განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგი გორიდან, რომელიც 10 წელია ხულოში ასწავლის

16.11.2021 • 6794
პედაგოგი გორიდან, რომელიც 10 წელია ხულოში ასწავლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხატია თეთრაძე მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ათი წელია ასწავლის და შვილთან, მარიამთან ერთად, აქვე ცხოვრობს.  

ხატია თეთრაძე განათლების პროგრამის –  „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. იგი მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში 10 წლის წინ ჩამოვიდა გორიდან. იქიდან მოყოლებული ხატია პროგრამის ფარგლებში ხულოს სხვადასხვა სკოლაში ასწავლის. ამჯერად ის აგარის სკოლის მასწავლებლად მუშაობს. 

„ბათუმელები“ ხატია თეთრაძეს პროფესიულ გამოცდილებასა და ხულოში სასკოლო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. 

  • რამდენად რთული იყო თქვენთვის და თქვენი შვილისთვის ადაპტირება ახალ გარემოსთან? 

მარიამი ძალიან პატარა იყო, მამა რომ დაეღუპა. მოვკიდე ჩემს ექვსი წლის შვილს ხელი და წამოვედი მაღალმთიან აჭარაში. ჩემი შვილი პირველ კლასში სოფელ მთისუბნის სკოლაში მივიყვანე, სადაც პირველად დავიწყე მასწავლებლად მუშაობა, წამოვედით დედა-შვილი მაღალმთიან აჭარაში და უკვე ათი წელია, რაც ხულოში ვასწავლი, მარიამი კი – სწავლობს. 

მიჭირდა, თუმცა მაინტერესებდა შვილთან ერთად მთებში წასვლა. როცა გადანაწილებით ხულოში მოვხვდი, არც ერთი წამით არ მიფიქრია უკან დახევაზე. 

აჭარაში ერთხელ ვიყავი ნამყოფი, ხულო მანამდე რუკაზე მქონდა მხოლოდ ნანახი. თავიდან ვამბობდი, რომ ერთი წელი უნდა გავძლო, ფეხებითაც რომ დამკიდონ-მეთქი.

აჭარლები თბილი და გულიანი ხალხი აღმოჩნდა, დღეს აქ მცხოვრები ადამიანების იმედი მაქვს. ვიცი, თუ რაიმე დამჭირდება, ჩემი მასპინძლები ჩემ გვერდით იქნებიან. 

  • ათი წელია ხულოში ასწავლით. როგორ ფიქრობთ, რა მთავარი გამოწვევა აქვთ მაღალმთიანი სოფლების სკოლებს?  

მთაში წამოსვლა არავის უნდა, მეტი დაფინანსებაა საჭირო, რომ სკოლებს ჰყავდეთ კვალიფიციური პედაგოგები, ბევრმა მოინდომოს სოფლებში წამოსვლა და აქ სწავლება. სკოლაში, რომელშიც ახლა ვასწავლი, არ გვყავს ხელოვნების მასწავლებელი, ისევ ჩვენ გვაქვს გადანაწილებული საათები. ხელოვნების პედაგოგისთვის ვაკანსია არაერთხელ გამოვაქვეყნეთ, მაგრამ არავინ მოვიდა, არ სურთ ალბათ ასე შორს წამოსვლა და მუშაობა. 

ბავშვებს არ აქვთ ტექნიკა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როცა იძულებულნი ვართ ონლაინსწავლებაზე გადავიდეთ. ბავშვებს უჭირთ გაკვეთილებზე დასწრება, ინტერნეტის ჩართვაც კი რთულია მათთვის, ეს მათი ოჯახების  ფინანსურ მდგომარეობას ამძიმებს. 

ტექნიკა არც სკოლაშია, ვერ ვახერხებ სკოლაში ყოფნის დროს შევიტანო ელექტრონულ ჟურნალში ქულები, იძულებული ვარ ეს სახლიდან გავაკეთო. მატერიალური ჟურნალის მოსპობა დიდი პრობლემაა, მართალია, მე მშვენივრად ვიყენებ კომპიუტერს, მაგრამ  ვხედავ, რომ ბევრ პედაგოგს უჭირს, ეს ფაქტია. 

სკოლის შენობა ისეთ ადგილას გვაქვს, სადაც არ იჭერს მობილური, დარეკვასა და ინტერნეტზე საუბარი ზედმეტია. 

ხატია თეთრაძე გაკვეთილზე

  • როგორია მოსწავლეების სწავლის ხარისხი? 

ბავშვები მონდომებულები არიან, შეგნება და ზრდილობა ნამდვილად არ აკლიათ, არც შრომისმოყვარეობა, რასაც გავცემ, ათმაგად მიბრუნდება, უნდათ სწავლა, მაგრამ სოციალური პრობლემები აქვთ. 

მთის ცხოვრება რთულია, ბავშვები  მშობლებს ყოველდღიურ საქმეში ეხმარებიან, საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვთ. ფიზიკური შრომისთვის უწევთ სკოლის გაცდენა, რაც, ბუნებრივია, მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. 

  • თქვენი აზრით, რა საჭიროებები აქვთ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს? 

დაცარიელებული მთა მიტოვებულ ეკლესიას ჰგავს. მე არც მიტოვებული ეკლესია მინდა და არც ცარიელი მთა. 

ყოველ წელს მინიმუმ 2-3 ოჯახი კეტავს სახლს, სხვაგან მიდიან საცხოვრებლად. მინდა, რომ მთაში მცხოვრები ხალხის ხელშეწყობა გაიზარდოს, რათა მთებში ცხოვრება შენარჩუნდეს. 

მთას მთიელი თუ გაამაგრებს მხოლოდ. მე და ჩემნაირი ხალხი მთას ვერ გავამაგრებთ, მართალია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ მთას სხვანაირი ამტანობა სჭირდება, სხვანაირი ბრძოლისუნარიანი ხალხი. მე კი ვაკეთებ ჩემს საქმეს სკოლაში, მაგრამ აქ ძლიერი ხალხია საჭირო, რომლებიც მხოლოდ მთამ შეიძლება გამოზარდოს.

 აი, მთისუბანში, სადაც პირველად მივედი, 37 მოსწავლე დამხვდა, დღეს 17 მოსწავლე ჰყავთ, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. 

მე სანამ შემეძლება, ვიქნები აქ.  მიმაჩნია, რომ მე ვარ ჯარისკაცი ფორმის გარეშე და ვადგები ჩემს ქვეყანას.

  • რა გამოწვევების წინაშე ხართ პედაგოგები? 

ბავშვებთან ერთად პედაგოგებიც ძალიან დაჩაგრულები ვართ. ძალიან ხშირად იცვლება მოთხოვნები, მუდმივი ცვლილებებია, მუდმივად გვიწევს რაღაც საბუთების შეგროვება.

კრედიტების მარათონმა, მასწავლებლების გარკვეულმა ჯიბრმა, ბევრი მასწავლებელი გადაკიდა ერთმანეთს და ბავშვებსაც დააშორა. პედაგოგები გადართულები არიან ჰქონდეთ მეტი კრედიტი, მაღალი სტატუსი, აიღონ მაღალი ხელფასი – ამას ცდილობენ და ამ პროცესში ბავშვები ზარალდებიან… ჩემი აზრით,  არ უნდა ყოფილიყო დიფერენცირება 4 და 7-კრედიტიან პედაგოგებს შორის. 

ორი წლის წინ დაგვიანონსეს, რომ ვისაც გვსურდა მენტორობა, მათთვის დაინიშნებოდა გამოცდა, გადაგვიყვანეს მოსაცდელ რეჟიმში და ველოდებით როდის დანიშნავენ, რომ გავიდეთ გამოცდაზე მენტორის სტატუსის მისაღებად. 

  • საიდან დადიხართ სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად? 

სოფელში, სადაც ვიწყებ მუშაობას, ვქირაობ ოთახს ოჯახში და ამ ოჯახის წევრებთან ერთად ვცხოვრობ, ქირას პროგრამა – “ასწავლე საქართველოსთვის” უზრუნველყოფს. 

შაბათ-კვირას ბათუმში მივდივარ ხოლმე მარიამთან ერთად, ბინა შევიძინე. ბინის ბათუმში  ყიდვა მარიამმა გადამაწყვეტინა, მას ძალიან უყვარს აჭარა.

მარიამ მაისურაძე, ხატია თეთრაძის შვილი: „მიჭირდა გაცნობიერება, რატომ გადავდიოდით სკოლიდან სკოლაში, ჩემი კლასელების დატოვება არ მინდოდა, რადგან შეჩვეული ვიყავი მათ. არ ვიცოდი ახალ სკოლაში როგორი კლასელები მეყოლებოდა. მაგრამ აქ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, მეხმარებიან, რომ ახალ გარემოს ადვილად შევეგუო. აღარ მიჭირს მეგობრების გაჩენა, როგორც ადრე. უფრო კომუნიკაბელური გავხდი. ჩემი კლასელები მუსლიმები არიან, მე კი – ქრისტიანი. ერთმანეთს ვუყვებით ჩვენი რელიგიების შესახებ. ბავშვები აქ სულ საქმობენ, ბევრ ბავშვს არ აქვს დრო სათამაშოდ, რადგან ძალიან დატვირთულები არიან და ოჯახში მუშაობენ“.

  • თქვენი და თქვენი მასპინძლების რელიგიურ განსხვავებას ხომ არ შეუქმნია დისკომფორტი? 

პირველად 2012 წელს ჩამოვედი ხულოში, ოქტომბერში. „ბაირამობა“ იყო,  ამ დღესასწაულისთვის ტკბილეული მე მოვამზადე, თავადაც მიხაროდა. ძალიან მაკვირვებდა ის, რომ სუფრაზე ღვინო არ იდგა. ვერ წარმომედგინა დღესასწაული სასმელის გარეშე. ამიხსნეს, რატომ არ სვამდნენ სასმელს. სულ ვკითხულობდი – ეს რატომ? ის რატომ? მასპინძლები მიხსნიდნენ. 

როცა მუსლიმ ბავშვებს ვასწავლი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, ხშირად ვავლებ პარალელს ისლამსა და ქრისტიანობას შორის, ვსვამ სამსჯელო, სააზროვნო კითხვებს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ მე პატივს ვცემ მათ რელიგიას და ვგრძნობ, თავადაც იგივე განწყობა აქვთ ჩემი და მარიამის რელიგიურ მრწამსზე. 

რელიგია არასდროს გამხდარა რაიმე სახის დისკომფორტის გამომწვევი, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მასპინძლებისთვის. 

______________

მთავარ ფოტოზე: ხატია თეთრაძე მოსწავლეებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი