ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში, აჭარაში, შპს „სტარ არ ჯის“ საწარმოში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საწარმოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო სერვისების სხვა მიმწოდებლები მონაწილეობდნენ.
შპს „სტარ არ ჯი“ გეგმავს წარმოების მასშტაბის გაზრდას და, პირველ ეტაპზე, დამატებით 40 ადამიანის დასაქმებას. შესაბამისად, ორგანიზაცია დაინტერესებულია ახალი კადრის მოძიებით, რომელიც უნდა ფლობდეს შესაბამის, საწარმოს საქმიანობისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას, ამ ეტაპისთვის კი აჭარის არც ერთ პროფესიულ სასწავლებელში არ არის დანერგილი სასწავლო პროგრამები, რომლებიც მოამზადებდა საწარმოსთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრებს.
შპს „სტარ არ ჯი“ დირექტორის, ლევან შერვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს კადრების გადამზადება იმ კონკრეტულ პროფესიებში, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, არსად ისწავლება ან თუ ისწავლება, ზედაპირულად.
„ამ პროფესიებზე დიდი მოთხოვნაა. ძირითადად ვგულისხმობ ელექტროინჟინრებს, მექანიკოს ინჟინრებს, სპეცტექნიკის ოპერატორებს. მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მიმართულებებია და თუ პროფესიული სასწავლებლები სწავლების მსურველებს თეორიულ განათლებას მისცემენ, ჩვენ პრაქტიკულ განათლებას მივცემთ, ცოდნას გავუღრმავებთ და სტაბილურად დავასაქმებთ“ – ამბობს ლევან შერვაშიძე.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა გოგიტიძე მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებლებისა და დამსაქმებლების პირდაპირი კომუნიკაცია ყველაზე სწორი მიდგომაა როგორც დამსაქმებლის საჭიროებების გამოსავლენად, ისე კადრების გადასამზადებლად შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში:
„ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, სადაც კადრების დეფიციტია. ეს შეხვედრა ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ მომზადდეს სრულფასოვანი სასწავლო პროგრამები, რის შემდეგაც პრაქტიკულ გამოცდილებას კურსანტები უშუალოდ საწარმოში მიიღებენ და დასაქმდებიან კიდეც“.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.
საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ სამარღანიშვილი აცხადებს, რომ როგორც აჭარაში, ისე, როგორც პროექტის სხვა სამიზნე რეგიონებში, გამოიკვეთა პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ერთი მხრივ, ახალი სასწავლო პროგრამების განვითარებით, სარგებელს მიიღებენ პროფესიული კოლეჯები, ხოლო მეორე მხრივ, ამის საფუძველზე, ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი გახდება შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები.
„LINKS პროექტის ფარგლებში რეგიონული სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესსა და სამთავრობო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. აჭარაში ეს გახლავთ რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საწარმო „სტარ არ ჯი-ს“ მმართველი გუნდი შეხვედრას მართავს რეგიონში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებთან სწორედ იმ მიზნით, რომ საწარმოს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კოლეჯებში დაინერგოს ახალი სასწავლო პროგრამები. პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ რესურსი, რომ სტუდენტებს მისცენ შესაბამისი თეორიული ცოდნა, ხოლო აღნიშნულ საწარმოს გააჩნია მაღალი ხარისხის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, სადაც ახალგაზრდებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის პრინციპით პრაქტიკული უნარ-ჩვვევები განუვითარდებათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას თანამშრომლობის მსგავსი წარმატებული შემთხვევა, რაც სამაგალითო იქნება სხვა ორგანიზაციებისთვის როგორც აჭარაში, ისე დანარჩენ რეგიონებში.“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე მიიჩნევს, რომ პროფესიულ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში:
„ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროებების იდენტიფიკაცია იმის წინაპირობაა, რომ დამსაქმებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები შედგეს, რაც ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასაქმების სააგენტო მიესალმება მსგავსი ტიპის აქტივობებს, ჩვენ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა გვაქვს, რომელთა ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარესთან ვითანამშრომლოთ“ – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
აჭარაში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH) .