მთავარი,სიახლეები

ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან

11.10.2022 • 5955
ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან
  • ღორჯომამდე

დილის 8 საათია, წვიმს. ბათუმის ავტოსადგურში ვარ და მობილურზე ვრეკავ. ხულოს სოფელ ღორჯომის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მიპასუხა: „კი, წაგიყვან ბიძია, მაგრამ არ გავხარ ხულოელს. ცუდი გზებია იქ და მაინც გინდა წამოსვლა?“

რამდენიმე წუთში რუხი ფერის „სპრინტერში“ შავთავსაფრიანი ქალის გვერდით ვჯდები. ისევ გადაუღებლად წვიმს.

ხელვაჩაურში დიდ საცობში ვიჭედებით. „ყოველთვის ასეა, ამხელა გზა გაქვს გასავლელი და ხელვაჩაურიდან რომ გახვიდე, მინიმუმ ორი საათი გეხარჯება,“ – ხმამაღლა წუხს მძღოლი

პურის საცხობთან ვჩერდებით. ავტომანქანიდან ყველა პურის საყიდლად გადმოდის. მეც გადმოვდივარ და „მარშუტკის“ მგზავრები ერთმანეთს ვეცნობით.

ჩემ გვერდით მჯდომი, შავთავსაფრიანი ქალი ღორჯომიდანაა. მას შემდეგ, რაც დაქორწინდა, ღორჯომის მეზობლად, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს.

რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით-მეთქი – ვეკითხები. რამდენიმე წამით ჩერდება, შემდეგ მზერას მარიდებს და მეუბნება: „ძალიან პატარა. ასაკის თქმა არ მინდა…“

მეტ კითხვას აღარ ვუსვამ, ვუსმენ იმას, რასაც თვითონ მიყვება. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, პირველი შვილი რომ გააჩინა, მალევე შეეძინა მეორე და მესამე შვილიც. „რომ გათხოვდები, ასეა, შვილებიც გეყოლება, აბა რა იქნება“ – ასრულებს ამბის მოყოლას.

ავტომანქანაში მხოლოდ ორი ქალი ვართ. ჩვენი ხმა ყრუდ ისმის, კაცები ხმამაღლა საუბრობენ.

წვიმს ხულოშიც. შავთავსაფრიანი ქალი დიდაჭარაში ჩამოდის და მეუბნება, რომ ზუსტად იცის, ღორჯომში შევხვდები ქალებს, რომლებზეც ყველამ უნდა იცოდეს, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს.

  • ღორჯომში

დღის დაახლოებით 4 საათია, ისევ წვიმს. ოჯახში, სადაც ღამით ვრჩები, ცოლ-ქმარი, შვილი და ბებია ცხოვრობს. ეზოში მშობლების სახლში სტუმრად მყოფი მამიდა ემინე მხვდება. ემინეს შავი თავსაფარი ახურავს და შავი ტანსაცმელი აცვია.

სახლში თბილა. შეშის ღუმლიდან შეშის ტკაცუნის ხმა ისმის. ემინე ღუმელთან ახლოს, ხის დაბალ სკამზე ჯდება და კარტოფილის გათლას აგრძელებს, თან მიბოდიშებს, რძალი საქონლის მოსაყვანად წავიდა, მალე დაბრუნდებაო.

მალე ბებია შემოდის, ღუმელში შეშას ამატებს, ხელებს მიმოწმებს, თბილად თუ გაქვსო და ღუმელთან ახლოს მსვამს: „გათბი, ბებო, გაყინულხარ“.  მერე ემინეს უბრუნდება და ხელების ფშვნეტით ეკითხება:

– „ნეტა, თამარმა საქონელი ნახა?”

– „აღარსად წახვიდე, დაჯექი. მალე მოვა შენი რძალიც და საქონელსაც მოიყვანს. ნახავდა, აბა რას იზამდა“ – ამშვიდებს ემინე.

ბებიასაც შავი თავსაფარი ახურავს და შავი ტანსაცმელი აცვია. სახლში შემოსვლამდე ქათმებს დასდევდა, ცივა, გარეთ არაფერს აღარ დაედგომებაო.

შემოდის თამარი. ღუმლის უკან მჯდომს ვერ მხედავს და მკითხულობს – ნეტა სახლს ვერ მოაგნოო. მერე იბოდიშებს – „სულ სველი ვარ, უნდა წავიდე, გამოვიცვალო. საქონელი სოფელში გვყავს, ზევით-ქვევით დარბიან, სხრიკება [დევნა] უნდა ყოველ წამს“. თან წუხს, მგონი, მეზობლის ყანაშიც შევიდნენ ძროხები, რამე ხომ არ გაუფუჭეს ნეტაო.

თამარსაც შავი ტანსაცმელი აცვია და შავ თავსაფარს ატარებს. შავი ფერი კიდევ უფრო გაუშავებია წვიმას. თამარი სიცივისგან თრთის. რამდენიმე წამი ღუმლის თავზე აჩერებს ხელებს და მერე შემთბარ ხელისგულებს ლოყებზე ისვამს.

შებინდებისას მე და თამარი სხვა ქალებთან შესახვედრად მივდივართ. რესპონდენტს ვეძებ. მინდა, ღორჯომში მცხოვრები ერთი ქალის ისტორიამ სხვა ქალების ამბებიც აირეკლოს.

თამარი გზად მეუბნება, ქალები სანამ რამეს გეტყვიან, კაცებსაც კითხავენო. მიიჩნევს, რომ ეს ქმრების და მამამთილების დაფასებისთვისაა საჭირო. ამ საღამოს სოფელში ერთ-ერთ ოჯახს მევლუდი [რელიგიური რიტუალი] ჰქონია. ყველა იქ მიდის. თამარი მიხსნის, რომ ღორჯომში დიდი მევლუდები აქვთ, რადგან მეზობლებს, ნათესავებს ეპატიჟებიან, ამ სოფელში კი ყველა ყველას ნათესავიაო.

თამარი ერთ სახლთან იძახის. ფანჯარაში გადმომდგარ ახალგაზრდა დედას ვესალმები, რომელიც მეორე შვილსაც მალე გააჩენს. იგი სწრაფად მიჭრის, რომ ჩემთან საუბარი არც ერთ თემაზე არ უნდა და სახლისკენ ვბრუნდებით.

გზად ჩემს ნაცნობ გოგოს ვხვდებით, რომელიც 14-15 წლის იქნება. იგი დედაზე მიყვება. მისი ოჯახი ახლა ბოსლის თავზე, ვიწროდ ცხოვრობს. დედა 35 წლის, ახალგაზრდა ქალია. 5 შვილი ჰყავს და შვილებზე ზრუნვის გარდა ბევრი სხვა საქმეც აქვს: საქონლის მოვლა, სამეურნეო საქმე…

„ბაბუამ თუ ნება დართო, აუცილებლად ჩაგეწერება. არც ბაბუა ეტყვის  უარს“ – მეუბნება ნაცნობი გოგონა. ვურეკავ დედას. ცუდი დრო შევარჩიე, ძროხებს წველის. ვთანხმდებით, რომ დილით ისევ დავურეკავ და შემდეგ მივალ მასთან სალაპარაკოდ.

მეორე დილას მას, შეთანხმებისამებრ, ვურეკავ. მობილურზე კაცი მპასუხობს. ქალს ვკითხულობ და შემდეგ გადარეკვის და მასთან საუბრის იმედად ვთიშავ. მოგვიანებით ისევ ვრეკავ, ქალი უარს მეუბნება მასთან მისვლაზე. კითხვაზე – რატომ? – არაფერს მპასუხობს, მობილურს თიშავს. შესაძლოა ეს მისი უარი იყო, ან უარი, რომელიც მან მხოლოდ გაიმეორა. არაფერში ვარ დარწმუნებული.

ახლა უფრო მეტად მინდა ღორჯომში მცხოვრებ სხვა ქალებსაც შევხვდე და მივდივარ ღორჯომიდან 5-7 კილომეტრის დაშორებით, სოფლის ყიშლაზე.

  • ყიშლაზე

ყიშლა, როგორც ხულოში ეძახიან [იგივე, რაც ყიშლაღი, საზამთრო საძოვარი] არც სოფელია, არც იალაღი. ეს არის ადგილი, სადაც იალაღიდან წამოსული მემთეური ქალები დაზამთრებამდე საქონლის გამოსაკვებად და რძის ნაწარმის დასამზადებლად რჩებიან.

გზაში ბევრ ქალსა თუ კაცს ვხედავ. ზოგი სად მირეკავს საქონელს და ზოგი სად. წვიმს. ნისლია. ცივა.

ესმა ბოსელს გვის. მაღალყელიანი, ხასხასა ცისფერი რეზინის ბოტები აცვია. ბოსელში სამუშაო ხალათს იხდის, გრძელ ჯოხს იღებს და ნისლში ერევა.

ესმა ადაძე 53 წლის მემთეური ქალია. იალაღზე წასვლა უყვარს, მაგრამ ყიშლას ვერ იტანს, რადგან აქ მყოფს უფრო უმძაფრდება სოფელში, სახლში დაბრუნების სურვილი. სახლში, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. თან ყიშლაზე იყოს და თან სოფელში ჩავიდეს, არ შეუძლია. ან როდის მოასწროს? დილით პირუტყვს უვლის, რძის ნაწარმს ამზადებს, საჭმელს და საღამოვდება კიდეც. საღამოს კი ისევ პირუტყვია მოსავლელი, ძროხები მოსაწველი.

ესმა ყიშლაზე ქმართან და მულთან ერთად ცხოვრობს. ისინი სოფელში მაშინ დაბრუნდებიან, როცა ყიშლაზე მოთოვს.

ქალი ხბოებს მირეკავს. ერთმანეთთან ახლოს ვდგავართ, მაგრამ მაინც მიჭირს მისი კარგად დანახვა სქელ ნისლში. ესმას ხმას მივყვები. ის მულს ეძახის – „ნანული… ნანული…“ ქალები მსჯელობენ, თუ საითკენ აჯობებს ხბოების გარეკვა.

ყავას დღეს მემთეური ქალები სურიესთან დალევენ. სურიე სახლის ხის მოაჯირზე დაყრდნობილი გვხვდება და გვეძახის: „მოდით, მოდით“. ეზოში ნაირ-ნაირი ფერის, სხვადასხვა ზომის ქათმები გამოფენილან.

სურიე 37 წლისაა და ყიშლის ხის პატარა სახლში ქმართან ერთად ცხოვრობს. ჯერ იალაღზე მემთეურობდა, 12 ძროხას წველიდა, ახლა კი ძროხების მოვლას, სხვა ქალების მსგავსად, ყიშლაზე აგრძელებს. 7 წელია რაც მემთეურია.

„მემთეურობა ძნელია, მაგრამ რომ შეეჩვევი, მარტივია“ – მეუბნება სურიე.

მას სამი შვილი ჰყავს. სურიეს ყველა ოცნება და მიზანი ახლა შვილებს უკავშირდება. უნდა, რომ შვილებმა ისწავლონ და მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდეთ, მის ცხოვრებაზე უკეთესი.

სურიე სიყვარულით დაქორწინდა. ეს გრძნობა მეუღლეებს შორის ახლაც იგრძნობა. „სიყვარული ყველაფერს გადაგალახვინებს“ – მეუბნება სურიე, როცა სირთულეებზე ვსაუბრობთ.

სურიე გორგაძე ქმართან ერთად

სხვა ქალები იგვიანებენ. სურიე მათ აივნიდან უხმობს. ქალები პასუხობენ, რომ ჯერ არ სცალიათ, რძე შეუდგამთ ღუმელზე და ეშინიათ, ზედმეტად არ გაუცხელდეთ.

„იჩქარეთ და ჩამოდით …“ – გასძახის სურიე, ოთახში ბრუნდება და ღუმელზე ყავას დგამს.

შემოდის ნათელა, ყველას ეხვევა და ესმას გვერდით ჯდება. ქმარი გამიგიჟდება, ტელევიზორი გამიფუჭდაო – წუხს ის. შავი თავსაფარი ახურავს და შავი, გრძელი კაბა აცვია ცისფერი ყვავილებით.

მალე ნანულიც მოდის, სურიე მას კართან ეგებება. ნანულის ხელსაქმეც მოაქვს მისთვის და ესმასთვის.

ქალები ერთმანეთს ამბებს უზიარებენ.

სურიე ყავას დარაჯობს, რომ არ გადმოვიდეს, ესმა წინდებს ქსოვს და თან ოხრავს, ხელები ისე მაქვს დაბუჟებული, თვლებს ვეღარ ვიყვანო. ნათელა მის წინ მჯდომ ნანულის უმზერს, თეთრი ნაჭერი რომ გადაუფარებია მუხლებზე და თავჩაქინდრული ქარგავს.

ნანული ირემაძე ქარგვისას

სურიე მაგიდაზე ტკბილეულს ალაგებს და ყავას დგამს ღუმლიდან.

ნათელა ჩქარობს, ყავის დიდ ყლუპებს სვამს და სწრაფადვე მიყვება:

– „20 წელია მემთეური ვარ. აქამდე 15-20 ძროხა მყავდა,  წელს – 11“.

– „როგორ წველიდი ამდენს“? – ეკითხება ესმა.

– „წველა არ მიჭირს, რაც არ უნდა იმდენი ძროხა მყავდეს, ნახევარ საათში მოვწველი, მაგრამ ეს დახვეტა, დაგვა, ძროხებისთვის ჭამა მაგვიანებინებს. დაჩოქილი ვწველი, სკამით არა,“ – ამბობს ნათელა.

– „სკამით არ წველი?“ – გაკვირვებული ეკითხება სურიე.

– „არა“- უპასუხა ნათელამ და დასძინა, მუხლები არ მტკივა და სკამის იქეთ-აქეთ თრევა დროს მაკარგვინებსო.

ნათელა 13 წლის იყო, როცა დაინიშნა. ამბობს, რომ მის მეუღლეს მამა ადრე დაეღუპა და ამიტომ ჩქარობდნენ მის დაქორწინებას:

„16 წლამდე დანიშნული ვიყავი, 16 წლის რომ გავხდი, წამიყვანეს. გავთხოვდი. მერე 2 შვილი, გოგო-ბიჭი შემეძინა და დედამთილმა რომ ვეღარ შეძლო, რძალი მოვიყვანე და მე წავედი მემთეურად“.

ნათელა ამბობს, რომ მთა უყვარს, მაგრამ უკვე იალაღზე სიარულს ისევ როგორ შეძლებს, არ იცის, ასაკის გამო.

– „ახალგაზრდებს არ უყვართ მთა. ჩემი რძალი და შვილი არ ამოდიან“ – წუხს ნათელა.

– „რად მინდა მთა“ – ხმადაბლა ამბობს ესმა.

– „მეც მიყვარს მთა. უკვე 10 წელია, რაც მემთეური ვარ. მეც პატარა გავთხოვდი, მეშვიდეკლასელი ვიყავი. 3 შვილი მყავს“ – საუბარში ერთვება ნანულიც.

მემთეური ქალები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ჯერ კიდევ არ იყვნენ დაქორწინებული. მაშინ მათი ერთადერთი შესაქცევი ხელსაქმე იყო და შეუჩერებლად ქსოვდნენ, ქარგავდნენ და კერავდნენ. ნათელას თქმით, ცოტა ფულის გამომუშავებასაც ახერხებდნენ ხელსაქმით, ბახმაროში ჩაჰქონდათ და ჰყიდდნენ. საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის აღება წარმოუდგენლად დიდ მიღწევას ჰგავდა.

ახლა ნათელას შვილიშვილები უნივერსიტეტში სწავლობენ. იცის, რომ ამისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო და ამით ამაყობს.

უნივერსიტეტში სწავლობს ნანულის რამდენიმე შვილიშვილიც და ახლა ნანული იმაზე ოცნებობს, დანარჩენებმაც ჩააბარონ ნეტაო.

– „ვეხმარებით. ვუგზავნით ფულს, პროდუქტს, კაბას, შარვალს, რომ ჩაიცვან, რომ ჰქონდეთ, ისწავლონ და განათლებული იყვნენ“, – მეუბნება ნანული.

ესმა, ნათელა, ნანული და სურიე თანხმდებიან, რომ მათი მთავარი საფიქრალი ახლა შვილებზე ზრუნვაა.

ესმა მიდის. ქმარმა დაურეკა, მომშივდაო. წავიდა ნათელაც, ყველი ჯერ არ ამომიყვანია, გამიფუჭდებაო. სურიე ცალ-ცალკე აცილებს ყველას და ისევ მოდითო – უბარებს.

ფერადი ძაფები თეთრ ნაჭერში მოახვია და ნანულიც ადგა, მეც უნდა წავიდეო. ნანულის ნამაზის სალოცავად ეჩქარება.

ცოტა ისევ წვიმს. ნისლიც ისევ ჩამოწოლილა. უკან მივყვები ნანულის. სველ ბალახზე სიარულისას ფრთხილობს, ეშინია, არ წაიქცეს. სქელ ჯოხს იბჯენს. სახლში მივდივართ, ყიშლაზე.

შეშა ბლომად შეუკეთებია ღუმელში ესმას. ჯერ შორს ვართ, მაგრამ მაინც ვახერხებთ ნისლში სქელი კვამლის გარჩევას, სახურავის თავზე რომ იკლაკნება.

ოთახის შუაგულში, ღუმელზე, ესმას ორი, დიდი, რძით სავსე ქვაბი უკვე შემოუდგამს ყველის ამოსაყვანად. მოუსწრია საჭმლის მომზადებაც. ყველას მაგიდასთან გვიწვევს, კარგად ჭამეთ, არაფერი დატოვოთო – რამდენჯერმე გვიმეორებს. თვითონ პერიოდულად სუფრიდან დგება და რძეს ამოწმებს, საჭიროზე მეტად რომ არ გაუცხელდეს.

ყავის დასალევად შეკრებილი მემთეური ქალები

ნანული ქარგვას აგრძელებს, ესმას ქმარი ტელეფონის ეკრანზე უყურებს რაღაცას.

ესმამ მაგიდა აალაგა და პირველი ქვაბიდან ყველის ამოღება, ამოწნა დაიწყო. ალუმინის მძიმე, რძით სავსე ქვაბებს მარტო დგამს ღუმლიდან და ცხელ შრატში ყველის ამოყვანისას ჩემთან სასაუბროდაც პოულობს დროს.

ესმა ყველის აღებისას

ის სამი წელია, რაც მემთეურობს. როცა სცივა, ცხელ შრატში ხელების ჩაყოფა სიამოვნებს.

„ყიშლიდან სოფელი 5 კილომეტრშია. ძალიან მინდა წასვლა, არ მინდა აქაურობა, მაგრამ რა ვქნა. ცხოვრება ასე აკეთებს. სოფელში ოქტომბრის შემდეგ წავალთ. იქ 6 თვეს ვართ, მეტი არა. 7 თვე აქ ვართ“, – მეუბნება ესმა.

იალაღზე ან ყიშლაზე ყოფნისას სოფელში მხოლოდ მაშინ ჩადიან, თუ ახლობლის დაკრძალვა ან ქორწილია.

„ვერ მივდივართ სოფელში, საღამომდე ამ საქმეზე ვართ. დღეს რასაც გააკეთებ, ხვალაც ის საქმე გაქვს. მომაბეზრებელია ერთი და იგივე საქმე, მაგრამ რა უნდა ვქნათ? გლეხის ცხოვრება ასეა. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ახლა 53 წლის ვარ“ – მიყვება ესმა.

მან ერთი ქვაბიდან ყველის ამოყვანა უკვე დაასრულა. მიხსნის, რომ ეს მულის სახლია, მისი სახლი ცოტა ზევითაა და ძროხებიც იმ სახლში ჰყავს, თუმცა იქ დარჩენას მულთან ერთად დარჩენას ამჯობინებს. დღეს ესმამ ითავა მულის ყველის ამოყვანაც. გულდაწყვეტით ამბობს, დღეს დილით ერთი ვედრო რძე დამექცა, ჩემი სახლიდან აქ რომ მომქონდა, ფეხი დამიცდა სველ ბალახზეო.

– „ქატო რა ღირს იცი? 30 ლარი“ – მეუბნება ესმა.

ქალი იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში ძალიან უნდოდა ესწავლა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ფიზიკა იყო.

ესმა ყველს ვედროებში აწყობს და მარილის მოსაყრელად გვერდით ოთახში გააქვს.

– „ჩემი აზრით, ცხოვრება ზღაპარია“ – ამბობს ესმა და ცხელ ყველს მარილს აყრის.

მოსაღამოვდა. ესმა, ესმას ქმარი და ნანული იმას განიხილავენ, თუ სად შეიძლება საქონელი იყოს,  დროულად მოვლენ თუ არა, საითკენ აჯობებს მოძებნონ.

ესმა ნამაზს ლოცულობს, ფანჯარაში იხედება და საქონელს ითვლის: „4 ხბო მაკლია, 3 დეკეული, 5 ძროხა. რამდენი სულ? 13 სული მაკლია“.

გარეთ აღარ წვიმს, ნისლიც აიკრიფა, თუმცა ისევ ცივა. სამივე გარეთ გამოდიან პირუტყვის მოსაძებნად.

ახლა ყიშლაზე მცხოვრები ყველა ოჯახი, ქალები და კაცები, გარეთაა, ყველა თავის ძროხას და ხბოს ეძებს.

საქონლის საძებნად გამოსული ღორჯომის ყიშლის მცხოვრებლები

ესმა ქმართან ერთად

ესმა მეუბნება, რომ ყოველ საღამოს ნერვიულობენ, არაფერი დაეკარგოთ.

ყიშლაზე შეძახილები ისმის. ერთმანეთს გასძახიან მემთეურები, ჩემი პირუტყვისთვის ხომ არ მოგიკრავს თვალიო.

დადის ესმა ყიშლის მინდვრებზე და თავის ძროხებს ეძებს. საქონელს ეძებს ნათელა, ნანული, სურიე და ბევრ სხვა ქალიც, რომლებსაც მე ვერ შევხვდი.

საქონელი ყველამ იპოვა.

„მოდი ჩემთან, ჩემო გოგო, ჩაგეხუტო, მოდი ჩემთან, ჩემო ლამაზო“ – უმღერის ესმა ძროხებს.

ასე ცხოვრობენ ქალები ღორჯომის ყიშლაზე.

მემთეური ქალები პირუტყვის ძებნისას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: