მთავარი,სიახლეები

სანამ ტრაქტორი ჩვენთან მოვა, მოვა მაისიც – თოვლში ჩაკეტილი ოჯახი

20.02.2023 • 18334
სანამ ტრაქტორი ჩვენთან მოვა, მოვა მაისიც – თოვლში ჩაკეტილი ოჯახი

62 წლის შუშანა ბოლქვაძეს და მის მეუღლეს გასულ ზაფხულს ნეგოს შეგროვებისას შევხვდი.

შუშანა ქმართან ერთად ხულოს სოფელ კორტოხში ცხოვრობს. დღეს, ნაშუადღევს, დამირეკა: „გზა ჩაკეტილია, ტელევიზორმა სიხშირე დაკარგა. თითქოს გარე სამყაროს ვიყოთ მოწყვეტილები”. კითხვები ჰქონდა. აინტერესებდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, თურქეთში კიდევ ხომ არ გაზრდილა მიწისძვრისგან დაღუპულთა რიცხვი და ა.შ.

როგორც შუშანამ გვითხრა, ცოლ-ქმარი 110 წლის წინ აშენებულ, ავარიულ სახლში ცხოვრობს და კორტოხში მათი უბანი ყველაზე მეტადაა მოშორებული სოფლის ცენტრს. ამ უბანს მხოლოდ 5 ოჯახი შემორჩენია, 60-დან 90 წლამდე ასაკის მცხოვრებლებით.

შუშანა გვიყვება, რომ მათ უბანში გზები გაუწმენდავია, თოვლის საფარი კი იმდენად მაღალია, უახლოეს მანძილზე მცხოვრებმა ოჯახებმაც კი დაკარგეს ერთმანეთთან კონტაქტი.

„ეს სახლი ძველთაძველია. ფანჯრის კარები ღია მაქვს. სახლი და ბოსელი მორყეულია. უცებ ქარი აქროლდეს, რამე რომ იყოს, გამზადებული მაქვს პლედებიც. თბილად რომ მოიფარო და ფანჯრიდან თოვლზე გადახვიდე უცებ.

სახლის წინა შემოსასვლელი აივნის სიმაღლე 5 მეტრია და თოვლშია ჩაფლული. ვფიქრობთ, რომ ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, თოვლის სიმაღლე ოთხ მეტრამდე მაინც იქნება. ისე ვართ ჩამწყვდეულები ეს ხუთი ოჯახი, ვერ მივდივართ ერთმანეთთან.

ირგვლივ არავის ტელეფონის ნომერიც არ მაქვს. თუ გარეთ გამოიხედავენ და გახმაურდებიან, ეგაა, მაგრამ გამომსვლელიც არავინაა. ყველა თავისთვისაა, ოჯახის წევრები ჰყავთ შეუძლოდ და უვლიან.

არ ვიცით როდის გაიწმინდება გზები ჩვენთან. ჩავიკეტეთ. ზოგს წყალი არ აქვს, ზოგს გზა… კი, გავუძლებთ ყველაფერს, მაგრამ რატომ? ტელევიზორიც აღარ იჭერს, გაითიშა. გზას თუ არ გათხრიან, ოდესმე გაშრება ეს თოვლიც. ჩვენ აქ ვართ. არსად მივდივართ. სად უნდა წავიდეთ?

გასულ წელსაც სანამ არ გამოიდარა და არ დათბა, ტრაქტორი ვერ მოვიდა. ეს ტრაქტორიც ძველია, ძალიან დიდი ხნის. ტრაქტორის მძღოლმა რა უნდა ქნას? მთავრობამ უნდა მისცეს საწვავი, ნაწილი, რომ ჩვენამდეც მოვიდეს. ხან ის ნაწილი გაუფუჭდა, ხან ეს ნაწილი. ძალიან მაღლა ვცხოვრობთ, ტრაქტორსაც ხომ ზურგით ვერ ამოვიყვანთ? თუ გზას გაწმენდენ, მადლობას ვიტყვით.

ერთი ტრაქტორია გამოყოფილი პაქსაძეებისთვის, გელაძეებისთვის, კორტოხისთვის და სხვა სოფლებისთვისაც. სანამ აქ, ჩვენთან მოვა, მოვა მაისიც და ისედაც გადნება თოვლი, ხომ მიმიხვდით? ჩვენ ახლა გვინდა ყურადღება, ახლა ვართ დამწყვდეულები. ახლა გვჭირდება გზებიც, რომ თუ რაიმე შემოგველევა, მოვიტანოთ. ჩვენ, ხანდაზმულები, ვერსად წავალთ, მაგრამ, ხომ უნდა შევძლოთ ვინმეს ვთხოვოთ?

ვერსად მივდივართ და ვერაფერი მოგვაქვს, ვერც მედიკამენტები.

პაქსაძეების ხიდამდე რომ მოვიდეს სასწრაფო დახმარების მანქანა, აქამდე მაინც ვერ ამოვა“, – გვიყვება შუშანა. მეუღლის ნათქვამს ადასტურებს თემურიც, მობილურში მესმის მისი ხმა – „ნამდვილად ასეა, როგორ ამოვა?“.

ქალის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა არც ერთხელ უგრძნიათ და არც ახლა აქვთ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

შუშანამ და თემურმა ზამთრისთვის 4 ტომარა ფქვილისა და 1 ტომარა შაქრის შეძენა მოახერხეს. შუშანას თქმით, გასულ წელს კარტოფილისგან თითქმის არ ჰქონიათ შემოსავალი, პენსიიდან კი უფრო მეტი თანხის დაზოგვა, სხვა პროდუქტების მოსამარაგებლად, ვერ შეძლეს.

„შემოდგომაზე 95 ლარი ფქვილში, 145 ლარი კი – 1 ტომარა შაქარში გადავიხადეთ.

ახლა არ ვიცი რა ღირს, მაგრამ ეს ფასებიც გაზრდილი იყო წინა წლებთან შედარებით.

ფქვილი, მარილი, ასანთი, საპონი… ყველაფერი ძვირია.

პროდუქტებისთვის როცა გზა იქნება, გავალთ ხულოში, ან ბათუმში, რაღაც იქნება… ან ფულს გავატანთ და ვინმეს მოვატანინებთ, რა ვიცი, ასეთ პრობლემებში ვართ.

ამ წუთში ჩვენთან არც მაღაზიაა, საერთოდ არაფერი, წვრილმანები რომ შევიძინოთ.

სექტემბერში მოვიტანეთ 4 ტომარა ფქვილი. მხოლოდ ორნი ვართ და გვეყოფა, მაგრამ რა ვიცი. თუ გაგვიჭირდება, ზურგით მოვიტანთ, ამის გამოცდილება გვაქვს. პაქსაძეების ხიდიდან ზურგზე მოკიდებული ტომრებით მოვიტანეთ თითო ვედრო ფქვილი მე, ჩემმა ქმარმა და შვილებმა. ფქვილი მეზობელი სოფლიდანაც გვაქვს ზურგით გამოტანილი წვიმაში, ქარში“, – იხსენებს ქალი.

შუშანა და თემური 2 ძროხას უვლიან. ქალმა გვითხრა, რომ ამ პერიოდში ძროხებს  რძე უშრებათ და მცირე რაოდენობის რძის ნაწარმიც არ აქვთ გასაყიდი, მაგრამ რომც ჰქონდეთ, ისედაც ვერსად წაიღებდნენ- „ადრე სულ ციგით დაგვქონდა. ახლა ამის ძალაც აღარ გვაქვს”.

_____________________

ვაგროვებთ და ვაბარებთ ნეგოს – რეპორტაჟი ხულოს მთებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: