ნეტგაზეთი • RU

უკარაინის დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 000 დოლარი შეაგროვა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად დედის სახსოვარ ოქროს ბეჭედს და იმ ოქროს მონეტას ყიდდა, რომელიც მას მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გადასცეს.

„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია“, – დაწერა ლადო აფხაზავამ 4 მარტს ფეისბუქზე.

„როდესაც მე ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა გამოვფინე სოციალურ ქსელში და გაყიდვა დავაანონსე, ამის შემდეგ 39 ქვეყანაში ჩემი სტატუსი გადათარგმნეს, გავრცელდა ეს სტატუსი და შემდეგ დაიწყო პროცესი. უცხოეთიდან ადვილად რომ გადაერიცხათ, ისეთი ანგარიში მივაწოდეთ. რადგან დედის ბეჭედს და ჯილდოს ვყიდდი, ამიტომ შეგროვდა ეს თანხები.

მასწავლებლებმა 39 ქვეყნიდან დაიწყეს უკრაინის დასახმარებლად თანხების შეგროვება და ჩვენს მითითებულ ანგარიშზე ირიცხებოდა ეს თანხები. ბოლოს როცა შევამოწმეთ ანგარიში, 700 ათასი დოლარი იყო შეგროვილი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლადო აფხაზავა.

ვარკის ფონდის მონეტა და დედის სახსოვარი ბეჭედი, რომელსაც ლადო აფხაზავა ქველმოქმედებისთვის ყიდდა.

მისი თქმით, ბეჭედი და მონეტა ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიძინა და შემდეგ ორივე უკან დაუბრუნა. შეგროვილი თანხები გადაეცა პოლონურ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანხებით პროდუქტების და სხვა საჭიროებების მიწოდებას ლტოლვილებისთვის თავშესაფრებში.

ლადო აფხაზავას თქმით, მას საქართველოში საქველმოქმედო აქციისთვის საკუთარი ანგარიში ჰქონდა მითითებული, სადაც სულ 3 000 ლარი შეგროვდა, რომელიც ასევე უკრაინელი ლტოლვილი ოჯახების დახმარებას მოხმარდა.

„ამაზეც ისეთი ამბავი ატყდა, რომ ვითომ პოპულისტად ჩამთვალეს და სიკეთეს რომ აკეთებ, მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდესო, მაგრამ თუ სიკეთეს სხვა ადამიანები შეუერთდებიან, რა სჯობს ამას“, – გვითხრა ლადო აფხაზავამ.

საქველმოქმედო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com