მთავარი,სიახლეები

სააკაშვილის საქმე სტრასბურგმა შეიძლება 1-2 დღეში განიხილოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

07.02.2023 • 6293
სააკაშვილის საქმე სტრასბურგმა შეიძლება 1-2 დღეში განიხილოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„მსგავს საქმეებზე კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც ვკითხეთ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს სტრასბურგის სასამართლოს „სააკაშვილის საქმის“ განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს რუსი ოპოზიციონერი, [ალექსეი] ნავალნი ახსენდება მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს და მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოც დაინახავს ამ პარალელს. ნონა წოწორია განმარტავს, რატომ აქვს საქმის მოგების დიდი შანსი მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლოში.

„ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, რამდენად შესაძლებელია ევროსასამართლომ შეცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კონკრეტულ კლინიკაში სამკურნალოდ? 

ყველაზე ეფექტური და სწრაფი მექანიზმი ამ შემთხვევაში არის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება, რომელსაც არ სჭირდება სავალდებულო წესით სარჩელის შეტანა. დროებითი ღონისძიების განხილვა შესაძლოა მოხდეს სარჩელის შეტანამდე და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შემჭიდროებულ ვადებში. როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებულია სასამართლოსთვის მიმართვა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.

ამიტომაც, არსებობს ასეთი მოქნილი და სწრაფი მექანიზმი გადაწყვეტილების  მისაღებად. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო იტყვის, აქვს თუ არა დარღვევას ადგილი. სასამართლო იღებს დროებით ღონისძიებას, რომ  მოგვარდეს საკითხი, რომელსაც სასწარფოდ გადაწყვეტა სჭირდება. ხოლო ჰქონდა თუ არა ადგილი ადმიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას, გადაწყდება მომავალში, სარჩელის განხილვის შემდეგ.

  • ამ შემთხვევაში რეკომენდაციის სახით იღებს გადაწყვეტილებას ევროსასამართლო? 

ევროსასამართლოს მიმართავს მხარე და მთავარია, გასაგები იყოს, რას ითხოვს მხარე, ასევე დაურთოს სათანადო მასალები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი იქნება, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით. ვადამდე პირობით გათავისუფლება, თუ სასჯელის გადავადება [რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ] იყო მექანიზმი, მიეღწიათ მიზნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროსასამართლოს უნდა სთხოვონ შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების თაობაზე სავალდებულოა აღსასრულებლად.

ამის პრეცედენტული შემთხვევაა „ნავალნის საქმე“. მაშინაც, როცა ნავალნი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება და მხარეს გარკვეული კითხვები დაუსვა. ეს შეკითხვები სასამართლოს მხრიდან შეეხებოდა ნავალნის ტრანსპორტირების შესაძლებლობის საკითხს, მკურნალობის სქემას, ასევე იყო ნიუანსები, მაგალითად, ოჯახის წევრების დაშვებაზე, რაც არ არის პრობლემა სააკაშვილის შემთხვევაში.

არ ვიცით, როგორ განვითარდა ეს პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ ნავალნი გაუშვა პუტინის რეჟიმმა გერმანიაში სამკურნალოდ.

  • სააკაშვილის შემთხვევაშიც ხედავთ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შანსს? 

ვფიქრობ, სასამართლოს აქვს წინაპირობები, ეს გააკეთოს, თუმცა ეს არ ნიშნავს 100-პროცენტიანი სიზუსტით, რომ ასე მოხდება. მე, როგორც ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და მოქალაქეს, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ მომავალს, ვფიქრობ, რომ ევროსასამართლოსგან ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება ძალიან სამწუხარო.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი საქმე უკვე არის ევროსასამართლოს წარმოებაში, რასთან დაკავშირებითაც იხდის მიხეილ სააკაშვილი სასჯელს. ასე, რომ ევროსასამართლოს დამატებით არგუმენტი აქვს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს უკვე მიმდინარე საქმის ინტერესიდან გამომდინარე. იმედს ვიტოვებ, ევროსასამართლო არ დატოვებს მიხეილ სააკაშვილს დაცვის გარეშე. ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდებოდა მიმდინარე სასამართლო პროცესების განმავლობაში,  ნამდვილად არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ის სარგებლობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

  • რით ხელმძღვანელობს მსგავსი შუამდგომლობის განხილვის დროს ევროსასამართლო?

საფუძველი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი სტატუსი: რამდენად კრიტიკულია მისი მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით ადვოკატებს მოუწევთ, ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ სასამართლოს. მთავარია გამოიკვეთოს, როგორია სამედიცინო გარემო და იძლევა თუ არა იგი სააკაშვილის გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.

სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ექსპერტების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში, მეცნიერული განმარტებები. ეს ინფორმაცია უნდა იქნას ზუსტად წარდგენილი და იმ ფორმით, რომ მოკლე დროში მოახერხოს მისი გაცნობა სასამართლომ.

მე, როგორც მოსამართლეს, მიმიღია მონაწილეობა დროებითი ღონისძიების განხილვაში. სასამართლო აუცილებლად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს, ასევე მკურნალობის გეგმას.

პოზიცია, რაც აქვს მეორე მხარეს, რომ სააკაშვილს არ უნდა ჭამა, ამას ევროსასამართლო აუცილებლად შეამოწმებს: ამ დიაგნოზის პირობებში რამდენად საფუძვლიანია მსგავსი შეფასება. ეს განცხადებები, რაც კეთდება შიდა აუდიტორიისთვის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, ნამდვილად არ გამოადგება მხარეს ევროსასამართლოში, რადგან იქ შეხედავენ კონკრეტულ დიაგნოზს და სამედიცინო დასკვნებს იმისთვის, რომ გაიგონ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

როდესაც ჩვენ დროებით ღონისძიებას ვიხილავდით, მე, მაგალითად, ამ დიაგნოზებს ვსწავლობდი. ადამიანთა ჯგუფი ვაანალიზებდით, რა იყო დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა რამდენად იყო ადეკვატური. მართალია, ჩვენ ექიმები არ ვიყავით და ამას თავისი უხერხულობა აქვს, მაგრამ მსგავსი ტიპის საკითხების გადაწყვეტა, მცირეოდენი სამედიცინო სფეროს მოკვლევის გარეშე, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. შესაბამისად, ამ კუთხით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ევროსასამართლოს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული დიაგნოზები და დასკვნები, ასევე ანგარიშგასაწევია სახალხო დამცველის  მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის  დასკვნები – ისინი მუდმივად საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ, რაც ამყარებს მიხეილ სააკაშვილის მხარის პოზიციებს.

  • როცა ორივე მხარეს არსებობს სამედიცინო შეფასების დასკვნები და არგუმენტები, რას ანიჭებს ამ დროს სტრასბურგის სასამართლო უპირატესობას? 

ერთი მხრივ, არიან ექსპერტები, რომელთაც აქვთ მსოფლიო დონის ცნობადობა და აქ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც გაქრა ჩვენს რეალობაში: პროფესიული სინდისი, ეთიკა და პატიოსნება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექიმები თავიანთი ოჯახის წევრებისთვისაც კი ტყუილს არ იტყვიან. ამ ექსპერტების დასკვნები ეფუძნება მხოლოდ მეცნიერულ ცოდნას.

მეორე მხრივ კი, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ სასამართლო პროცესზე: არ ვიცი, როგორ მკურნალობენ მიხეილ სააკაშვილს, ან ექიმები, რომლებსაც არასდროს უნახავთ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი.

ევროსასმაართლო ორივე მხარის არგუმენტებს შეისწავლის. ის ასვე აუცილებლად გაეცნობა მოსამართლის დასაბუთებას, როცა მან საყოველთათაოდ ცნობილი ექსპერტების პოზიციები არ გაიზიარა. სასამართლო დაინტერესდება: ეს როგორ დასაბუთდა? არის თუ არა ეს დასაბუთება სათანადო, თუ ეს არის თვითნებობა, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა?

  • რა მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას? 

ევროსასამართლოსთვის სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას პრიორიტეტული ძალა არ აქვს, მას ეს გაუკეთებია სხვა შემთხვევებშიც და, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებშიც, როდესაც სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მიუთითებია მთავრობისთვის, რომ მკურნალობის გეგმა შეეცვალა, ან პატიმარი გადაეყვანათ სხვა დაწესებულებაში.

არ ვფიქრობ, რომ სასამართლო პირველ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას და იტყვის, მოიყვანეთ თვითმფრინავი და ეს კაცი გადაიყვანეთ, მაგრამ სასამართლომ, როგორც მინიმუმ, კითხვები უნდა დასვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

მსგავს საქმეებზე, კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია. ასევე, გააჩნია, რა მოცულობის მტკიცებულებებს დაურთავენ საქმეს. საქმე დიდია და სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ ადვოკატებს, რომ არ დატვირთონ სასამართლო ისე, რომ შეუძლებელი გახდეს საქმის დროულად განხილვა.

  • ანუ შეიძლება სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 1-2 დღეში მიიღოს? 

1-2 დღე დროებითი გადაწყვეტილების მისაღებად მოიცავს მასალების გაცნობის ვადასაც. ამ დროში რაღაც რეაქცია უნდა იყოს სასამართლოს მხრიდან, რადგან ეს დროებითი ღონისძიებაა, რომელსაც სასწრაფოდ გადაწყვეტა სჭირდება.

არის შემთხვევები, როცა სასამართლო 15 წუთშიც იღებს გადაწყვეტილებას, როცა, მაგალითად, საქმე ეხება ექსტრადაციას. მხარეს მიუმართავს სასამართლოსთვის, რომ აი, ახლა გამომიყვანეს საკნიდან და აეროპორტში გადავყავარ, შეაჩერეთ ჩემი ექსტრადაცია. ასეთ შემთხვევებში უთქვამს სასამართლოს კონკრეტული მთავრობისთვის, რომ გააჩერეთ ექსტრადაცია და ეს გადაწყვეტილებები მიუღიათ მყისიერად.

  • მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რა დროით და რა პირობებით შეიძლება გადაუვადონ სასჯელის მოხდა მიხეილ სააკაშვილს? 

ამის კონკრეტული მექანიზმი არ არის, ეს დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. „ნავალნის საქმეზეც“ ეს ნიუანსები საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა ის, რომ მე არ ვიცი ეს დეტალები, არაფერს ცვლის. სასამართლოს, ცხადია, განსაზღვრული აქვს ეს დეტალები.

სხვადასხვა სახის გარანტია შეიძლება არსებობდეს სასჯელის მოხდის კუთხით. სასამართლო არის ძალიან რაციონალური და ეს პირობები შეიძლება იყოს გაწერილი გადაწყვეტილებაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დროებითი ღონისძიება შეიძლება გადაწყვიტოს როგორც პალატის თავმჯდომარემ, ასევე, სპეციალურად ამ მიზნისთვის დანიშნულმა მორიგე მოსამართლეებმა, ან პალატამ. საქმის შინაარსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ასეც მოხდეს. ეს საქმე გახმაურებულია და რთული იმიტომ, რომ მიღებულია შიდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლო პატივს სცემს შიდა სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, მიზანშეწონილად ჩაითვალოს გადაწყვეტილების მიღება პალატის მხრიდან, თუმცა ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ვერ აისახება შინაარსზე, ან დროებითი ღონისძიების სავალდებულო ძალაზე.

  • როგორია პრაქტიკა: უარს როდის ამბობს ევროსასამართლო მსგავს სიტუაციაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე?

რასაკვირველია, უარყოფითი გადაწყვეტილებებიც არსებობს, მათ შორის, მეც მიმიღია მონაწილეობა უარყოფით გადაწყვეტილებებში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, შუამდგომლობა იყოს ძალიან კონკრეტული, დასაბუთებული და ზუსტად აჩვენებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე გამოუსწორებელი ზიანის მიღების დიდ რისკს, თუ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

  • შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართლებრივად რა საშუალება რჩება საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არ შეასრულოს? 

საქართველოს მთავრობას მოუწევს ამ გადაწყვეტილების აღსრულება იმ შემთხვევის გარდა, თუ რუსეთს დაემსგავსება და იტყვის, რომ მე არ აღვასრულებ ამ გადაწყვეტილებას. რუსეთს გაუკეთებია მსგავსი რამ.

  • თუმცა ნავალნის შემთხვევაში დაეთანხმა რუსეთი ევროსასამართლოს.

დიახ, ნავალნის შემთხვევაში დაეთანხმა… არ მინდა ვიფიქრო, რომ თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსასამართლო, საქართველოს მთავრობა მას არ აღასრულებს. მიუხედავად ჩემი უნდობლობისა მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მიუხედავად მათი ანტიდასავლური კურსისა, ვფიქრობ, სასამართლოს დროებითი ღონისძიების გაუთვალისწინებლობა მათაც კი გაუჭირდებათ.

ვფიქრობ, არის მომენტები, როცა საერთაშორისო ინსტრუმენტები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროსასამართლო, უნდა ამოქმედდნენ მესამე პერეზიდენტის სიცოცოხლის გადასარჩენად. მათ არ უნდა დაუშვან 30 წელიწადში მეორე პრეზიდენტის სიკვდილი საქართველოში. მეორე მხრივ კი, მათ უნდა შეაჩერონ ის ვარდნა, რაც საქართველოს აქვს დემოკრატიაში. ევროსასამართლოს მთავარი დანიშნულება მისი შექმნის დღიდან იყო დემოკრატიის განმტკიცება და ავტორიტარიზმის დაუშვებლობა. ვფიქრობ, რომ ახლა ზუსტად ის მოცემულობაა საქართველოში, როცა ევროსასამართლომ თავისი ისტორიული როლი უნდა შეასრულოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: