მთავარი,სიახლეები

რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს

22.02.2023 • 1226
რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს

ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი ჟურნალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვისაც დასავლური ფონდები ფინანსურად ეხმარებიან. როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავი რუსული კანონისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო უჩა, „ქართული ოცნება“ ღიად არ ამბობს, რომ არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორ ახერხებს ის ამას?

ამ ხელისუფლებას კარგად ესმის მოსახლეობის განწყობა, იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და იცის რა არის პოპულარული თემა. ამიტომ პირდაპირ ვერ გამოდის ამ იდეის წინააღმდეგ, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოუსპოს ევროპული მომავალი და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ხელისუფლების ნაბიჯები.

მათ შორის ბოლო გადაწყვეტილება – „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შემოღებაზე, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. გასულ წელსაც სპეციალურად დააპატიმრა ხელისუფლებამ [ნიკა] გვარამია, რომ საქართველოს რაც შეიძლება დასცილებოდა ევროპული პერსპექტივა.

ხელისუფლება ყოველ ჯერზე ცდილობს ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს ევროკავშირი და ხელი შეუშალოს საქართველოს ასოცირებას ევროკავშირში.

  • საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ ჩუმად არის, ვერ აცნობიერებს „ქართული ოცნების“ რეალურ ჩანაფიქრს?

„ქართული ოცნება“ არ არის ახალი ორგანიზაცია, ხალხს ახსოვს ვიზალიბერალიზაციის პერიოდი, რომელსაც აკავშირებს ამ ხელისუფლებასთან და ასე უცებ ბევრს უჭირს გადართვა და იმის გააზრება, რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება.

მაგრამ რეალური ძალაუფლება არ არის არც მთავრობაში, არც პარლამენტში და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა – გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად არის მკვდარი.

  • ხალხს სურს, რომ ევროკავშირში შევიდეთ და ამის დასტური იყო ზაფხულის მასობრივი აქციაც. თუმცა 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიის დევნა, შექმნას თავისუფალი გარემო და მოქალაქეები ჩართოს ყველა პროცესში. „ოცნება“ კი საპირისპიროს აკეთებს და იღებს რუსულ კანონს. ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ საზოგადოება გაბრაზდეს? ეს კანონი ხომ რეალურად ყველას წინააღმდეგაა.

სამწუხაროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, თუ რა დგას ამ კანონის უკან, რა შეზღუდვებს მოიტანს და ვისთვის. ვფიქრობ, პროპაგანდაც თავის შედეგს გვაძლევს.

ეს კანონი რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და ევროკომისიის რეკომენდაციებს, ცალსახაა, რადგან ევროპის არც ერთ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. პირიქით, ამიტომ ეს არის ანტიევროპული კანონი. ხელისუფლება კი პროპაგანდის გამოყენებით ცდილობს არ მივიდეს ამ კანონის რეალური შინაარსი მოსახლეობამდე.

ეს კანონი თავისთავად არის დისკრიმინაციული და არა მარტო გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, არღვევს ადამიანის უფლებებს, პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების უფლებას და ასე შემდეგ.

  • ქართული სახელმწიფოს შექმნის დღიდან ეხმარება დასავლეთი ჩვენს ქვეყანას, დასავლური გრანტებით შენდება გზები, სკოლები, ინფრასტრუქტურა. „ქართული ოცნება“ ერთი ხელით იღებს ამ დახმარებას, მეორე მხრივ კი იმათ დევნას იწყებს, ვინც ასევე იღებს დასავლურ დახმარებას, თუმცა კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. რამდენად ახერხებს ამის გააზრებას ხალხი?  

რა თქმა უნდა, ამას არავინ დაუჯერებს ხელისუფლებას, მოსახლეობა გაერკვევა ამაშიც, თუმცა ხელისუფლება ცდილობს დრო მოიგოს და მოკლე ვადებში გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

ამ კანონის ინიცირება პრაქტიკულად არის შურისძიება მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რადგან ისინი თვალს არ ხუჭავენ კორუფციის, ძალადობის ფაქტებზე, აქტიურად იცავენ ადამიანების უფლებებს.

მხოლოდ მედიის დაფინანსება შემოდის უცხოეთიდან? წესით, უცხოური გავლენა აქვს ოლიგარქს ხომ, რომელსაც ბიზნესი აქვს უცხოეთში და ამ კანონით მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა გამოცხადდეს უცხო ქვეყნის აგენტად, რადგან იქიდან აფინანსებს გარკვეულ ძალებს, პოლიტიკურ თუ სხვა ორგანიზაციებს.

მედიას და არასამთავრობო სექტორს იმიტომ წერენ კანონში, რომ ხელისუფლებას პირდაპირ სურს ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიის დაწყება, სურს მოხდეს მათი დისკრედიტაცია რომ ვერ შეძლონ მუშაობის გაგრძელება, ქვეყანაში შეიქმნას გარემო, სადაც ისინი იძულებული იქნებიან შეწყვიტონ მუშაობა, რადგან ეს იქნება მათთვის ღირსების შემლახავი და შეიქმნება ძალადობრივი გარემო ამ ორგანიზაციებისთვის თუნდაც იმის გამო, რომ მათ ხელისუფლება უწოდებს აგენტებს.

  • ამ შემთხვევაში ხომ ნებისმიერი მოქალაქე რჩება დაუცველი, რადგან სწორედ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ ჩაგრული მოქალაქეების, ჯგუფების ინტერესებს სასამართლოშიც და სხვაგანაც. ეს არ იცის ხალხმა?

რა თქმა უნდა, აქ საუბარია ათიათასობით ადამიანზე, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ იღებენ დასავლურ დახმარებას და ეს ყველაფერი სწორედ ამ მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და მათ განვითარებისკენ არის მიმართული.

რეალურად, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს დევნის, რომლებსაც სჭირდება გარკვეული სოციალური პრობლემების მოგვარება, უფლებების აღდგენა.

ამ კანონით ხელისუფლება ყოფს საკუთარ მოქალაქეებს ორ ნაწილად – მის მომხრეებად და აგენტებად. ეს არის სწორედ ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა, რასაც მოჰყვა რეპრესიები 30-იან წლებში და ის, რაც დღეს ხდება რუსეთში, ბელარუსში – სახელმწიფოს მიერ თავისუფალი საზოგადოების დევნა.

  • კობახიძე ქვეყნიდან მიგრაციის გაზრდას ვიზალიბერალიზაციას აბრალებს და არა ვთქვათ იმას, რომ ხელისუფლებამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და გააღარიბა მოსახლეობა. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ათასობით მოქალაქე დარჩება უმუშევარი და ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება მიგრაცია ქვეყნიდან. ეს საფრთხე როგორ შეიძლება დავანახოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს მას?

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე კამპანიას დავიწყებთ, რომ მოსახლეობასაც ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება, რომელიც წესით უნდა აგვარებდეს ქვეყანაში პრობლემებს, სინამდვილეში მოგონილი მიზეზით უქმნის ადამიანებს პრობლემებს და მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის განვითარებაში, მათ დევნას იწყებს.

კანონი, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ყველას, შეუძლებელია ათასობით ადამიანის გამოცხადება აგენტად, მაგრამ გაძლიერდება ის, რაც ახლა ხდება – შერჩევითი სამართლის გამოყენება, რეპრესიები, პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო აქტივისტების დევნა. ისედაც გამკაცრებულია ხომ კანონი, გაორმაგებულია ჯარიმები, წახალისებულია ულტრა-მემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ასეთი ჯგუფების გასანეიტრალებლად. დღემდე არ არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და ამ ჯგუფების დაფინანსებით ხელისუფლება არასდროს დაინტერესებულა, მაშინ როცა არსებობს ეჭვი, რომ სწორედ რუსეთიდან ფინანსდებიან ისინი.

ხელისუფლება ცდილობს ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ ევროპამ საბოლოოდ უარი თქვას საქართველოსთან ურთიერთობაზე. ასეთი ნაბიჯია სწორედ რუსული კანონი, შემდეგ იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რაც დააზიანებს მოსახლეობას.

ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა გააქტიურდა რუსეთის ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკებები, რუსეთი ღიად აქებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს, რომ სურთ სავიზო რეჟიმის გადახედვა.

ეს არის იმის შედეგი, რომ ევროპის მოთხოვნებს საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს და სურს იქეთ დაადანაშაულოს ევროპა.

  • როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი, რა უნდა იყოს საზოგადოების შემხვედრი ნაბიჯი და რა დროში?

ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს ბრძოლა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ევროპასა და ამერიკაში, თუნდაც იმაზე, რომ დასანქცირდნენ ის პარლამენტარები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ კანონის მიღებას. სანქციები უნდა გავრცელდეს მათი ოჯახის წევრებზეც, რადგან მათ ვერ უნდა ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრაციას.

ეს პარლამენტარები ცდილობენ მოუსპონ საქართველოს ევროპული მომავალი და მოგონილი საბაბით მიიღონ ანტიევროპული გადაწყვეტილებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, მაქსიმალურად მკაცრი პოლიტიკა უნდა გატარდეს მათ მიმართ.

ასევე უნდა მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ხელისუფლების მიერ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება და რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი და არა ერთი პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება.

ამ პოლიტიკის მიზანია საქართველო ცხოვრობდეს კორუფციაში, ძალადობაში, ნეპოტიზმში და ჰქონდეს შერჩევითი სამართალი, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა იფიქროს ქვეყნის განვითარებაზე, რომ საქართველო დააშოროს ევროპასთან ინტეგრაცია. ეს არის სწორედ რუსული გეგმა.

  • ხალხის ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მასობრივი პროტესტის დრო დადგა. თქვენ თუ ხედავთ ამის საჭიროებას?

ხალხის გამოსვლა და აქტიურობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ აუცილებლად მივალთ აქამდე, რადგან სხვა გზას ხელისუფლება აღარ ტოვებს. გარდა იმისა, რომ სპობს ყველა მექანიზმს, ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ ადამიანებმა იმუშაონ, იბრძოლონ იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს საბჭოთა, რუსულ სივრცეში. ჩვენ სხვა გზა პრაქტიკულად აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ყველა ძალის გამოყენებით შევძლოთ საზოგადოებრივი ძალების მობილიზება.

აქციებით, გამოსვლებით უნდა დავიწყოთ ამ პროცესების წინააღმდეგ ბრძოლა, სხვანაირად საქართველო გაქრება და იქნება რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ნაწილი.

„აგენტების“ სცენარი დაწერილია რუსეთში და ის მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება იყენებს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ინსტრუმენტები – ხელისუფლება რეალურად ახორციელებს პუტინის გეგმას საქართველოს ტერიტორიაზე.

  • როგორ ფიქრობთ, თუ ხელისუფლება დაიწყებს მედიის და საკუთარი მოქალაქეების დევნას, ასეთ სახელმწიფოსთან დასავლეთი გააგრძელებს თანამშრომლობას?

ვფიქრობ, ხელისუფლებამ წითელი ხაზი უკვე გადალახა. მან ვერ გათვალა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მედია ასე მარტივად ვერ გაქრება საქართველოში. ხელისუფლებას გაუჭირდება ამ ბრძოლაში შესვლა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილია მიბმული ევროპასთან, დასავლეთთან და უცხოეთიდან შემოსულ დახმარებასთან, საგანმანათლებლო თუ სხვა პროგრამებთან. ნამდვილად არ იქნება მარტივი საქართველოში ასეთი კანონის ამუშავება.

ვფიქრობ, ხალხი იმაზეც მეტად გაბრაზდება, ვიდრე ეს იყო ზაფხულში, რადგან არავის, არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედია, კომუნისტური ხელისუფლების შემდეგ ის, რაც გაბედა „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად ეს არის სილა, რომელიც გააწნა მოსახლეობას, საზოგადოებას. ვფიქრობ ამ სილას ყველა მალე იგრძნობს და დაიწყება პროტესტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: