ვადა,“ – ამბობს მარიკა არევაძე.

მისი თქმით, წერილები პრემიერ-მინისტრს სამი დღის წინ გაუგზავნეს. ჯერ პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისად, არ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა.

„ზოგადი სიტუაციის გათვალისწინებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დადგება უკრაინის მოქალაქეების გვერდით. ვინაიდან მათ რეალურად უდგათ ეს საჭიროება. ამასთან, არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გათვალისწინებული, მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში, როდესაც მეგობარ ქვეყანას სჭირდება დახმარება,“ – ამბობს მარიკა არევაძე.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი უკრაინის 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა და ათასობით უკრაინის მოქალაქე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

„მომხრე ვარ, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს“ – ყოფილი პატიმარი

„მომხრე ვარ, რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს და მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე. ის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში იყო. ყოფილი პატიმარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. დაცვის მხარე აპირებს სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს.

თამაზ ბაკურიძის დაკვირვებით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას საინფორმაციო ომი მოუგო, რადგან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა პირდაპირ ხელისუფლების ვალდებულებაა. ყოფილი პატიმარი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის საქმეში შესაძლოა იყოს სიმულაცია, მაგრამ ის ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის ვიზუალზე – როგორი იყო ექსპრეზიდენტი ციხეში შესვლამდე და როგორია ახლა.

ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ემხრობა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას

„…ვიცით ყველამ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო სისასტიკე, წამება, ბევრი ახალგაზრდა მოისპო, მაგრამ არის მეორე: დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ ის კი არ უნდა გააკეთოს, რომ რადგან შენ ამას აკეთებდი, მე შენ ამიტომ გსჯი. დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო მეტი ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს. ხელისუფლების ჰუმანურობა რაში გამოიხატება? – იმაში, თუ როგორ ექცევა იგი პატიმარს.

ჩვენ სახეზე გვყავს სააკაშვილი, რომელიც ძალიან დასუსტდა. ვიზუალურად ჩანს, რომ ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ სააკაშვილი არის მსახიობი. თუ ის მსახიობია და ქმნის სპექტაკლს, რომლის ავტორი, შემსრულებელი და დამდგმელი თვითონაა, მაშინ გამოდის, რომ მთელ ხელისუფლებას გჯობნის. რატომ ვერ ამტკიცებ, რომ ის არის მსახიობი? მსახიობობის გამოა, რომ დასუსტდა და ძირს ეცემა?“ – კითხულობს თამაზ ბაკურიძე.

ყოფილი პატიმარი ხაზს უსვამს კანონის მოთხოვნას, რომ ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს თანაბრად დაცული.

„მაგრამ ყველა ხომ არ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი? სააკაშვილი იყო ამ სტატუსის მატარებელი და დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს, როგორ ვექცევით ჩვენ ყოფილ პრეზიდენტს, თუ გინდ დამნაშავე იყოს. მაგალითად, შუა აზიაში პატიმრობაშია ყირგიზეთის პრეზიდენტი, რომლის სასჯელის გადავადებაზე ყირგიზეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და მისცა მას საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება. კადრებშიც ვნახეთ, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი არ გამოიყურება ცუდად.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ამას არავინ არ ამტკიცებს და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ საუბარია სასჯელის გადავადებაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,“ – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებთან“.

თამაზ ბაკურიძის აზრით, ხელისუფლებას აშინებს, თავისი ამომრჩეველი არ გაუბრაზდეს, თუ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებენ. თუმცა ყოფილი პატიმარი, რომელსაც ამ კატეგორიის ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ამჩნევს, რომ „ოცნების“ ამომრჩევლებშიც ბევრია სასჯელის გადავადების და ჰუმანური მოპყრობის მომხრე.

„მე, როგორც ადამიანს, ვისაც ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ადამიანთან, აზრი იყოფა ამგვარად: ზოგი ფიქრობს და ამბობს, რომ აი, მისი პრეზიდენტობის დროს ხომ ასეთი რამ ხდებოდა? ახლა თვითონ ნახოს, როგორია ციხეში ყოფნა. ზოგიც ამბობს, ეგ რა ციხეა, ოროთახიან საკანშია, მნახველების პრობლემა არა აქვს,  ვისაც უნდა შედის, ოჯახს ნახულობს, ეს ხომ წამება არ არის?

არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ აი, რა დღეში ჩააგდეს ადამიანი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა და ააღორძინა. მოკლედ, აზრთა სხვადასხვაობაა.

არ ვიცი, რამდენად ობიექტური იქნება ჩემი არგუმენტები, ადამიანის, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში ვიყავი და ადამიანის, რომლის თვალწინაც გაიარა სისასტიკემ, კაცთმოძულეობამ, რაც მის დროს საპატიმრო ადგილებში შეიქმნა. აღარ ვამბობ ადამიანების წამებას, ტელევიზორიც კი, გაიტანეს საკნებიდან. მაშინ მე დავურეკე ქალბატონ ელენე თევდორაძეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, იქნებ ტელევიზორი მაინც დაგვიტოვოთ საკანში, რაღაცას მაინც ვუყუროთ და ხალხს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ დრო გაიყვანოს-მეთქი. მაშინ ამ ზარმა იმოქმედა და ბათუმის ციხიდან ტელევიზორები არ გაიტანეს…

კი, ბატონო, მის დროს სასჯელის გადავადება, როგორც ინსტიტუტი, საერთოდ გაუქმდა და კიბოს მე-4 სტადიით დაავადებულსაც არ უშვებდნენ ციხიდან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და უკეთესი პენიტენციური სისტემა უნდა შევქმნათ.

სახელმწიფო ისედაც ვალდებულია პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, როგორც კი ციხის ზღვარს გადააბიჯებ. იმაზე, რომ პატიმარი არ ჭამს, ან სათანადოდ არ იკვებება, ან თავად იგდებს ამ მდგომარეობაში თავს, ყველა ვარიანტში სახელმწიფოა პასუხისმგებელი. მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვიყო, მივცემდი მას შესაძლებლობას, სასჯელი გადაუვადდეს და მთელი მსოფლიოც დაინახავს, რომ ეს ხელისუფლება უფრო ჰუმანურია, ვიდრე წინა. საზოგადოებაც დამშვიდდება.

ეს არის ქვეყნის პრესტიჟიც. არ არის აქ მთავარი, ის დამნაშავეა თუ არა, კრიმინალია თუ არა, მისი პრეზიდენტობის დროს რა ხდებოდა, საერთაშორისო საზოგადოება  არ დაიწყებს ახლა და არც არავის სცალია, რომ რამდენი პატიმარი მოკვდა მის დროს, როგორ აწამებდნენ, ამას არავინ არ გამოჩხრეკს, საერთაშორისო საზოგადოება უყურებს და უჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ადამიანი, რომელიც ებრძოდა რუსეთს, ასე იცნობენ მას და მეორე მხარეა, როგორ ებრძოდა, პირიქით, ჩააბარა რუსეთს ტერიტორიები და ბევრი სტრატეგიული ობიექტიც, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაში ასე ჩანს.

ხელისუფლებას ეშინია, რომ არ აუჯანყდნენ თავისი მომხრეები, მაგრამ ისევ თავის მომხრეებშია უკვე ეს მოთხოვნა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას შეექმნება წამებულის სახე და ეს არ უნდა დაუშვან. ვიღაცამ უნდა იფიქროს ამაზე და გააანალიზოს, რომ უარესი არ მიიღოს,“ – უთხრა თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებს“.

18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით,  60 ახალი ავტობუსის ეტაპობრივი მოწოდება ბათუმში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ქალაქში 18 ახალი, 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე მარტიდან იმოძრავებენ.

ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს მუნიციპალიტეტი ქობულეთი იქნება.

ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილის თვეში დასრულდება. ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda–ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს.

ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

საერთო ჯამში ძველ ავტობუსებს ახლებით შემდეგ შვიდ სამარშრუტო ხაზზე ჩაანაცვლებენ:

  • #2 [ადლიის ქ. – ახალშენის ცენტრი]
  • #2ა [ახალშენის ცენტრი-ადლიის ქ]
  • #4 [აღმაშენებლის ქ – სვიშევსკის ქ]
  • #8 [აღმაშენებლის ქ – მახინჯაური]
  • #9 [ქათამაძის ქ – ივანე მესხის ქ]
  • #11 [აღმაშენებლის ქ. – ფერიის ქ.]
  • #12ა [მაიაკოვსკის ქ. – მახოს ხიდი]

ბათუმის მერია ამ ეტაპზე 65 ავტობუსს ჯამში 34 879 000 ლარად იყიდის.

————————————

ფოტო: ბათუმის ავტოტრასპორტი.

ამავე თემაზე:

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

თოვლი არის, მაგრამ გზა არა და შუქიც ქრება – რა ხდება კურორტ გოდერძიზე

მაღალმთიან აჭარაში ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ხდება კურორტ გოდერძიზე, რამდენად ახერხებენ კურორტამდე მისვლას მომხმარებლები, ჰყავთ თუ არა სტუმრები საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მეზობელ სოფელში და ა.შ.?

ლერი გელაძეს საოჯახო სასტუმრო „ალავერდი“ აქვს გოდერძისთან ახლოს მდებარე სოფელ დანისპარაულში. მისი თქმით, სოფელში თოვლის სიმაღლე მინიმუმ 3 მეტრია.

„ალავერდში“ სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავდა დამსვენებლები და კარგი მუშაობაც გვქონდა, სანამ ამინდი გაუარესდებოდა.

ახლა არ გვყავს სტუმრები, ამინდის გამო არ მოდიან. ჩვენც ვეუბნებით და რეკომენდაციას ვუწევთ, რომ არ მოვიდნენ, რადგან გადაადგილება ძალიან რთულია დიდთოვლობის გამო.

გზებს წმენდენ, თუმცა ყოველ 1 საათში ისევ გასაწმენდია“ – გვითხრა ლერი გელაძემ.

საოჯახო სასტუმროს მეპატრონის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მანქანები გზაში იჭედებიან, მსგავსი შემთხვევა ჰქონდათ გუშინ ღამითაც.

„ჩვენი 5 სტუმარი დაახლოებით 3 საათი იყო მანქანაში. გზა რომ აღარ გაიხსნა, მანქანა მიატოვეს და სასტუმრომდე 3 კილომეტრი იარეს ფეხით.

გზაზე მეწყრები ჩამოდის, ზვავი და ამის გამოც იკეტება.

სტუმრებსაც 3-4 საათი უწევთ მანქანებში ლოდინი, თუ როდის მოვა ტრაქტორი და როდის გაწმენდს გზას.

გზა დატვირთულია, მუშაობით კი მხოლოდ 2 ტრაქტორი მუშაობს. მეტი ტრაქტორია საჭირო. ეს 2 ტრაქტორი გაუჩერებლად მოძრაობს, მაგრამ ისეთი ცუდი ამინდია, ვერ უმკლავდებიან გზის გაწმენდას“, – გვითხრა მან.

საუბრის ბოლოს ლერი გელაძე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასაც შეეხო.

„ახლაც არ გვაქვს შუქი. უშუქობა ძალიან გვაფერხებს ჯავშნების მიღებაში. უამრავი შემთხვევა გვქონია, რომ ჯავშნები უშუქობის გამო გაგვიუქმდა და ისეთი შემთხვევებიც, უშუქობის გამო რომ დატოვეს ჩვენი სასტუმრო.

სასტუმროში გათბობა ელექტროენერგიაზე გვაქვს, აქ ჯერ არ არის გაზი“, – ამბობს ლერი.

დანისპარაულის მკვიდრია ზაზა კოჩალიძეც. ის და მისი ოჯახი კურორტ გოდერძიზე თხილამურებს აქირავებენ. აქვთ სწრაფი კვების ობიექტიც.

„მომხმარებლების რაოდენობამ სერიოზულად იკლო, რადგან ცუდი გზებია, ვერ ამოდიან დამსვენებლები, პრობლემებია.

ტრაქტორები მუშაობენ, მაგრამ ცოტაა მათი რაოდენობა. ისედაც ძალიან ცუდი ტექნიკა აქვთ.

თუ არ გადაიდარა – არაფერი, თუ გადაიდარებს, მომხმარებლების რიცხვიც გაიზრდება“, – გვითხრა ზაზა კოჩალიძემ.

სასტუმრო „ამბასადორ გოდერძის“ გენერალურმა მენეჯერმა, ირაკლი მამფორიამ გვითხრა, რომ უკვე 5 დღეა, რაც გზის პრობლემა აფერხებთ სასტუმროს მომხმარებლებს კურორტამდე ასვლაში.

„დიდი ნალექი მოვიდა. გზა ბათუმიდან პარალიზებული იყო. გზის გაწმენდას ვერ ახერხებდნენ სრულად. გვქონდა გაუქმებული ჯავშნებიც“.

ირაკლი მამფორიამ გვითხრა, რომ კურორტზე თბილისიდან მიმავალი ტურისტები ახალციხის გავლით გზაში არ ფერხდებიან.

„ადიგენამდე მოდიან ავტომობილებით და შემდეგ თოვლმავალით გადმოყავთ ისინი კურორტამდე, შეუფერხებლად.

სასტუმროს მენეჯერის თქმით, იყო შემთხვევები, როცა ტურისტებს წასვლა უნდოდათ, მაგრამ უგზოობის გამო კიდევ რამდენიმე დღე მოუწიათ კურორტზე გაჩერება.

მისივე თქმით, მომხმარებლების რაოდენობის ზრდას გამოდარების შემდეგ ელოდებიან.

________________________________

ამავე თემაზე:

როგორ მიმდინარეობს სეზონი და რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ კანონზე, რაც ტელევიზიებისთვის „ცენზურის ეფექტს“ ქმნიდა

დღეს, 22 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოთხი ტელევიზიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რაც კრიტიკული ტელევიზიების შეფასებით, ხელისუფლებას ცენზურის საშუალებას აძლევდა.

დავის საგანი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა.“

მსგავს შემთხვევაში მაუწყებლის დასანქცირება ვეღარ მოხერხდება და პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი სხვა ნაწილში და აღნიშნა, რომ „პირდაპირი ეთერის დროს მაუწყებელი, რედაქცია თუ ცალკეული ჟურნალისტები არ თავისუფლდებიან მოვალეობისა და პასუხისმგებლობისაგან, ყურადღებით შეისწავლონ გასაშუქებელი საკითხები, რამდენადაც შესაძლებელია, განჭვრიტონ მოსალოდნელი რისკები, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო კონტენტის გამავრცელებლები, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, მყისიერად გაემიჯნონ ამგვარ ინფორმაციასა და მოსაზრებებს და გააკეთონ გამაფრთხილებელი მითითებები“.

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა მაუწყებელმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ აიცილოს თავიდან გადაცემის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობის დროს ყველა შესაძლო საფრთხე და ის შეიძლება გახდეს სანქციის სუბიექტი.

„ამგვარ შემთხვევაში, ოღონდ იმ პირობით, თუკი დადგინდა, რომ მაუწყებელმა განახორციელა, გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სიფრთხილის ყველა ღონისძიება, მათ შორის, შეასრულა ის ვალდებულებებიც, რომლებიც უშუალოდ მედიის საშუალებებს ეკისრებათ მათი დიდი თავისუფლების დასაბალანსებლად, გამორიცხული უნდა იყოს მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონმდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს წინასწარ განუჭვრეტელი შემთხვევების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების ალბათობა მედია საშუალებისათვის, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და, შესაბამის გარემოებებში, მიმართა სიფრთხილის ყველა შესაძლო ღონისძიებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“, „ფორმულამ“, „კავკასიამ“, ასევე მოქალაქეებმა ქეთევან დევდარიანმა, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ 2020 წლის სექტემბერში მიმართეს.

მოსარჩელეების აზრით, „განუჭვრეტელი ნორმების საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება წარმოადგენს ამ უფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევას… სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა არა მხოლოდ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ შეიცავს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს. იგი მაუწყებლებს აიძულებს, უწყვეტ კოორდინაციაში იყვნენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და, სანქციის შიშით, წინასწარ დააზუსტონ მათ მიერ გადაცემული პროგრამის ან პროგრამაში განთავსებული მასალის შინაარსი,“ – ეწერა სარჩელში, რაც საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა განიხილეს.

მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ სადავო ნორმები კომისიას აძლევდა განუსაზღვრელ შესაძლებლობას, ფართო ინტერპრეტაციის გზით, მათ შორის, ეთიკურ-მორალურ ჭრილში დაარეგულიროს მაუწყებლის მიერ გადაცემული კონტენტის შინაარსი. „კანონმდებელმა ბუნდოვანი საკანონმდებლო ნორმების დაწესებით, კომისიაზე მოახდინა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების არა ტექნიკური საკითხების, არამედ მთლიანი უფლებამოსილების დელეგირება, რაც კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება,“ – ეწერა სარჩელში.

პარლამენტის პოზიცია კი ის იყო, რომ ბავშვის და არასრულწლოვანის დაცვა ისეთი ინფორმაციისაგან, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას, უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია და არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.

მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა ასევე ევროპული სასამართლოს განმარტებებზე, რომელთა მიხედვით, დადგენილია, რომ ტელე და რადიო საშუალებებით გადაცემული მოსაზრებები თუ ინფორმაცია, რომლებსაც ადამიანები იღებენ და ეცნობიან საცხოვრებელი სახლის პრივატულ გარემოში, ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე.

„მაშინ როდესაც, საქმე ეხება ისეთ მოწყვლად პირთა ჯგუფს, როგორიცაა არასრულწლოვანები, ნებისმიერი შეზღუდვის გამართლების შეფასებისას უპირობოდ მნიშვნელოვანია მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება,“ – ამ პოზიციას აჟღერებდა პარლამენტი არსებითი განხილვის სხდომაზე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა, არ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს.

ამავდროულად, სწორედ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ქმნის ისეთ გავლენას მაუწყებელთა გამოხატვის თავისუფლებაზე, რომ პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გავრცელებული ინფორმაციის გამო მოსალოდნელი სანქციის შიშით, ვერ განახორციელონ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პუტინი საუბრობს მძიმე დროზე და იმაზე, რომ რუსეთში ყველაფერი მშვენივრადაა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 22 თებერვლის ანგარიშში 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საპარლამენტო გამოსვლას განიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს 2021 წლის შემდეგ პუტინის პირველი მსგავსი სიტყვა იყო და ამ გამოსვლისას მან ნათლად განმარტა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებას აპირებს.

ერთ-ერთი აქცენტი პუტინის სიტყვიდან, რომელსაც უწყება გამოყოფს, არის რუსეთის მიერ „ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების“ [New START] შეჩერება. ასევე პუტინის მიერ დასავლეთის ელიტების, როგორც „ტოტალურად უპრინციპო ტყუილების სიმბოლოდ“ დახასიათება.

New START-ი არის ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის სახელწოდებაა „სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომები“. ხელშეკრულება ძალაში 2011 წელს შევიდა, ხოლო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2021 წელს, დამატებით 5 წლით გაგრძელდა. ხელშეკრულება ზღუდავს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების დასაშვებ რაოდენობას 1,550-მდე და ინსპექტირების შესაძლებლობას უტოვებს მხარეებს.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, პუტინმა თავის გამოსვლაში შეინარჩუნა საბრძოლო ტონი, რომელსაც ბოლო 6 თვეა იყენებს, თუმცა არ გაუცხადებია რაიმე პრაქტიკული ზომები, რამაც შეიძლება შეამსუბუქოს ბრძოლის ველზე არსებული ჩიხი, რომლის წინაშეც დგას რუსეთი.

„პუტინი აგრძელებს ურთიერთსაპირისპირო ნარატივების წარმოდგენას და ერთი მხრივ, საუბრობს არსებულ მძიმე გამოწვევებსა და დროზე, მეორე მხრივ კი კვლავაც ამტკიცებს, რომ რუსეთში ყველაფერი მშვენივრადაა და გეგმის მიხედვით მიდის. ეს ორივე გზავნილს არაეფექტურს ხდის“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 თებერვლის ანგარიშში.

„ეს კანონპროექტი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგაა“- არასამთავრობოები აჭარის მთიდან

რას ფიქრობენ აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით დაინტერესდა.

თორნიკე აბულაძე ორგანიზაცია “სოლიდარობის თემის” აღმასრულებელი დირექტორია. ამ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა აჭარის რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების მხარდაჭერაა. „სოლიდარობის თემის“ მიმდინარე თუ აქამდე განხორციელებულ პროექტებს უცხოური დაფინანსება აქვს.

თორნიკე აბულაძის თქმით, კანონი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას არ მიემართება.

„ჩემი შეფასებით, საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის წინააღმდეგაა ეს კანონპროექტი მიმართული, რადგან ის სრულად უგულებელყოფს, შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, კვლევითი ცენტრების საქმიანობის წარმოებას. საქმიანობის, რომელიც უპირველესად მიმართულია მოსახლეობისკენ, მოსახლეობისთვის“, – გვითხრა თორნიკე აბულაძემ.

თორნიკე მიიჩნევს, რომ კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას:

„ქვეყანაში იქნება მხოლოდ ერთი პოზიციიდან დანახული მდგომარეობა. ევროპული ინტეგრაცია მიუწვდომელი და შეუძლებელი იქნება ჩვენთვის. ხალხის ხმა, საჭიროებები სრულიად დაიკარგება“. 

თორნიკე აბულაძის თქმით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა, რომელიც პარლამენტში გაჟღერდა, სახიფათოა.

„ჩვენ ცალსახად არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს. რა შეიძლება ამის შესაჩერებლად სამოქალაქო სექტორის მხრიდან გაკეთდეს, ალბათ, რთულია ასე პირდაპირ ვთქვათ.

ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია და იმ პრობლემების წინ წამოწევას ვცდილობთ, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს მოჰყვეს.

მე ვფიქრობ, რომ მთავრობას სურს მისი საქმიანობის შეფუთვით წარმოჩენა. არ უნდათ მათი იმ საქმიანობის გასაჯაროება, რასაც სხვადასხვა სექტორი იკვლევს – კორუფცია, უფლებების დარღვევა, სამართალწარმოებისას შერჩევითი სამართალი და ა.შ.“.

„სოლიდარობის თემის“ დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ თავად სახელმწიფო ინსტიტუტებიც უცხოური გრანტებით სარგებლობენ.

„საფრთხე ცალსახად დიდია. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორც რუსეთში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, აგენტებად წარმოვჩნდებით და სხვადასხვა შეზღუდვასაც მივიღებთ. ეს არ იქნება მხოლოდ ინსტიტუციური შეზღუდვები სახელმწიფოს მხრიდან“, – ამბობს თორნიკე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქედის სათემო განათლების ცენტრი“ 2014 წელს დაარსდა. ორგანიზაციის დირექტორმა, დავით ანანიძემ გვითხრა, რომ ქედაში არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობენ. აქვთ პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსები.

დავით ანანიძის თქმით, პირდაპირი უცხოური დაფინანსება ორგანიზაციაში არ აქვთ, თუმცა გერმანული ორგანიზაცია აფინანსებთ.

„ის, რომ ვთქვათ, აგენტებად მოგვიხსენიოს კანონმა და გარკვეულ ჩარჩოებში მოგვაქციოს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ვისთვის არ წარმოადგენს ეს პრობლემას?

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ კარგს, როდესაც მოსახლეობაში იქნება ჩვენი წოდება „აგენტი“, შეეცვლებათ წარმოდგენა. ორგანიზაციას მოაკლდება ბენეფიციარები და შესაბამისად, ეს დაფინანსებაზეც იმოქმედებს.

შეუძლებელია ამ კანონზე დადებითი შეფასების გაკეთება. ამ გადასახედით, ვერ ექნება კანონს დადებითი ეფექტი“, – ამბობს დავით ანანიძე.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღება, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობას.

„სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. ვინც უკვე დეტალურად გაიცნო ეს კანონი. სამოქალაქო საზოგადოება ერთად უნდა დადგეს და ერთიანი ძალისხმევით რამენაირად უნდა დაბრკოლდეს ამ კანონის მიღება პარლამენტში. ჩვენი სიტყვა ყველამ უნდა ვთქვათ“, – ამბობს დავით ანანიძე.

Exit mobile version